სამშობლო
ჩემი ოცნების კრიალა ცაზე
მუდამ შენი მზის არის დიდება.
მისი სხივები და სილამაზე
არ ინისლება, არ იბინდება.
იდიდოს იგი, მარად ბრწყინვალე,
ცასა და მიწას არ მოსწყინდება,
ქვეყნად დაადნობს ყველა მყინვარებს,_
მსოფლიო ცაზე ამობრწყინდება!
მრავალფერიანს, მრავალმთებიანს,
აგყვავებია ტყე და ხნულები,
სახე ღიმილით გაგნათებია,
ვარდი გფენია მკერდზე ულევი.
დანაცრებულა ცა ხშირბინდება,
ბაღად ქცეულან უდაბურები,
ყველგან გმირობის ისმის დიდება,
ქვებიც მღერიან გულჩადგმულები...
მღერიან შენი მთები, ველები,
შენი ვოლგა და შენი ენგური,
ეს სიხარული, ეს სიმღერები
ჩვენს გულებშია ჩამონერგული.
მღერიან შენი გარიჟრაჟები,
დაუღრუბლავი ვარსკვლავთ კრებული,
მტრის ამკაფავი შენი ვაჟები
ცა და ხმელეთზე გამაგრებული.
ვინ აამღერა ამდენი გული,
ვინ შთააგონა გმირი ამდენი,
შენს დიდ საზღვრებზე შემორკინული,
სასწაულების შენთვის ჩამდენი?
ცას ვინ მოსტაცა მზე დიდებული,
ქვეყნად ხალხისთვის გადმონადენი,
მოხუცი, წყლებთან შეჭიდებული,
მღერის: ,,მეორედ დავიბადენით...”
შენს სიდიადეს რომ დაედაროს,
ცისქვეშ ნახულა მხარე რომელი?
შვილებს არგუნე, დედავ ნეტარო,
ზღვა სიხარული დაუშრობელი.
შენს დაძახილზე თუ არ ავენთო,_
გამრისხებია მიწა მშობელი,
შენი მზე არის უდასავლეთო
დ გაზაფხული დაუჭკნობელი!..