გუშინდელნი
კომედია 3 მოქმედებად
მოქმედნი
მალხაზ პიტრიშაძე, მამასახლისი.
კეკელა, მისი ცოლი
აგრაფინა
ადიკო
პაპუნა პიტრიშაძე, მალხაზის ბიძა.
ჯიბო კვანტრიშვილი, მამასახლისის მოწინააღმდეგე
დათია, ამისი მომხრე
კოწია, თავადი
მისი კნეინა
ფაცია, მათი ასული
კარლო ყაყუტაძე
ბერდოსანი, გენერალი
ჩიტუნია კნეინა
ფოფოდია
მაზრის უფროსი
ჩალიანი, ბოქაული
თავადი გორგასლანიანი
ჯვებე ქოლორდავა
სტუმრები, გლეხები, მსახურნი
მოქმედება სწარმოებს ჩვენში, 1905 წლის შემდეგ 1910 წლამდე.
მოქმედება პირველი
მამასახლისის ოდის აივანი. ზაფხულია. კეკლუცი სანახაობა: მთები, მოშორებით ძველი ციხის ნანგრევი, უფრო ახლოს მოჩანს ორსართულიანი, კიბეჩამონგრეული სასწავლებელი და გუმბათგადმომტვრეული ეკლასია. აივანზე, აქეთ-იქით კუთხეებში ხალიჩაგადაფარებული ტახტები დგას. შუაზე - დიდი სასადილო მაგიდა, ზედ მუშამბა აქვს გადაფარებული. მაგიდის ზემოთ, ჭერში, ჩვეულებრივი შუშის ფარანია ჩამოკიდებულა. შიგ ნავთის ლამპარია შედგმული. ირგვლივ მაგიდას სელის სკამები ულაგია.
ა
კეკელა, პაპუნა (მაგიდას უსხედან).
პაპუნა
ჰოდა, არ ვარგა, შენ არ მომიკვდე, არ ვარგა ასე. რამდენჯერ უთხარი, რომ არ დეიჯერა?
კეკელა
ეჰ, თავის ნათქვამი კაცია ჩემი მალხაზი. აქამდი რავა ვერ გეიგე ბეჩა, პაპუნა!..
პაპუნა
გევიგე რა?.. როცა სოფელი მამასახლისად ირჩევდა, იმიტომ გადავდევით ყველამ თავი, რომ ეს პირველი მაგალითი იყო - ასე თუ ისე ნასტავლი კაცი მამასახლისად დაგვეყენებია...
კეკელა
ნეტაი, შენის კარგა ყოფნით, სულაც არ ამოგერჩიათ... უსიამოვნობის მეტი რა შეხვდა!
პაპუნა
საზოგადოების სამსახური ეგეთია, ქალო... ვინმე მომდურავი რომ არ დაგრჩეს არ შეიძლება, მაგრამ...
კეკელა
ეჰ, გენაცვალე!.. აქ არის და ეს კვანტრიშვილები მოიმდურა... სოფელი ორად არის გაყოფილი. ზოგი ჩემ ქმარს ემხრობა და ზოგი კვანტრიშვილებს... ახლა კიდე მთავრობაც ცუდი თვალით უცქერის...
პაპუნა
არა, მაგისი არ მეშინია. ჩემი მალხაზი მეტად ჭკვიანი კაცია, ნასტავლიც არის და მთავრობასთან იცის რავარც მეიქცეს, მაგრამ მე გულს ის მტკენს, რომ აქამდის არ იქნა და ვერც ამ ეკლესიის განახლება მოახერხა, ვერც ამ უბედური სასტავლებლის გადაწყვიტა რამე... გადავყევით, ბატონო!.. შენი თქმის არ იყოს, სოფელი ერთიმეორეს შეჯახებული ვართ...
კეკელა
შენი ბრალიც კია, პაპუნა ჩემო... რომ გადეეკიდე იმ კვანტრიშვილებს... არ იქნება, სასტავლებელს ვერ დაგანებებთო...
პაპუნა
ერიჰა... ახირებული ხარ, კეკელა არ მომიკვტეს... ცხვირის წინ, ეზოში სასტავლებელი გვქონდა და ახლა საცხა, სოფლის განაპირას, კვანტრიშვილებს უნდა დავანებო?
კეკელა
არ დაანებეთ ბატონო და, აი... არის აგერ კიბეჩამომტვრეული და სახურავგადახდილი...
პაპუნა
ჰოდა, მაგას ვემდურით შენ ქმარს! მამასახლისი კაცია... გავლენა უშველებელი აქვს... არ იქნა და მთავრობას ვერ მოახერხებია, რომ სასტავლებელი ჩვენთვის დეეტოვებია...
კეკელა
იქამდე მიიყვანეთ საქმე, რომ ახლა, მგონია, თვითონ სოფელსაც აღარ უნდოდა სასტავლებელი... საცა უნდათ, იქ წეიღონო.
პაპუნა
რას ამბობ, ჩემო რძალო! ჩვენი სოფელი იტყვის „სტავლა არ გვინდაო?“ ვაი დედასა! ერთ დროს ჩვენი სოფლისთანა მოწინავე სოფელი არც კი იყო ამ მხარეზე. აბა, ერთი ჩამოთვალე, ჩვენდენი ნასტავლი ახალგაზრდობა რომელ სოფელს ჰყავს?
კეკელა
ნასტავლი თვარა.. ეგერ კარლო ყაყუტაძე რომაა, იმისთანა თუ გვეყოლა, აგვაშენებს...
პაპუნა
ოჰ, ის, შე კაცო, ცოციალისტია, ვინ არ იცის მისი ამბავი...
კეკელა
ჩამობრძანებულა ახლა და კიდევ აგვიმტუტებს სოფელს...
პაპუნა
არა! ახლა ძალიან მოთოკილია თურმე.
კეკელა
ნეტაი სულ გოუნთავისუფლებიათ?
პაპუნა
სულ. ახლა არაფერი ეხებე თურმე. მაგრამ მე მაგისთანებზე არ ვამბობ. ეგერ სიკოს შვილი... იცი, მალე მიროვი სუდიათ დანიშნავენ თურმე, ელიზბარის ვაჟი კარგი ხანია ნატარიუსია. ლადიმერი ხომ რამდენი წელიწადია სუდებნი პრისტავად არი... რომელი ერთი ჩამოვთვალო... დაწინაურებული ახალგაზრდები გვყავს... ახლა კიდე ჩვენი საერთო იმედი, შენი ვაჟიც მოგვემატა. მართლა, რაც ჩამევიდა ჯერ კი არ მინახავს... რავარია?
კეკელა
ენაცვალოს იმას დედა, რა უჭირს, კარგად არის, მაგრამ იცი, პაპუნა? თითქოს ხასიათი სულ გამოცვლია...
პაპუნა
შე დალოცვილო! ორი წელიწადი არ ჩამოსულა კაცი... ზაფხულიც იქ, რუსეთში გაატარა... და დავაჟკაცდებოდა, გამეიცვლებოდა.
კეკელა
რა ვიცი, გენაცვალე! უწინ იყოდა, გიმნაზია რომ დაასრულა, სულ იმ წიგნებს ჩასჩიჩინებდა, თავს ზეით არ იღებდა და, თუ ვინმესთან წევიდოდა, ისევ იმ შეჩვენებულ კარლო ყაყუტაძესთან მიდიოდა. მეშინოდა, არ გამიცოციალისტოს-მეთქინ. ახლა არიდა, რის წიგნები, რას ამბობ!.. სულ მუდამ ჩხუბი აქვთ ამაზე იმას და მის დას, ჩემს აგრაფინას... აგრაფინა ხომ იცი რა ქალიც დადგა...
პაპუნა
ო, ანგელოზი ბოვშია სწორედ...
კეკელა
ჰოდა, ახლა ჩემი ადიკო დილაზე რომ წამოდგება, მაშინვე საბანაოდ მიდის. მერე მოვა და სულ რაღაცა მალაყებს აკეთებს, მკლავებს ატრიალებს, ბიჭებთან ჭიდაობს. არ გინახავს რა ჩაცმულია?.. დედიშობილაო რომ იტყვიან, სწორედ ის არი. რაცხა ჭრელი პერანგი ჩოუცვამს... სახელოები მოკლე, წამკლავებული, მკერდი მოღიავებული, თავშიშველი; ვეუბნები: ბიჭო, გაცივდები, ან რას გავს ასე სიარული-მეთქინ. ქუდი მაინც დეიხურე, მზე მოგეკიდება, დაგწვავს-მეთქინ. შენც არ მომიკვტე! დარბის და დაკვინტრიშობს... ახლა კიდევ იმ კნიაჟნას, უქნარაძის ქალს გადეეკიდა.
პაპუნა
ოო, კოწიას ქალს, ფაციას?
კეკელა
აბა!.. სულ ერთად არიან. ხან ტყეში, ხან ღრეში... რა ვიცი! უფრო კი ჩვენ ციხე-ბურჯთან. აქიდანო, ლამაზი გადმოსახედავიაო.
პაპუნა
შეხედე ადიკოს!..
კეკელა
ვეუბნები: ბიჭო, რას გადაკიდებიხარ მაგ კნიაჟნას, რა შენი საქმეა... ან მარტო ახლა ნახე? რა ღმერთი გაგიწყრა... ბოვშობაში თითქმის ერთად ხართ შეზრდილი-მეთქინ.
პაპუნა
მართლაც, თითქმის ერთად არ არიან შეზრდილნი?
კეკელა
მერე, იცი რას მეუბნება?.. „დედა, კნიაჟნა გაკეთებულა, დამშვენებულა, მომწონს ძალიანო“... ურცხვი გამხდარა, ურცხვი ის საძაგელი ბიჭი.
პაპუნა
ეს ვერაფერი მითხარი, შენ ნუ მომიკვტე... იცი, კნიაჟნა რა ახტაჯანაა!..
კეკელა
ეჰ, როგორ არ ვიცი. სულ ჩვენსა არ აგდია მთელი მათი ოჯახი?
პაპუნა
საწყლები, რავა გაღატაკდენ...
კეკელა
იცი, პაპუნა ჩემო? ჭადი არა აქ სახლში, ჭადი, იმ საწყალ კოწიას...
პაპუნა
რავა არ ვიცი! მარა ისე კი ძალიან იბღინძებიან ისევე...
კეკელა
იი, ამპარტავნება და სიამაყე თუ... გოდრით, გოდრით!.. მოაწევს თუ არა სადილობის დრო, განსაკუთრებით კვირა დღეობით, გევიხედავთ და თავადი კოწია მისი უკვდავი ჯორით, მოადგება ჩვენ ეზოს... მერე, ვითომ ნასადილევი, მობრძანდება მისი კნეინაც... მარა სადილზე კი შემოგვისწრებს... აი იქით, აი აქეთ... პირველ ხანად ძალიან უარზეა, მარა მერე, იცოცხლე... ისე მიირთმევს, რომ რა გითხრა!.. და მათი ქალი ფაცია ხომ, ამ ზაფხულს მაინც, ღამეს არ ათევს ჩვენთან თვარა სულ აქაა.
პაპუნა
ეჰ, მაგ ოჯახის ამბავი რავა არ ვიცი... ეგ კოწია ხომ მარტო თქვენთან არ დეიარება სადილად. მთელი სოფელი შეჯერებული ყავს: დილით, მოაჯდება თუ არა თავის ჯორს, მთელი სოფელი უნდა შამეიაროს, ყველგან უნდა მივიდეს, ყველაფერი გეიგოს. ჩვენთანაც, პინტრიშაძეებთანაც დეიარება და კვანტრიშვილებშიაც.
კეკელა
ოო, რა მეჭორეა, რა მეჭორე!
პაპუნა
პირდაპირ ცოცხალი გაზეთია...
კეკელა
ახლა საცაა გაჩდება. დღეს ხომ კვირეა და... აბა, ერთი გადახედე...
პაპუნა (აივანზე გადაიხედავს).
ძაღლი ხსენებაზეო... ჰა, აგერ არ მოჩაქჩაქებს მისი ჯორით?!.
კეკელა
ო, რა ლაქუცაა! აქ ჩემ ქმარს ეფერება და იქ კი ძირს უთხრის...
პაპუნა
ეეჰ, მაგას რა შეუძლია, ვინ რას გოუგონებს.
კოწიას ხმა (გარედან).
მასპინძელო, მასპინძელო! შინა ხართ?
პაპუნა (გადასძახებს).
მობრძანდით, თავადო კოწია, მობრძანდით! შინ გახლავართ, ბიჭო, ჯორი ჩამოართვი კნიაზს.
კეკელა
ეჰე, მოვა ახლა და დაგვიწყებს მისი მადნის ამბავს.
პაპუნა
მართლა, მადანი გამოუჩნდათ, გონია, ყოროლის მთებში.
კეკელა
ეჰ, რა ვიცი, გენაცვალე! აგერ რამდენი ხანია მე და შენ ქვეყნად ვცხოვრობთ და მათგან სულ მაგ მადნის ამბავი გვესმის.
პაპუნა
ჰოო, მუდამ ჯიბით დაათრევს მადნებს, მაგრამ ახლა საკუთრად მაგათ გამოჩენიათ...
კეკელა
სუუ, კიბეზე ამევიდა. (წამოდგება მისაგებებლად).
ბ
პაპუნა
მობრძანდით, კნიაზო, მობრძანდით...
კოწია
(ახმახი, ჭაღარაშერეული, ძალიან ღარიბული ჩოხა-ახალუხით, წელზე
უზარმაზარი ხანჯალი ჰკიდია).
ვახლავართ ჩემს საყვარელ კეკელას... ჰაი გიდი, რა გადაბდღიალებული ხარ ისევე... (ხელს ართმევს).
კეკელა
უი, შენ კი რა გითხრა!
კოწია
გამარჯობა, პაპუნა! (ხელს ართმევს) მამაჩემი არ წამიწყდეს, გასათხოვარი ახლა ხარ...
პაპუნა (იღიმება).
კნიაზო, კიდე არ მეიშალე ხუმრობა?
კოწია
რისი ხუმრობაო, კაცო, არ გახსოვს?.. კუდი-კუდში დავდევდი კეკელას... მაგრამ მაჯობა ყაზილარმა მალხაზამ... ვერ გაჭრა ჩემმა თავადიშვილობამ...
პაპუნა
მართალია, კეკელა! მამაშენი ძველი აზნაურიშვილი იყო და კნიაზისთვის კი უნდოდა მიეთხოვებიე.
კოწია
როგორ არა, მაგრამ მალხაზა ჩემზე შეძლებული იყო და...
კეკელა (კოწიას).
ეჰ, კარგია ერთი, მამაშენი ნუ წაგიწყდება, რა დროს ჩვენი ხუნტრუცია?
კოწია
არა, მეც წავხდი ყაზახი... რაღაცის მომერიდა. ეს დრო მქონოდა... რის შეძლებაო, მალხაზა რავა მაჯობებდა... ჩემი ამბავი ხომ გეიგეთ?
(ამ საუბრის დროს ყველანი სხდებიან).
კეკელა და პაპუნა (ერთად).
რომელი ამბავი, ბატონო?
კოწია
მადანი რომ გამომიჩნდა!
პაპუნა
ჰოო... მადანი! დალოცვილო, სულ ამ მადნების საქმეში არ ხარ შენი დღენი?
კოწია
არა, შენ არ მომიკვტე...
კეკელა
აი, ის, თქვენ მთებში რომ გამოჩნდა?
კოწია
კი, შენ ნუ მომიკვტე... აგერ არ მაქ!.. (ამოიღებს ჯიბიდან სხვადასხვა მადნეულს და აწყობს დიდ მაგიდაზე. ერთ-ერთს უჩვენებს). აა, ესაა... ბარიტია, ნამდვილი ხალასი ბარიტი... (კეკელა და პაპუნა სინჯავენ). ამ კვირეში აშრაფიანი იყო ჩემთან... აი, სომეხი რომაა, ფოდრიაჩიკი... ოო, მდიდარი კაცია საშინელი! მყავდა ადგილებზე. ძალიან მეიწონა, კონტრახტითაც შევეკარით მე და ჩემი მონაწილეები ოცდაათი წლით. ამ კვირეში ინჟინერი უნდა მეიყვანოს და მუშაობას შეუდგება კიდეც.
კეკელა
კაი დაგემართოს, კაი ამბავია!
პაპუნა
შენ ნუ მომიკვტე, ეს ძალიან საქმე დაგმართია... რამდენად გოურიგდით, ბატონო?
კოწია (წელში გაიმართება. კმაყოფილი სახით).
ყოველ გამომუშავებულ ფუთზე, ბატონო, ალაგობრივ სამი კაპეიკი უნდა მოგვცეს...
კეკელა
მერე ბევრია, ბატონო, ეგ მადანი?
კოწია
იმე, რას მიბრძანებ, კეკელა?! ბევრი კი არა, ჩემი შვილი და შვილიშვილი ვერ გამოლევს იმდენია. მთაა, ბატონო, უზარმაზარი მთა. ხუთი ვერსი სიგრძე აქ და ორი ვერსი განი.
პაპუნა
მე კი არ ვყოფილვარ, ბატონო, იმ თქვენ მთაში...
კეკელა
კაი ყოფილა, შენ ნუ მომიკვტე...
კოწია
პეტერე, ორიოდე გროში დამიტოვა ახლა აშრაფიანმა და... (თითქო ხუმრობით) ახლა კი მიფრთხილდით, თქვე მუჟიკებო... არა, ქალბატონზე არ მოგახსენებ, ეგ თქვენ გაგვიმუჟიკეთ თვარა... თქვენ კი გაჩვენებთ სეირს, ვინ უფრო იქნება შეძლებული...
პაპუნა
თავადებს, ბატონო, ღმერთი გწყალობთ. იმდენი რამე კი დოუტოვებია თქვენ წინაპარს, რომ... გგონია ახლა კი დეიღუპაო, და სწორედ მაშვინ გამოგიჩთებათ ან მადანი, ან ტყე, ან შავი ქვა, ან ცხელი ნაცარი, ან რაცხა ჯანდაბა და...
კოწია
აბა როგორა გგონიათ!.. თუ არ მოვკტი, ახლა კი დოუტოვებ ჩემ ქალს ფაციას კარგ სამემკვიდროს... ფულები თუ? სულ ჩეჩქივით. მართლა, ღმერთი არ გოუწყრეს იმ თქვენ ტინგიცა ბიჭს ადიკოს... რაცხა სულ ფაციას დასდევს და...
კეკელა (სახე მოეღუშება).
ეეჰ, კარგია ერთი, მამა ნუ წაგიწყდება.
კოწია
არა... მე არ ვიწუნებ... გლეხია, მართალია, მაგრამ ნასწავლია... ამდენი კი მესმის, მხოლოდ... ხელი ფაფას! - თავს გოუტეხს უბედურს ჩემი ფაცია... მოკლავს, შენ ნუ მომიკვტე...
კეკელა
რავა გეკადრება, ბატონო... რა ადიკოს საქმეა თქვენი ქალი... კნიაჟნა. ახლა კიდო, თუ მართლა ამდენი სამემკვიდროც დარჩა...
კოწია
(სახეზე სიხარული გადაეფინა)
ოო, ეგ არის, რაც არის... ეგ, ჩემო ძმაო, ვერცხლის მადანია...
პაპუნა
უმე, ვერცხლი კი არა...
კოწია
შენ ნუ მომიკვტე!.. მაგრამ ვერ გეტყვი კი სად არის... მე აღმოვაჩინე... ეს კიდევ ოხრაა, საღებავი. კაცო, ვერ წარმოიდგენ რა ფასი ჰქონია.
გ
(შემოდის შაუმჩნევლად კარლო ყაყუტაძე. გამხდარი ახალგაზრდა, ხალათი აცვია, თმა მოშვებული აქვს და „ჟოკეის“ ქუდი ჰხურავს. შეჩერდება აივნის ხარიხასთან).
კეკელა (დაინახავს, შეკრთება).
ოჰ, თქვენ ბრძანდებით?
კარლო
უკაცრავად, ბატონო, მე თქვენი ვაჟის სანახავად გიახელით.
კეკელა
ადიკო არ გახლავთ შინ... მობრძანდით, ბატონო.
კოწია
ბიჭო, ეს ჩვენი ცოციალისტი არაა, კარლო ყაყუტაძე?
პაპუნა
კი, ბატონო, კარლოა...
კეკელა (კარლოს)
მაინც რა გნებავდათ?
კარლო
ბევრი არაფერი. ეს ორი წელიწადია რაც ჩემი წიგნები ადიკოს აქვს და... ძალიან მჭირდება. განსაკუთრებით მარქსის „კაპიტალი“ შეირჩინა და შეირჩინა...
კოწია
ბიჭო, კიდევ არ მეიშალე ი მაქსიმეა თუ რაღაცა, იმის ამბავი?..
კარლო (არ უპასუხებს)
კეკელა
დაბრძანდით, ბატონო. საცაა ადიკოც მოვა და ყველაფერს ის მოგახსენებთ. არც აგრაფინაა ახლა სახლში, თვარა ის მოძებნიდა. მე, ხომ იცით, რუსულ წიგნებს ვერ ვარჩევ. რომ ჩამევიდა, ადიკომ კი მკითხა: კარლოსთვის წიგნები არ გადაგიციათო? მაგრამ, აბა, საიდან?.. მე არც ვიცოდი რა წიგნები იყო და იმ ხანებში თქვენც დაგიჭირეს... მეც მეშინოდა... სადღაც მივმალეთ... თუ გნებავთ, გიჩვენებთ და თვითონ თქვენ გამოძებნეთ.
კარლო
არა, ბატონო... სად იქნება თვითონ ადიკო?
კეკელა
რა მოგახსენოთ? ეკლესიისაკენ თუ გაისეირნა... მოუცადეთ.
კარლო
არა, თუ შევხვდი, ის იქნება, თუ არა და, ნახევარი საათის შემდეგ კიდევ შემოვივლი...
კეკელა
ძალიან კარგი, რავარც გნებავთ.
კარლო
(ყველას თავს დაუკრავს და გადის)
კოწია
ძალიან არ შეფერთხილა ეს ჩვენი ცოციალისტი?
პაპუნა
მისი ბრალია, რაც მაგას ციხის კედლები ალესიეს...
კოწია
აი დასწყევლოს მაგათი თავი!.. მე ხომ არაფერში გავრეულვარ მოძრაობის დროს, მაგრამ მაშინ არ იყო სამაგალითო, მადნის საქმე რომ მქონდა მიხრანიანცთან გათავებული?.. მაშინ დაიწყეს!.. რას ლაპარაკობ?! აღარც მუშა, აღარც კაცი... ფოდრაჩიკიც გამექცა, არც ფული და არც ბისტი...
პაპუნა
ეეჰ, კარგია, შენი ჭირიმე...
კოწია
ახლა რა მინდაო ნეტაი?.. რას აპირებს?..
(მოისმის ფაციას ხმა შინა ოთახებიდან)
ხმა გარედან
რა სულელი ხართ, ღმერთო ჩემო! (უპასუხებს ადიკოს ხმა).
სისულელეა, როდესაც საგანს პირდაპირ თავის სახელს უწოდებ?
პაპუნა
ეჰეე, ადიკო და კნიაჟნა ფაცია მოსულან...
დ
ფაცია (შემორბის)
ადიკო
(ნელა მოჰყვება, ისეა მორთული, როგორც კეკელამ აღწერა)
ფაცია
ოო, მამაც მობრძანებულა!.. რა ამბავია? ისევე შენი მადნები გაგიშლია?.. გამარჯვება, შენი ჭირიმე, კეკელა. (კოცნის). პაპუნას ვახლავართ.
ადიკო
(კოწიას ხელს ჩამოართმევს, პაპუნასთან მიდის)
პაპუნა
ბიჭო, რა დავაჟკაცებულხარ, რამდენი ხანია არ მინახავხარ. (ეხვევა).
ფაცია
არა, კეკელა, შენი ჭირიმე, უკაცრავად ვარ და ძალიან კი გატუტუცებულა თქვენი ადიკო.
კოწია (ადიკოს)
შენ ეი, ჩემო ბიძია, ფრთხილად იყავი ჩემს ფაციასთან... მთელ სოფელი „ახტაჯანას“ ტყუილა კი არ ეძახის... მოგკლავს, შე უბედურო, დაგცხებს თავში კეტს და...
ფაცია
ოჰ, რას ამბობ, მამა?
ადიკო
ქართველმა ქალებმა, აბა, სხვა რა იციან... „კეტი, შამფური და რკინა“, ერთი ახალი ლექსის არ იყოს... მერე? ეს შიშისაგან მოსდით, შიშისაგან. გაუბედავები არიან, ლაჩრები. თქვენ გგონიათ ეს მიუკარებლობა გამბედაობით მოსდით? ეშინიათ უბედურებს... ეშინიათ, რომ დასტკბენ ამ ცხოვრებით. გულში სხვა აქვთ და საქციელით კი ვერ ამხელენ. აი, ვაჟკაცია ვინმე, მოსწონს ქალს, უნდა მასთან შეერთება, მაგრამ...
კეკელა
აა, დეიწყო, დეიწყო...
ადიკო
რა დავიწყე?.. აი, კნიაჟნა ფაციას ვიცი მოვწონვარ, უნდა ჩემი მოხვევნა...
ფაცია
იმდენი თავში კოპი შენ... (სიცილი).
კეკელა
ჩუმად, ბიჭო, ჩუმად, რას ჩურჩუტობ? არ გრცხვენია?
კოწია
არა ბატონო, ახლა სულ სხვა ახალგაზრდობაა... მაგრამ მაგას... (ფაციაზე) უფრთხილდი კი.
კეკელა
ის სჯობია... წეღან აქ კარლო ყაყუტაძე იყო... წიგნებს გთხოვს... ის მოუძებნე...
ადიკო
ოო, ჩვენი კარლო? (თითქოს თავისთვის) აი კაცი, რომელიც ერთ წერტილზე გაიყინა.
ფაცია
აჰ, აჰ, თქვენ კი, თქვენ არ იყინებით ერთ წერტილზე? სდუღთ და თუხთუხებთ, არა?
ადიკო
ვინც ცხოვრებას ფხიზლად უყურებს, მისი შეხედულებაც იცვლება მიმდინარე ცხოვრების მიხედვით. განათლებულმა ქვეყანამ უკვე ყურადღება მიაქცია იმას, რომ დაავადმყოფდა სულიერ სიმშვენიერის ძებნაში. სხეულის სილამაზე სულ დაავიწყდა და დაგლახდა, მოჩიავდა. აი, ახლა უკვე იწყება განახლების ხანა, ძველი ელლინების სხეულით გატაცება კვლავ გვიბრუნდება: სხეული უნდა განთავისუფლდეს ამ მჩვრებისაგან და მზის ცხოველ სხივებზე აელვარდეს მისი მშვენება...
კეკელა
ამიტომაც გაშიშვლდი, შე საძაგელო?
ადიკო
აბა, რასა გავს?!.. აი კნიაჟნა ფაცია... ტანზე კორსეტი შემოუჭირებია, ლაღი და ახალგაზრდა სხეული სულ დაუფარავს...
კოწია
არა, ბიძია, პირი არ დაგწვას... ძალიან გინდა გააშიშვლო, მაგრამ...
კეკელა
უი, უი, რას ამბობთ, გენაცვალე... არა, მე გაგეცლებით, ისევ სამზარეულოს მივხედავ, თვარა თქვენი ლაყბობის ყურის გდება არ გამომადგება. (მიდის, ადიკოს ჩაუვლის). არა თქვა, შვილო, მაგისთანა უხიაგი. რავა გეკადრება!.. ქალიშვილი ქალია, შერცხვება... (გადის).
ფაცია
ძალიან უნდა ჩემი გაწითლება, მაგრამ უზრდელი სიტყვა-პასუხი უზრდელად დარჩება და მეტი არაფერი...
ადიკო
ეს უზრდელობა კი არა, ნამდვილი გულის თქმაა, რომელსაც თქვენ მალავთ და მე კი გარეთ გამომაქვს...
პაპუნა
ამისთანების არაფერი გამეგება, მაგრამ რა დაგმართია, ბიჭო!.. რაღაც უწმაწურად კი ლაპარაკობ.
ადიკო
ეეჰ, ბიძია, ამას ვერ მიხვდები, აქ ვერც ვერავინ გამიგებს... აი, კნიაჟნას კი ესმის ჩემი... ინსტინქტურად, მაგრამ განგებ თავს იყრუებს...
ფაცია
მე გავიბუტე, რაც გინდათ თქვით, უზრდელობაზე აღარაფერს გიპასუხებთ.
(მიდის და აივნის ხარიხას გადაეყრდნობა)
კოწია
არა, მართლა გამეიცვალა ქვეყანა... (ადიკოს) ჩემო შვილო, აი დედა შენს რომ ვეარშიყებოდი... კი არ გეხუმრები... სიზმრად მყავდა გადაქცეული, მაგრამ ცხადში კი ერთ ვერსზე ვერ გავეკარებოდი... საცა გაჩნდებოდა, მეც იქ ვიყავი, მაგრამ უბრალო ხუმრობასაც ვერ ვბედავდი...
ადიკო
ეეჰ, თქვენ რომანტიკოსები იყავით... (ზურგს შეაქცევს და მიდის ფაციასაკენ).
კოწია
რაიო?
ადიკო (ფაციას)
ვითომ მაგ გაბუტვით რა გინდათ დამიმტკიცოთ?
ფაცია
მე არაფერს არ გიმტკიცებთ... სჯობია გადახედოთ სანახაობას. ხედავთ ეგერ ციხე-ბურჯს?
ადიკო
როგორ არა, ვხედავ... ბავშვობიდან ვარ შეჩვეული მაგის დანახვას. მაგრამ ახლოს კი უფრო კარგია. გუშინ საღამოს რა მშვენიერი იყო იქ ყოფნა... მაგრამ თქვენ კი ძალიან გამაჯავრეთ... (განაგრძობენ ხმადაბლა ლაპარაკს).
კოწია
(აქამდე პაპუნას ჩუმად ელაპარაკებოდა. ხმამაღლა)
აბა, კაცო, კინაღამ ჯორმა ფეხი არ მოიმტვრია...
პაპუნა
ეგ რომელი ბოგირია, ბატონო, ჩავარდნილი?
კოწია
აი, კაცო, ჩემი ჭიშკრის ზევით რომ არის... სულ დამპალა ფიცრები, აღარაფრად აღარ ვარგა.
პაპუნა
რას ბრძანებ?
კოწია
ჩაქცეულა სულ, დღეს რომ გამევიარე, გულს შემომეყარა...
პაპუნა
უბედურებაა, ბატონო, სწორედ. აღარც გზა გვივარგა, აღარც მისავალი. სასტავლებელი ჩვენ არ გვაქ და ეკლესია... სანერგე ბაღი გვქონდა და სულ გაპარტახდა...
კოწია
მართლა, კაცო, რას შვრება ეს შენი ძმისწული, ჩვენი მამასახლისი?.. აი ნასწავლი კაცია, აი ასეო, აი ისეო, თავი კინაღამ გადეიკალით მაგის არჩევაზე...
პაპუნა
მაგას ვწუხვარ მეც. კი წვალობს რაცხას, მაგრამ ჯერ არაფერი გოუვიდა საწყალს...
კოწია
კაცო, მამასახლისმა მარტო რა უნდა ქნას, მაგრამ რამდენჯერ გავუგზავნეთ დეპუტაცია ჩვენი მაზრის უფროსს...
პაპუნა
უი, დასწყევლის ღმერთი, კაი კაცი ის არ იყო... ვის გოუგონა რამე... ამას ამბობენ, ახლა რომ დანიშნეს, ძაან კაცია თურმე...
კოწია
ჰოო, აქებენ, მაგრამ არც მე მინახავს.
პაპუნა
რა გვარია, ბატონო? კი მითხრა ჩემმა ძმისწულმა, ვერ დავიხსომე: ვინცხა ლემენცია, ვგონებ.
კოწია
ჰო, რაცხა გრიგალიაო, თუ გრიგოლია... არც მე ვიცი კარგად...
პაპუნა
ჰოდა, შეიძლება მაგას მაინც შევასმინოთ რამე... ბატონო, ე გენერალი რომ გვყავს ჩვენს სოფელში, ის ბერდოსანი, იმას ბევრი რამე შოუძლია, მაგრამ ჩვენი სოფლის საქმეებში რომ არ ერევა!
კოწია
იმას, იცოცხლე, შოუძლია, მაგრამ თვითონ დავრდომილია, იქით ვერ წავა და აქით, ხომ იცი, მთავრობა კარზე არ მოადგება...
პაპუნა
რა ვიცი, რა ვიცი... ცუდადაა ძალიან ჩვენი სოფლის საქმე და კაცი არ გვყავს, ბატონო, მშველელი, კაცი... იმდენი ნასწავლი ახალგაზრდობა ჩვენ რომ გვყავს, ერთ სოფელს არ გააჩნია, მაგრამ რა!.. „ჩემი ურგები ქოთანი ქვასაო“...
კოწია
„და შეჭამანდი ძაღლსაო!“ მართალია, მაგრამ, აგერ მეიცა, ჩემო პაპუნა, ჩემი მადნის საქმე თუ ისე გაკეთდა, რავარც მე მინდა, გზასაც მე გამევიყვან, იმ სანერგე ბაღსაც მე ვუპატრონებ, ეკლესიასაც მე აგიშენებთ, სასტავლებელსაც და ყველაფერს.
პაპუნა
იი, კაი დაგემართოს... რა? გულს კი არ გაკლია... მაგრამ, მანამდი ჩვენ თავს თუ არ მოუარეთ, შენი მტერი...
კოწია
სად არას ახლა მამასახლისი?
პაპუნა
ვეზდის ქალაქში წევიდა აგერ მესამე დღეა და არ ვიცი, რა შეემთხვა?.. სოფელმა დაავალა იმ სასტავლებლის ამბავი გეეგო... კიდე რაცხა საქმეები ჰქონდა...
კოწია
დალოცვილო, სამი დღე თუა რაც წევიდა, ჯერ რაფერ დაბრუნდებოდა... ვეზდის ქალაქი ხომ იცი რამსიშორეს გვაქ! ცხენით ერთი დღე უნდა იქ ჩასვლამდი და ჯერ არ უგვიანდება. (განაგრძობს ხმადაბლა ლაპარაკს).
ადიკო
(ფაციას) მაშ, გამოტეხილი მითხარით, რა გინდათ?
ფაცია
ჰა, ჰა!.. რა უნდა უნდოდეს ახალგაზრდა ქალს?.. გათხოვება.
ადიკო
ეგ მომწონს. თამამი ნათქვამია. სხვა თქვენს ალაგას მაგასაც არ იტყოდა. ეტყობა ცოტა ნაბიჯი გადაგიდგამთ წინ. მაგრამ მაინც გათხოვება გინდათ...
ფაცია
დიახ, კანონიერი ჯვრისწერა, ვიცი, მე გმირი არა ვარ და, რაც დაწესებულია, იმას არ შევცვლი, ვერც შევცვლი... ტანჯვა-ჯახირი, მომავალშიაც?.. არა, მეყოფა.
ადიკო
და გახდებით თქვენც ჩვეულებრივი ოჯახის ქალი: შვილები, სამზარეულო, სარეცხი... ღმერთო, ამ ქვეყნად რა მოწყენილობაა!
ფაცია
რას იზამთ? ბედმა ეს გვარგუნა... გინდათ უხუმრად გელაპარაკოთ?.. აბა, ცოტა ხანს მაინც გამოიჩინეთ სიდარბაისლე.
ადიკო
(ამთქნარებს). სთქვით.
ფაცია
ხომ იცით, ბავშვობაში, სიღარიბის გამო, მამამ მხოლოდ ეპარქიალურ სასწავლებელში მიმცა...
ადიკო
მმ... დიახ.
ფაცია
იქ საკმაოდ დიდი ნიჭი აღმომაჩნდა ხატვაში... მერე რა? საიდან შემეძლო ამ ჩემ ნიჭს გავყოლოდი?.. ჯერ თვით სასწავლებელშიაც კი დაცინვით ეკიდებოდნენ ჩემს გატაცებას და სხვა, აბა, ვინ გამამხნევებდა?!. ჩავახშე ეს მოფეთქებაც... შემდეგ ქართულმა წარმოდგენამ გამიტაცა... არც ერთ წარმოდგენას არ ვაკლდებოდი; გულში გადავწყვიტე - თეატრისათვის თავი შემეწირა.. .
ადიკო
(გამოცოცხლდა) მე თეატრს პატივს არ ვცემ, მაგრამ თქვენ მართლაც შეიძლებოდა მსახიობი ქალი გამოსულიყავით... ოო, ეს კი სულ სხვა იქნებოდა...
ფაცია
რასაკვირველია, არც ეს მოხდა... მამას ვერ დავემდურები... საცოდავი, რაც შეეძლო ყველა ჩემს სურვილებს მისრულებდა, მაგრამ დედაჩემი!.. ოო, ძალიან შორს დაიჭირა, ჯერ ხეირიანად არც კი ესმის თეატრი რა არის, მაგრამ მაინც, სადღაც ყური მოუკრავს, გარყვნილების ბუდე ჰგონია... მერე კიდევ კნიაჟნა... „არა, შვილო, ღარიბები ვართ, ღატაკები, მაგრამ ქვეყნის სამასხაროდ კი არ გაგხდიო“... მერე ეს ამბავი ჩვენმა შორეულმა ნათესავმა კნეინა ჩიტუნიამ გაიგო...
ადიკო
ოო, იმ ბობოლამ...
ფაცია
და იმან ხომ კინაღამ ჯვარს მაცვა... და, აი, ასე დასრულდა ჩემი მოქალაქეობრივი მოფეთქება... სხვა? სხვაგან აბა, რა ასპარეზი აქვთ ქალებს, საქართველოში რომ ჰქონდეთ მაინც, და მეც... ბედს შევურიგდი... ჰა, ჰა... ახლა გათხოვება მინდა... მხოლოდ თქვენ კი არა ხართ ჩემი რომანის გმირი.
ადიკო
იცით? თანდათან მომწონხართ... შედარებით უფრო თამამი ხართ, გაბედული...
ფაცია
არა, თუ ღმერთი გწამთ?
ადიკო
აქ სოფელში როგორ გეძახიან? ა, ახტაჯანა!..
ფაცია
(შეხედავს, სათნოდ გაუღიმებს) დიახ...
„ვინ რა იცის, რომ ეს გული მკვდარია, რომ სიცილი, ზოგჯერ, ცრემლზე მწარეა!“
ადიკო
მართლა!.. თუ სცენამ ასე გაგიტაცათ, მაშ, უთუოდ რაიმე როლი მაინც გეცოდინებათ ზეპირად. ან ლექსები?..
ფაცია
ლექსები? ო, მე ძალიან მომწონან ახალგაზრდა პოეტები, თუ სადმე ხელში ჩავიგდე ჩვენი გაზეთები, ხან აქაურ სამკითხველოში, ხან კნეინა ჩიტუნიასთან, პირველად ლექსებს ვეცემი ხოლმე.
ადიკო
მე კი უახლოეს პოეტების გარდა, აი, ახლა რომ ჩვენში ფუტურისტებათ მოუნათლავთ, ვერავის ვერ ვიცნობ. ეგენი კი, ზოგი ჩემი მეგობარია...
ფაცია
მართლა? მაშ, მოდი ამიხსენით, რა არის ეგ ფუტურიზმი?
ადიკო
მოდი, მაგის ახსნას დავეთხოვოთ და...
ე
აგრაფინა და ფოფოდია
ფოფოდია
(ფაშფაშა ქალი, დაღლილია, ქშინვით შემოდის). უჰ, მოვკვდი, შენ ნუ მომიკვტე, კიბეზე ამოსვლით გული ამომაგჯა.
აგრაფინა
(ქალიშვილი ნაზი ნაკვთებით, სათნო ღიმილით). მართლაც მაღალია ჩვენი კიბე...
ადიკო
(მიეგებება). აა, ჩვენს ფოფოდიას...
ფოფოდია
(ეშმაკური ღიმილით) უი, გაგისკტა მიწა... ფოფოდია კი არა! ახლა ის დამიძახე, შე სარსარაკო შენ...
(საერთო მისალმება და ხელის ჩამორთმევა).
კოწია
(ფოფოდიას) ნიფადორას ვახლავართ, ნიფადორას... რავა ხარ, ბეჩა... ცოტა გავატანზე შესქელებულხარ...
ფოფოდია
უი, გაგისკტა მიწა, რა ენამყრალი შენ ხარ, შე უბედურო...
პაპუნა
მამა ევტროპი სად დასტოვე, ბატონო?
ფოფოდია
უიმე, დავტოვე კი არა... იმისმა ნაღველმა არ მომკლა. ბეჩა პაპუნა!..
ყველანი
(გარდა აგრაფინასი) როგორ?
ფოფოდია
როგორ და აგერ ერთი კვირაა დავკარგე მღვდელი... ამ ეკლესიის საქმეზეა ეპისკოპოსთან წასული...
კოწია
იმიტომაც შესუქებულხარ, ბეჩა ნიფადორა, დოუსვენებიხარ ცოტა.
ფოფოდია
უი, გაგისკტა მიწა!.. ის კი არა, ბეჩა, უეზდნი ნაჩალნიკი მოდის თურმე.
კოწია და პაპუნა
(ერთად) როგორ თუ მოდის?
ფოფოდია
აბა, ეგ რა არი?
აგრაფინა
ჰო, წუხელის ჩვენ მეზობელ სოფელში, კნეინა ჩიტუნიასთან ჩამოსულა...
პაპუნა
მერე, შენი ჭირიმე, მერე?
აგრაფინა
მერე და ახლა სოფელში გვითხრეს, რომ, მგონი, ჩვენ სოფელშიაც შემოივლისო.
კოწია
იმე! რაღა თქმა უნდა... ჩვენი გენერალი არ ნახოს, ისე მაინც რავა იქნება...
ადიკო
ეჰეე... ახლა აირია მონასტერი... Событие!..
აგრაფინა
ჩვენი სოფლისთვის Событие იქნება, აბა რა... ამდენი ხანია ამას მეელოდენ აღდგომასავით.
ადიკო
Я никакого участия не приму в этих торжествах...
პაპუნა
კაი, შენი ჭირიმე... როგორ გავჩერდით?.. სად არი ახლა ი, ჩემი ძმისწული მალხაზი... (გასძახის) კეკელა ქალო, ჩემო რძალო (გადის).
აგრაფინა
(ადიკოს) როგორ не примешь участия... თუ აქ ჩამოვიდა მართლა... შენისთანებმა უფრო არ უნდა აუხსნან სოფლის გაჭირვება?..
ადიკო
ეეჰ, აბა, ახლა დეპუტატად დავდგები სწორედ... ეს სხვებისთვის დამილოცნია... მე სჯობია ისევ ჩვენ ფოფოდიას გაუარშიყდე.
ფოფოდია
უი, გაგისკტა მიწა... გამიარშიყდები კი არა...
კოწია
(ადიკოს) შენ, ჩემო ბიძია, რავარი მიეთ-მოეთი ყოფილხარ... ნწ, არა ძმაო, არა...
ადიკო
კნიაჟნაზე ბრძანებ?.. კნიაჟნა ეს შამპანიურია... ცინცხალი, შუშხუნა... ფოფოდია კი ბულკია, სდობნი...
ფოფოდია
უი, გაგისკტა მიწა...
ფაცია
(ხელს გაიქნევს და აგრაფინასკენ გადადის). რაც უნდა ის ილაპარაკოს!
კოწია
(ჯიბეში ილაგებს მაგიდიდან მადნეულს). მართლაც თუ ჩამოვიდა უეზდი ნაჩალნიკი, რას ვიქეიფებთ!
ფოფოდია
(თვალს შეავლებს მადნეულს). ეგ რა არი, კნიაზო კოწია?..
ადიკო
(ქალებთან გადადის).
კოწია
ჩემი მადანია, ჩემო ნიფადორა, დახედე... (უჩვენებს მადნეულს და თან ხმადაბლა რაღაცას ეუბნება).
აგრაფინა
ახლა თუ მართლაც მოვიდა მაზრის უფროსი, ჯერ იმაზე შეექმნებათ ლაპარაკი, თუ სადილი სად და ვინ გაუმართოს. მერე მაინც საწყალი მამაჩემი გამოიჭეჭყება შუაში...
ფაცია
ვინ იცის, აგრაფინა, შეიძლება არც კი მოვიდეს ჩვენს სოფელში. არ იცი? ჩვენი სოფელი ღვთისაგანაც დავიწყებულია და კაცისგაბაც... რამდენჯერ ჩამოსულან კნეინა ჩიტუნიასთან მაგისთანა სტუმრები, მაგრამ ჩვენს სოფელში გზადაც კი არ გაუარიათ.
ადიკო
(აივნის ხარიხას დაეყრდნობა).
აგრაფინა
არ ვიცი, არ ვიცი... მე ის მაწუხებს, ახლა კაცი არ გამოჩნდება, რომ ჩვენი სოფლის გაჭირვება ყველაფერი კარგად აუხსნას...
ფაცია
მამაშენი აქ არ არის?
აგრაფინა
ჯერ ერთი არ არის და მეორე აქაც რომ იყოს, მამასახლისი კაცია, მათი ხელქვეითი, რა შეუძლია გაუბედოს... (ამასობაში კოწიამ რაღაც სახუმარო უთხრა ფოფოდიას).
ფოფოდია
უი, გაგისკტა მიწა...
ვ
ჯიბო კვანტრიშვილი, დათია და კიდევ ერთი გლეხი.
ჯიბო
(აივნიდან ხელების ქნევით შემოდის). ა, ბატონო, ა, არ გეუბნებოდით!.. ბატონებს ვახლავართ... როცა გვჭირდება, მაშინ კაცი აქ არ გვყავს... ჩვენს გაჭირვებას პატრონი არ ყავს და გამკითხავი...
გლეხები
(თავს იქნევენ).
კოწია
რა იყო, რა ამბავია, ჯიბო ჩემო?
ჯიბო
რაღა რა ამბავია, ბატონო. აგერ ყურისძირში ვეზდი ნაჩალნიკი ჩამოსულა და ჩვენი მამსახლისი სადაა, ეშმაკმა იცის...
აგრაფინა
თქვენი მამასახლისი, ბატონო, ისევ თქვენ საქმეზეა წასული.
ჯიბო
ბატონო... ჩვენ საქმეზეა... რავა გაწყენიო, ბარიშნა, თვარა... სადაა ჩვენი საქმის პატრონი... რაც მამაშენი ევირჩიეთ, ჩვენი საქმე სულ უარ და უარ წევიდა... ეკლესიის საქმე იყო, გაკეთება გვინდოდა... პრიგავორი დადგენილი გვაქ, ბოლო არ მეეღო, ბატონო, ამ საქმეს... ვითხოვეთ, ბატონო, მშვენიერი ადგილი გვაქვს-თქვა, აგერ ძველი ნაეკლესიართან ციხებურჯთან, სოფლის შუაგულზეც არის, დასამხრობიცაა და ყველაფერი, მაგრამ არ იქნა და არა, სასულიერო მთავრობისგან ნებართვა ვერ მივიღეთ...
ფოფოდია
(ყურს მოკრავს) მაგაზე არ არის ახლაც ჩემი მღვდელი გადავარდნილი?..
ჯიბო
კეთილი ხუცესია, ვინ ამტყუნებს, ბატონო, მაგრამ ჩვენი გამკითხავი კი არავინ აღმოჩნდა და... ახლა სასტავლებელი იყოდა, ყველამ იცით რა მდგომარეობაში არის, დაკეტილია და გამოყრუებული... მშვენიერი პატარა ბაღიც გვქონდა, სანერგეებიც, პატარ-პატარათი სოფლის მუშაობასაც ასწავლიდნენ ჩვენ ბიჭებს, სულს ვითქვამდით, მარტო ვაზის დამყნობა რომ ისტავლეს, ამერიკული ვაზის, ის რად ღირდა, ან ჩვენმა ქალებმა ყაჭის მოვლა რომ ახალ წესზე დააყენეს... დიდი შეღავათი იყო, ბატონო, ჩვენი სოფლისათვის ეგ სასტავლებელი, დიდი რამე...
აგრაფინა
დალოცვილო, მაგ სასწავლებელზე, აბა, როგორ ლაპარაკობთ?.. თქვენი ბრალი არ არი?.. აუტყდით მამაჩემს და მის მოგვარეებს...დანოსი დანოსზე... ცხვირწინ აქვთ სასწავლებელიო.
ჯიბო
ბარიშნა, აბა რავა გინდა?.. სოფელი, ბატონო, ჩემკენ იზრდება და იქით ესახლება ხალხი... არ ამევიდა, ბატონო, ამ ხრიოკზე, ე ხალხი და რავა ხოჩიშ ახლა?
ადიკო
ეეჰ, მოსაწყენი ამბავი დაიწყო... წავალ, გავისეირნებ... კნიაჟნა ფაცია, თქვენ არ წამოხვალთ?
ფაცია
(შეხედავს და გაუცინებს) რა სულელი ხართ, ღმერთო ჩემო!
ადიკო
(ხელს ჩაიქნევს. კიბეზე ჩადის).
ზ
კეკელა და პაპუნა
კეკელა
ოო, ეს ვინ მოსულა?.. ჯიბო, კარგია გაგხსენებივართ.
პაპუნა
მაგას კარგი საქმისათვის არ გავახსენდებოდით, ნუ გეშინია...
კეკელა
ნიფადორა, გენაცვალე, (სალამს აძლევს, კოცნის). შენი ნახვა მიამა სწორედ, ძვირი სტუმარი ხარ...
ჯიბო
(პაპუნას) მეტად განაწყენებული ვარ, შენ არ მომიკვტე! სად არი ეს ჩვენი მამასახლისი?
აგრაფინა
ჰოდა, აი, თუ მართლა მაზრის უფროსი მოვიდა...
ჯიბო
მოვა, ბატონო, აბა, არ იცი? აგერ ყურისძირზეა, კნეინა ჩიტუნიასას ბრძანდება... და რომ არ მევიდეს, თვითონ წავალ, ბატონო, დოუჩოქებ და ვთხოვ, რომ მობრძანდეს...
აგრაფინა
ჰოდა ის მინდოდა მეთქვა. აი, რასაც ახლა აქ ამბობდით, სხვას რომ ემდურით, მოუყევით, უთხარით იმ მაზრის უფროსს.
ჯიბო
ეჰ, ბატონო, მე ერთი უბირი გლეხი ვარ, სად შემიძლია დალაგებით ლაპარაკი ან ვეზდი ნაჩალიკის შესაფერი სიტყვა-პასუხი ვინ მომცა, მარა აგერ, ბატონო, ნასტავლი მამასახლისი გვყავს არჩეული და ახლა მაინც უნდა გამეიჩინოს ფხა, მხოლოდ სადაა ი ოჯახაშენებულიშვილი... დაგვღუპავს ნამდვილად, ყელს გამოგვჭრის...
კეკელა
რას ამბობ, აგრაფინა გენაცვალე... მაგას რომ ასე ეუბნები, მამაშენი რავა, ენა არა აქ, თუ მიხვედრა?
აგრაფინა
არა, მე იმას ვამბობ... რაკი სხვებს ისე ემდურიან, არაფერს გვიკეთებენო, ადგნენ და თვითონვე მოახსენონ...
ჯიბო
არა, თუ მაინცდამაინც მაგაზე მიდგება საქმე... ვეტყვი, შენ ნუ მომიკვტე, აპა, არ ვეტყვი?! ჯერ მინდა ყველაფერი კალონიერი გზით წევიდეს და, თუ არაფერი გამევიდა... წავალ, დევეჩოქები... და, თუ წამევიდა... ჩემ გზაზე არ უნდა გამეიაროს?.. დავპატიჟებ სადილად და ყველაფერს მოვახსენებ...
პაპუნა
ოჰ, სადილად, თვარა... შენ რომ პრიბოლებს გოუშლი... შენი ყვიციანი სადილი ვის უნდა?
ჯიბო
არა, შენ არ მომიკვტე... რავა! თუ პინტრიშაძეებს თავი მოგაქვთ, ჩვენც ქე ვართ კვანტრიშვილები ჩვენს პირობაზე... აა, ხელს არავის არ დავაკარებიებთ... სადილი... ვაი დედას!.. ისეთი ქეიფი გოუმართო, რომ სულ ერთ კვირას ვარხალალო ვაძახო...
პაპუნა
ოჰ, ოჰ, ნამეტანი თავს ნუ გამეიდებ... სადილს შენ ვინ გაგამართვიებს, ყაზახო... თუ მობრძანდა, ჩვენსას მობრძანდება და სადილიც მამასახლასმა უნდა მიართვას...
აგრაფინა
კარგია ახლა, სადილზე ნუ წაიკიდებით... სადილი საცა უნდა იყოს, სულ ერთი არ არის?
კეკელა
გენაცვალე, აგრაფინა, სულ ერთი როგორ არის?
აგრაფინა
ბატონო, თქვენ ეცადეთ როგორმე მოიყვანოთ და თუ მართლა სოფლისათვის გული შეგტკივათ, ყოველივე დალაგებით აუხსნათ, უჩვენოთ, გააგებინოთ...
ჱ
ჯვებე ქოლორდავა
(ლამაზი და მოხდენილი სტრაჟნიკი შემოდის წლაწვნით და პრანჭვა-გრეხით).
კეკელა
ეს ვინ არის?
ფოფოდია
(სიამოანებით შეკრთება ლამაზი კაცის დანახვაზე). უჰ!
ფაციასა და აგრაფინას
(ეტყობათ მოეწონათ მოხდენილი ვაჟკაცი).
ქოლორდავა
(ცოტა მეგრულად უქცევს) მამასახლი რომელია აქ?
კეკელა
მამასახლისი არ გახლავთ, ბატონო, სახლში.
ქოლორდავა
არ არის სახლში?.. მე ვეზდი ნაჩალიკმა გამომგზავნა: კანცელარიაში არ მიბრძანდება, პირდაპირ აქ მოვალო.
კეკელა
უი, ღმერთო მომკალი, ჩემი მალხაზი სად არის ახლა?
პაპუნა
ჩემო რძალო, აბა, უნდა დავფაცურდეთ ახლა, მე გავარდები და ერთ უშობელს მაინც მევიყვან...
(გარბის).
ფოფოდია
სადაა ახლა ი დაღუპული ჩემი მღვდელი... სულ იმას ამბობდა, უეზდ ნაჩალნიკი თუ მოვიდა, უნდა შევხვდე და სიტყვა მოვახსენოვო.
ჯიბო
აბა, ბიჭებო, ახლა გვმართებს დაფაცურება. რაღაი აქ მობრძანდა... რა ვქნათ, იყოს, მარა მთელი სოფელი უნდა მოვაგროვოთ აქ... ის ოხერი პოპოშნიკი მაინც მოვძებნოთ, გეიქეცით, გეიქეცით ახლავე... (გარბის, სხავებიც მიჰყვებიან).
კეკელა
(შეაჩერებს დათიას). შენი ჭირიმე, დათია, თავიანი კაცი ხარ... ხომ ხედავ, რა დღეშიაც ჩავდექი და შენ იცი სოფელს რავა დაამზადებ... ჩემი ქმარი უთუოდ გეიგებდა და საცაა გაჩთება.
დათია
შენ ქმარს ძაან ვემდური, მარა ახლა რა გეეწყობა... შენ ნუ გეშინია, ქალო, ისე დავტრიალდები, რომ... მართლა, ღვინო ხომ გაქვს?..
კეკელა
არა, მაგისი ნუ გეშინია, ხორაგი და ღვინო საკმაოდ არის... სოფელში, სოფელში, სანამ ჩემი ქმარი მევიდოდეს...
დათია
(მიდის). კარგი, კარგი! (გადის).
კეკელა
ღმერთო მომკალი, სად ჯანაბაში ჩარჩა ის კაცი... აბა, ნიფადორა, შენთან ბოდიშს აღარ ვიხდი... იცი, უნდა განკარგულება გავცე. (ქოლორდავას) უკაცრავად, დაბრძანდი, ბატონო...
ქოლორდავა
მადლოფ... რა მიჭირს!
ფოფოდია
(კეკელას) რა ბოდიში გინდა, ბეჩა, წადი გენაცვალე, წადი.
კოწია
ფაცია, ბოშო, შენც გაყევი, დოუტრიალდი კეკელას.
კეკელა
(მიმავალი) არა გენაცვალე, ჯერ არა და მერე... მერე, აი, სუფრის დალაგებაში და სტუმრების სამსახურში აგრაფინასთან ერთად თუ მიშველის, გადაუხდი სამაგიეროს.
(გადის).
კოწია
რავა არ დაგეხმარება...
ფაცია
კი, ბატონო, კი.
აგრაფინა
ახლა აირია მონასტერი, მამაჩემიც აღარ არის და...
კოწია
წუხელი სად იყავით, ძმობილო?
ქოლორდავა
კნეინასთან, პატონი.
კოწია
მერე, ასე მალე გამოგიშვათ კნეინამ? ძალიან გაქეიფებდათ...
ქოლორდავა
(ეშლება) ქო... კი პატონი... დიდი ფანიით მოდიან. პრისტავი ჩალიანიც ახლავს, ჩვენი სტრაჟნიკი კნიაზი გორგასლანიანი, ორი სხვა კნიაზიცაა... საქეიფოდ მობრძანდებიან... კანცელარიაში იმიტომ არ მიდიან...
კოწია
შენ მეგრელი ხარ?
ქოლორდავა
(ეშლება) ქო... კი პატონი...
ფოფოდია
(ახლოს გაუვლის და შეღიმილებს). რა გქვია?
ქოლორდავა
ჯვებე ქოლორდავა.
ფაციას და აგრაფინას
(სიცილი წასკდებათ).
ფოფოდია
რა გაცინებთ?.. გაგისკტათ მიწა...
ქოლორდავა და კოწია
(იცინიან).
თ
კარლო და ადიკო
კარლო
(ლაპარაკით შემოდის) კაცო, ასე აბა როგორ მიაგდე ის წიგნები?... შენთვის ფასი დაუკარგავს, მაგრამ ჩემთვის ხომ ძვირფასია... (დაინახავს იქ მყოფთ). ოჰ, უკაცრავად... (თავს უკრავს) ვახლავართ. (ვინც არ უნახავს) გამარჯვებათ.
ადიკო
აი, ძმაო, შევიდეთ და მოძებნე. მე მაგისი თავი არა მაქეს... რა დროს მარქსია ახლა?
კარლო
(დაცინვით) მაშ, ახლა სპორტი, გიმნასტიკა, ა?
კოწია
გაიგეთ, კარლო, უეზდნი ნაჩალნიკი რომ მობრძანდება?
კარლო
(გულგრილად) ჰო, მითხრეს...
კოწია
მერე, რას აპირებ?
კარლო
რას უნდა ვაპირებდე... ხომ არ დავიმალები და!..
აგრაფინა
ეგ არა და მართლაც სწორედ თქვენ უნდა უთხრათ ჩვენი სოფლის გაჭირვებაზე რამე.
კარლო
მთავრობისაგან მე არასოდეს სიკეთეს არ გამოველი... წამო, ადიკო, მიჩვენე სად გიძევს ჩემი დამტვერიანებული მარქსი. (ადიკოსთან ერთად შინა ოთახებში შედის).
კოწია
დაღუპული კაცია, მაგისგან რას უნდა გამოველოდეთ?
აგრაფინა
(ნელა ფაციას) რა ნიჭიერი ყმაწვილია და როგორ მოწყვეტილია ჩვენს სოფელს.
(ამასობაში ფოფოდია რაღაცას ელაპარაკება ქოლორდავას, ქოლორდავა მის წინ გაჭიმული დგას და პასუხს აძლევს, თან ზოგჯერ ულვაშებზე ხელს გადაისვამს, თავს აწონებს).
ი
კნეინა
(გამხდარ-გამხდარი. აწოწილი, ღარიბულად, თალხებში გამოწყობილი. ნელი. მორიდებული ხმა აქვს, ხასიათი კი მტკიცე. მიმართავს კოწიას და ფაციას) ოოჰ, აქა ხართ!.. მადლობა ღმერთს!.. სულ სირბილით მოვდიოდი... რა არი, ფაცია, ეს რა რუბაშკა გაცვია... მეორე ვერ ჩეიცვი... წადი, ე პრიჩოსკა რას გიგავს... დედა, დედა, რა მეშველება! მოდიან, მოდიან, ვერ ხედავ?
ფაცია
(ამაყად) მოვიდნენ რა, ასე დახვედრა არ შეიძლება?.. რამ შეგაშინა, დედა, რა იყო?
ია
კეკელა
(შემოვარდება). მოდიან, მოდიან...
იბ
ბიჭი (შემოვარდება)
მევიდენ, ქალბატონო მევიდენ.
კეკელა (ბიჭს)
ჰოდა, აქ რას მოდიხარ... გასწი, ცხენების ჩამორთმევაზე მოეხმარე... (ბიჭი გარბის). რაღა ვქნა, ღმერთო ჩემო... (მაგიდას მივარდება, თითქოს რაღაცას ასწორებს).
კოწია
უნდა მივეგებოთ. (საჩქაროდ გადის).
აგრაფინა
კარგია, დედა ჩემო, ახლა ნურც ასე დაფეთდები... ადამიანები არიან, სხვა ხომ არაფერი...
კეკელა
ახა, ღმერთო...
კნეინა
ეს მაინც გეისწორე, ფაცია, გენაცვალე... დედა, დედა, რა მეშველება!
ფაცია
კარგი, დედა, რა შეშინებული ხარ, რა იყო?
კნეინა
დედა, დედა, რა მეშველება!
ფოფოდია
გენაცვალე, აგრაფინა, ხომ ყველაფერი რიგზე მაქვს? (ამოიღებს რედიკულიდან პუდრს, სარკეს და ირთვება).
გარედან ხმები (კნეინა ჩიტუნია):
მაშ, როგორ გეგონათ, ედუარდ ერაზმოვიჩ!.. ხომ მშვენიერი ქვეყანაა?! (მაზრის უფროსი): Это, один восторг, княгиня!
აგრაფინა
აბა, ახლა კი მივეგებოთ.
კეკელა
(თითქოს ტირილის ხმით)
გენაცვალე, აგრაფინა...
კნეინა
დედა, დედა, რა მეშველება!
ფოფოდია (შფოთავს)
უჰ, ღმერთო, სად დეიღუპა ი მღვდელი.
ფაცია
ბეჩა, რა დაგემართათ, სტუმრები მოვიდნენ, სხვა ხომ არაფერი... (ყველანი ჩამწკრივდებიან აივნის ახლოს).
იგ
(კნეინა ჩიტუნია ლამაზი, მოხდენილი ამაზონით, ქუდით და „ხლისტით“ შემოდის ყველაზე წინ).
კნეინა ჩიტუნია
აა, ჩემო კეკელა, როგორ გიკითხო?.. ოჰ, აგრაფინა! (ხელს ართმევს). ოო, ჩემი ფოფოდიაც... Ах, Дорогая племянница...
მაზრის უფროსი
(ახალგაზრდა კაცი, სტატსკი სოვეტნიკის ჩინით, ბრგე შესახედაობის). მას მოჰყვებიან: ბოქაული ჩალიანი, თავადი გორგასლანიანი, ქოლორდავა, ჯიბო, პაპუნა, სტრაჟნიკები და გლეხები).
კნეინა ჩიტუნია
Позвольте, Эдуард Эразмович, представить Вам хозяйку... Ея дочь... Поподья... Князь Коция... Его супруга, княгиня... Их дочь... Моя милая племянница, Княжна Пация...
მაზრის უფროსი
(ყველას სათითაოდ ხელს ართმევს და ეუბნება თავის გვარს)
Гренгольм!
კნეინა ჩიტუნია
ეს კი ჩვენი ნაჩალნიკია... (კეკელას, კნეინას და ფოფოდიას) ქართული მშვენივრად იცის... ნუ შეგეშინდებათ!.. ჩვენშია დაბადებული და გაზრდილი... დედაც ქართველი ჰყავს... გვარი აქვს ნემენცური მაგრამ это не в счет абонемента... И так, Вы доволны этой, прогулкой?
მაზრის უფროსი
Один восторг, княгиня!
კარლო და ადიკო
(შემოვლენ და ამ სურათის დანახვაზე შედგებიან).
აგრაფინა (წარუდგენს)
ეს ჩემი ძმა გახლავთ. (ადიკო და მაზრის უფროსი ერთიმეორეს შორიდან თავს უკრავან). ესეც ბატონი კარლო ყაყუტაძე.
კნეინა ჩიტუნია
აჰ, კარლო? რამდენი ხანია არ მინახავს... (მაზრის უფროსს) ეგ ჩვენი სოციალისტია... легальный.. (კარლოს) არ მიწყრებით?
კარლო
(ულვაშებში მწარედ გაიღიმებს)
მაზრის უფროსი (მიაჩერდება კარლოს)
Это тоже один восторг, Княгиня...
ფარდა
მოქმედება მეორე
იგივე სანახაობა. მხოლოდ ახლა აივანზე ბლომად არიან მოსულები: გლეხები, თავადები და სტრაჟნიკები. ყველა ფეხზე დგას და ჩამწკრივაბულნი არიან.
ა
ხსენებულთ გარდა სცენაზე არიან: მამასახლისი მალხაზ, თავადი კოწია, ჯიბო, პაპუნა, კარლო ყაყუტაძე, ფოფოდია, კნეინა.
(ზოგი მაგიდასთან ზის, ზოგი აქეთ-იქით ტახტებზე).
კოწია (მალხაზს)
რა დაგემართა, შე გლახა, შენ... აქამდი სად დეიკარგე?
მალხაზ
პირდაპირ მოვკალი, ყმაწვილო, ცხენი. როგორც კი გევიგე, რომ აქეთ წამოსულიყო, სულ ჭენებ-ჭენებით წამოვედი.
ჯიბო
ჰო, კარგი ახლა, კარგი. აპა, ასე არაა, ძმებო?. ისევლე მამასახლისმა უთხრას სოფლის მაგიერ სიტყვა...
გლეხები
კი, ბატონო, კი, მამასახლისმა.
მალხაზ (წამოდგება)
რო არ დეიჯერებთ კაცისას!.. ყმაწვილებო. მე მამასახლისი ვარ, ხელქვეითი, გეიგონეთ ეე!..
კოწია
მართლა, კაცო, რას ჩააცივდით ამ კაცს...
მალხაზ
ერთი რომ დამიფაფხუროს, მიწა უნდა გამისკდეს...
ჯიბო
მე გითხარით და არ დამიჯერეთ... სხვა ევირჩიოთ-მეთქინ... რავა ა? გაწყდა ჩვენში კაცი თუ?
კოწია
მე რომ მკითხოთ, სულ მეტია ახლა დეპუტატების არჩევა და სიტყვის მოხსენება... ეგ როგორც მევიდა მაშინვე უნდა ყოფილიყო, თვარა ახლა, აგერ საცაა სადილი უნდა ვაჭამოთ კაცს, უნდა წევიქეიფოთ, რა დროს რეჩებია?
ჯიბო
რავა გეტყობა, რომ კნიაზი ხარ!.. შენ, ჩემო ბიძია, ფეხებზე გკიდია ჩვენი სოფლის გაჭირვება...
კოწია
თავს ნუ იგდებ, ყაძახო!
ჯიბო
შენი ყაძახი, მადლობა ღმერთს, დიდი ხანია აღარ ვარ... იქ მეიკითხე, მთებში, კინკრიხოზე, რაცხა ქვების საბოჭავად რომ დაფხოკიალობ...
კოწია
გაგლახავ, მამაჩემი არ წამიწყდება!
ჯიბო (გამოიჭიმება).
ვის გალახავ, ვის?.. ღმერთო არ გაგიწყრეს, ფეხი არ გადმოდგა, თვარა, ისე წამოგაქციო, რავარც წიფელა...
კოწია (წაიწევს)
ვის უბედავ, ბიჭო, შენ...
მალხაზ
ჰო, კარგია ახლა... რა დროს ჩხუბია...
კნეინა
კოწია, შენი ჭირიმე, რავა გეკადრება!
ფოფოდია
კნიაზო, დეეთხოვე...
პაპუნა (ჯიბოს)
რა დროს ჩხუბია, კაცო. სირცხვილია. ცა და ქვეყანა აქ არი... ვეზდი ნაჩალიკი აქ ბრძანდება...
კოწია (ცოლს)
აპა, რავა მიბედავს?!
ჯიბო
არ წამეიწიო აქეთ, არ წამეიწიო.
ხმები
მეიცა, შე კაცო.
მალხაზ
ჰო, კარგი ახლა. აბა, არ გინდათ არავინ ამეირჩიოთ?
ჯიბო
მე ჩემი მხრით ისევლე კარლო ყაყუტაძეს ვასახელებ...
კარლო
მე გითხარით და გეუბნებით, რომ ამ თქვენ საქმეში ვერ გავერევი. მთავრობის სიკეთე არ მწამს და იმას არც არაფერს ვთხოვ...
მალხაზ
კაცო! ახლა სოციალისტ კაცს გზავნით მთავრობასთან?
ჯიბო (კარლოს)
ბიჭო, აბა, რაზე ერევი მარაქაში? გინდა სეირს უყურო?
კარლო (წამოდგება)
მე არაფერში არ ვერევი... აქ შემთხვევით მოვხვდი და სიამოვნებითაც ვტოვებ ამ მძიმე ატმოსფეროს. (დაიხურავს ქუდს და გადის).
მალხაზ
აბა, დაასახელეთ-მეთქი ვინმე.
პაპუნა
ვიღა უნდა დავასახელოთ, კაცო, შენც ერთი ახირებული ხარ. საცაა ვეზდი ნაჩალიკიც გამობრძანდება. ისევლე შენ უნდა იყო, სხვა ვინ იქნება?
ხმები
შენ, შენ, ბატონო მალხაზ, დათანხმდი.
ჯიბო
მამასახლისი აპა, რათ გვინდიხარ, თუ ჩვენ გაჭირვებაზე სიტყვას ვერ დაძრავ, ან რა ამდენი სალაპარაკო გაქ? ეკლესია დანგრეულია, სასწავლებელი დაკეტილი, გზები არ გვივარგა, ბაღი გავერანებულია, ბოგირი ჩაქცეული და სხვა.
მალხაზ (მოგვიანებით)
აბა, იცით, ძმებო, რა გითხრათ? ეკლესიაზე და სასწავლებელზე ვერაფერს ვერ ვეტყვი. ეკლესია... ეგ სასულიერო მთავრობას შეეხება და მაზრის უფროსს რა ესაქმება. რაც შეეხება სასწავლებელს, როგორც გევიგე, ცუდადაა ძაან მისი საქმე... ამ ჩვენ ჩხუბსა და კირწიკორწში მთავრობას გადოუწყვეტია, რომ გაღმა სოფელში გადეიტანოს... (საიდუმლოდ) მგონი ცოტა ქრთამიც კი გოუღია გაღმა სოფელს და... ახლა ჩვენგან უხერხულია ამაზე ლაპარაკი...
ჯიბო
რას ამბობ კაცო... ეგ რა გვითხარი... სად იყავი, კაცო, აქამდი?
ხმები
აპა, დავღუპულვართ და ის არი.
მალხაზ
მხოლოდ გზებზე და ბაღზე რა უნდა უთხრა? ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული? თუ გვინდა გავაკეთოთ, თუ არა და, მაზრის უფროსი კი არ გაგვიკეთებს.
ჯიბო
იმე! აპა, რაზე მევედით აქ? ამ სოფელმა ტყუილა ამოგვირჩია ამდენი კაცი, რამე ხეირიანი გამოგვიწყვეთო?
მალხაზ
ასეა, ბიძია და. - მე ხომ არ შემიძლია და არა, მაგრამ არც თქვენ გირჩევთ რაიმე სიტყვა დაძრათ ეკლესიაზე და სასწავლებელზე... და საზოგადოდ სოფლის გაჭირვებაზე... ვინ იცის, რამე ეწყინოს და, შეიძლება, საციმბიროთაც გაგიხდეთ საქმე.
(პაუზა. ყველა ჩუმად არის).
ჯიბო (თავისთვის ჩაილაპარაკებს)
აპა, სულ დავღუპულვართ და ის ყოფილა... ეჰ, როცა ჩვენ ნასტავლი მამასახლისი ევირჩიეთ, მაშინ დაგვეფსო თვალები.
ბ
ქოლორდავა (შემოვარდება)
ჩუმად, ნაჩალნიკი მობრძანდება!
ყველანი
(ჩამწკრივდებიან, ყველაზე წინ მამასახლისი საჩქაროდ უბიდან ამოღებულ ძეწკვს გადაიკიდებს).
გ
მაზრის უფროსი, ბოქაული ჩალიანი, კნეინა ჩიტუნია, ფაცია, ადიკო, აგრაფინა.
მალხაზ
(მაზრის უფროსის წინ გამოიჭიმება).
თქვენო მაღალკეთილშობილებავ! ჩვენი სოფელი ჩემის პირით გილოცავს აქ მშვიდობით მობრძანებას და ბოდიშს იხდის, თუ ისე ვერ დაგხვდება, როგორც შეგფერის, მხოლოდ გულწრფელად მოგახსენებს ძველის სლავიანურის ენით: Владыко, гряди и володей нами.
მაზრის უფროსი
Спасибо, брат. გადაეცით სოფელს ჩემი გულწრფელი მადლობა და უთხარით, რომ ამჟამად მე საქმისთვის არ ჩამოვსულვარ... ეს..благодаря любезности княгини Читунья совершили partie de Plesir (პარტი დე პლეზირ). სასიამოვნო მოგზაურობა გავმართეთ... მაგრამ აი, სხვა დროს ჩამოვალ და მაშინ კი თქვენ საჭიროებასაც გავეცნობი...
ხმები - იცოცხლეთ, ბატონო, იცოცხლეთ!
ფოფოდია
(გაწითლებული წინ წამოიწევს)
ბატონო ნაჩალნიკო. (ყველას გაუკვირდება მისი გამოსვლა, ზოგს გაეცინება, მაგრამ თავს იკავებს).
მაზრის უფროსი
Что прикажете, любезная?
ფოფოდია
ჩემი ქმარი აქაური მღვდელი გახლავთ... აქ არ არის ახლა ის დაღუპული. (აქა-იქ გაისმის) ფხუუ! (მაზრის უფროსი იღიმება). მღვდელმთავარს იახლა საქმეზე, თორემ აქ რომ იყოს უთუოდ თქვენს წინაშე წარდგებოდა და მოგახსენებდათ, რომ ის ერთი უბრალო ღვთის მოსავი მღვდელია, რომელიც ყოველთვის ლოცვა-ვედრებას აღავლენს ჩვენი ქვეყნის უფროსებზე...
მაზრის უფროსი
Очень рад, очень рад. (მიდის, ხელზე აკოცებს და ისევ თავის ადგილას ბრუნდება).
ადიკო
ბრავო, ბრავო, ფოფოდია.
ფოფოდია
უი, გაგისკტა მიწა... კინაღამ გამაცინე.
აგრაფინა
მშვენივრად სთქვი, შენ არ მომიკვდე...
ფაცია
ძალიან თამამად.
კნეინა ჩიტუნია
Не правда ли, как все это мило?
მაზრის უფროსი
Стражник, князь Горгасланян!
კნეინა ჩიტუნია
მაშ, ახლა კი წავიდეთ ჩვენ... ფაცია... ხომ წამოხვალ?
ფაცია
როგორ არა, ახლავე, ქუდს დავიხურავ და... მართლა, ცხენი ხომ მეყოლება?
კნეინა ჩიტუნია
როგორ არა! სედლო კეკელას გამოართვი.
ფაცია
კარგი, კარგი. (გარბის).
მაზრის უფროსი
(კნეინა ჩიტუნიას).
სად მიბრძანდებით?
კნეინა ჩიტუნია
აქ ერთი გენერალია, ბერდოსანი... ბიძად მომხვდება... უნდა ვნახო, უთუოდ...
ჯიბო (თავის ჯგუფს)
მართლა, ბიჭებო, გენერალი... იმან თუ ნახა ვეზდი ნაჩალნიკი, ის კი ეტყვის მართალს.
პაპუნა
რავა? მამასახლისის სიტყვა არ მოგეწონათ? (ამასობაში მაზრის უფროსი და მისი ჯგუფი ჩუმად საუბრობენ).
დათია
რავა არ მოგვეწონა.
ხმები
მშვენიერი სიტყვა იყო.
მაზრის უფროსი (ბოქაულს)
О чем они говорят?
ბოქაული
Ничего, ваше высокоблагородие.
მაზრის უფროსი
მაშ, უთხარი ახლა დაიშალნენ...
ბოქაული (ხმამაღლა უცხადებს)
ნაჩალნიკი გიბრძანებთ: მადლობელი ვარ, ახლა კი დაიშალენითო.
ხმები
ღმერთმა გვიცოცხლოს ნაჩალიკის თავი.
(გლეხები, სტრაჟნიკები და სხვა სტუმრები ჩადიან კიბეზე. მათვე გაჰყვება ადიკო, ჯიბო, პაპუნა. ფოფოდია და აგრაფინა კი შინა ოთახში შევლენ. სცენაზე რჩებიან: მაზრის უფროსი, ბოქაული, კნეინა ჩიტუნია, თავადი კოწია, მისი კნეინა და მალხაზი).
დ
ფაცია (შემოდის მორთული)
აი, მეც მზადა ვარ...
კნეინა ჩიტუნია (მამასახლისს)
შენ კი არ წამოგვყვები, მალხაზ?
მალხაზ
(ანიშნებს მაზრის უფროსზე).
როგორ დავტოვო, კნეინა, თვარა თქვენთან ყოფნას რა მირჩევნია.
მაზრის უფროსი
არა ეგ... Ничего... მაგრამ, მართლა, აქ დამიძახეთ სტრაჟნიკს კნიაზ გორგასლანიანს.
მალხაზ (აივნიდან გასძახებს)
Стражник, князь Горгасланян!
მაზრის უფროსი (ქალებს)
Такой он кавалер...
ფაცია
ვინ არის? რომელი გორგასლანიანია?
კნეინა ჩიტუნია
დიდი ვახტანგის შვილისშვილი...
ფაცია
ბეჩა, მერე სტრაჟნიკად წავიდა?
მაზრის უფროსი
ოო, он далеко пойдет... მე თუ დავრჩი ამ მაზრაში... დავაწინაურებ...
კნეინა ჩიტუნია
Конечно, უნდა დარჩეთ... ახლა აღარ გაგიშვებთ... მე გუბერნატორს ვეტყვი... განა არ მოგწონთ თქვენი მაზრა?
მაზრის უფროსი
Ох, один восторг, княгиния...
სტრაჟნიკი გორგასლანიანი
(პატარა კაცი, დეგენერატის ტიპისა. სულ იღმიჭება. სხეული კი ძალიან მოქნილი აქვს. შემოდის, იღრიჭება და მაზრის უფროსს გამოეჭიმება).
გორგასლანიანი
ჰე, ჰე, ჰე, რას მიბრძანებთ, ვაშე ვისოკობლაგოროდიე?
მაზრის უფროსი
აი, კნეინას და ახალგაზრდა კნიაჟნას უნდა იახლო. წაიყვანე კიდევ ორი სტრაჟნიკი...
გორგასლანიანი
ჰე, ჰე, ჰე! სლუშაიუს, ვაშე ვისოკობლაგოროდიე.
კნეინა ჩიტუნია
რა გაცინებს ბიჭო?.. გამარჯვება შენი, დღეს არ მინახავხარ... გაიცანი, ნათესავად მოგვხვდება, კნიაჟნა ფაცია...
გორგასლანიანი
ჰე, ჰე, ჰე! (ვერ ბედავს ხელის ჩამორთმევას. მაზრის უფროსი ანიშნებს დასტურს, ისიც ორივე ქალს ხელს ჩამოართმევს).
მაზრის უფროსი
Нус, распорядитесь, князь...
გორგასლანიანი (გამოიჭიმება)
მაზრის უფროსი
Живо...
გორგასლანიანი
(ისკუპებს და აივნისკენ გადახტება).
კნეინა ჩიტუნია
მაშ, ჯერჯერობით ნახვამდის!
მაზრის უფროსი
До свидания, очаровательная княгиня..! княжна!...
მალხაზ
კნეინა, სადილზე არ დაგვაგვიანოთ.
კნეინა ჩიტუნია
არა, არა. (გადიან ის და ფაცია).
კეკელა (შემოდის, მალხაზს)
კაცო, სად ხარ? სუფრა სად გავშალოთ?
მალხაზ
ეზოში, ეზოში... კაკლის ქვეშ... ან, Ваше Высокоблагородие, სად ინებებთ სუფრა გავაწყოთ?
მაზრის უფროსი
სადაც გინდათ.
მალხაზ
აქ, აივანზე ვერ დავეტევით...
მაზრის უფროსი
ეზოში იყოს, კაკლის ძირას, თქვენებურად, მამა-პაპურად.
მალხაზ (კეკელას)
ეზოში, ეზოში...
კეკელა
(საიდუმლო კილოთი მალხაზს)
ბეჩა, მოდი აქ!..
მალხაზ
რა იყო? (მიდის).
კეკელა
კაცო, მოგვხედე, რამდენი საქმეა! (გაიყვანს ქმარს და თვითონაც გადის).
ბოქაული (მაზრის უფროსს)
А вы знаете, Ваше Высокоблагородие, სოფელს უნდოდა თავის გაჭირვებაზე თქვენთვის მოეხსენებია...
მაზრის უფროსი
(ეშმაკურად გაიცინებს).
ჰა, ჰა! Знаю, знаю!..
ბოქაული
ჰა, ჰა... ვერ გაბედეს...
მაზრის უფროსი
ვერც უნდა გაბედონ... ციც! ზომები მიიღეთ, რომ ჩემთან არავინ კრინტი არ დასძრას სოფლის გაჭირვების შესახებ.
ბოქაული
მე უკვე მამასახლისს დიდი ხანია ჩავაგონე ეგ აზრი...
მაზრის უფროსი
ჰო, კარგად მოქცეულხართ.
ბოქაული
აკი არც არაფერი მოგახსენათ თავის სიტყვაში...
მაზრის უფროსი
Старая лиса... ბებერი კუდამელა... იცოდეთ, როგორც გამოვაცხადე: მე აქ საქმეზე არა ვარ ჩამოსული... ისე, საქეიფოდ...
ბოქაული
მესმის, თქვენო მაღალკეთილშობილებავ!..
(ამასობაში კოწიას და მის კნეინას რაღაც გაცხარებული ლაპარაკი ჰქონდათ).
კოწია (წინ წამოიწევს)
ბატონო ნაჩალნიკო...
მაზრის უფროსი
Что прикажете, князь?
კოწია
ცოტაოდენი საქმე მაქვს თქვენთან.
ბოქაული
კნიაზო, საქმეებისთვის ახლა არა გვცალია...
კოწია
არა, ისეთი საქმე მე რა მექნება... ისე მინდა...
მაზრის უფროსი
Ничего, ему можно... რაშია, კნიაზო, საქმე?
კოწია
რა არი, ბატონო და... რაკი ღმერთმა გვაღირსა და აქ მობრძანდი...
მაზრის უფროსი (სახე მოეღუშება)
კოწია
აბა, სხვა უკეთესს ვიღას ვეტყვი ამ ამბავს...
მაზრის უფროსი
(წამოდგება, გამოიჭიმება, გაბღენძილ სახეს მიიღებს).
ბოქაული (წაბაძავს უფროსს)
კოწია
რამდენი სიმდიდრე გვაქ, ბატონო, და ვინაა პატრონი და მომვლელი?..
მაზრის უფროსი
(ცოტა სასტიკად)
რაშია საქმე?
კოწია
აგერ, ბატონო. (ამოიღებს ჯიბიდან მადნებს). ესაა, შენი ჭირიმედა, ბარიტია... ამას უკვე ყავს თავისი მუშტარი...
მაზრის უფროსი
(გაეცინება და დამშვიდებული ისევ დაჯდება).
ა, Ах, да!..
ბოქაული (თავისუფლად გაჩერდება)
კოწია
ეს კიდევ, ბატონო, ოხრა გახლავს, საღებავი წამალი... ეს ქვანახშირი გახლავს...
მაზრის უფროსი
თქვენ მთელი კოლექცია გქონიათ მადნეულობისა...
კოწია
ვაგროვებ, ბატონო, ვაგროვებ... მაგრამ ყველზე უფრო შესანიშნავი ეს ორია: გიშერი და ვერცხლი.
მაზრის უფროსი
როგორაო? ვერცხლი?
კოწია
(გადასცემს ვერცხლს. მაზრის უფროსი და ბოქაული გულმოდგინედ სინჯავენ).
ა, ბატონო, კი, შენ ნუ მომიკვტე, ვერცხლია! მარა ამას მე ეს გიშერი მირჩევნია..
მაზრის უფროსი
გიშერი? (გამოართმევს, სინჯავს) რა არის ეს? გიშერი? (ბოქაულს) Как это по-русски.
ბოქაული
(გაწითლდება, მხრებს იწევს).
Не могу знать, Ваше Высокоблагородие.
მაზრის უფროსი
(ატრიალებს გიშერს)
Я тоже слаб в минералогии...
ბოქაული
მერე, თქვენია, კნიაზო, ეს მადნეული? ბევრია?
კოწია
ბევრი იცოცხლე ეგ იყოს და... თლად ჩემი არაა, მარა...
მაზრის უფროსი
სად არის?
კოწია
იმე! თქვენ რავა უნდა დაგიმალოთ, მარა ნუ გამიწყრები და...
მაზრის უფროსი
აა, კნიაზ, ხინტრა-მინტრა!.. Чтож, это интересно...
კოწია
ახლა ამას გთხოვ, ნაჩალნიკო, შენ ხარ ჩვენი მამა, ჩვენი პატრონი... შენზე უკეთესი ვიღა გვყავს?!. მიაქციე ამას ყურადღება და შენ ყველაფერი შეგიძლია... მოუხერხოთ ამ მადანს რაცხა... ეგება პეტერე...
მაზრის უფროსი
მესმის, მესმის... კაპიტალისტი გიშოვნოთ, არა?
კოწია
ჰო, შენი ჭირიმე, მუშტარი... შენ ცა და ქვეყანას იცნობ...
მაზრის უფროსი
ჰა, ჰა! ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ რატომ?..
Чтож, рекомендовать богатство своего уезда...
კოწია
ჰო, შენი ჭირიმე, მუხლებზე კი შემოგევლე... გამიკეთე საქმე და ნახევარი შენი იყოს...
მაზრის უფროსი
(ეტყობა უკვე მოსწყინდა ლაპარაკი)
Хорошо... буду иметь в виду...
კოწია
უი, შენ გაცოცხლოს ღმერთმა... (თავს უკრავს, გაიმართება) დიდებული ყაზახი ხარ, დიდებული...
მაზრის უფროსი (გაიცინებს)
ნახვამდის, კნიაზო, ნახვამდის!..
კოწია
(მიდის აივნისაკენ და თავისი ცოლის ხმას გაიგონებს თუ არა შედგება).
კნეინა
(დიდი ხანია უნდოდა ლაპარაკში ჩაბმოდა).
ნაჩალნიკო, შენ შემოგევლოს ჩემი თავი...
მაზრის უფროსი (ბოქაულს)
Кто она такая?
ბოქაული
Кажется, супруга князя... რა გნებავთ? საქმეზე არა ვართ ახლა მოსული და...
კნეინა
არა, ბატონო, საქმე კი არა, სათხოვარი მაქ მე გაჭირვებულს...
კოწია
(მობრუნებულია. შეუბუზღუნებს ცოლს)
კარგია, ახლა, ნუ აწუხებ... შენთვის სცალია სწორედ...
კნეინა
არა, რავა ვაწუხებ მე უბედური... შეწუხებას ჯვარი სწერია, მაგრამ მინდა ვთხოვო...
მაზრის უფროსი
Хорошо, пусть говорит...
ბოქაული
რა გნებავთ, კნეინა, რა სათხოვარი გაქვთ?
კნეინა
რა, და, გენაცვალოს ჩემი თავი... რაჭაში ბატონო, კობზირიძეებთან... მე კობზირიძის ქალი გახლავართ... ერთი სანაწილო მამაპაპეული მთა გვაქ, გოუყოფელია, ბატონო, და მეც ქე მაქ შიგ წილი... ქალი რომ ვარ, ახლა მე არა ვარ მამაჩემის შვილი თუ?.. ჰოდა, არ მანებებენ ჩემს წილს, ბატონო...
მაზრის უფროსი
ჰო, ეგ, კნეინა, რამდენადაც გავიგე, მამულზე დავობთ... ეგ მე არ შემეხება. სუდს უნდა მიმართოთ...
კოწია
ჰოდა, რომ არ დამიჯერა ამ ოჯახქორმა... ბატონო... ვეუბნები წრეულს მერჟევანიე მოდის და...
მაზრის უფროსი
ჰო, ჰო... სწორედ იქ უნდა მიმართოთ. მე არ შემეხება ეგ საქმე...
კნეინა
რავა არ შეგეხება, დალოცვილო, ხენწიფის ტოლი კაცი ხარ.. მაგ ჩინ-ტემლაკებში გენაცვალე... შენ ყველაფერი შეგიძლია...
მაზრის უფროსი
არა, კნეინა, ეს სუდის საქმეა... ან როდესაც მამულს დაკორღნას დაუწყებენ, მაშინ უნდა განაცხადოთ თქვენი უფლება...
კოწია
ქალო, არ გესმის?.. დამიჯერე-მეთქი, მერჟევანიე მოვა...
კნეინა
დედა, დედა, რა მეშველება!
მაზრის უფროსი
რა გაწუხებთ, კნეინა, ზემლემერი მოვა... აი თქვენ ქმარს კარგად სცოდნია... დაუჯერეთ და...
კოწია
ვინ გიჯერის, ბატონო, თვარა...
კნეინა
დედა, დედა, რა მეშველება!.. არავინ არაა ჩემი პატრონი...
ბოქაული
ასეა ბატონო... როგორც გიბრძანათ...
კნეინა
შენ შემოგევლე, ნაჩალიკო...
კოწია
ბიჭო, კარგია ახლა, ნუ აწუხებ-თქვა.
კნეინა
არა, ბეჩა, რავა შევაწუხებ, მარა ახლა ჩემი ძმისწულიზა მინდა ვთხოვო...
მაზრის უფროსი
(უნდა თავიდან მოიშოროს)
რა გნებავთ?
კნეინა
შენი ჭირიმე, ნაჩალიკო... ერთი ობოლი ძმისწული მყავს, ახალი ნასალდათარია და ქეა ჩემთან უსაქმოდ. გთხოვ, შენი მუხლების ჭირიმე, სადმე სტრაჟნიკად მაინც ჩაანიშვნიო...
მაზრის უფროსი
Ну, Это можно....
კნეინა
რუსული ლაპარაკი და წერა-კითხვა ქე იცის საწყალმა ბაღანამ...
ბოქაული
კარგი, კარგი... ხომ გიბრძანათ...
კნეინა
ჰოდა, იმას გთხოვ, შენი ჭირიმე.
კოწია
კაცო, ნუ აწუხებ-მეთქი, წამოდი-თქვა...
კნეინა
რავა ვაწუხებ, ბეჩა, შეწუხებისგან ჯვარი სწერია.
მაზრის უფროსი
კარგი, კარგი, კნეინა, გამომიგზავნეთ უეზდში... Я буду иметь в виду.
კნეინა
შენ შემოგევლოს, ჩემი თავი. (უნდა მუხლებზე მოეხვიოს).
მაზრის უფროსი
(არ მიიკარებს, წამოაყენებს).
კოწია
კარგია ახლა, ნუ აწუხებ. (მიჰყავს)
კნეინა
დედა, დედა, რა მეშველება... (ჩადიან კიბეზე)
ბოქაული
ძლივს არ წავიდნენ?
მაზრის უფროსი
Чудаки!.. (გაისწორებს). Какие милые люди!.. (გაივლ-გამოივლის). აჰ, голова трещит от вчерашней попойки... კნეინასას ბევრი დავლიეთ.
ბოქაული
კნეინა ჩიტუნიას მშვენიერი ღვინოები აქვს.
მაზრის უფროსი
Да, да... славная хозяйка.
ბოქაული
მწყალობელი კნეინაა ძალიან... განსაკუთრებით მაზრის უფროსებს სწყალობს...
მაზრის უფროსი
Ну, ну, незавирайся.
ბოქაული (გამოეჭიმება)
Извините, Ваше Высокоблагородие.
ზ
ჯიბო
(შემოდის კარიდან, თითქო მოიპარება)
მაზრის უფროსი
ეს ვიღაა?
ბოქაული
შენ რა გინდა აქ?
ჯიბო
თხოვნა მაქ მისართმევი ნაჩალიკთან.
ბოქაული
ვერ გეიგე, ყაზახო, რომ გამოგიცხადათ დღეს საქმეებისთვის არ ვარ ჩამოსულიო?
ჯიბო
არა, ბატონო... საზოგადო საქმეზე მე როგორ გავბედავ მოსვლას... რა ჩემი საქმეა! (ქაღალდს ამოიღებს) დანოსი გახლავს, ბტონო..
მაზრის უფროსი
აჰ, დანოსი?.. Подлые люди... მოიტა, რა არის?
ჯიბო
(უცბად ჯიბიდან მარკას ამოიღებს, დააკრავს ქაღალდს და მიართმევს, აქეთ-იქით იხედება). ჩვენ მამასახლისზე გახლავს, ბატონო... გაგვატყავა, ბატონო, შეჭამა სოფელი...
მაზრის უფროსი (კითხულობს და იღიმება)
Ах, какие подлецы.
ჯიბო
სოფლის ფული აქ შეჭმული, შენ არ მოუკვტე ჩემ თავს... კაცი პატრონი, გამკითხავი არ ყავს... ძველი ნაჩალიკი იყო და კუდი კუდზე ჰქონდათ გადაბმული... ახლა, ბატონო, შენ მოსვლას აღდგომასავით მოველოდით... ბევრი კარგი გაგვიგონია, ბატონო...
მაზრის უფროსი
Хитрый мужик...
ჯიბო (ქუდს მიწაზე დაახეთქებს)
კი, ბატონო, კი... ასე ღმერთმა დამამხოს და წამაქციოს, რავარც მართალს მე ვამბობდე... თუ არ მიაქციე, შენი ჭირიმე, ყურადღება, სულ თავზე წამოგვაჯდა, ბატონო... ჩვენი არჩეული კაცი კი არა, ისე მოაქ თავი, ვითომ ვეზდი ნაჩალიკი თვითან იყოს...
მაზრის უფროსი
Хорошо, хорошо, я это дело разследую...
ჯიბო
ნასტავლი ვარო, ბატონო და... რად მინდა მაგისთანა ნასტავლობა... ის დღე კი დეიქცა, როცა მაგი ამევირჩიეთ...
ბოქაული
ჰო, კარგი. ახლა ნუღა აწუხებ... წადი.
ჯიბო
შენ იცი, ბატონო... ა, რა? სათქმელი ბევრი მაქ, მარა პირი წყლით მაქ სავსე... შენ იცი ახლა, ნაჩალიკო, მად გიწერია ყველაფერი...
მაზრის უფროსი
კარგი, კარგი... Хорошо... Я буду иметь в виду...
ჯიბო
შენ შემოგევლოს ჩემი თავი.
ბოქაული
აღარ წახვალ, ყაძახო?
ჯიბო
ა, ბატონო, მივდივარ, მარა... შენ იცი, ნაჩალიკო...
ბოქაული
(ხელს მოჰკიდებს, ძალით მიჰყავს)
კარგი, ახლა წადი, ნუღარ აწუხებ... (მიიყვანს კიბესთან). თვითონ იცის როგორც გააკეთებს საქმეს... წადი, ჰო!..
ჯიბო
კი ბატონო, მივდივარ, მივდივარ...
ბოქაული
(აივნის ხარიხაზე გადაყუდებული)
ვის მოასვენებენ, ნეტავი?
მაზრის უფროსი
რა იყო, რა ამბავია?!. (მიდის აივნის ხარიხასთან).
ბოქაული (მოკრძალებით)
აჰ, ეს დავრდომილი გენერალი ბერდოსანია...
მაზრის უფროსი
გენერალი?
ბოქაული
ნამდვილად... აი, ეგ კი გეტყვით ყველაფერს... სოფლის გაჭირვებაზედაც მოურიდებლად ილაპარაკებს და...
მაზრის უფროსი
Да-да!.. совершенно верно. Чорт!.. მე განგებ არ წავედი მაგასთან ვიზიტით... განგებ არ წავყევი კნეინა ჩიტუნიას მაგის სანახავად...
ბოქაული
უთუოდ ამ სოფლის მოკეთეებმა ეგ უკანასკნელი იერიშიც მოიტანეს.
მაზრის უფროსი
Ну ничего... Призовем все свои дипломатические способности...
ბოქაული
თქვენ, Ваше высокоблагородие, ყველაფერს მოახერხებთ...
ჱ
კნეინა ჩიტუნია, ფაცია და გორგასლანიანი.
კნეინა ჩიტუნია (გარედანვე ეძახის)
ედუარდ ერაზმოვიჩ... (შემოდის). ედუარდ ერაზმოვიჩ, რა სტუმარი მოგიყვანეთ!.. Какого гостя я к вам привела.
მაზრის უფროსი
დავინახე, კნიაგინია, დავინახე... Один восторг, княгиня, მხოლოდ დიდი უზრდელობა კი დამემართა: მე იქით უნდა ვხლებოდი...
ფაცია
ხომ ხედაცთ რა ზრდილობიანიც არის ჩვენი მოხუცი.
მაზრის უფროსი
Один восторг княгиня.
ფაცია
მხოლოდ ჩვენი ბრალი არ არის მისი მოყვანა... გზაში შეგვხვდა, მოჰყავდათ კიდეც...
მაზრის უფროსი (გორგასლანიანს)
შენ, კნიაზო, კარგად უკავალრე ქალბატონებს!
გორგასლანიანი
ჰე, ჰე, ჰე! Рад стараться, Ваше Высокоблогородие...
თ
(საკაცეზე დადგმულ სავარძლით ორ ბიჭს შემოჰყავს დავრდომილი გენერალი ბერდოსანი. სცენის შუაგულში დასდგამენ. ბიჭები უკან დგებიან, ამავე დროს შემოვლენ მალხაზი, კეკელა, პაპუნა, კოწია და გლეხები).
კნეინა ჩიტუნია
აი, ბიძია, გაიცანი ჩვენი მაზრის ახალი უფროსი გრენგოლმ...
გენერალი
აჰა... Очень рад...
მაზრის უფროსი
Я очень извиняюсь, князь... Ваше Превосходительство... თქვენ როგორ გაგსარჯეთ... პირიქით უნდა გხლებოდით... პირდაპირ სიტყვებს ვერა ვპოულობ თავის გასამართლებლად...
გენერალი
არაფერია.. Что за счеты... (იგონებს) Гренгольм... Гренгольм...
კნეინა ჩიტუნია
უკაცრავად, ბიძია, ახლა კი მარტო დაგტოვებთ... ხელს არ შეგიშლით საუბარში... წამობრძანდით, ბატონებო....
გენერალი
(შენიშნავს კეკელას)
აა, კეკელა, ქალო... გამარჯვება შენი... (კეკელა მიდის, ხელს ართმევს, ყველანი ასე იქცევიან, ვისაც კი მიმართავს). აა, შე ცუღლუტო, კოწია... როგორა ხარ?.. მალხაზ, ჩვენი მამასახლისი?.. გამარჯვებათ, ყმაწვილებო!..
ყველანი
გამარჯვება, ბატონო, ღმერთმა გაცოცხლოს...
გენერალი
სხვა, როგორა ხართ?.. რა?! ვერავის ვეღარ ვხედავ... გარეთ ვერ გამოვდივარ. დღეს გამოვიარე და მეწყინა... ცუდი, ძლიერ ცუდი ყანებია...
ჯიბო
კი, ბტონო, ნამეტანი წვიმები იყო და... დალეშტრა...
გენერალი
ოო, ძალიან ცუდი მოსავალი გვექნება, ცუდი...
კნეინა ჩიტუნია
აბა, ახლა ხელს ნუღა შეუშლით...
(ანიშნებს, რომ წავიდნენ. ყველანი გაიკრიფებიან გარდა გენერლისა, მისი ორი ბიჭისა, მაზრის უფროსისა და ბოქაულისა, რომელიც მოშორებით გაჭიმული დგას, მოისმის მიმავალი ჯიბოს ხმა).
ჯიბოს ხმა
ეს კი ეტყვის მართალს... თუ გვეშველა, ახლა გევშველა!
მეორე ხმა
ჩუმად, ჩუმად!
გენერალი
(უხერხული სიჩუმის შემდეგ)
Да!.. Гренгольм...რაღაცა მახსენდება... ჰო, მართლა. ჩვენს პოლკში იყო ერთი გრენგოლმი შტაბაფიცრად.
მაზრის უფროსი
(გაჭიმული დგას).
უკაცრავად, ბატონო, ეგ მამაჩემი არ გახლდათ...
გენერალი
მაშ, მამათქვენი?
მაზრის უფროსი
(უჭირს თქმა).
Он был из старых кантонистов... ჟანდარმად გახლდათ თბილისში...
გენერალი
(სიტყვას მნიშვნელობას არ აძლევს).
Ах... да... ეს ქართული საიდან შეგისწავლიათ?
მაზრის უფროსი
თბილისში გახლავართ დაბადებული და გაზრდილი... დედა ქართველი ქალი მყავდა.
გენერალი
Да... да... Значит, вы не из дворян...
მაზრის უფროსი
(თითქო რცხვენია, უჭირს თქმა).
Да... но...
გენერალი
სად მსახურობდით წინეთ, ყმაწვილო?
მაზრის უფროსი
Я служил в Тифлисе по полицейской части...
გენერალი
Ах да... ეგ თქვენ იყავით?. Околодочный надзиратель... ჰო... თავი რომ გამოიჩინეთ რევოლუციონერების დაჭერაში... წამიკითხავს გაზეთებში... წამიკითხავს...
მაზრის უფროსი
დიახ... მე...
გენერალი
Ну, что... მოგწონთ აქაურობა?
მაზრის უფროსი
Ох, один восторг, Ваше превосходительство...
გენერალი
(ეჭვის თვალით შეხედავს. სიტყვებს მძიმედ იმეორებს და ათამაშს). Восторг! (ცოტა სასტიკად) Восторг?..
მაზრის უფროსი
(მთლად გაიჭიმება).
გენერალი
ჰო, მართლა! რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა... (სიჩუმე). ჰო... ყმაწვილო, დიდი ხანია მე ნათხოვნი მაქვს. დამატებითი პენსია უნდა მოეცათ... მართალია, ეს თქვენ არ შეგეხებათ, მაგრამ...
მაზრის უფროსი
Слушаю, Ваше Превосходительство...
გენერალი
ჰოდა, არავითარი პასუხი ჯერ არ მოსულა... А, впрочем... ეგ რა ორდენი გაქვთ?
მაზრის უფროსი
Льва и солнца, Ваше Превосходительство...
გენერალი
საიდან?
მაზრის უფროსი
ტფილისში რომ გახლდით, სპარსეთის შაჰმა ჩამოიარა და, სხვათა შორის, მეც მაჩუქა.
გენერალი (ამთქნარებს).
აჰ, да, да!.. ბიჭებო... (ბიჭები დაიძვრებიან). ბევრი ვისაუბრე... Очень рад, очень!..
მაზრის უფროს
Рад служить, Ваше Превосходительство...
გენერალი
მაშ, ნახვამდის...
ბოქაული
(შინა ოთახებისაკენ გაექანება, გასძახებს)
ბატონებო, გენერალი მიბრძანდება.
(მაზრის უფროსი გენერალს ხელს აძლევს, ბიჭები საკაცეს ასწევენ).
ი
კნეინა ჩიტუნია და ფაცია
კნეინა ჩიტუნია
ბიძია, მიბრძანდები კიდეც!..
გენერალი
დიახ, ჩემო შვილო, დავიღალე...
ფაცია
ბატონო, სადილი მაინც მიგერთმიათ... (გასძახის) მალხაზ, კეკელა...
გენერალი
არა, არა, შვილო... სულ ერთია... დრო, აი, თქვენ უნდა გაატაროთ...
ია
მალხაზ (შემორბის).
რა ამბავია, კნიაზ, რაზე გაგვიწყერით?..
გენერალი
როგორ გაგიწყერით, მალხაზ! დავიღალე... ბევრი ვისაუბრე და...
მალხაზ
როგორ გაგიბედოთ დაკავება... მაგრამ გვირგვინს კი დაგვადგამდი...
გენერალი
არა, არა, გმადლობთ... ნახვამდის, ყმაწვილებო. Ну, ребята, ведите старика.
(ბიჭები ასწევენ და მიაქვთ)
იბ
კეკელა (გამორბის)
უიმე, ღმერთო კი მომკალი!..
მალხაზ
(ანიშნებს და შეჩერდება)
გენერალი
ნახვამდის, ნახვამდის, ბატონებო... (კიბეზე ჩააცილებენ გენერალს. სცენაზე მხოლოდ მაზრის უფროსი და ბოქაული რჩება)
მაზრის უფროსი
Ну, слава Богу, гроза миновала.
ბოქაული
ახლა კი გადარჩით...
მაზრის უფროსი
Вот! какой он дурак, ჰა, ჰა, ჰა?
ბოქაული
(ტუჩებზე ხელს მიიდებს, ანიშნებს ჩუმად იყოს).
Княгиня...
იგ
კნეინა ჩიტუნია, ფაცია
კნეინა ჩიტუნია
ახლა რას იტყვით, ედუარდ ერაზმოვიჩ? ხომ მოგეწონათ ჩვენი გენერალი?
მაზრის უფროს
Ах, один восторг, княгиня...
ფაცია
თქვენ როგორ ყველაფერზე აღტაცებული ხართ?
მაზრის უფროსი
როგორ არ ვიყო აღტაცებული: მშვენიერი ბუნება, მშვენიერი ადამიანი და მათ შორის მომხიბვლელი კნეინა და თქვენც, изящная княжна...
კნეინა ჩიტუნია
ციც! ედუარდ ერაზმოვიჩ, არშიყობა არ იყოს!..
მაზრის უფროსი
მე მხოლოდ სინამდვილეს მოგახსენებთ, კნეინა.
იდ
მალხაზ
(საჩქაროდ ამოდის კიბეზე).
აბა, ახლა კი მობრძანდით... სადილი მზად გახლავთ.
კნეინა ჩიტუნია
ოო, ეგ მშვენიერებაა... დროც არის, სწორედ.
მალხაზ
მოგამშიეთ, ბატონებო, არა?..
მაზრის უფროსი
რაა, არა... Что вы?
მალხაზ
იმედია, არ გამიწყრებით ჩემს ღარიბულ სუფრაზე...
კნეინა ჩიტუნია
ჰო, კარგი ახლა, ვიცით შენი პურმარილის ამბავი... Нус, пойдемте, ედუარდ ერაზმოვიჩ!..
(მაზრის უფროსი ხელს გაუყრის და მიჰყავს).
მაზრის უფროსი
Пойдем, пойдем, княгиня.
მალხაზ
აბა, გენაცვალე, ფაცია.
ბოქაული
(მოდის. ამ დროს ფაციაც დაიძვრის. ბოქაული წინ გაუშვებს ფაციას).
Пожалуйста княжна...
ფაცია
მერსი. (გადიან ყველანი. სცენა ცოტა ხანს ცარიელია).
იე
შინა ოთახებიდან გამოდის ფოფოდია და ამავე დროს კიბეზე ამოვა ქოლორდავა, ერთიმეორეს შეეფეთებიან და შედგებიან.
ფოფოდია (კოპწიაობით)
ვის ეძებ?
ქოლორდავა (მეგრულად)
მუჭომი ჯგირი რექ, გოლუაფირო!∗
ფოფოდია
(ვერ მიხვდა რა სთქვა, მაგრამ ინსტინქტურად მაინც წითლდება).
რაო, რა სთქვი?..
ივ
ფოფოდია
ოჰ, აგრაფინა... შენ გენაცვალე. (აკოცებს).
აგრაფინა (გაკვირვებული)
რა იყო? რა ამბავია?
ფოფოდია
(ეშმაკურად ჩაიცინებს).
არაფერი. წევიდეთ სასადილოდ.
(მიდიან. ფოფოდია თავს მოიბრუნებს და ქოლორდავას თვალს ჩაუკრავს).
ქოლორდავა
(ცოტა ხანს გაშტერებულია. შემდეგ მოსხლტება ადგილიდან და კიბეზე დაეშვება).
ფარდა
მოქმედება მესამე
იგივე სანახაობა. დაღამებულია და შორიდან გორაკებზე გაშენებულ სოფლიდან სანთლები მოჩანს. ეზოდან არეული სიმღერა და ღრიანცელი მოისმის. აივანზე ბნელა.
ა
ფაცია და ადიკო
(კიბეზე ამოდიან).
ფაცია
კარგია-მეთქი, ნუ სულელობთ!..
ადიკო
ვსულელობ კი არა, აბა, რა მოგეწონათ იმ ნემენცის?
ფაცია
ვინ მოგახსენათ, რომ მომეწონა?
ადიკო
როგორ არა, ჩემი ყურით გავიგონე, რომ სიყვარული გამოგიცხადათ და თქვენც უარი არ გაგიცხადებიათ.
ფაცია
იფ, მშვენიერი ხელობა კი დაგიწყიათ - ჯაშუშობა!
ადიკო
ეგ სულ ერთია!.. ახლა საქმე მაგაში არ არის!.. უმთავრესი ის არის, რომ მაინც მოგხიბლათ ბრჭყვიალა ჩინებმა და დეზების რაწკირუწკმა...
ფაცია
კარგი, ვთქვათ ეგრეც არის... მერე, თქვენ რა?..
ადიკო
მე ის, რომ რას გამოელით ამ ვიღაც გადამთიელისაგან?.. თქვენ აკი ამბობდით - ჩემი პრინციპი კანონიერი ჯვარისწერა არისო.
ფაცია
მერე? რა იცით, რომ, თუ მოვისურვებ, ჩემზე ჯვარსაც არ დაიწერს?
ადიკო (გადაიხარხარებს).
ვინა? გრენგოლმი? ნეტავი ეგეთი გულუბრყვილო არ იყოთ. როგორ არ იცით, რომ ის გამოცდილი დონჟუანია და ისიც მხოლოღ იმას გამოელის თქვენგან, რასაც მე.
ფაცია
უზრდელი!
ადიკო
ეგ შაბლონური სიტყვაა... მე მხოლოდ ეს მაკვირვებს ჩვენი ქალებისა: თუ ერთი ვინმე უცხო გამოჩნდა, ბოქაული იყოს თუნდა სტრაჟნიკი, ხელათ მინებდებიან, და ჩვენ კი... ოო, უსათუოდ ჯვარის წერა, ქორწინება და ამისთანები...
ფაცია
მაგ სიტყვებს ჩემზე გავლენა არა აქვთ...
ადიკო
ეჰ, როგორ არ ვიცი... ჩემი საქმე მაშინ წახდა, როდესაც სიტყვებზე მივარდა საქმე... მაგრამ, აი, მოვიდა გამოცდილი კაცი და უკვე მოქმედებაც დაიწყო...
ფაცია
უჰ, რა გულღვარძლიანი ყოფილხართ... ჩემ საქმესაც მომაცდინეთ: აქ გამომგზავნეს, რომ ახალი სუფრა გავშალო და...
ადიკო
სად? აქ, აივანზე?
ფაცია (აჯავრებს)
დიახ, აქ, აივანზე და... სულ ჭიჭინაზე რომ გასკდეთ, მაინც მაზრის უფროსს მოვუჯდები და ვეარშიყები. (გადის).
ადიკო (მიაყოლებს)
ია და ვარდი... მე ატსტავკაში ვარ.
(გაიარ-გამოიარს, უსტვენს).
ბ
კიბეზე ამოდის ფოფოდია. სახე ალანძული აქვს, თმები მიშლილ-მოშლილი. დაღლილია, ნელა შემოდის, თითქო მოიპარება: მოდის და ტახტზე მძიმედ დაეშვება.
ადიკო
ეს ვინ ბრძანდება? სიბნელეში კარგად ვერ ვარჩევ.
ფოფოდია
უჰ, გაგისკტა მიწა, რა შემაშინე!
ადიკო
აა, ფოფოდია ბრძანდები? სად დაგვეკარგეთ ამ შუა სადილზე?..
ფოფოდია
რაღაც თავი ამტკივდა, შენ ნუ მომიკტე.
ადიკო
თავი? მეც მომწყინდა სადილზე და წეღან თხილნარისაკენ გამოვიარე.
ფოფოდია
(შეეშინდება, შიშის კილოთი)
უი, გაგისკტა მიწა!
ადიკო
თქვენ რა მერე? თხილნარში კარგი სასეირნოა. მერე თხილიც მომწიფებულა.
ფოფოდია
დაგწყევლოს ღმერთმა, რას ლაპარაკობ?
გ
ქოლორდავა
(შემოდის მოღლილი და ზურგით მიეყრდნობა აივნის ხარიხას).
ადიკო
რას ვლაპარაკობ?.. არაფერს, „აი, მიზეზი, სულო ჩემო... (მიუთითებს ქოლორდავაზე) აი, მიზეზი“...
დ
(შემოდის ბიჭი. შედგება შუა მაგიდაზე და მის ზემოთ ჩამოკიდებული ფანრის ლამპარს აანთებს. სცენა განათდება. გადის. ისევ ბრუნდება და სუფრას აწყობს).
ფოფოდია
(სინათლეზე შეამჩნევს ქოლორდავას და შეკრთება).
უი!
ადიკო
რა მოგივიდათ, ნიფადორა?
ქოლორდავა
(სინათლეზე გასწორდება და შორიდან ფოფოდიას აღტკინებით შესცქერის, ულვაშს იგრეხს, ქშინავს).
ფოფოდია
რას იკბინება ეს წყეული კოღო.
ადიკო
კოღო კი იყო?.. ჩვენ სოფელში კოღო არ იცის, ხოჭო იქნებოდა, შავი, ულვაშებიანი ხოჭო.
ფოფოდია
რას ლაპარაკობს... გაგისკტა მიწა! (ერთს სიყვარულით გაჰხედავს ქოლორდავას და გადის).
ადიკო
(გაივლის ქოლორდავასკენ).
არა, ისევ ქალაქში უნდა წავიდე, თორემ აქ...
ქოლორდავა (ღრეჭით)
ქალაქში მიბრძანდები, პატონი?
ადიკო (ჩააჩერდება)
ა? დიახ, ქალაქში.
ე
(შინა ოთახებიდან გამოდის კნეინა ჩიტუნია, მოქანცული სახით აივნისკენ გაივლის)
კნეინა ჩიტუნია
თქვენა ხართ, ადიკო?
ადიკო
გახლავართ, კნეინა... რა ამბავი, სადილზე მიგვატოვეთ?
კნეინა ჩიტუნია
საშინლად ამტკივდა თავი, ყმაწვილო...
ადიკო (განზე)
რა ამბავია, დღეს ყველას თავი სტკივა?
კნეინა ჩიტუნია
(მოდის, ტახტზე ჩამოჯდება).
მოდით აქ, ადიკო... ხომ ნებას მომცემთ ასე დაგიძახოთ?
ადიკო (მიუახლოვდება)
რასაკვირველია, კნეინა...
კნეინა ჩიტუნია
რა ვიცი, ახლა დავაჟკაცდით, დიდი ხანია არ მინახავხართ... მოდით აქ, ჩამოჯექით, მიამბეთ თქვენი ამბავი...
ადიკო (ახლო მიუჯდება)
კნეინა ჩიტუნია
А, на самом деле, вы интересный молодой человек...
ადიკო
ძლივს... მადლობა ღმერთს! ამ სოფელში ერთი ქალისაგან მაინც გავიგონე ხეირიანი სიტყვა.
კნეინა ჩიტუნია
როგორ? არავინ არ განებივრებთ?.. Бедный мальчик!
ადიკო
Только не жалейте, княгиня...
კნეინა ჩიტუნია
არა, ვიცი... მარჯვე ბიჭი ხართ... გავიგე, ჩვენ კნიაჟნას ეარშიყებით თურმე. რა? თუ გინდათ, მე გაგირიგებთ საქმეს.
ადიკო
არა, კნეინა, ცოლად არ მინდა.
კნეინა ჩიტუნია
Ах, вы... ერთი ამას დამიხედეთ, ახალი მოდის კაცი! რა? თქვენც ხომ ფუტურისტი არა ხართ? (გარედან სიმღერა და ხმები: ახალი სუფრა, ახალი სუფრა!) Ах, надоели...
(სიმღერა ახლოვდება. კნეინა მიიხედავს აივნისაკენ, შეაჩერდება ქოლორდავას. ნელი ღიმილით).
რას ატუზულა ეს სტრაჟნიკი?
ადიკო
Этот стражник, княгиня, молодец...
კნეინა ჩიტუნია (გაკვირვებული)
Как так?! (სიცილი).
ვ
(შემოდიან მაზრის უფროსი და კოწია გადახვეულნი. ორივე შეზარხოშებულია, უფრო კოწია. ცოტა ხნის შემდეგ, შემოვლენ სტუმრები, მომღერლები, ბოქაული, მალხაზი და პაპუნა)
მაზრის უფროსი
აი ჩვენც მოვედით, Дорогой князь.
კოწია
შენი ჭირიმე, შენი. დიდებული ყაძახი ხარ, დიდებული.
(შემოვლენ სტუმრები სიმღერით, მაგრამ ისე კი, რომ სიმღერა მოლაპარაკეთ არ უნდა უშლიდეს).
კნეინა ჩიტუნია
(წამოდგება. ადიკოს)
ახლა კი ამათ გავეცალოთ თორემ.
მაზრის უფროსი
Ах, очаровательная княгиня.
(დაინახავს კნეინა ჩიტუნიას, მიდის მასთან).
ადიკო
(ჩამოშორდება კნეინას და სტუმრებისაკენ გადადის. ბიჭს შემოაქვს ღვინო და სანოვაგე, შემდეგ გადის).
მალხაზ
(ასხამს ღვინოს. სტუმრები მაგიდასთან გროვდებიან. ზოგი ჯდება, ზოგი ზეზეურად ილუკმება, ან სვამს. სიმღერა წყდება).
მაზრის უფროსი
რაზე გაგვიწყერით? სადილზე მიგვატოვეთ.
კნეინა ჩიტუნია
თქვენ აღარ გემადლიერებით, ედუარდ ერაზმოვიჩ.
მაზრის უფროსი
რატომ? რა დავაშავე?
კნეინა ჩიტუნია
როგორ თუ რა დააშავეთ?! რა იყო რომ ფაციას გადაეკიდეთ?
მაზრის უფრო
Я, княгиня... Я, княгиня... Нет, это один восторг, Вы ревнуете... იჭვიანობთ?
კნეინა ჩიტუნია
შენმა მზემ! Много чести...
მაზრის უფროსი
მაშ რა, კნეინა?
კნეინა ჩიტუნია
რა და, იცით, ნებას არ მოგცემთ, რომ კნიაჟნას არშიყობა დაუწყოთ. რა თქვენი საქმეა! ქალიშვილი ქალია, გაუთხოვარი...
მაზრის უფროსი
Но я, княгиня...
კოწია
(მაგიდასთან თავის ჯგუფს)
შენი ჭირიმე. რა ქვია, კაცო?
ბოქაული
ედუარდ ერაზმოვიჩ...
მაზრის უფროსი
Сейчас, сейчас...
კნეინა ჩიტუნია
თქვენ კი ცოლიანი ხართ, გამოქნილი დონჟუანი.
მაზრის უფროსი
რას მიბრძანებთ, კნეინა? მე ხომ ქვრივი ვარ.
კნეინა ჩიტუნია
როგორ, მართლა? (განცვიფრებული) მაშ, თქვენ სერიოზულად გინდათ?..
მაზრის უფროსი
სრულიად სერიოზულად, კნეინა...
კნეინა ჩიტუნია
გინდათ ფაცია შეირთოთ?
მაზრის უფროსი
გაძლევთ პატიოსან სიტყვას...
კნეინა ჩიტუნია
აჰ, უკაცრავად! მომიტევეთ, მომიტევეთ, გეთაყვა... თუ ასეა, ღმერთო... Какой вы славный.
მაზრის უფროსი
Вашу ручку, княгиня. (ჰკოცნის ხელზე).
კნეინა ჩიტუნია
მაშ, გახსოვდეთ თქვენი სიტყვა.
მაზრის უფროსი
აუცილებლად, კნეინა...
კოწია და სხვები
ედუარდ ერაზმოვიჩ...
მაზრის უფროსი
ეხლავ, ეხლავ!.. კნიაგინია, წავიდეთ!
კნეინა ჩიტუნია
კარგი! ახლა აღარ გიწყრებით... (ხელგაყრილი გაჰყვება მაგიდისაკენ).
კოწია
ეს, ვინც მოვიდა გაუმარჯოს!.. აბა, ყმაწვილებო, ღმერთმა გვიცოცხლოს ჩვენი კნეინა ჩიტუნიას თავი... ეგ არის ჩვენი ჭირისუფალი, ჩვენი გამკითხავი, ჩვენი სოფლის დედოფალი... ალავერდი, ყმაწვილებო, ღმერთმა ნუ მომიშალოს, ბიძიკო, შენი თავი... (ხელზე ჰკოცნის).
კნეინა ჩიტუნია
გმადლობთ, ბიძია. (მრავალჟამიერ).
მაზრის უფროსი
უჰ, მართლა! სად არის ჩემი კნიაზი გორგასლანიანი.
ბოქაული
ქოლორდავა! Позвать сюда Горгасланиани!..
ქოლორდავა
სიჩას! (გავარდება).
კნეინა ჩიტუნია
(მაზრის უფროსს) რად გინდათ?
მაზრის უფროსი
უნდა ვაჭიდავო...
კნეინა ჩიტუნია
კარგია ერთი, რას ამაიმუნებთ.
მაზრის უფროსი
О, уверяю, один восторг... ისეთი ფრანგული ჭიდაობა იცის... Настоящий...
კნეინა ჩიტუნია
კარგი ერთი...
მაზრის უფროსი
მაგრამ აქ სხვა ვინმემ იცის ფრანგული ჭიდაობა? აა, მართლა, უთუოდ, თქვენ... (ადიკოს) Молодой человек...
ადიკო
ჭიდაობა კი არა. მოიტათ, ღვინო მინდა დავლიო...
კნეინა ჩიტუნია
ოჰო...
მალხაზ
რად გინდა, გენაცვალე... აკი არა სვამ...
ადიკო
არა, ახლა უნდა დავლიო... გულზე ბოღმა მომაწვა... მოიტათ!.. (უსხამენ).
ჱ
გორგასლანიანი, ქოლორდავა
გორგასლანიანი
(გამოეჭიმება მაზრის უფროსს).
ჰე, ჰე, ჰე! რას მიბრძანებთ, ვაშე ვისოკობლაგოროდიე?
მაზრის უფროსი
აბა, французскую борьбу...ხელათ...
გორგასლანიანი
Слушаюсь... მაგრამ! ვის ვეჭიდაო, ვაშე ვისოკობლაგოროდიე...
მალხაზ
აგერ მყავს შენთვის, ბიძია, აგერ...
გორგასლანიანი
ჰე, ჰე, ჰე! მობრძანდი.
მაზრის უფროსი
Ну, живо!
კოწია (მაზრის უფროსს)
დიდებული ყაძახი ხარ, დიდებული...
მოჭიდავეები მოემზადაბიან და იწყებენ ჭიდაობას. მაზრის უფროსი შესაფერ შენიშვნებს აძლევს და თან ზოგჯერ წამოიძახებს:
ჰოპ, ჰოპ.
(საერთო ღრიანცელი მაყურებლებისა. ბოლოს გორგასლანიანი წააქცევს მოწინააღმდეგეს. საერთო მოწონების ხმა∗)
მაზრის უფროსი
ბრავო, ბრავო! (ამოიღებს ჯიბიდან ფულს). აი, ესეც შენ თხუთმეტი მანეთი.
გორგასლანიანი (ქშინავს, გამოართმევს)
ჰე, ჰე, ჰე! რად სტარატსა, ვაშე ვისოკობლაგოროდიე!
კოწია
ფუი, შეარცხვინა ღმერთმა შენი კნიაზობა...
მაზრის უფროსი
А?
თ
ფაცია
(თეფშით ცხელ-ცხელი ხაჭაპურები მოაქვს)
ესეც ჩვენებური ცხელ-ცხელი ხაჭაპურები.
ყველანი, გარდა ადიკოსი
ააა!
მაზრის უფროსი
Чудная княжна, один восторг, ей Богу!
ფაცია
Я сама испекла.
მაზრის უფროსი
Сами? Один восторг.
კნეინა ჩიტუნია
ბატონებო, მაშ, ვადღეგრძელოთ ჩვენი კნიაჟნა.
მაზრის უფროსი
Ох, с удовольствием...
ყველანი
გაუმარჯოს, გაუმარჯოს.
(სიმღერა)
ადიკო
(უეცრად ზეზე წამოდგება)
ბატონებო!
ხმები
ჩშ, ჩუმად...
ადიკო
ბატონებო... აი, ჩვენ აქ ვზივართ, ვქეიფობთ... და ვინ იცის, რა სისაძაგლეს არ ჩავდივართ... (უხერხული სიჩუმე).
კოწია (წამოვარდება)
იმე, რას ამბობს ე, მღვდელი!
ადიკო
მე კი შევცქერი ამ სიბნელეში ჩვენს ციხე-ბურჯს და, ვინ იცის, რა აზრი არ მიტრიალებს თავში...
მაზრის უფროსი (მოიღუშება)
ბოქაული
Пожалуйста, ციხე-ბურჯზე ნუ ილაპარაკებთ...
ხმები
რატომ? რატომ? თქვი, თქვი, გენაცვალე...
ადიკო
მე, განა, ისეთს რას ვამბობ...
მაზრის უფროსი
Ничего, говорите, дуйте... (კნეინა ჩიტუნიას) ახლა ისეთ გუნებაზე ვარ, რომ რაც უნდა, ის ილაპარაკონ...
ადიკო
გავცქერი-მეთქი ციხე-ბურჯს და ვფიქრობ: ერთ დროს იქ იყო სიცოცხლე, იყო თავისებური სიხარული, სიყვარული, ტანჯვაც, მწუხარებაც და დღეს კი ყოველივე ჩამქრალა. აღარავინ არ ეკარება. რომელიმე ჩიტი თუ გადაფრინდება მის თავზე, ხოლო ღამით კი ღამურები და ჭოტები ბუდობენ... და, ვინ იცის, აქაც, აი, სადაც ახლა ჩვენა ვსხედვართ, ვღრიალებთ და ვხრიალებთ, ერთ დროს სულ სხვა ადამიანები იყვნენ... და სულ სხვაგვარ ზრახვიდნენ, ფიქრობდნენ. იყვნენ გოლიათები სულით, სხეულით, ჯანსაღი გონებით და მოქმედებით... ჩვენ კი? აი, ბატონიშვილი გორგასლანიანი... (პაუზა). თხუთმეტ მანეთს ღებულობს ჭიდაობაში... (დაჯდა).
გორგასლანიანი
ჰე, ჰე, ჰე!
(ობლად გაისმის მისი სიცილი. მძიმე პაუზა)
კოწია
მერე?
მაზრის უფროსი (დაცინვის კილოთი)
გაუმარჯოს საკარტველოს! (აქა-იქ თავშეკავებული სიცილი).
კოწია
დიდებული ყაზახი ხარ, დიდებული.
ფაცია
(წამოდგება და შუა ალაგას გაჩერდება).
კოწია
გენაცვალე, შვილო, აბა, ერთი ლექსი... აი, ის ახალი ლექსი რომ იცი...
მაზრის უფროსი
განა, იცის კითხვა?
კნეინა ჩიტუნია
ო, ჩინებულად...
მაზრის უფროსი
О, тогда просим, просим...
სხვები
გთხოვთ, გთხოვთ!
ქოლორდავა (გადის)
ფაცია
(თავს უკან გადაიგდებს ამაყად და ზეპირად წარმოსთქვამს სანდრო შანშიაშვილის ლექსს):
„ბატონიშვილს გული უწუხს,
მარტო ვეღარ სძლებს!
უგვირგვინოდ ბაღში დადის,
რჩეულს სევდა სძლევს.
სდუმს ხუმარაც, აღარ ამბობს
იგავ-არაკებს...
თავს ყორანი დასტრიალებს,
შავი, შავად ჰყეფს!
ბატონიშვილს გული უწუხს,
მარტო ვეღარ სძლებს!
ავად არის დედოფალი,
ფერმიხდილი წევს,
ჰგრძნობს, საყვარელს დაშორდება,
ჩუმად ცრემლი სჩქეფს.
და თან ესმის: შორს ყორანი
თვალბედითი ჰყეფს!
ბატონიშვილს გული უწუხს,
მარტო ვეღარ სძლებს!
სეფე-ქალნი ქვითინებენ,
ტირილი აქვთ რძლებს!
გლოვის ზარი ჩამორეკეს,
თალხს აცმევენ ღერბს.
ბატონიშვილს აღარ სძინავს,
გულხელ დაიკრეფს...
ყორანი კვლავ დაყიალებს
და ყარყუმი ჰყეფს“.
ყველანი
ვაშა, ბრავო, ბრავო!
კნეინა ჩიტუნია
Это интересно...
კოწია (ყმაწვილებს)
აბა, რას მოგიწყენიათ?.. ერთი სიმღერა: თინას ვენაცვალებიო... (გაიმღერებს, სხვები მღერიან).
მაზრის უფროსი
(გადაინაცვლებს ტახტისაკენ).
კნიაჟნა, მოდით აქ, ჩემთან.
ფაცია
რა გნებავთ?
მაზრის უფროსი
გადმოჯექით აქა... (ჩამოსხდებიან ერთად).
კნეინა ჩიტუნია
(წამოდგება. გადადის ადიკოსკენ).
ადიკო! რა არის, ღვინოში იხრჩვებით... (შემღერებით) არ გეკადრება, არ დაგშვენდება...
.
ადიკო
ეჰ, კნეინა ჩიტუნია... Чувствую, что падаю...
კნეინა ჩიტუნია
Падаете? (გაუცინებს). მაშ, მოიტათ თქვენი ხელი...
(სიმღერა შეწყდება).
ადიკო
(გაუღიმებს, მისცემს ხელს, წამოდგება და ორივენი აივნის ხარიხისაკენ მიდიან).
კოწია (გორგასლანიანს)
რას მელაპარაკები, ბიძია, აბა, არ გინახავს შენ... (ამოიღებს ჯიბიდან). ა, აგერ ეს ბარიტია, ეს ოხრაა. ეს გიშერი და ეს ვერცხლი...
გორგასლანიანი
ჰე, ჰე, ჰე! (განაგრძობენ ჩუმ ლაპარაკს).
ფაცია (მაზრის უფროსს)
არა, მე ვერაფერს გადაწყვეტილს ვერ გეტყვით. ყოველივე ეს ისე უცებ მოხდა... მერე კიდევ თქვენ სულ სხვა კაცი, სულ სხვა ნაციის. მე კი სოფლის ერთი უბრალო, ქართველი კნიაჟნა....
მაზრის უფროსი
Вот, вот...ახლა კი მართლა ქართულადა მსჯელობთ... რა ვუყოთ, რომ მე სხვა ნაციისა ვარ! მე რომ მკითხოთ, თქვენ, ქართველები სწორედ ეგრე უნდა მოიქცეთ... თქვენი ქალები სულ უცხოელებზე უნდა გაათხოვოთ... თუ გინდათ, რომ სისხლი განაახლოთ... აბა, რას წარმოადგენთ ახლა?.. დაჩიავებული, დაგლახაკებული... აქა-იქ თუ გამოვარდება თქვენისთანა კეკლუცი, თორემ, აბა, სადღა არიან ოდესმე განთქმული грузинские красавицы?.. ეს რატომ მოხდა?.. იმიტომ რომ, მუდამ მონები იყავით ქართველები და ერთხელაც არა ცდილხართ ამ მონობისაგან რიგიანათ თავი დაგეხწიათ... მონას კი ან რა კვება ექნება, ან რა ჯიშის შექმნა შეუძლიან! Где ваша породистость?!
თქვენა გგონიათ, მე არ ვიცი თქვენი ისტორია? ერთი ბატონიდან მეორე ბატონის ხელში გადადიოდით... ყველა თქვენ გირტყამდათ: ერთი მხრით სპარსეთი, მეორე მხრით ოსმალეთი, ძველი ბიზანტია, მთიელები, ჩეჩნები, ლეკები, ოსები. ყველა თავში გიფაჩუნებდათ, ვისაც კი არ ეზარებოდა. თქვენ კი ამბობთ - კულტურული ხალხი ვიყავითო. რის კულტურა? რა კულტურა? რა გაგაჩნდათ, რა გქონდათ?.. ჩვენ, რუსებმა მოგანიჭეთ ყოველივე. ახლა, ახლა მაინც უნდა მოეგოთ გონს... ახლა ჩვენ უნდა შეგვიერთდეთ სულით, სისხლით, სხეულით... უწინარეს ყოვლისა თქვენ, ქალები, უნდა გახდეთ гражданки великой русской Империи და მაშინ... შეიძლება თქვენი საქმეც გამოკეთდეს...
ფაცია
(დიდად სწყინს მაზრის უფროსის სიტყვები, შეურაცხყოფასა გრძნობს, მღელვარებს. მაგრამ, პაუზის შემდეგ, უეცრად ხელს გაუწვდის).
ედუარდ ერაზმოვიჩ... აი ჩემი ხელი...
მაზრის უფროსი
Вот, вот... ესე არა სჯობია?.. (ხელს მოჰკიდებს). Мое счастье! Краля моя!... ეხლავ გამოვუცხადებ ყველას ჩემს ბედნიერებას... Господа!
ი
(ქოლორდავა შემორბის. ხელში დაბეჭდილი კონვერტი უჭირავს).
ქოლორდავა
(გამოეჭიმება მაზრის უფროსს)
ვაშე ვისოკობლაგოროდიე! (აწვდის ქაღალდს).
მაზრის უფროსი
(გაკვირვებული)
В чем дело? (ყველანი წამოიშლებიან. წუთი მოლოდინისა).
ქოლორდავა
ნაროჩნი პრიეხალ, ბატონო, პრედპისანიე...
მაზრის უფროსი
(უკვე გახსნა, სერიოზული სახე მიიღო, თითქოს სულ გამოფხიზლდა).
Даа!..
კნეინა ჩიტუნია
(პაუზის შემდეგ)
რა იყო, ედუარდ ერაზმოვიჩ?
მაზრის უფროსი
(ოფიციალური კილოთი)
Меня в другой уезд переводят, княгиня! Губернатор немедленно требует меня.
კოწია
მალხაზ
უჰ!
სხვებიც
(გაკვირვებული დგანან).
კნეინა ჩიტუნია
Как? ასე მალე?.. ჯერ თითქმის ხეირიანად არც კი ჩამოსულხართ. თქვენი მაზრა არც კი გაგიცვნიათ.
მაზრის უფროსი
Да, служба, княгиня.
კოწია
შენ არ მომიკვტე! შენ თავს ვინ წაგვართმევს. (ჩიტუნიას) კნეინა, ბეჩა.
მაზრის უფროსი
(გაიცინებს).
ნუ! რაც არის ის არის! (ქოლორდავას) Нус, оседлать лошадей. Живо Горгасланиани (გორგასლანიანი გარბის).
ქოლორდავა
ლოშადი გატოვო, ვაშე ვისოკობლაგოროდიე.
მაზრის უფროსი
Господин пристав!.. (რაღაცას ელაპარაკება).
ფაცია
(ჩიტუნიას ხვეწნის კილოთი, ეხვევა).
ჩიტუნია!..
კნეინა ჩიტუნია
Нигего.. ничего... მე ყველაფერი ვიცი. ნუ გეშინია. ხელიდან ვეღარ გამისხლტება. მეც წავალ. შენც ჩემთან უნდა წამოხვიდე. ჩემს სახლში წავიყვან.
მალხაზ
(მაზრის უფროსს)
აბა, ამაღამ სად წაბრძანდებით!
მაზრის უფროსი
არა, მამასახლისო... Долг службы прежде всего...
მალხაზ
როგორც თქვენ ბრძანებთ, ბატონო!
კნეინა ჩიტუნია
ედუარდ ერაზმოვიჩ, ჩვენც მოვდივართ... კნიაჟნა ფაციაც...
მაზრის უფროსი
Ах, да... კნიაჟნა ფაცია...
კნეინა ჩიტუნია
ეხლავე, ეხლავე მზად ვიქნებით. ჩემი ცხენებიც მზად არიან, წამოდი ფაცია. (გადიან ორივენი).
მალხაზ (გადასძახებს)
ბიჭო, ზურიკო!.. მალე ჩემი ცხენი შეკაზმე, ნაჩალნიკს უნდა ვეახლო...
მაზრის უფროსი
(მიდის მაგიდასთან, აიღებს ჭიქას).
ბატონებო, სულით და გულით ვწუხვარ, რომ სამსახურის მოვალეობის გამო იძულებული ვარ დავტოვო ეს მშვენიერი კუთხე... პირველი ჩემი სამაზრო გამომგზავრება ამ სოფელში მოხდა... თითქმის რამოდენიმე საათია რაც თქვენს შორის ვიმყოფები, მაგრამ სულით და გულით შეგითვისდით, დიდად მომეწონეთ... რაინდი ხალხი ყოფილხართ... სტუმრის დიდი პატივისცემა გცოდნიათ... მშვენიერი მრავალჟამიერი, ქალების სილამაზეზე ხომ ლაპარაკიც მეტია... დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სადაც არ უნდა ვიქნე... მეხსომებით!.. (დალევს).
ყველანი
ურაა! (მრავალჟამიერ).
ია
კეკელა და აგრაფინა
კეკელა
ღმერთო მომკალი, მიბრძანდებით?
მაზრის უფროსი
დიახ, ბატონო... სამსახური მთხოვს...
იბ
კნეინა ჩიტუნია და ფაცია
(სამგზავროდ მორთულები).
კნეინა ჩიტუნია
აი, ჩვენც მზადა ვართ, მხოლოდ ედუარდ ერაზმოვიჩ...
მაზრის უფროსი
(მიდის მასთან).
Что прикажете, княгиня?...
კნეინა ჩიტუნია
თქვენი სიტყვა უნდა შეასრულოთ...
მაზრის უფროსი
კნიაგინია! მე სიტყვის კაცი ვარ და ახლავ დავამტკიცებ ამას... (მიდის ფაციასთან, მის ხელს აიღებს). Господа... ვაცხადებ საყოველთაოდ... კნიაზ კოწია!... მე თქვენ ქალს ვირთავ... (მოულოდნელობის გამო ყველა გაშტერდება და სხვადასხვა პოზას მიიღებს. პაუზა).
კოწია
(შეხედავს მაზრის უფროსს, არაფარი გაეგება, შემდეგ მალხაზს)
რა თქვა, ბიძია?
კნეინა ჩიტუნია
როგორ, ვერ გაიგე? შენს ფაციას ცოლად ირთავს...
კოწია
კაი, შენი ჭირიმე, ნუ მეხუმრები!..
მაზრის უფროსი
(მიდის კოწიასთან).
Вполне серьезно, князь...
კოწია (დაიბნა)
იმე!.. ჩემი ცოლი სად არის?.. ჩემი ცოლი სად არის...
კეკელა
თუ მართლა აგრეა... მოგვილოცავს, გენაცვალე ფაცია. (მიდის და ჰკოცნის).
ხმები
მოგვილოცავს, ბატონო, მოგვილოცავს, ვაშე ვისოკობლაგოროდიე...
ბოქაული
(გამოეჭიმება მაზრის უფროსს).
От души поздравляю, Ваше Высокоблагородие! კნიაჟნა, მერწმუნეთ, რომ დიდად მიხარია.
კნეინა ჩიტუნია
(მიდის მაზრის უფროსთან, კეკლუცად).
ახლა კი აღარაფერზე არ გემდურით და вполне Вами довольна... (განაგრძობს მასთან ლაპარაკს).
აგრაფინა
(ჩუმად მიდის და ფაციას აკოცებს).
ადიკო
(ისევ ზარხოშად არის. მიდის ფაციასთან, ხელს დაუჭერს).
განცვიფრებული ვარ და გაყერყეჩებული... ძალიან პრაქტიკული ჭკუა გამოიჩინეთ.
ფაცია
მაშ, რა ისა სჯობია, რომ აქ ველოდო მოგზაურ, ზღაპრულ პრინცებს?.. თქვენ კი... ხომ გითხარით, ჩემი რომანის გმირი არ იყავით.
ადიკო
თქვენი პრინცი მოვიდა კიდეც...
ფაცია
ჰო... რაზე დავმალო... ვიცი, რომ ცხოვრებაში ერთგვარი ძალა მეც მექნება...
კოწია
(უკვე ეხვევა მაზრის უფროსს).
დიდებული ყაზახი ხარ, დიდებული... (მიდის ფაციასთან თითქმის ტირილით) შვილო, ფაცია. (მოეხვევა). შენ გენაცვალოს მამაშენი კოწია... ეს რა ბედნიერება მომანიჭე, შვილო... ჩემ თავს არ ვუჯერი... სად არი ახლა საწყალი დედაშენი?..
ფაცია
რა ვქნა, მამა?.. უცხო კაცია, გადამთიელი, მაგრამ გვეყოფა ამდენი გაჭირვება...
კოწია
რას ამბობ, შვილო, ხელმწიფის ტოლი კაცია. ამისთანა ბედნიერება ვის ეღირსება... (მიდის მაზრის უფროსთან). ვენაცვალე მე ამას... აა, სიძე, სიძე!..
მაზრის უფროსი
(უღიმის. მხარზე ხელს დაჰკრავს)
მაგრამ ამ სოფლის თვალი კი წაგართვით...
მალხაზ
იცოცხლე, ბატონო, იცოცხლე... გემოვნება კი გქონია... აგაშენოს ღმერთმა...
კნეინა ჩიტუნია
Ну значит так... ყველანი მივდივართ ჩემსა... ედუარდ ერაზმოვიჩი დავითანხმე... ამაღამ ნიშნობასაც გადავიხდით და... ხვალ უთენია ჩვენი სიძე წავა თავის საქმეზე... ერთი კვირის შემდეგ, მე და ფაციაც თავის დედ-მამით ჩავალთ გუბერნიის ქალაქში და ქორწილსაც გადავიხდით... ახლა კი, კოწია, გასწი ჩქარა შენი ჯორით, წამოიყვანე შენი კნეინა და მოდი ჩემსა...
კოწია
ახლავე, შენ გენაცვალოს ჩემი თავი... (დაფაცურდება). ა? სიძე, სიძე... (მოეხვევა). აღარ გეთხოვები... მშვიდობით, ფაცია... სად არის ახლა ჩემი საწყალი ცოლი? (უცბად) ჩემი ჯორი სად არის?.. სად არის ჩემი ჯორი? (ეხვევა). ღმერთო, არ ვიცი, რა ვთქვა... (მობრუნდება). სიძე, სიძე! (გადაეხვევა. შემდეგ ჩაირბენს კიბეზე, მოისმის კიდევ მისი ხმა) სად არის ჩემი ჯორი?..
მალხაზ (მაზრის უფროსს)
ბატონო, მარტო თავად კოწიას ოჯახი კი არ გააბედნიერე, მთელი ეს კუთხე გააბედნიერე... მთელი ჩვენი სოფელი გააბედნიერე. თქვენისთანა კაცის სიძობა, ბატონო, ხუმრობა კი არ არის, გვირგვინია, ბატონო, მთელი მხარის... და საცა უნდა ბრძანდებოდეთ, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ არ დაგვივიწყებთ და გეხსომებით... მაშ, გაცოცხლოს, ბატონო, კიდევ ერთხელ ღმერთმა... (სვამს. სიმღერა).
ყველანი
ურაა! (სვამენ).
იგ
გორგასლანიანი
(შემოდის. მაზრის უფროსს გამოეჭიმება)
ლოშადი პოდანი, ვაშე ვისოკობლაგოროდიე, ჰე, ჰე, ჰე!
მაზრის უფროსი
მაშ, ახლა კი მშვიდობით, ბატონებო... ანდა, უკეთესი იქნება ვთქვა... მალე ნახვამდის, რადგან იმედი მაქვს... (ჩაიცინებს). როგორც თქვენი სიძე, ბატონებო, კვლავ გეწვევით.
ყველანი
იცოცხლე, იცოცხლე, ბატონო.
მაზრის უფროსი
ახლა კი, ერთხელ კიდევ გადაეცით მთელს სოფელს ჩემი გულითადი მადლობა და ის, რომ (შეჩერდება, ფიქრობს რა თქვას) მუდამ მეხსომებით. ნახვამდის, ბატონებო! (პირველად კეკელას ჩამოართმევს ხელს, შემდეგ აგრაფინას. ბოლოს თვალით ეძებს, ვის გამოეთხოვოს და შეჩერდება ადიკოზე). სხვანი კი ყველანი, მგონი, ჩვენთან მოდიან... Ах, вы в самом деле, молодой патриот... (ხელი უნდა ჩამოართვას).
ადიკო
არა, ეგ молодой патриот-იც თქვენთან წამოვა. თქვენ ზეიმს მეც მინდა დავესწრო...
მაზრის უფროსი
Очень рад, очень рад... Ну-с, княжна, მიბოძეთ თქვენი ხელი და ნება დამრთეთ, რომ ცხენზე მე თვითონ შეგსვათ...
ფაცია
სიამოვნებით... ნახვამდის, ბატონებო!
(გადიან ხელგაყრილნი, თან მიჰყვებიან სტუმრები და სტრაჟნიკები).
ხმები
გაგაბედნიეროს ღმერთმა, გაგაბედნიეროს...
ბოქაული
Княгиня! (უნდა ხელი გაუყაროს).
კნეინა ჩიტუნია
(ახედ-დახედავს)
აბა, ნახვამდის, კეკელა...
ბოქაული
(დარცხვენილი გადის).
კნეინა ჩიტუნია
აგრაფინა... შენ არ გინდა წამოსვლა?
აგრაფინა
უკაცრავად, კნეინა... ვერა ვარ მთლად კარგად...
მალხაზ
აბა, ბატონებო, ერთი მგზავრული, მგზავრული... მეფე-დედოფალი სიმღერით გავაცილოთ.
(სიმღერა. ყველა გალაგდება. სცენაზე მხოლოდ აგრაფინა რჩება, რომელიც სანთელს და ლამპას ჩააქრობს, შემდეგ ხარიხას გადაეყრდნობა და წამსვლელებს გასცქერის. სცენა ბნელდება. მოისმის სიცილ-ხარხარი. მათრახის ტკაცუნი. ცხენის ფეხის ხმა. ცოტა ხნის შემდეგ, კიბეზე ნელ-ნელა ამოჩლაჩუნდება კეკელა. გამოდის აივანზე. შეამჩნევს აგრაფინას, მიუბრუნდება).
იდ
კეკელა
რა იყო, აგრაფინა, შვილო... როგორ გამხდარხარ?.. წამოდი, დაწექი, შვილო... არაქათი აღარ მაქვს...
აგრაფინა (თითქოს თავისთვის)
ყველანი წავიდნენ... ჰაი-ჰუი და ყოველივე ისე დარჩა, როგორც იყო. ციხე-ბურჯი ისევ უპატრონოდ მიტოვებულია, ეკლესია გუმბათგადამტვრეული, სასწავლებელი - კარგამოკეტილი, ბაღი - გავერანებული, ბოგირი - ჩაცვენილი... გზებიც ისევ გაფუჭებული... (თავს ჩაჰკიდებს, ცრემლები ერევა).
კეკელა
რა იყო? რა მოგსვლია?
აგრაფინა (ჩუმად არის)
კეკელა (მიდის მასთან).
ღმერთო მომკალი! ცრემლები! რა გატირებს, შვილო?
აგრაფინა
არაფერი დედა... სიცალიერესა ვგრძნობ...
ფარდა
1917 წ.
∗ როგორი კარგი ხარ, შემოგევლე!
∗ ეს სცენა შეიძლება შეიცვალოს ჩაჩნური ცეკვით, ან ტანგოთი, ან ისეთ რაიმე განსხვავებულ №-ის აღსრულებით, რაც კი მოუხდება და მოუხერხდება გორგასლანიანის როლის აღმსრულებელს.
100
ამათი შვილები
სტრაჟნიკები