თეთნულდი
ტრაგედია 5 მოქმედებად
მოქმედნი:
ქორი∗
არგიშდი, ოჯახის უფროსი
მისი რძალი
სოთრან
გურანდა
ლაჰილ
გელახსან
დიგორხან, გელახსანის დედა
გივერგილა
იშმაგ
ორბინე
დღემბურგ
ყასბულად
ბედან
სოზარ
ყანსავ
აღმასკომის თავმჯდომარე
ბიმურზ, ბაპი
ციქვლიდ, სოფლის მასწავლებელი
ლიანგი.
მოქმედება სწარმოებს სვანეთში 30-იან წლებში.
მოქმედება პირველი
ა
მთების ძირას
ქორი
თეთნულდი მიუვალია!
თეთნულდს ჯერ კაცის ფეხი არ გაჰკარებია!
თეთნულდი სპეტაკია!
თეთნულდი წმინდაა!
შეუხებელია თეთნულდი!
მიუვალია თეთნულდი!
გელახსან
მე მაინც მივდივარ თეთნულდზე.
ციქვლიდ
ფეხს როგორ მოიდგამ მის სპეტაკ ყინულზე?
გელახსან
წრიაპებით მივდივარ.
ციქვლიდ
რომ დასცურდე?
გელახსან
წერაქვიც თან მიმაქვს.
ციქვლიდ
თვალი რომ მოგჭრას ამ თეთრ ჯავშნის მზეზე ლაპლაპმა?
გელახსან
კვამლის ფერი სათვალე თანა მაქვს.
ციქვლიდ
უსაზღვრო სივრცემ რომ თავი დაგიბრუოს?
გელახსან
მაგარი გული მიცემს მკერდქვეშ.
ციქვლიდ
ამხანაგი რომ მოწყდეს?
გელახსან
თოკებით გადაბმულნი ვართ, ხელში რვა ფუთს მოვზნექავ.
ციქვლიდ
უშიშარი ხარ, გაბედული, თვალთ გიჭრის, მუხლი მაგარი გაქვს, გული მტკიცე.
გელახსან
ჰაი, ჰაი!
ლაჰილ
ლაჰილ
მიტო, მიტო, სადა ხარ?
ციქვლიდ
მიტოს ნუ ეძახი, ლაჰილ... აქ სვანეთში ეგ გელახსანია.
ლაჰილ
ჯერ კიდევ ვერ დავეჩვიე, სულ მეშლება...
გელახსან
აი მეც სულ მათიკოს ვეძახი... ლაჰილი კი ჰქვიან.
ლაჰილ
ლაჰილი ლამაზია!
ციქვლიდ
სვანეთს პატივი ეცით, მეგობრებო! მოსულხართ მისი შვილები მის გასანათლებლად, მაგრამ საქციელი კი ფრთხილი გმართებთ!
გელახსან
რა იყო ლაჰილ? რად მეძახდი?
ლაჰილ
შველი მომიყვანეს, ისეთი კარგია...
გელახსან
დამიწყე გულჩვილობა?
ლაჰილ
შველს აქ ესენი ლაჰილს ეძახიან, და მე კიდევ თურმე ლაჰილი მქვიან.
ციქვლიდ
სვანური უნდა ისწავლოთ მეგობრებო, თქვენ სვანები ხართ...
გელახსან
მაშ ლაჰილ შველია? შენა ხარ ჩემი შველი, ლაჰილ?
ლაჰილ
შენ რაღა ხარ?
გელახსან
ოო, მე კიდევ კანჯარი, „ქურციკი, მაღლა მხტომელი“...
ლაჰილ
მაშ, ჩემო კანჯარო, ქურციკო, მაღლა მხტომელო!.. მეც მოვდივარ შენთან თეთნულდზე...
გელახსან
არა! არა, მათიკო... ლაჰილ! აკი გითხარი...
ლაჰილ
როგორ? გგონია ვერ ავიტან? ყაზბეგზე ხომ ავედი შარშან!
ციქვლიდ
ეეჰ, ყაზბეგი უკვე გათელილია... მალე მის მწვერვალზე ბალღები დავლურს დაუვლიან.
გელახსან
თეთნულდის მყინვარი უფრო სასტიკია, უფრო ფიცხი... მზე უფრო მწვავე... პირის სახე დაგისკდება, დაგიჯირჯვლდება. მერე აქ საქმიანობა სწორედ ახლა გეწყება. შენი ავადმყოფები როგორ არიან?
ლაჰილ
როგორც გიამბე, პირველად მიფრთხოდნენ ძალზე... უფრო უილაჯონი და განწირულნი მოდიოდნენ... ახლა კი თანდათან მეტანება ჯგრო და ჯარი... ცნობისმოყვარეებით სავსეა ეზო... ამ დილით სოთრანიც იყო, ჩემი ბიძაშვილი...
ციქვლიდ
არგიშდის შვილიშვილი?
გელახსან
განა იცანი?
ლაჰილ
არა... შემდეგ მითხრეს, მე არც კი გამომლაპარაკებია, რაღაზედაც დამჭირდა მიმემართა და მან ზურგი შემომაქცია...
ციქვლიდ
სვანეთს უფრთხილდით, მეგობრებო! სოთრანის შენთან მოსვლა, ლაჰილ, არ მომეწონა...
ლაჰილ
მე კი რომ გავიგე ჩემი ღვიძლია, ისევ მომინდა მისი ნახვა... მეტად მალხაზ ყმაწვილსა ჰგავს...
ციქვლიდ
კარგად ვიცნობ... ჩემი მოწაფეა... ჩემთან იყო სასწავლებელში. მეტად მიხვედრილი და ნიჭიერია, მაგრამ ბაბუაშენმა არგიშდიმ, არ დააყენა: „ოჯახში მუშახელი მჭირდებაო“.
ლაჰილ
მუშახელი? აკი ბაბუაჩემის ოჯახი ჯერ კიდევ გაუყოფელია. თურმე ოთხმოც სულამდე იქნება... დედაჩემსაც უთქვამს, მაშ მუშახელი რად ეკლება? ოთხმოცი სული ერთად, გაუყოფელი. ა? ძველებური, პირველყოფილი კომუნაა, მიტო?
ციქვლიდ
გელახსან!
ლაჰილ
კარგი! გელახსან! არ გაინტერესებს? შესასწავლია.
გელახსან
ვიცი რაც არის.
ციქვლიდ
თეორიით იცი. მართალს ამბობს ლაჰილ... შესასწავლია.
გელახსან
შენ ხომ იცი?
ციქვლიდ
განა ჩემი ცოდნა გეყოფა?
ლაჰილ
მაინც ტყუილი მოუმიზეზებია ბაბუაჩემს. მუშახელი საკმაო ჰყავს ვიცი რომ კარგი ოჯახიცა აქვს და დოვლათიანიც. მაშ, რად არ ასწავლა სოთრანს? აკი მამაჩემი ნასწავლი იყო?
ციქვლიდ
შენ გამოიცანი, ლაჰილ! სწორედ იმიტომ, რომ მამაშენი ნასწავლი იყო. და ეს ნასწავლი ემსხვერპლა ცხრაას ხუთი წლის რევოლუციას.
ლაჰილ
ვიცი, თავადებმა მოჰკლეს მაშინ...
ციქვლიდ
უფრთხილდი ბაბუაშენს და მის ოჯახს...
ლაჰილ
ხომ იცი რაზედაც ამბობს?
გელახსან
დიახ, ჩემს ოჯახს არგიშდის ოჯახის სისხლი ჰმართებს. აკი ამიტომაც არ მიგვიღო თავის სახლში ბაბუაშენმა...
ლაჰილ
სასაცილოა, ნუთუ მართლა მიტოს... გელახსანს სისხლს მოსთხოვენ?
ციქვლიდ
აქ მთა არის, აქ სვანეთია!
ლაჰილ
ჰო, მთა, რა შემიყვარდა ეს მთები, ეს ბუნება, მკაცრი, მოღუშული, მაგრამ მდიდარი, წამოვალ თეთნულდზე, გელახსან!
ხმა
ჰაუ, გელახსან! აქეთ, აქეთ. დაბარებულნი მოვიდნენ კიდეც.
გელახსან
ვიაროთ, ციქვლიდ! დაბარებულნი მოსულან კიდეც.
ლაჰილ
მე კი ცოტა ხნის შემდეგ დავუბრუნდები ჩემს ავადმყოფებს. ოჰ, მთაო, მთაო! როგორ ხარბად ვისუნთქავ შენს ჰაერს. რა მაცოცხლებელი ძალი ჩამდინარებს შენგან ჩემს ფილტვებს. ოჰ, როგორ მიყვარს ეს ბუნება, მაგრამ...
„რაოდენადაც მშვენიერი ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული!“
ქორი
სვანეთს გზა არ აქვს!
სვანეთს მარილი არ აქვს!
სვანეთს ჩიყვი სჭირს...
ლაჰილ
მესმის შენი ხმა, ჩემო ქვეყანავ! გულს ტკივა შენი ჭირი! მოვსულვართ სამკურნალოდ ახალგაზრდები, „ნაჭედნი გულ მტკიცები“. მოვსულვართ გზის გასაყვანად, მოგვიტანია მარილი, მოგვაქვს სწავლა და მეცნიერება.
ქორი
სვანეთის ბუნება მდიდარია!
სვანეთს აქვს ურთხელი და ბზა!
სვანეთს აქვს მეტალი და ლითონი!
სვანეთს აქვს რვალი და ოქრო!
ლაჰილ
დავამუშავებთ, გამოვიყენებთ!
ქორი
შველა გვინდა, შველა! იმ დროს...
ლაჰილ
თქვენ მართალნი ხართ... იმ დროს, როდესაც ქვეყანა რადიოთი ლაპარაკობს...
ქორი
ჩვენ რვა თვეს მოწყვეტილნი ვართ მთელს ქვეყანას!
ლაჰილ
როდესაც ქვეყანა ტრაქტორებით აგუგუნდა...
ქორი
ჩვენ კიდევ ხის კავით ვჩიჩქნით მიწის ზურგს!
ლაჰილ
როდესაც ქვეყანა სამკურნალოებით და ქსენონებით აივსო.
ქორი
ჩვენ ისევ მარჩიელს შევსცქერით!
ლაჰილ
როდესაც ქვეყანამ იწყო მეცნიერულ სოციალიზმით ხელმძღვანელობა.
ქორი
ჩვენ პაპების მოძღვრებას და ძველ ცრუმორწმუნეობას ისევ მტკიცედ ვიცავთ!
ლაჰილ
როდესაც ხალხი ერთდება... ძმობილდებიან...
ქორი
ჩვენ კიდევ ერთიმეორის სისხლს ვეძიებთ, რადგან სვანეთს აქვს ხასიათი უდრეკი!
ლაჰილ
ახლაც შეინარჩუნებთ თქვენს უდრეკს ხასიათს, მხოლოდ მას სხვა გამოყენება უნდა!
ქორი
სვანეთს უყვარს თავისუფლება!
ლაჰილ
ახლა კიდე უფრო იქნებით თავისუფალნი.
ქორი
ჩვენ ისე გვიცხოვრია საუკუნოებით, ადამის დროიდან გვქვიან ჩვენ თავისუფალი სვანეთი!
ლაჰილ
ახლაც იცხოვრებთ საუკუნოებით, მხოლოდ თქვენ თავისუფლებას განამტკიცებთ სწავლით, მიწის გაპოხიერებით, მეცნიერებით.
ქორი
სვანეთს გზა არა აქვს!
სვანეთს მარილი არა აქვს!
სვანეთს ჩიყვი სჭირს!
ბ
არგიშდთან
არგიშდი
შენ წახვალ ჩვაბიანში და იქიდან ჩვენ გაბარებულ ძროხებს ჩამოიყვან. შენ გადახვალ კალის საზოგადოებაში იფარში, ხომ იცი ვისთანაც, არყის გამოხდას შეუდგები, თან წაიყვანე შენი ძმები ნავლად და თამბი, რომელთაც უკვე ხელი გააჩვიეს და კარგად დაგეხმარებიან... სალიბ! შენ ჩვენ წისქვილებს ჩამოუვლი და მინდს მოჰკრეფავ... სოზარ! ქერის ორმო მოხადე, ქალებს სამღვთო პური უნდა დავამზადებინო. გრამის ოჯახობა და მისი რძლები დღესვე შეუდგებიან მატყლის რთვას. ბიტის და სუმაის ოჯახობა კი თავის მხრით შეუდგებიან საქსოვის წმენდას და გამზადებას. სოთრან სადა მყავს?
ქორი
ბრძანებას იძლევა არგიშდი, ოჯახის უფროსი! მას სული უდგია ძველი სვანეთისა, საუკუნოებით გამოყოლილი! მასა სწამს ხალხის ზნე-ჩვეულება!
არგიშდი
სად არის-მეთქი სოთრან?
ეძახიან
სოთრან! სოთრან!
არგიშდი
სოთრან ჯიხვზე მინდა გავაგზავნო სანადიროდ... მოდი სოთრან! მე შენი იმედი მუდამ მაქვს... შენ მაგონებ ჩემს ახალგაზრდობას: თვალი მჭრელი გაქვს და მუხლი მგლისა... შენი შაშხანით გასროლილი მიზანს არ ასცდება... დღესაც გავალებ ჯიხვი მოინადირო მართლა, ჩემო რძალო, დამიდასტურე - უწმინდურება ჩვენს ოჯახში ხომ არა მომხდარა რა?
რძალი
მშობიარედ ჯერ არავინ არ გახვალთ, არგიშდი! მხოლოდ უმცროსი ოტიას ცოლია ორსულად და ისიც ამ ორი თვის შემდეგ თუ მოილოგინებს...
არგიშდი
ეგ კარგი ამბავია... მეზობლისას ღმერთი ხომ არ გასწყრომია ვისმე: ან ვისმეს ცოლს, ან ვისმეს ქმარს ხომ არ ჰქონიათ სხვასთან საქმე?
რძალი
უი, დამიწდეს და დაიშუბოს მაგის მქნელი.
არგიშდი
თქვენ კარგად იცით და მუდამ მოგაგონებთ, ეს ჩემი მოვალეობაა! ჩვენთა წინაპართაგან გადმოცემული გვაქვს, რომ უკეთუ ოჯახში ანუ მეზობლისას მოხდა მრუშობა, ან მშობიარეთ არის რომელიმე ქალი, ვერც სანადიროდ წავა ვინმე იმ ოჯახიდან და ვერც ვერავითარ ღვთის მსახურებას ვერ შეასრულებს, რძალი მიდასტურებს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში წმინდად ყოფილა ჩვენი ოჯახიცა და მეზობლებიც, ამისათვის სოთრან, შეგიძლია ხვალ უთენია წახვიდე სანადიროდ და შეასრულო ყველა წესი მონადირისა, ჩვენ კი აქ შევუდგებით „ჰერიამიშვის“ წესრიგის გამართვას ამაღამვე. ხვალ კი შევასრულებთ „სვიმნიშ და ცააშს“, მანამდე კი ოჯახის გასაწმენდად, აბა, მოიცა, ბედან, შენ გაბარია ნაკურთხი წყალი და ქალებმა მითი მოზელილი ნაცრის კოკრები აქ მომიტანონ, რომ გავწმინდო ჩვენი არე-მარე...
ახალგაზრდა ქალები
ჰერია მიშვ, ჰერია მიშვ! მაშ ჩვენ გვიბრძანებ ტყეში წავიდეთ ყვავილთა შტოების მოსატანად?
არგიშდი
აუცილებლად.
ციქვლიდის ხმა
ეი, მასპინძელო, სახლში არ შემიშვებ?
არგიშდი
ვინ არის? გახედეთ! სტუმარი ღვთისაა... კარგი ფეხი ჰქონდეს.
სოთრან
ციქვლიდია, ჩემი მასწავლებელი.
არგიშდი
აბა, თქვენ თქვენ საქმეზე, როგორც დაგარიგეთ... შემოუშვით.
ქორი
არგიშდი უდრეკია!
არგიშდი ურყევია!
მან დათმობა არ იცის!
მან არ მიიღო თავის შვილიშვილი, ლამაზი ლაჰილ თავის სახლში. არ მიიღო, რადგან იგი ცოლად ჰყავს იმ კაცს, რომელსაც არგიშდის ოჯახის სისხლი მართებს!
მან არ გასტეხა ძველი რჯული!
ამისათვის არ დაზოგა თვით შვილიშვილიც!
არ გაიკარა თავის ახლოს!
მისი გული ამჟამად ბოღმით არის აღსავსე.
ციქვლიდ
კურთხევა და ბედნიერება ამ ოჯახს!
არგიშდი
რას მიბრძანებ?
ციქვლიდ
მე მოველ მძიმე საქმეზე, არგიშდი!
არგიშდი
ვგრძნობ რაც გინდა მითხრა, პატივს გცემ დიდად, მაგრამ ჩემი პასუხი მეტად მოკლეა: არ შეიძლება!
ციქვლიდ
გატყობ ცოტაზე ხარ მიხვედრილი. სრულად კი ვერა. მათქმევინე.
არგიშდი
გისმენ.
ციქვლიდ
შენ, მთელ სვანეთში გონიერი და ჭკუის საკითხავი კაცის სახელი გაქვს მოხვეჭილი...
არგიშდი
ქება რად მინდა?
ციქვლიდ
ამას იმიტომ ვამბობ, შენ უფრო გმართებს დაკვირვება გამოსარკვევისა... შენთან მოდიან რჩევის საკითხავად შორეულნიც კი. თვით ადგილობრივი ხელისუფლებაც ხშირად გეკითხება საბჭოს რაიმე საჭირბოროტოზე... არა, მაცალე! და აი მე მინდა გკითხო შენ გულდამშვიდებით, სინიდისით, შენ რას იტყოდი, რომ იყო წვეული მოსამართლედ და საქმე შენ არ შეგეხებოდეს...
არგიშდი
უქებურადაც მე გეტყვი სწორსა: როდესაც ვისმე სარჩელს ვარჩევ... ხომ შემხვედრია, აქამდე მაინც, სანამ გაჩნდებოდნენ ჩვენი წვრთნილი ბიჭები...
ციქვლიდ
მეც მაგას ვამბობ, გეკითხებოდნენ და გეკითხებიან.
არგიშდი
მუდამ, სხვის ადგილს, ჩემს გონებაში, ჩემს თავს ჩავაყენებდი.
ციქვლიდ
შენ აგაშენოს!.. ახლაც ეგ მინდა, აი შენა სთქვი: ჩვენი წვრთნილი ყმაწვალებიო, ანუ ჩემი სიტყვით, განათლებული ხალხი შემომატებოდა, შენ რისთვის იბრძოდი სამოცდათექვსმეტ წელს სალდეს აჯანყების დროს?
არგიშდი
ეგ აჯანყება არ იყო, ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი თავისუფლებისათვის, ჩვენი მიწისათვის...
ციქვლიდ
ჰოდა, მაშინ შენ იყავ მართალი, ამისათვის შენ მოიარე ციმბირი და როცა დაბრუნდი, როცა ნახე, რომ ერთ შენ შვილს ლაჰილის მამას...
არგიშდი
ნუ მიხსენებ მაგ გარყვნილ დიაცის სახელს!
ციქვლიდ
პატივი მეც, მათქმევინე! როდესაც ნახე რომ ერთ-ერთ შენს ვაჟს, ამ შენი შვილიშვილის მამას სწავლა მიეღო და თვითაც მასწავლებლად სვანეთს ჩამობრუნებულიყო, შენს სიხარულს ხომ საზღვარი არა ჰქონდა... რას გამიჩუმდი? მახსოვს მას როგორ შეხაროდი, როგორც მისი მარჯვენა ხელი შენც იყავ საზოგადოებრივ საქმეებში ჩაბმული, შენს სახლში პოულობდნენ თავშესაფარს მაშინდელი რევოლუციონერები, ამხანაგები შენი შვილისა, შენ შველოდი მათ, სანამ ცხრაასხუთ წელში თავადებმა მუხთლობით არ მოკლეს ეგ შენი შვილი, საუცხოვო და მოწინავე შვილი სვანეთისა.
არგიშდი
(უხმოდ წამოდგება, თითქო ლოცულობს. თვალთ ცრემლი სდის).
ციქვლიდ
აი აქამდე შენს გულს ვერ მოუნელებია მისი დაკარგვა... შენს გულში ახლაც ბოღმა ტრიალებს. მართალია შემდეგში რევოლუციის კანონმა უკვე დასაჯა შენი შვილის მკვლელები, თითქმის მათი ნაშიერიც კი გაწყდა, მაგრამ ვიცი, რომ შენ თვით გინდოდა შური გეძია იმათზედაც, როგორც ახლა შენ გინდა გელახსანზე შური იძიო.
არგიშდი
განა არ მმართებს? ჩემი ძმის სისხლი გადაუხდელია და იგი ღაღადებს თვით ზეცამდე და მე კარგად ვიცი ადათი ჩემი ქვეყნისა საუკუნოებით ნაჭედი...
ქორი
შენ არ გასტეხ ძველ რჯულს, არგიშდი!
შენ წინაპრები მოგიწოდებენ!
შენ დათმობა არ იცი, არგიშდი!
არგიშდი
მე მესმის ხმა ჩემი ქვეყნისა.
ციქვლიდ
შენ მართალი ხარ, შენ იცი შენი ქვეყნის ადათი, მაგრამ შენი ქვეყანა რომ სიბნელეშია? შენ არ გასტეხ ძველ რჯულს შურისძიებისას, მაგრამ ჩვენ, სვანებს მეორე მხარეც რომ გვაქვს ამ რჯულისა?
არგიშდი
შენ ამბობ იმაზე, რომ ზოგჯერ სისხლის აღების საქმე მოსამართლეებითაც გადაწყდება?
ციქვლიდ
სწორედ. და განა ისე მძიმე მიზეზი აქვს შენისა და გელახსანის ოჯახს?
არგიშდი
ააჰ, საზიზღარი სახელი!
ციქვლიდ
ამ ორ ოჯახს განა ეგეთი მიზეზი აქვთ ერთიმეორის მტრობისა? მაგრამ კარგი, მე ამას არ შევეხები. მე იქა ვარ: შენ გინდა შენი ქვეყნის, შენი ხალხის კეთილდღეობა... შენ ეს დაამტკიცე შენის წარსულით. შენ გინდა, რომ შენ ქვეყანას ჰყავდეს ნასწავლი ხალხი... ესეც შენის საქციელით და ხელის შეწყობით დადასტურებულია. ახლა ხომ ხედავ სვანეთს, შენს სოფელს ეწვია ორი ახალგაზრდა, ორი ნასწავლი: ერთი მკურნალია, შენი შვილიშვილი, მეორე მეცნიერი, შენი სიძე. მოვიდნენ სწორედ შენი ქვეყნის ასამაღლებლად.
არგიშდი
მიგიხვდი საითა ხრი. ნასწავლი კაცის სიტყვა გალესილი მახვილი არის...
ციქვლიდ
მე, არგიშდი? მე ხომ თითქმის ხელში შემოგახუცდი? გახსოვს სტუდენტობის დროს ერთ-ერთ მოციქულთაგანი იმავ ხალდეშის არეულობისას მაშინდელ მთავრობასთან მეც ვიყავი.
არგიშდი
გარკვვვით მახსოვს.
ციქვლიდ
და განა ოდესმე ისეთ მდგომარეობაში ჩამიყენებიხარ, რომ მოსარიდალი ვიყო?
არგიშდი
მაგას ვერ ვიტყვი. საზოგადოდ ვთქვი და... აი, ჩემი შვილის დაკარგვის შემდეგ, უცნაურია, აღარ მიყვარან ნასწავლები.
ციქვლიდ
ეგ მართლა რომ უცნაურია! სოთრანიც მიტომ გამოიყვანე სასწავლებლიდან?
არგიშდი
ციქვლიდ! მითხარ პირდაპირ, რა გინდოდა გეთქვა?
ციქვლიდ
შერიგებას მე არა გთხოვ... არც ლაჰილისას, თუმცა შენთვის მას არა დაუშავებია რა... მწყინს კი ის მაინც რად არ შემოუშვი შენს სახლში... მაგრამ კარგი, კარგი, საყვედურებს დავეთხოვები, მე გთხოვ, კარგა მოიფიქრე და თქვენი მტრობის დასაცხრომად ნუ უღალატებ ჩვენს ჩვეულებას, სისხლის აღებას კი ნუ ვეცდებით, მოვიწვიოთ მოსამართლენი.
არგიშდი
მე მიტომ ვარ ნასწავლების წინააღმდეგი რომ აი იმ ნასწავლმა ჩემმა შვილმა თავის დროზე შეაჩერა თურმე ყველა ჩემიანები სისხლის აღებისაგან... ნასწავლობას მოაქვს გაქელვა ძველის ადათისა და ზოგჯერ სირბილე ხასიათისა.
ციქვლიდ
მე გთხოვ, მოიწვიო მოსამართლენი.
არგიშდი
განსვენებული ჩემი შვილის აუგი არ მინდა ვთქვა.
(კვლავ ფეხზე წამოდგება.)
იგი იყო ვაჟკაცი, იგი იცავდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას განუკითხავ მებატონეთაგან და მაშინდელ მტარვალ მთავრობისაგან. იგი განიწირა, როგორც გმირი.
ციქვლიდ
გთხოვ, მოიწვიო მოსამართლენი!
ბედან (შემოდის)
ბიმურზა ბაპპი გეახლა...
ციქვლიდ
მაგას ცუდი ფეხი აქვს, არგიშდი, მაგის მოსვლაზე იღუპება ყოველი კეთილად განზრახული...
არგიშდი
სთხოვე ბიმურზას.
ციქვლიდ
გთხოვ, მოიწვიო მოსამართლენი!
ბიმურზა
არგიშდი
რას სჩადიხარ, ბიმურზ? საკინძი მოიწყვიტე! თავზე ნაცარს იყრი! ვინ გარდაიცვალა? რა უბედურება გვეწვია?
ბიმურზა
მეტი უბედურება ჩვენ ქვეყანას არ მოუვა.
არგიშდი
ვითომ რა მოხდა?
ბიმურზა
შერცხვა ჩვენი ქვეყანა, ლაფი ესხმება თავსა, იბილწება ჩვენი წმინდა ადგილები... ახლა უნდათ მწიკვლი მოსცხონ თვითონ თეთნულდსაც...
არგიშდი
თეთნულდს?
ბიმურზა
დიახ, თეთნულდს.
არგიშდი
როგორ? ვინ?
ბიმურზა
შენი სიძე გელახსანი აპირებს თეთნულდზე ასვლას...
არგიშდი (დაიქუხებს)
ასვლას?
ბიმურზა
მუხლთ მიკანკალებს, გული აპირებს თვით საბუდრიდან გადმოფრენას, უძლური ვარ, მე ბეჩავი, ცოდვილი და უღირსი მონა. მე მხოლოდ გოდება ძალმიძს, ვით იერემიას.
არგიშდი
ციქვლიდ! ეს მართალია?
ბიმურზა
შენ მოგმართე, არგიშდი... შენ ხარ რჩეული ამა სოფლისა. შენ ხარ თავი ჩვენი ქვეყნისა... შენ გიჯერიან, შენ შეგიძლია იხსნა განსაცდელისგან ჩვენი ღვთაებათა უდიდესი სავანე თეთნულდი...
არგიშდი
ციქვლიდ! ეს მართალია?
ციქვლიდ
გელახსან მეცნიერი კაცია, არგიშდი.... იგი გამოგზავნილია გამოიკვლიოს აქაურ დედამიწის გულში სად რა ძევს, რა ნივთიერება... სვანეთის ბუნების სიმდიდრეთა შესასწავლად არის წარმოგზავნილი, ის გამოიკვლევს და შემდეგ...
ბიმურზა
და შემდეგ შემოუსევს ჩვენ ქვეყანას ჭინკებს და ოჩოკოჩებს, რომ გადათხარონ და გაანადგურონ ჩვენი სილამაზე, ჩვენი ამაყი მთები....
ქორი
ყოველი ჩვენი მთა სადგურია ჩვენი ღმერთების! თეთნულდი არის უდიდესი სავანე ჩვენ ღვთაებათა.
ბიმურზა
ყოველ გორაკს ჰყავს თავისი ღმერთი, მაგრამ თეთნულდზე სუფევს ღმერთი მთელი სვანეთისა.
ციქვლიდ
მე არ მინდა ახლა ბიმურზას გამოვეკამათო, მხოლოდ გეტყვი, არგიშდი, რომ გელახსანი გარდა იმისა, რომ ბუნებისმეტყველია და გეოლოგი, მწვერვალზე ამსვლელიც არის, ალპინისტი, რაიც აგრეთვე სამეცნიერო მიზნით არის მოგვარებული.
არგიშდი
და შენ ამ კაცთან გინდოდა, რომ სამართალს ჩავჯდომოდი?
ციქვლიდ
მე სიმართლეს გეუბნებოდი.
არგიშდი
და შენ გინდოდა, რომ ასეთი გარეწარი ჩემ გულთან მიმეახლოვებინა? ციქვლიდ!
ციქვლიდ
ჩვენი ქვეყნისთვის ესე სჯობდა.
არგიშდი
იმის გარდა, რომ სისხლი მართებს, მაგას ხომ ჩვენი სიწმინდეთა შელახვა გულსა სდებია!.. და შენ მირჩევდი, რომ ასეთ უღირსისათვის საძმოდ ხელი გამეწოდებია?
ციქვლიდ
მე არ გირჩევდი სიცუდესა.
ბიმურზა
შენ ხარ არჩეული, არგიშდი, შენ ხარ თავი ჩვენი ქვეყნისა. მე მხოლოდ გოდებაღა შემიძლიან. შენ, შენ იხსენ განსაცდელისაგან ჩვენი ქვეყანა და თვით თეთნულდი.
არგიშდი
გა! განმშორდი, ციქვლიდ, მე შენ პატივს აღარა გცემ (ციქვლიდი გავიდა). ნასწავლი ხალხი ყველა ასე თასმასავით მოქნილია. მათ არ სწამთ ჩვენი არც ღვთაება, არც ჩვეულება, და თუ ზოგიერთს, ამასავით პატიოსანს, სურს ააგოს რამე ტაძარი, მეორე ხელით ანგრევს კიდევ უფრო მშვენიერს.
ბიმურზა
არგიშდი! რა ზომებს მიმართავ ახლა? ჰმ! თუმც საკითხავია?
ქორი
შურისძიება, არგიშდი, შურისძიება!
ბიმურზა
მე ვიცი ხალხი რასაც მოგთხოვს, შურისძიებას!
ქორი
შურისძიება, არგიშდი, შურისძიება!
არგიშდი
ეი, ვინ არის მანდა?
გურანდა
ოი, გურანდა! თვალისჩინო, ჩემო კეკლუცო! სად არის სოთრან? აბა სად გარბი? რა ბალღი ხარ... ჰა, ჰა! რომ არც კი მითქვამს თუ რა მინდა, ჩემო პაწია? უთხარი სოთრანს იარაღი მომართვას და შენ კი - წაღები. (გურანდა გავიდა).
ბიმურზა
ეგ შვილიშვილი კარგი გყავს მეტად!
არგიშდი
ეგღა არის ჩემი ნუგეში.
ბიმურზა
რატომ? ბევრი გყავს სხვაც მშვენიერები.
არგიშდი
ეგ სხვას არა ჰგავს.
ბიმურზა
მესმის. მაგონებს ბებიამისს, ცხონებულს შენს მეუღლესა.
სოთრან, გურანდა
არგიშდი
ესეც წაღები! მადლობელი ვარ... სოთრან! მხოლოდ ხმალი არ მეყოფა, თოფიც მომეცი.
სოთრან
შორს მიბრძანდები, ბაბუა-ბატონო? ნადირობაზე რომ მიბრძანე?
არგიშდი
ხვალ უთენია, როგორც გითხარი... უბრად წახვალ, არ დაგავიწყდეს. სხვაც ყველაფერი როგორცა ვთქვი უნდა აღსრულდეს. გურანდა ჩემო, ესე უთხარი შენს დიდ ძალუას. ჰო, შორს არ მივალ, მხოლოდ თემის თავმჯდომარესთან.
ბიმურზა
თავმჯდომარესთან? კვლავ იმ ბიჭებთან, ლაწირაკებთან?
არგიშდი
ეგრე ნუ იტყვი. ეგენი ჩვენი მთავრობაა!
ბიმურზა
რას გამოიტან, აბა, იმათგან?
არგიშდი
კანონი არის და სამართალი. ესე სჯობია. მაშინაც გახსოვს, მე ჯერ მაშინდელ ხელისუფლებას მივმართე.
ბიმურზა
რა მოიგე? მე არ გაგყევით, ეს ხომ გახსოვს. შენ კინაღამ მოგკლეს, შემდეგ ციმბირშიც გამყოფეს.
არგიშდი
ჯერ ეს გზა ვსინჯოთ.
ბიმურზა
გაგაცილებ, მაგრამ იქ არ წაგყვები.
არგიშდი
მე უშენოდაც გამოვიტან სწორე პასუხს (გავლენ).
გურანდა
სოთრან!
გურანდა
მაშ მართლა მიდიხარ სანადიროდ?
სოთრან
ბაბუამ ბრძანა!
გურანდა
რომ ვერ მოგვისწრებ დღესასწაულზე?
სოთრან
ვეღარ გნახავ ყვავილებით მორთულს, ნებივრად გაწოლილს.
გურანდა
შენთან წამოვალ!
სოთრან
სად? სანადიროდ? ეგ რომ არ შეიძლება?
გურანდა
მე კი რომ მინდა ჩემთან იყო?
სოთრან
დღესასწაულზე? რომ ვერ მოვასწრებ!
გურანდა
მოდი, ნუ წახვალ...
სოთრან
შენთვის რას არ ჩავიდენ, გურანდა!
გურანდა
მერე რა გიშლის?
სოთრან
ვითომ არ იცი! ბაბუამ ბრძანა!
გურანდა
რომ გადაუხვიო. არ შეიძლება?
სოთრან
არ შეიძლება.
გურანდა
ეს ხომ შეიძლება? (მოულოდნელად აკოცებს და სიცილით გარბის).
ქორი
არგიშდის ოჯახზე გროვდება ღრუბლები!
არგიშდიმ არ იცის რა ცოდვაც ადუღდება მის ოჯახში.
ფარდა
მოქმედება მეორე
გ
გელახსანთან
დიგორხან
შენმა გაზრდამ ესე იყო...
ლაჰილ
როგორ, დედი, ჯორის წიხლისთვის?
დიგორხან
დიახ, არგიშდის მამის ჯორმა წიხლი ჰკრა თეძოში საცოდავ ჩემ ქმარს, შენ მამამთილს ლაჰილ... საცოდავი დიდი თავმოყვარე კაცი იყო, არ იკადრა ეს შეურაცხყოფა და ამის სამაგიეროდ დიდხანს დასდევდა მას მოსაკლავად, მაგრამ ერთხელ სადღაც წააწყდა და არგიშდის ძმა მოჰკლა.
ლაჰილ
საოცარია!
დიგორხან
აი მის შემდეგ არის, რომ ჩვენი ოჯახები ერთიმეორეს სასისხლოდ გადაემტერნენ.
ლაჰილ
მერმე და აკი შენა სთქვი, რომ შენი ქმარი მთავრობას დაუსჯია მაშინ... კაცის მოკვლისათვის კატორღაში გაუგზავნია.
დიგორხან
მართალია, მაგრამ ჩვენში საერთო კანონებით ვინ კმაყოფილდება! ამიტომაც არის არგიშდი ახლაც მოწადინებულია ჩვენ ოჯახზე შური იძიოს.
ლაჰილ
ეჰ, რას ამბობ, დედი, იმას რომ შურისძიება ნდომოდა აქამდე ვერ მოახერხებდა, თუ გელახსანზე არა...
დიგორხან
ოჰ, კარგი. აი, მის ბიძაშვილზე რომ მაინც ეძია შური? ვერ მოახერხებდა.
ლაჰილ
როგორ?
დიგორხან
ჯერ ერთი გელახსანის ბიძაშვილები პატარეები იყვნენ მაშინ, რომ მოიჩიტნენ სწორედ იმ დროს ბაბუაშენი კატორღაში გაგზავნეს, სხვა შენიანები განსვენებულმა მამაშენმა შეაკავა.
ლაჰილ
იცნობდი მამაჩემს?
დიგორხან
ახლოს არა, რადგან მართალია მას არა სწამდა სისხლის აღება. ღმერთო, ნუ მიწყენ... და აღარ მტრობდა ჩვენს ოჯახს, მაგრამ არც თუ მთლად ისე აშკარად აიღო ხელი ძველ ზნე-ჩვეულებაზე, რომ ჩვენსას ევლო. შორიდან მყავდა ნახული და მეტი განაგონი მქონდა... მაშინ მთელი სოფელი მას უგონებდა, დიდი რიდი ჰქონდა. ღირსეული კაცი იყო განსვენებული.
ლაჰილ
ყველა მიქებს მის თავს... განსხვავებული იყოო.
დიგორხან
დიდი წელი მოწყდა სვანეთს იმ დროს მისი დაკარგვითა!
ოთხი ძმები: გივერგილა, იშმაგ, ორბინე, დღემბურგ
დღემბურგ
დიგორხან, ძალუა! ჰერია მიშვს არის დღეს...
ორბინე
ხომ არ დაგვიწყებია?
გივერგილა
ჩვენ წავალთ ტყის ყვავილების შტოების მოსატანად!
იშმაგ
თორემ ეშმაკები გაგვზაკავენ!
ლაჰილ
რა არის „ჰერია მიშვს“?
დიგორხან
ოო, ამ საღამოს ჩვენს სოფელში დიდი ამბავი იქნება! ყველა ოჯახი თავის სახლ-კარს ყვავილებით რთავს. შეღამებულზე ახალგაზრდები დაიკავებენ მუგუზალს, გარბიან გარეთ, ამ მუგუზლებს აქეთ-იქით ურტყამენ და ძახილით: „არული, არული! ფუი, ეშმაკს“. დევნიან ეშმაკებს.
ლაჰილ
ჰა, ჰა! ეს რეები გცოდნიათ?
იშმაგ
ეგრე ნუ იცინი ლაჰილ!
დღემბურგ
თორემ ეშმაკები გაგზაკვენ!
გივერგილა
ნუ დასცინი მათ, თორემ შენ, მშვენიერო, გაგღალავენ!
ორბინე
რომელიმე მათგანი შენ ლამაზ სახეს ჭვანგს მოჰკიდებს!
ყველანი
ნუ იცინი, ლაჰილ. სათაყვანო ჩვენო, ნუ იცინი!
ლაჰილ
თქვენ გინახავთ ეგ ეშმაკები? როგორია? კუდი აბიათ გრძელი. გრძელი და ბანჯგვლიანი, ა?
დიგორხან
ფუი, დასწყევლოს!
ლაჰილ
თხის წვერები აქვს და თავზე რქები ასხია, მწვეტიანი, მწვეტიანი. ჰა, ჰა!
დიგორხან
ნუ იკადრებ, ლაჰილ, ეგრე ნუ ახსენებ იმ წყეულებს.
ლაჰილ
ეგ რაღა არის, იშმაგ. ეგ რა ჯოხები გამოგითლია?
იშმაგ
ეს ჯოხები არ არის, შუბებია.
ლაჰილ
შუბები ხისა? აბა, რად გინდა?
დიგორხან
(გივერგილას და ორბინეს)
რა ვქნა, შვილებო? ვიცი რომ ცოდვა გამიდიდდება, ესენი სულ სხვა ხალხია და ვერაფრით ვერ ჩავაგონებ...
ორბინე
აღარც შენ გიჯერიან?
დიგორხან
თქვენც ხედავთ პატივისცემა ორთავეს აქვს, მაგრამ თვის საქმეში მე კი არ ჩამირევენ.
ლაჰილ
მერმე ეს ხის შუბები რომელ ეკლესიაზე უნდა წაიღოთ?
იშმაგ
ფარის საზოგადოებაში სუფრის წმინდა გიორგის ეკლესიაზე.
ლაჰილ
შენც მიხვალ, დღემბურგ?
დღემბურგ
მე რა დამაკავებს?
ლაჰილ
მე რომ დამპირდი, ავადმყოფთან გაგყვებიო?
დღემბურგ (სიხარულით)
შენ თუ მეტყვი.
ლაჰილ
აი, ხვალ მივდივარ.
გივერგილა (დიგორხანს)
თეთნულდზე ასვლას?
ორბინე
რას ამბობ, დიგორხან?
გივერგილა
გესმით, ყმაწვილებო!
ორბინე
იშმაგ, დღემბურგ!
იშმაგ
დაიცა, ჩვენ არ გვცალია.
ლაჰილ
ესენი აქ ერთიმეორეს ეჩხუბებიან თუ რომელი გამომყვეს ავადმყოფთან. ჰა, ჰა, შუბებიც კი დაავიწყდათ.
გივერგილა
სად ავადმყოფთან?
ორბინე
სად მიდიხართ?
იშმაგ
აი, ლაჰილ მიდის ხვალ ავადმყოთან და დღემბურგი მიჰყავს.
გივერგილა
დღემბურგ!
ორბინე
დღემბურგ!
დღემბურგ
რა გინდათ ჩემგან, თვითონ ლაჰილმა ამირჩია.
გივერგილა
შენ აირჩიე?
ორბინე
ლაჰილ, მართალია?
იშმაგ
შენ მაგას არ იზამდი, ლაჰილ!
ლაჰილ
აქ რა არის ეგეთი?
გივერგილა
ჩვენ ყველანი გამოგყვებით.
იშმაგ
რაღა თქმა უნდა მეც წამოვალ.
ორბინე
ოთხივე ძმანი გეახლებით.
ლაჰილ
რა ამბავია? ჯარით კი არ მივდივარ. ასეთი ამალა დედოფალსაც კი არა ჰყავს...
გივერგილა
შენ დედოფალი ხარ ჩვენი.
იშმაგ
შენ ხარ მბრძანებელი ჩვენი.
ორბინე
პირიმზე ხარ ჩვენი.
დღემბურგ
შენ ხარ...
ლაჰილ
კარგია, ნუ სულელობთ, მე და ვარ თქვენი, ამხანაგი თქვენი. გამყოლი მინდოდა ავადმყოფთან, მაშინ დღემბურგი შემხვდა და ის შევიპირე. (ვაჟებმა ამოისუნთქეს, პაუზა).
გივერგილა
ლაჰილ! ეს მართალია, რომ შენი ქმარი თეთნულდზე ადის?
ლაჰილ
განა არ იცოდით? ნუთუ არ უთქვამს? დიდი ხანია აღმასკომში მან განაცხადა და მსურველებს ჰკრეფავს, რომ გაიყოლიოს...
იშმაგ
მერე ვინ გაჰყვება?
ლაჰილ
თქვენ არ გაჰყვებით?
დღემბურგ
თეთნულდზე?
ორბინე
თუნდა ცის დასავალს...
იშმაგ
მხოლოდ თეთნულდზე არა.
ლაჰილ
რატომ?
დიგორხან
გამიგონე, ლაჰილ, ღმერთები ბევრია და მათ წმინდა და მაღალ მთებზე უყვართ ცხოვრება. რამდენიც მწვერვალია, იმდენი ღმერთია, მხოლოდ თეთნულდი კი ტახტია ღმერთებისა.
იშმაგ
თეთნულდი წმინდაა!
ორბინე
თეთნულდი სპეტაკია!
გივერგილა
თეთნულდი შეუხებელია!
დღემბურგ
თეთნულდი...
ლაჰილ
კმარა! გეყოფათ! როგორ არ გრცხვენიათ? მე რაზე გელაპარაკებოდით? აბა, დამწკრივდით! იშმაგ, მიპასუხე: არსებობს თუ არა ღმერთი?
იშმაგ (უჭირს თქმა)
შენ ამბობ რომ არ არისო.
ლაჰილ
იშმაგ, ნუ ეშმაკობ! გივერგილა, ვინ შეჰქმნა ღმერთი?
გივერგილა (გაჭირვებით)
ღმერთი შეჰქმნა ადამიანმა...
დიგორხან
ოი, ღმერთო... მიუტევე, მიუტევე ამ ცოდვილთ.
ლაჰილ
ორბინე, რატომ შეჰქმნა ღმერთი ადამიანმა?
ორბინე (გაიხსნებს)
შიშის გამო, ლაჰილ.
ლაჰილ
აბა როგორ იყო, დღემბურგ?
დღემბურგ (თამამად)
პირველ ხანად ადამიანს ეშინოდა ბუნებისა...
ლაჰილ
ეგრე, ეგრე, შემდეგ?
დიგორხან
იშმაგ, შვილო ჩემო, გული უბედურებას მიქადის! თეთნულდი თავისთან არავის არ მიუშვებს. აქამდე არგიშდი თავს იკავებდა, მაგრამ რაკი გელახსანის განზრახვა გაუგია, განრისხებულა და... არ დაგზოგავს.
იშმაგ
უნდა ვურჩიოთ გელახსანს. შეიძლება შევაგონოთ.
დიგორხან
გული გრძნობს საზარელსა.
ლაჰილ
ეგრე... ეგრე... აბა, ახლა ჩემი წასვლის დროც არის. უთუოდ უკვე მიმელიან ავადმყოფები... დაირაზმებით! ხომ გახსოვთ რაც გასწავლეთ... ერთი, ორი, სამი! სვლა!
(გადიან მარშის სიმღერით).
დიგორხან
თეთნულდ, ღვთაებაო... ნუ ინებებ, ნუ მოიღებ ჩვენზე შენს რისხვასა...
ქორი
და ეგრე დიდხანს ლოცულობდა დიგორხან, დედა გელახსანისა. იმავე დროს არგიშდი გაცხარებული კამათობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
დ
აღმასკომში
არგიშდი
მაშ არ ყოფილა არც კანონი და არც სამართალი?
აღმასკომის თავმჯდომარე
რასაც თქვენ ამბობთ სულ არ შეეხება არც კანონსა და არც სამართალს.
არგიშდი
მაშ ჩვენი სიწმინდე კანონმა და ხელისუფლებამ არ უნდა დაიცვას?
აღმასკომის თავმჯდომარე
ეგ სიწმინდე კი არა, ეგ უბრალო მთაა...
არგიშდი
კარგი, კარგი... თქვენ მაინც ნუ შეურაცხყოფთ ჩვენს ქვეყანას.
აღმასკომის თავმჯდობარე
მე კი არ შეურაცხვყოფ, არამედ ეგეთი ცრუმორწმუნეობა, როგორიც თქვენა გქონიათ, ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელია, მისი ჩამორჩენილობაა...
არგიშდი
ჩვენი მთები ღმერთთა სამყოფელია, თეთნულდი კი - ღმერთია. სავანე.
აღმასკომის თავმჯდომარე
ჰა, ჰა! თქვენ მაინც როგორ ამბობთ მაგას? თქვენზე გაიძახიან, რომ ძველი მებრძოლია, ხალდეს აჯანყების მეთაურთაგანი.
გელახსან
ხალხის წინამძღოლი, ციმბირშიაც კი იყო თავდადებისთვის.
გელახსან
მერე რა შვილის მამა! ის რომ ცოცხალი იყოს...
არგიშდი
ეს ვინ არის?
აღმასკომის თავმჯდომარე
გელახსან გირანდუყი... ჩვენი მეცნიერი.
არგიშდი
აა... მაშ შენა ხარ ეგ, სალახანა? ძლივს არ ჩამივარდი ხელში? ახლავ გაგაქრობ! (მიიწევს იარაღით, წაეფარებიან, დააკავებენ. გელახსანს მოაშორებენ). ოჰ, ჩემო ვაჟკაცობავ, დათრგუნვილო! სიბერევ წყეულო! ოჰ, უძლურების კბილთა ღრჭენავ! დაემხე და შერცხვი, არგიშდი?
აღმასკომის თავმჯდომარე
იარაღი აყარეთ!
არგიშდი
როგორ, მე? იარაღი? სვანს? თავისუფალს?
აღმასკომის თავმჯდომარე
არ ყოფილხარ ღირსი ტარებისა. ტყუილა ნუ იბრძვით, არ იცით სად და როგორ იხმაროთ... დაგვმორჩილდით! თქვენ ხომ გიყვართ სამართალის და კანონის მორჩილება!
არგიშდი
დამცინით კიდეც?
აღმასკომის თავმჯდომარე
დატუსაღებული ხართ...
არგიშდი
მე ტუსაღი? მე, არგიშდის მატუსაღებდა ძველი უცხო მთავრობა... მატუსაღებს ახლანდელი ჩემი მთავრობა!
ქორი
არგიშდი! დრონი იცვალნენ!
არგიშდი! შენ მოხუცდი!
არგიშდი, სიდინჯე გმართებს!
ე
სატუსაღოში
ქორი
მაგრამ ვერ დამშვიდდა არგიშდი!
სატუსაღოშიც კი შფოთავს და ბორგავს!
მისი გული ბოღმით სავსეა!
ვერსად ხედავს გამოსავალსა...
ძილად მიდვა თავი არგიშდიმ
და თვით ძილშიც...
თეთნულდის ასული
არგიშდი, არგიშდი! ხომ მიცან ვინცა ვარ.
არგიშდი
ვით დავიჯერო? მე ვინ მაღირსა ჩვენი წმინდანის, თეთნულდის სულის ახლო ხილვა?
თეთნულდის ასული
სხვას არავის გამოვეცხადები თუ არა რჩეულს...
არგიშდი
განა ღირსი ვარ ამ ბედნიერების?
თეთნულდის ასული
შენ იყავ აქ რჩეულთაგანი, შენზე ვეყრდნობოდი ხალხში.
არგიშდი
აწ ცოდვილი ვარ, თეთნულდ - ღვთაება!
თეთნულდის ასული
შენ იწყე სვლა მრუდე და ბჭობა არა მართალი.
არგიშდი
მიბრძანე, ჰოი, სულო წმინდაო!
თეთნულდის ასული
შენც, ოდესმე ჩემ რჩეულთაგანს, გული შეგერყა...
არგიშდი
ვეღარ ვარ მტკიცე. ვარ მჭმუნვარე და აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო.
თეთნულდის ასული
ღირსი ხარ ჩემი რისხვისა, არგიშდი... არგიშდი! ეგრე ნუ შეიცვლები! მამა-პაპათა ნაანდერძევს ვითარ ღალატობ? შენი ღმერთების უწმინდესს სავანეს თეთნულდს ნუთუ შენც გინდა აღარ ემონო? თეთნულდს, რომელი არის სახიზარი სვანეთის სიწმინდისა, რომლის მწვერვალზე პირველ დაირწა აკვანი დიდის თამარისა...
არგიშდი
ჰოი, წმინდანო!
თეთნულდის ასული
თეთნულდ, რომელი იფარავს სვანეთს უცხოთა შემოსევისაგან, ეს რამდენი ასეული საუკუნეა? თეთნულდ, რომელმა შეინახა აქამდე თავისუფალი სული სვანეთისა, სიამაყე და ქედდაუდრეკლობა მისი... სად ხარ აწ შენ? სად არის შენი მხნეობა, შენი გაუტეხელობა! შენ პირადადაც არასოდეს თავი არ დაგიხრია დამჩაგვრელთა და მოძალადეთა წინაშე, შენ რომელიც წინ უძღოდი შენ მოყვასთა, ოდეს მოინდომეს მათი ადამიანობის გაქელვა, შენ, რომელმა არ შეიგუე ბატონის და მტარვალების უღელი და არც არასოდერ არ დაიდე იგი კისერზე... ეხლაღა? რა მოგსვლია, არგიშდი? გხედავ გამდრკალს უსუსურს ბალღის წინაშე, ჩემი სიწმინდისაკენ თავხედურად რომ მოიზიდება... გხედავ დალაჩრებულს შენი უღირსი შვილიშვილის ლაჰილის სიყვარულის გამო...
არგიშდი
არა, უსპეტაკესო... მაგას ნუ დამაყვედრი... მე იგი დიდი ხანია ჩემი გულიდან ამოვიგლიჯე...
თეთნულდის ასული
მაშ, რას უდგეხარ... რად არ მიიღებ სასტიკ ზომებს? დაგავიწყდა რომ განდგომილ გელახსანს შენი ოჯახის სისხლი მართებს?
არგიშდი
თვალს ისე აღარ მიჭრის... მკლავი ისე მაგარი აღარა მაქვს...
თეთნულდის ასული
ლერწამივით ნუ მოიხრები! ამისათვის შენ სათანადო მოგეზღვის... შენმა ყოყმანმა და აქამდე გადაუჭრელობამ უკვე მოგაყენა ასეთი სასჯელი, რომელსაც მალე მწვავედ იგრძნობ...
არგიშდი
ვიგრძენ კიდეც და გულს სახმილი უკიდია...
თეთნულდის ასული
რასაც ფიქრობ ეგ არ არის... ის სხვა იქნება! მხოლოდ ეს კია ჯერ შენზე მთლად ხელი არ ამიღია; თორემ, კარგად იცი, ისეთ რისხვას დაგალეწ თავსა, მთელს შენს ოჯახს გავანადგურებ...
არგიშდი
სიბრალული გქონდეს შენი მსახურისა.
თეთნულდის ასული
ჰმ... სიბრალული? ჰოი, არგიშდი! ლელწმობა ვერ გიშველის...
არგიშდი
მიბრძანე, ძლიერო!
თეთნულდის ასული
გული გაისალკლდევე, იყავ შეუვალი! ჩემი პირით შენ გელაპარაკება საუკუნეები! გაიხსენე ქალდეა, აშურბანიპალი და ბრძოლა მასთან შენი წინაპრებისა... ისინი გეძახიან... არ შეაბღალვინო შენი წმიდათა წმიდა, ისინი მოგიწოდებენ შური იძიო იმათზე, ვინაც ხელს უშლის ამ შენი სიწმიდის დაცვას, ვინც მოვიდა მისთვის, რომ გაგძარცვოს სულიერის შენის სამოსელისაგან, დაგალაჩროს, ღონე მიგხადოს და შემდეგ შენ ნაოხარზე იხითხითოს თავწართმევითა. აღსდექ, არგიშდი! შენ არ შეგიძლიან? მიმოიხედე, შენს ოჯახში მოიძებნება შურისმაძიებელი...
არგიშდი
სოთრან, შვილიშვილი ჩემი!
თეთნულდის ასული
შენ გამოარჩევ შურის მაძიებელს... დაღუპე მტერი შენი, მტერი თეთნულდისაკენ თვის ბილწი ხელის გამწოდებელი. და იხსენი მთა, იხსენ შენი ქვეყანა, იხსენ შენი ოჯახი!
არგიშდი
ბრძანება შენი, ღვთის სიტყვაა!
თეთნულდის ასული
კვლავ შენ იქნები ჩემი რჩეული, კვლავ ჩემი მადლი დაადგება სვანეთს, საუკუნოებით თავისუფალსა, განაბრწყინებს შენს ოჯახსა... არგიშდი, არგიშდი!
ქორი
ეს დაესიზმრა არგიშდის, ოჯახის უფროსს, სატუსაღოში ძილად მიგდებულს.
ვ
არგიშდისას
(ქალები ყვავილებით რთავენ კედლებს, კარებს და სარკმლებს და თვითონაც ყვავილებით ირთვებიან, მამაკაცებს გულზე კიდებენ ავგაროზებს, თან ეუბნებიან: „ეშმაკებს არ გაეზაკვინოთ!“ გაჩაღდება ფერხული. შემდეგ მამაკაცები ანთებენ ლამპრებს, იქნევენ აქეთ-იქით, ისვრიან კარში და თვითონაც მიჰყვებიან ყიჟინით: „არული, არული! ფუი, ეშმაკს!“ ქალები ნელის ღიღინით მხარ-თეძოზე წამოწვებიან რიგრიგობით).
ქალები
- რა არის გვიამბე, ძალუა!
- გვიამბე ძველი ამბავი.
რძალი
აკი ყოველ წელს, დღევანდელდღეს გიამბობთ ხოლმე...
ქალები
- მე სიამოვნებით მოვისმენ!
- მე სულ დამავიწყდა კიდეც!
გურანდა
მე სულ არ ვიცი რა ამბავია... არც ჩემმა ტოლებმა... ხომ მართალია?
ახალგაზრდები
- არ ვიცით, არ ვიცით!
- ჯერ არ მოგვისმენია!
- ბავშვები ვიყავით!
ქალები
გვიამბე, ძალუა, რა?
რძალი
კარგი, შვილებო, რძლებო და დებო! უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ძველთაგან, ე. ი. ჩვენ წინაპართ აქ, ახლანდელს სვანეთში კი არ უცხოვრიათ... სანამ ამ მთებში შევიჭედებოდით, მანამ ბევრჯერ გამოვიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი. სულ პირველად კი ჩვენ იქ გვიცხოვრია, საცა პირველად ღმერთმა სამოთხე გააჩინა...
ქალები
უი, სამოთხე!
რძალი
სამოთხე ხომ სამოთხე იყო, მაგრამ როდესაც ადამ და ევამ შესცოდეს და ღმერთმა სამოთხე გააუქმა, ჩვენ დავრჩით იქ და ბევრი გაჭირვებაც გამოვიარეთ თურმე... განსაკუთრებით უწყლობა გვიჭირვებდა საქმეს და აი, „უწყალო“, „წყალობა“ ამბობენ რომ, იქიდან გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ჩვენი წინაპრები მაინც ისეთი ყოჩაღები იყვნენ, დიდი სახელმწიფო გააჩაღეს და...
ჩვენც გვქონია, თურმე, იქ ბედნიერი დღეები... ამ ბედნიერ დღეებში გამოგვიგონია ბევრი რამ დღესასწაული და ქალებსაც თურმე, დღევანდელ დღეს გვქონია ერთი ჩვეულება. შევიკრიბებოდით ნანას ტაძრის გარშემო ღამით... ნანა ღმერთი ქალი იყო ჩვენი... მოვირთვებოდით საუკეთესო სამოსელით და სამკაულით და ცეკვა-ხუმრობის შემდეგ აი ასე წამოვწვებოდით როგორც ახლა ჩვენ...
გურანდა
მერე, მამაკაცები ჩვენთან არ იყვნენ?
ახალგაზრდები
- ჰო, რა ეშმაკია ეს გურანდა!
-- ახლა მამაკაცებიც მომინდომა!
რძალი
დაიცა, შვილო! მამაკაციც გაჩნდება თავის დროზე... შენს მხურვალე სხეულს ნუ ეჩქარება... მაშინ კი მამაკაცები ცალკე იყვნენ, გალავანს გარეთ დრომდე ირთობდნენ თავსა... წამოწოლილ ქალებს კი ერთი ხნიერი ქალი, აი ჩემსავით, უამბობდა ძველს გარდასულ ამბებს. სამოთხის ამბებს და ადამიანთა იქ ნეტარებას, ნანა ქალღმერთის სიყვარულის ამბავს, ან რამე ამგვარს...
გურანდა
ოჰ, რა კარგია! რად არ ვიყავი იმ დროს!
ქალები
გვანცა, გურანდა!
რძალი
შუაღამე რომ გადავიდოდა, გამოარჩევდნენ ვინმეს ყველაზე მოხდენილს, ყველაზე ახალგაზრდას და რაიმე საკრავის აყოლებით აცეკვებდნენ ყვავილებით მორთულს, სურნელოვანსა. ცეკვა ჯერ ნელი იყო, შეყოლებული, შემდეგ კი თანდათან ჩქარდებოდა და ბოლოს სიშმაგეში უნდა გადასულიყო... უეცრად, ეს ეშხიანი გოგონა მოწყდებოდა საცეკვაო წრეს და გადაირბენდა გალავნის გარეთ... აი იქ კი, მამაკაცთ წრიდან ვინმე რჩეული ელოდებოდა, ესეთ გამოვარდნილ ქალწულს, ქალწული მას ნებდებოდა და მათი იმ ღამინდელი ნებივრობა შეწირულ ჰქონდა ნანა ქალღმერთის ხატებასა...
გურანდა
მერე ახლა რად არ არის ეს ჩვეულება შემონახული?
ქალები
- უი, რას ამბობ?
- არ გრცხვენია!
- ო, გურანდა თამამია.
რძალი
მას შემდეგ, შვილო, ვინ იცის რამდენჯერ შემოტრიალდა ცის ბორბალი და ბევრი ჩვენი ზნე-ჩვეულება თან წარიღო. ახლა კი ჩვენ მხოლოდ ცეკვაღა დაგვრჩა... აი, შენ გაცეკვებთ თუნდა.
გურანდა
რატომაც არ ვიცეკვებ?!
ქალები
- კარგი იქნება!
- აბა, დაიწყეთ!
(გურანდა ცაკვავს ჯერ ნელა, შემდეგ უფრო სიჩქარით, ბოლოს მოწყდება ალაგიდან და გავარდაბა).
ქალები
- უიმე, რა ქნა!
- რა ეშმაკია!
- უნდა გვაცინოს!
არგიშდი
- დიდი ბატონი!
არგიშდი
ჩემთან ნუ შემოხვალთ სანამ სოთრანი არ მოვა. მის მოსვლაზე კი გამაღვიძეთ!
რძალი
გვესმის, არგიშდი!
ქორი
სატუსაღოდან გამოუშვიათ არგიშდი!
მაინც ვერ არის გუნებაზე!
არ ავიწყდება მას სიზმარი
და სიტყვები თეთნულდის სულის...
მძიმე რამ ფიქრსა შეუპყრია მისი არსება.
ზ
ეზოში
გურანდა
შენ სოთრან ხარ? სიბნელეში მაინც გაგარჩიე.
ქორი
სოთრან! ძველი წესი არ დაარღვიო!
სოთრან! ქალს არ უჩვენო ნანადირევი!
სოთრან! ხმა არ გასცე!
სოთრან! არ დაჰგმო ძველი ჩვეულება!
გურანდა
სოთრან! არ გესმის? თუ დამუნჯდი, რა გემართება?
სოთრან
შენ დაგავიწყდა? წესი არ არის, ნანადირევზე ქალს გამოესაუბრო...
გურანდა
აჰ, ეს რა მოგიკლავს? ჯიხვის თავი აქვს...
ქორი
სოთრან! რას ჩადი?! რად ღალატობ წესს, ჩვეულებას?!
სოთრან
შენ მე დამღუპავ... გურანდა! შენ მე მირევ გზა და კვალსა...
გურანდა
ოჰ, სოთრან, სოთრან! ნუთუ ვერ ხედავ! ჩემს მკლავებს სწყურიათ ვაჟის ქედის მოდრეკა, ჩემს თეძოებს სურთ სხლტომა მშვილდური, ჩემი ძუძუები მფშვინვარებენ სატკბობელად, ჩემს ბაგეებს სწყურიათ ბროწეულივით დაწურვა.
სოთრან
შენ მე დამღუპავ! შენ მე გენიას მიკიდებ... თავგზა მებნევა!
გურანდა
ოჰ, სოთრან, სასურველო! ჩემი გული გელოდება ნეტარებით! ჩემი სხეული თრთოდა სიტკბოებით შენს მოლოდინში...
სოთრან
რა გიყო მე უბედურქმნილმა, უკვე შემცოდემ...
ქორი
ჩვენ ვდუმვართ, სოთრან!
შენ უკვე გაჰქელე წინაპაროა ნაანდერძევი!
გურანდა
წამიყვა ტყის დასავალს, სოთრან, კლდეზე, ღრეზე, გამოქვაბულში.... მე შენი ვარ, შენი საუკუნოდ!
სოთრან
გამოქვაბულში? მართლა, რა კარგი სთქვი... მე მოვხვდი ერთ გამოქვაბულში დღეს და, იცი იქ რა ვნახე...
გურანდა
ვითომ რა ნახე?
სოთრან
არა, მერე გეტყვი.
ჱ
გელახსანთან
ციქვლიდ
და ძალიან კარგი გამოვიდა, რომ ეგრე მოიქეცით... არგიშდი უსათუოდ უნდა გამოეშვათ, მისი დატუსაღება სოფელში მეტად მძიმე შთაბეჭდილებას დასტოვებდა... და როდესაც სოფელი გაიგებს, რომ შენ და ლაჰილმა იშუამდგომლეთ არგიშდისათვის, სოფელს პირველად გაუკვირდება, მაგრამ შემდეგ ჩააფიქრებს.
გელახსან
ოოჰ, ციქვლიდ, ციქვლიდ! რა დიდი ბავშვი მყავხარ... შენ ყველაფერს ამ ცხოვრებაში... როგორ იტყვიან? ვარდისფერი სათვალეებით უცქერი.
ციქვლიდ
მაშ, როგორ გნებავს? ლმობიერება არის უდიდესი რამ განძი ქვეყნად.
გელახსან
ააჰ! ეღუმთიან! ციქვლიდ ეღუმთიან!
ლაჰილ
ეგ რა არის, სომხური გვარი გაქვთ?
ციქვლიდ
ეგ არ არის გასაკვირი, სვანთა წინაპართ ძველთაგან უცხოვრიათ მცირე აზიაში და როდესაც... მათ სხვა ერის ხალხი მოწოლია და დიდი ბრძოლათა შემდეგ სვანებს ჩრდილოეთისკენ დაუხევიათ.
გელახსან
ეჰ, დაიწყო.
ციქვლიდ
არა, მაცალე... მე ლაჰილს ვეუბნები... და იქამდე უვლიათ სანამ ამ ყინულოვან მწვერვალთა კალთებს არ შეფარებიან. ნაწილი კი დარჩენილა მცირე აზიაში და შემოსეულ ხალხთა შორის გათქვეფილან. მათ შორის სომხებშიაც.
და თუ შემოსეულთ სვანები დამორჩილებიან ფიზიკურად, სამაგიეროდ სვანებისაგანაც ბევრი აუღიათ და შეუთვისებიათ შემოსეულთ. განსაკუთრებით სომხებს: ზოგიერთი ზნე-ჩვეულება, ცრუმორწმუნეობა, სახელები საგანთა და ადამიანთა, ზოგი სხვა სიტყვებიც თუ სიტყვების ძირები და ამიტომ არის მეცნიერი მკვლევარები ნათესაობას პოულობენ ჩვენსა და სომხებს შორის. ამიტომ არის მაგალითად, რომ სიტყვა ე. ი. ჩემი გვარი „ეღუმთიან“ ყველას სომხური ჰგონია.
ლაჰილ
ეს ძალიან საგულისხმოა!
გელახსან
ეჰ, მაგას რომ ყური დაუგდო, ქართველ ხალხს კაცობრიობის დედაბოძად და მოძღვრად გამოიყვანს...
ციქვლიდ
ვინ იცის შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ თქვენ კი კომუნისტებს ეგეები არ გაინტერესებთ.
გელახსან
არა, შენ თვითონა სთქვი, ვისთვის რა საინტერესოა ძველი ლათაიები...
სოთრან
ციქვლიდ
ოჰ, სოთრან! შენ აქ რა გინდა?
სოთრან
არგიშდიმ გამომგზავნა.
ციქვლიდ
ჩემთან ხომ არა?
სოთრან
არა... ამასთან.
ციქვლიდ
გელახსანთან?
სოთრან
ჰო... მაგასთანაც.
ციქვლიდ
ლაჰილთანაც? მერე რა მინდაო?..
სოთრან
დამავალა, შეეხვეწე თეთნულდზე გაგიყოლიოსო...
ციქვლიდ
აი ხომ ვთქვი... არგიშდის განთავისუფლებამ რა შემოგვძღვნა. გასახარია, ფრიად, ფრიად!
სოთრან
თუ მიმიღებთ, გემსახურებით...
გელახსან
მე სამსახური არ მინდა, მხოლოდ თეთნულდზე თუ წამოხვალ, ვაშა, შენს კაცობას!
ლაჰილ
განა გივლია მთებზე?
სოთრან
როგორ არ მივლია, ბიძაშვილო... სხვა რა გამიკეთებია! მონადირე ვარ!
ლაჰილ
ჰა, ჰა! ბიძაშვილო!
ციქვლიდ
მოდით, ხელი ჩამოართვით ერთიმეორეს...
სოთრან
მაშ, არ გამაგდებთ?.. ძალიან მინდა ეგ საქმე კარგა შევისწავლო... შემასწავლით?
გელახსან
ცოცხალ ბიჭსა ჰგავს!
ლაჰილ
ჩემთან იარე და მე აგიხსნი ყოველსავე.
ქორი
ამგვარად მოხვდა სოთრან გელახსანთან!
სოთრან არგიშდისაგან გაგზავნილი!
და არვინ არ იცის გულში მას რა უძევს!
ფარდა
მოქმედება მესამე
თ
გელახსანთან
ლაჰილ
ყოჩაღ, სოთრან!.. სწორედ ეგრე უნდა... ძალიან მალე შეისწავლე.
სოთრან
მაშ, როგორ გგონია, ლაჰილ, ჩვენი ბაბუის შვილები ყველანი ნიჭიერები ვართ.
ლაჰილ
ჰა, ჰა! მაშ, მეც ნიჭიერი ვყოფილვარ...
სოთრან
შენ, ლაჰილ... შენ ქვეყნის თვალი ხარ... ყველა შენ გაქებს, ყველა შენი მადლიერია...
თავმჯდომარე
(ცალკე გელახსანთან)
მაშ, საბოლოოდ მიაგენ?
გელახსან
მხოლოდ ნიშნებს, მაგრამ ნიშნები კი დიდად საიმედოა... ამ ნიშნის წყალობით მე ვფიქრობ, რომ რადიუმსაც წავაწყდებით...
თავმჯდომარე
ეგ ხომ დიდი აღმოჩენა იქნება!
გელახსან
რაღა თქმა უნდა! ახლა ვაწარმოებ გამოკვლევას...
თავმჯდომარე
აქ ჩვენთან მოხსენებას არ წაიკითხავ? ჯერ აქ არის საჭირო..
გელახსან
აუცილებლად, თეთნულდიდან დავბრუნდები თუ არა...
გივერგილა
ხედავთ, ლაჰილ კვლავ სოთრანთან არის...
ორბინე
ჩვენ თითქო დავავიწყდით...
იშმაგ
აშკარაა ხელი აგვაღო...
დღემბურგ
ნუ იტყვით მაგას! ლაჰილ ყველასათვის სათნო არის.
გივერგილა
მაინც დიდად მიკვირს, როგორ მიიღო გელახსანმა!
იშმაგ
მე უფრო ის მაკვირვებს, არგიშდიმ როგორ გამოუშვა.
ორბინე
გული არ მითქვამს კარგსა...
დღემბურგ
შენ გგონია სოთრანს უნდა ვუფრთხოდეთ?
თავმჯდომარე
მაშ, კმაყოფილი ხარ სოთრანისა?
გელახსან
ძალიან ალპინისტი შეიქნება.
თავმჯდომარე
ნუთუ ასე მალე შეითვისა რაც საჭიროა?
გელახსან
არამც თუ პრაქტიკულად, თეორიულადაც...
თავმჯდომარე
სასიხარულოა!
გელახსან
ეხლავ დაგიმტკიცებ. სოთრან, სოთრან!
სოთრან
რას მიბრძანებ, გელახსან?
გელახსან
აბა. ჩქარა მითხარი... რა არის ალპინიზმი?
სოთრან
ალპინიზმი მიუწვდომელ მთების მწვერვალებზე ასვლასა ნიშნავს და ამ მთების მიდამოების შესწავლას.
გელახსან
საიდან წარმოსდგა ეს სახელწოდება?
სოთრან
ალპიის მთებზე ასვლის შემდეგ..
გელახსან
ვინ იყო პირველი ალპინისტი? ვინ ვიცით ჩვენ?
სოთრან
ბალმატი და პაკკორი, შემდეგ დე-სსოსიუო...
თავმჯდომარე
შეხე!
გელახსან
მათ რომელ მთის მწვერვალს მიაღწიეს?
სოთრან
მონბლანს.
გელახსან
ვინ ეწევა ალპინისტის მოღვაწეობას?
სოთრან
შენისთანა ნასწავლი ხალხი და ბუნებით ყოჩაღი ადამიანები.
ლაჰილ
რას იბუტები, გივერგილ?
იშმაგ
ეტყობა გაბუტვა?
ლაჰილ
რაღაც შენც ვერ ბრძანდები გუნებაზე?
გივერგილ
ლემზურალმა აწყინა უთუოდ?
ლაჰილ
რა არის ლემზურალი?
დღემბურგ
შესაწირავი პური.
ორბინე
უდროო დროს მიირთვა და...
ლაჰილ
იმას არ ამბობთ რაც გინდათ თქვათ... როგორღაც ამრეზილები ხართ... ამ ბოლო ხანში მაინც გამჩნევთ, რომ მე მიჯავრდებით... ხომ ასეა? მითხარი, დღემბურგ, რა ამბავია?
დღემბურგ
ძმებს სწყინთ, რომ ეს ერთი ხანია სულ სოთრანს დასტრიალებ თავსა...
ლაჰილ
სისულელეს ნუ ლაპარაკობთ... სოთრანი თეთნულდზე ასასვლელად ემზადება. ბევრი რამ უნდა შეითვისოს სამოგზაუროდ. მე ვიკისრე მისი მომზადება...
გელახსან
ესეც გვითხარი სოთრან: ჩვენში რომელ მთებს მიაღწიეს პირველად?
სოთრან
იალბუზს და ყაზბეგს. იალბუზზე ავიდნენ 1868 წელს უცხოელი ალპინისტები ფრეშფილდი, მური და ტუკერი.
გელახსან
კავკასიის მთებზე ჯერ დაიღუპა ვინმე?
სოთრან
ერთგან, კოშტან თაუზე, დაიღუპნენ დონკინი და ფოქსი.
თავმჯდომარე
კაცო, ამას ამ საქმის მთელი ისტორია შეუსწავლია.
გელახსან
ლაჰილი მარჯვეა ამისთანებში... ვერ ხედავ იმ ოთხ ძმასაც რა უყო, ისე მოარჯულა სულ ცხვრებივით უკან დასდევენ. როგორ გგონია, სოთრან, ჩვენ ხომ არ დავიღუპებით?
გურანდას ხმა
სოთრან, სოთრან!
სოთრან
უნდა წავიდე.
გელახსან
რა დროს წასვლაა, საცაა უნდა გავემგზავროთ.
სოთრან
სახლიდან მეძახიან, გურანდას ხმაა.
გელახსან
მერე აქ ვერ მოვა?.. ჰო, კარგი, კარგი! ვიცი, კიდევ ძნელია შენი ოჯახისათვის ესე უცებ ჩვენი შეჩვევა. შენც ძალიან გაგიმეტა ბაბუაშენმა... გასწი, მე არ გაკავებ... გამოეთხოვე შენიანებს... მხოლოდ, იცოდე, ჩვენ არ დავიღუპებით... შენ უკვე იცი, რომ ალპინისტს შიში არ მართებს. მხოლოდ დანიშნულ დროზე არ დაიგვიანო.
სოთრან
დაგვიანება ვით ეგების.
გელახსან (თავმჯდომარეს).
შენ საით გასწი?
თავმჯდომარე
ახლავე მოვალ, დაუჩქარებ შენს გამომყოლებს.
ლაჰილ
სოთრან, სად მიდიხარ?
სოთრან
სახლში მეძახიან.
ლაჰილ
რა დროს სახლია!.. საცაა უნდა გაემგზავრო.
გურანდას ხმა
სოთრან, სოთრან, არ გესმის?
სოთრან
გურანდა მეძახის.
ლაჰილ
გელახსანმა კი გაგიშვა?
სოთრან
სწორედ.
ლაჰილ
სოთრან! ბავშვი აღარ ხარ, სახლში არ შერჩე, თავის დროზე უნდა გამოცხადდე.
ი
არგიშდისას
არგიშდი
აი, საცაა დაიძვრის ქარავანი გელახსანისა! გული ვერ დამიმშვიდებია. ნუთუ ვეღირსო საწადელსა. აღმისრულდეს ორმაგი დავალება? სად არის სოთრან! მოვიდეს, ერთხელ კიდევ დავლოცო ამ ძნელ გზაზე... აქ დამიძახეთ!
რძალი
არგიშდი, ჩვენო უფროსო! ერთხელ კიდევ მომაპყარ ყური შენი...
არგიშდი
რა გსურს, დიაცო?
რძალი
შეისმინე ვედრება ჩვენი... სოთრანს ნუ გაუშვებ მაგ საუკუღმართო გზაზე, მთელი ოჯახი შეძრწუნებულია...
არგიშდი
ბევრი გესმით თქვენ... რაკი მე ვაგზავნი, მაშასადამე ეს გზა საწაღმართოა.
რძალი
ვინ გაბედავს შენი განზრახვის შესწორებას, მაგრამ ზოგჯერ მოგისმენია ჩემის პირით გულის ნადები შენის ოჯახისა: ოჯახს არა სურს, რომ სოთრანი მიჰყვებოდეს გელახსანის ბილწ ქარავანს...
არგიშდი
ეგ ხომ წინადაც გამაგონეთ.
რძალი
მოგახსენეთ, მაგრამ ახლა რომ საქმე საქმეზე მიდგა...
არგიშდი
მაშინ უკან დავიხიოთ?! არ ეგების, თვით თეთნულდმა ირჩია სოთრან...
ყველანი
ირჩია? თვით თეთნულდმა? რას მოასწავებს?
არგიშდი
გაიგებთ დროზე... ოჯახის უფროსის სიტყვის შებრუნება დიდი ხანია შეისწავლეთ? სოთრანს დამიძახეთ-მეთქი... აკი ვთქვი...
რძალი
უკვე გიახლენ დასაძახებლად.
არგიშდი
მერმე სად არის?.. მინდოდა გამოვთხოვებოდი, დამელოცნა, რომ გამარჯვებული მოსულიყო.
რძალი
თეთნულდიდან გამარჯვებული?
არგიშდი
თეთნულდისავე მეოხებით... სად არის სოთრან?.. რად იგვიანებს... ახლა უკვე იქ უნდა იყოს... ის რომ ჯანჯალი კაცი არ იყო?.. რა იყო, ვერ იპოვეთ?
სოზარ (შემოდის)
ვერა, არგიშდი!
არგიშდი
საოცარია! მე აკი ვუთხარ, წასვლის წინ ჩემთან უნდა გამოცხადებულიყო და თქვენც ყველანი, მიტომ შემოგკრიბეთ, რომ სოთრანის წასვლის წინ უნდა მეცნობებინა რისთვის ვაგზავნი მე იმას, ან რას ვავალებ... ძალიან მწყინს... ეს როგორ ჩაიდინა? ნუთუ წავიდა? უწესო ბავშვი! მაგრამ ახლა არ შემოვწყრები... მას მეტად მძიმე საქმე დავავალე... ცხადია, რომ წასულია... ახლა უკვე გვიანღა არის, აქ ვეღარ მოვა... გამარჯვებული რომ დაბრუნდება, აღარ დავტუქსავ... აი, თქვენ უკმაყოფილონი ხართ ჩემი გადაწყვეტილებისა და იმდენადაც გაკადნიერდით, რომ რამოდენჯერმე საყვედურიც კი გამაგონეთ... როგორც გითხარით მისი თანადასწრებით მინდოდა გამემჟღავნებინა ყველა თქვენთვის, რაც განვიზრახე... მაშინ იხარებდით თქვენ ყველანი... რაკი ასე მოხდა, გეტყვით ახლა. სულ ერთია სოთრანი გამარჯვების გზას ადგია... ხომ ყველანი აქა ხართ?
რძალი
სულ ყველანი.
სოზარ
არა, გურანდა გვაკლია.
რძალი
გურანდა? როგორ თუ გვაკლია?
არგიშდი
გურანდა? მართლა როგორ ვერ შევამჩნიე?.. ჩემო რძალო!
რძალი
სად იქნება... ბავშვია კიდევ, ყვავილებს თუ ჰკრეფს... ვერ ჩასწვდომია აქ დასწრების საჭიროებას.
არგიშდი
გურანდა მინდა... მოიყვანეთ... საჭირო არის უმცროსებმა კარგა შეიგნონ, თუ რას გვავალებს ჩვენი ზნე და ჩვენი ადათი... თორემ ხომ ხედავთ, სულ სხვა ხალხი წამოიზარდა და არც კი ცნობენ რითი გვედგა სული.
რძალი
არც სურთ გაიგონ...
ბედან (შემოდის)
ახლომახლო ყველგან ვეძებთ... არ სჩანს გურანდა.
არგიშდი
რა ღვთის წყრომაა! მეტისმეტი თავის აგდება... რძალო ჩემო!
ია
გელახსანთან
გელახსან
რა იქნენ აქამდე? რას იგვიანებენ?.. მაშ ანარქისტი არა ხარ ციქვლიდ?
ციქვლიდ
არა, არა ვარ.
გელახსან
ტოლსტოელი მგონია, ჰო...
ციქვლიდ
არა, საიდან? „ძალი შემწევდეს ქადილისაო“... მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ისე არავის ვუწევთ ანგარიშს და ისე ლმობიერად არავის არ ვეწინააღმდეგებით, როგორც ტოლსტოის...
გელახსან
როგორ?
ციქვლიდ
თბილისში ყოფნის დროს დავესწარი ერთ თქვენს თვალსაჩინო ამხანაგის ლექციას და მთელი საღამო თითქმის ტოლსტოის თეორიის დარღვევას მოანდომა.
გელახსან
რა შუაშია! ტოლსტოისთვის ვის სცალია... ვის ახსოვს.
ციქვლიდ
პირველად მეც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ... რომ დავუკვირდი... ასეც უნდა იყოს. ტოლსტოისაც კერძო საკუთრება არა სწამდა. არა სწამს თვით რელიგიის კულტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი მორწმუნეა... ისიც თავისებურად ჰქადაგებს, რომ ყველანი უნდა ფიზიკურად მუშაობდნენ, რადგან მას არა სწამს შრომის დანაწილება... იგი ყველას ფიზიკურ მუშაობაზე ლაპარაკობს...
გელახსან
ის... ბოროტებას ნუ ეწინააღმდეგებიო, ამასაც ჰქადაგებს, მაგრამ ეს ხომ მავნებლობაა... და თუ შენ ამას იზიარებ, შენც მავნებელი ყოფილხარ!
ციქვლიდ
არა, მე არაფერს არ ვქადაგებ, ვიხსომებ მხოლოდ ჩემთვის... ხელს არ გიშლით, რადგან შეიძლება თქვენ იყოთ მართალი... რადგან უდავოა, რომ ისე ახლოს ხალხთან არავინ მისულა, როგორც თქვენ... ამას გარდა ჩემთვის ის არის ღირებული, რომ ვხედავ თქვენი მოქმედება უწინარეს ყოვლისა ხალხს ანათლებს, ჩემს ხალხს, რომელიც ეგზომ ჩამორჩენილია და მეც ქედმოდრეკილი გემსახურებით პატიოსნად და თავდადებით.
თავმჯდომარე, ყანსავ, ყასბულათ და კიდევ სხვა თეთნულდზე წამსვლელნი
თავმჯდომარე
აი მოვედით... ხომ მზადა ხარ, გელახსან?
გელახსან
კარგა ხანია გელოდებით... დედი! გამომიტანე ჩემი ბარგი-ბარხანა... ლაჰილ სადღაა?
ლაჰილ
აქა ვარ და მზადა ვარ მთის კალთებამდე გაგაცილო.
თავმჯდომარე
რაღა თქმა უნდა! მისთვის მოვსულვართ.
გელახსან
სოთრან სად არის? რად იგვიანებს?
ლაჰილ
საკვირველია! იმას ჯანჯალი არ უყვარს.
დიგორხან (მოაქვს მოწყობილობა)
დიგორხან
აი, შვილო... შეტრიალდი მარჯვნივ, გელახსან, გთხოვ...
ლაჰილ
დაჰყე ნებასა!
დიგორხან
წაღმართ შენი გზა, შვილო!..
გელახსან
კარგი, დედი, ნუ აცრემლდი... ხომ იცი - არ მიყვარს!
ციქვლიდ
ცრემლი კი არა, სიხარული გმართებს, დიგორხან...
დიგორხან
ვიცი რომ მმართებს, მაგრამ...
თავმჯდომარე
არაფერი მაგრამ არ უნდა, გელახსანი თეთნულდზე ასვლით ყველას დაგიმტკიცებთ, რომ საერთოდ მთები არავითარ „წმინდა“ ადგილს არ წარმოადგენს. რომ იგი უბრალო მთაა, მხოლოდ ძნელად მისავალი, გელახსანი ამ მთაზე ასვლით ერთხელ და სამუდამოდ შეარყევს თქვენს ცრუმორწმუნეობას, რომ იქ არავითარი ღმერთები არ განისვენებენ.
გივერგილ
ნეტავი მას, ვისაც ეგ სწამს!
ორბინე
მას უხაროდეს!
იშმაგ
კარგი იყო ამ საქმეს გელახსანი არ შესდგომოდა!
დღემბურგ
ბევრი ვეხვეწეთ...
ლაჰილ
კიდევ დრტვინავთ! უჰ, რა კერპები ხართ მართლა!
დიგორხან
ღმერთმა კეთილი ინებოს, შვილო!
გელახსან
სოთრან სად არის? რა დაემართა?.. აბა, ყმაწვილებო! ყასბულათ, ყასნავ ხომ არაფერი დაგავიწყდათ?
ყასბულათ
აგერ წრიაპები.
ყანსავ
ეს ალპენშტოკი.
1-ლი გამყოლი
აგერ წერაქვი.
მე-2 გამყოლი
ესეც თოკები.
თავმჯდომარე
აერომეტრი, ბარომეტრი... აგერ დურბინდი... ეს ნაბდები და აგერ საგზალიც...
გელახსან
სოთრანმა ლამის გამაჯავროს... რად იგვიანებს?
(ათვალიერებს გამყოლთ). აა, ეს ასე არ ივარგებს... ყასბულათ გაუსწორე... ამას სოთრანი უფრო კარგად გააკეთებდა, ყანსავ, მოდი აქ... გაუკეთე...
ლაჰილ
სოთრანს უთუოდ რამე მოუვიდა.
გელახსან
საოცარია!
იბ
მთის ძირას
გურანდა
ოჰ, რა გავიხარე, სოთრან.
სოთრან
კიდევ ბავშვი ხარ!
გურანდა
არა, ვერ ვისვენებდი... მეგონა თუ ლაჰილ შეგიყვარდა და... არ ვიცოდი რა მომემოქმედნა, კიდევ დაიფიცე, მართლა არ გიყვარს?
სოთრან
შენ თავსა ვფიცავ!
გურანდა
მუდამ გახსოვდი?
სოთრან
არა გრცხვენიან!
გურანდა
ოჰ, სოთრან, სოთრან! როგორ გავწვალდი ეს ერთი კვირა. ვერა გხედავდი. სულ იქ ტრიალებდი და... მართლა რადა სთქვი, რომ ისინი გეცოდებიან, ვინ გეცოდება, ლაჰილი განა?
სოთრან
ლაჰილიცა და გელახსანიც.
გურანდა
ამიხსენი.
სოთრან
საიდუმლოა.
გურანდა
მაშ, გიყვარს ლაჰილ...
სოთრან
დამიჯერე...
გურანდა
აბა, მითხარი რად გეცოდება?
სოთრან
იმიტომ, რომ გელახსანი დაიღუპება!..
გურანდა
შენ რას ინაღვლი?
სოთრან
ოჰ, შენ რომ იცოდე რა კაცია და... რა ტანჯვა არის, რა მწვავეა მასთან ჩემი სიახლოვე...
გურანდა
შენც ნუღა მიეკარები.
სოთრან
დავალებული მაქვს.
გურანდა
ბაბუამ რომ დაგავალა? ჰოდა, შენ აკი შეასრულე?..
სოთრან
არა, მთლად არა... უნდა წავყვე.
გურანდა
გელახსანს? სადა? თეთნულდზე?
სოთრან
დიახ.
გურანდა
აჰ, შენ არ წახვალ.
სოთრან
არ შეიძლება.
გურანდა
ვითომ რატომ?
სოთრან
ბაბუამ ბრძანა.
გურანდა
რა გიბრძანა? მე მიმალავ? არ გყვარებივარ!
სოთრან
ეჰ, გურანდავ! თუმცა სულერთია, მე ხომ მივდივარ და შენ გაგანდობ... რადგან გენდობი...
გურანდა
ჰო, რა, რა?
სოთრან
უნდა დავღუპო გელახსანი.
გურანდა
ბაბუამ ბრძანა?..
სოთრან
არა, ეს ბრძანება თეთნულდისაა...
გურანდა
როგორ?
სოთრან
გამოეცხადა არგიშდის თეთნულდის სული და შურის მაძიებლად მე ამირჩია.
გურანდა
თვითონ თეთნულდმა?
სოთრან
დიახ... მოხერხებულ ალაგას, სადმე უფსკრულის პირას ხელი უნდა ვუჯიკაო გელახსანს და...
გურანდა
და გადაჩეხო? შენ არ წახვალ... არ გაჰყვები შენ გელახსანსა...
სოთრან
ოჰ, ეგ რომ შეიძლებოდეს...
გურანდა
დაიცა, მოვიფიქრო!
სოთრან
პირველად მე ცბიერებით აღსავსე მიველ მასთან, მაგრამ რომ დავუახლოვდი, შევეჩვიე და ვნახე თუ როგორი ადამიანიც არის...
გურანდა
ის და ლაჰილი განა? შენ არ წახვალ, სოთრან!
სოთრან
გურანდა! ვგრძნობ ძალა მღალატობს, აზრი აღარ მემორჩილება. ზოგჯერ შიში ამიტანს ხოლმე... ასე მგონია, რომ ვერ შევასრულებ დავალებას...
გურანდა
ძალიან კარგი. შენ იქ არ წახვალ... მე გიშველი...
სოთრან
როგორ გურანდა?
გურანდა
მე და შენ სულ სხვა გზა გვაქვს... წამო ჩემთან...
სოთრან
შენთან? თუნდა ცის დასავალს...
გურანდა
შენ ასცდები ადამიანის დაღუპვას...
სოთრან
მაგრამ ბაბუა?
გურანდა
ბაბუას კიდევ თავისი გზა აქვს.
სოთრან
თეთნულდი?
გურანდა
თვით მოუვლის თავის თავსა... ჩვენ კი მისგან სიყვარული გვიპატივებს.
სოთრან
ოჰ, ნეტავი მართალს ამბობდე?
გურანდა
მომყე, სოთრან!
სოთრან
როგორ, ახლავე?
გურანდა
დაყოვნება არა გვმართებს.
სოთრან
თითქოს შენ რაღაც ახალ გზას მინათებ...
გურანდა
წამომყევი-მეთქი, ჩვენი გზა უფრო ნათელი და უფრო სწორია. ამ გზით ორი ადამიანი ბედნიერდება.
ქორი
ასე დასრულდა მოლოდინი გელახსანისა!
ასე გაცრუვდა იმედები არგიშდისა!
იგ
გელახსანთან
გელახსან
მართლა ღირსია სოთრანი სასჯელისა... დამაღალატა, შემაგვიანა... მე მას არ ვუცდი... აბა, წავიდეთ!
თავმჯდომარე
ნუ დაღონდები გელახსან! ისეთი ბიჭები გახლავან, რომ სოთრანს არ ჩამოუვარდებიან.
გელახსან
მათი იმედი მაქვს, წავიდეთ!
ლაჰილ
აღარც მე მეთხოვები?
გელახსან
ცუდ გუნებაზე დამაყენა სოთრანის საქციელმა...
ლაჰილ
დინჯად, მიტო... სოთრანს ჩვენ მოვუვლით... შენ ახლა გმართებს შემოკრება მთელი შენის ნებისყოფისა.
გელახსან
ლაჰილ! ჩემო კარგო!
ლაჰილ
ჰა, ჰა, მე არ მეშინიან... აი, არც კი გამოგყვები. ჰა, ჰა! მალე ნახვამდის!
დიგორხან
შვილო, შვილო!
ლაჰილ
ჩშშ... ჩუმად, დედი!
გამყოლნი მგზავრულს დასძახებენ, გადიან.
ლაჰილ
ესე სჯობიან!
გივერგილ
მაშ ახლა, ლაჰილ, მართლა დასჯით სოთრანს?
ლაჰილ
მაშ, როგორა გნებავს?
იშმაგ
განა ესეთი რა დააშავა?
ორბინე
ვითომ არ იცი! საქმეს უღალატა!
დღემბურგ
ყველაზე მეტი იმედი მისი ჰქონდა გელახსანს.
გივერგილა
შეეშინდა ბავშვს!
ორბინე
შედრკა ჭაბუკი!
დღემბურგ
თეთნულდმა იმოქმედა.
იშმაგ
ვერ გაექცა ბაბუამისს!
ლაჰილ
ის ღირსია სასჯელის, მაგრამ თქვენ არ შეგფერით მისი ზრახვა.
იშმაგ
მაინც ჩვენზე მეტად გიყვარს სოთრან!
ლაჰილ
მეტად არა, მაგრამ მიყვარს.
დიგორხან
ნუ შეაწუხეთ, ყმაწვილებო, თქვენი დობილი.
ქორი
ლაჰილის გულში ახლა ცეცხლი ტრიალებს!
არ იმჩნევს თუ როგორ დაუმძიმდა ქმრის განშორება!
როგორ გულს მოხვდა ღალატი სოთრანისა!
დიგორხან
ეგ ახლა უნდა გაამხიარულოთ, ყმაწვილებო.
დღემბურგ
მოგვიტევეთ, ლაჰილ, თუ გაწყენინეთ!
გივერგილა
ჩვენ განა გვინდა ცის ნიავი მოგაკაროთ?
იშმაგ
ბრძანე და გინდა ეშმაკს შევებმი!
ორბინე
შენ რომ გეთქვა, თეთნულდზედაც ავიდოდი!
ლაჰილ
რა ბავშვები ხართ! გულუბრყვილონი.
გივერგილა
შენ ოღონდ თქვი... სოთრანს შეკოჭილს აქვე მოგგვრით!
დანარჩენი
ჰო, ოთხივენი. ახლავე გადავარდებით!
ლაჰილ
არ გაბედოთ! ეგ თქვენი საქმე არ არის... იმას დასჯის ხელისუფლება.
ფარდა
მოქმედება მეოთხე
იდ
გამოქვაბულში
ბიმურზ
ვინ აფხაჭუნებს კარებს? ვინა ხართ ამ ჭენჭეხში?
ხმა
მგზავრები ვართ გაჭირვებულნი... შეგვიბრალე...
ბიმურზ
სტუმარი ღვთისაა... აბა, შემოდით, როგორ? სოთრან ხარ? რამ მოგიყვანა? არგიშდიმ გამოგგზავნა? რა იყო ესე სასწრაფო? ამ ამინდში როგორ გაგიმეტა? ეგ ვიღაა ნაბადში ძლივს რომ მოსჩანს? რა არის! ენა წაგერთვა? მიამბე, აბა რას მითვლის არგიშდი?
სოთრან
არგიშდი არას გითვლის ამჟამად... ეს მე მოვედი ჩემის ნებით და... ეს კი გურანდაა...
ბიმურზ
გურანდა? არგიშდის თვალისჩინი? შენი ბიძაშვილი?
გურანდა
დიახ, მე ვარ, ბიმურზ...
ბიმურზ
თქვენ სასიკეთოდ არ წამოსულხართ, ვატყობ უკვე... ჩემთან რა გინდათ?.. ნათესაობის გამტეხთ, განა მე კი შეგივრდომებთ?
სოთრან
სხვა გზა არა გვაქვს...
გურანდა
სხვა ვინ შეგვივრდომებს... რჯულის მცველი ლმობიერი... უნდა იყოს, ვფიქრობდი გულში...
ბიმურზ
მერმე რჯულის მცველმა რჯულის დამრღვევთ უნდა მიხედოს!
ქორი
ბიმურზი ანგარია ყმაწვილებო!
ბიმურზს უყვარს ძღვენი და სამსახური!
ბიმურზი ქრთამსაც შეიწირავს!
ბიმურზ
ეგეც არ იყოს, გინდათ არგიშდიმ სულ ერთიანად გამანადგუროს... ჩემი სახსენებელი აღგავოს ამ ქვეყნიდან?
გურანდა
გემსახურებით, ბიმურზ ბატონო... ნუ გაგვწირავთ!
სოთრან
ყმად დაგიდგებით, ბიმურზ, შეგვივრდომე!
ბიმურზ
თქვე სულელებო! მე რომ შეგივრდომოთ კიდეც, აქ ვინ დაგაყენებთ, ამ წმიდა ადგილს?.. რომ მოგაგნონ... მდევრებისა არ გეშინიათ?
სოთრან
მდევრები რას გვიზამენ თუ შენ გადაგვეფარები. ეს წმიდა ადგილია. ეჭვს გაჰფანტავს.
ბიმურზ
რა სამსახური შეგიძლიათ, რაში გამომადგებით?
გურანდა
ჩოხას მოგიქსოვ ისეთ მტკიცეს, გასძლოს ცხრა წელიწადი...
სოთრან
ირემს მოგინადირებ ქორ-ბუდიანსა, ხორცს მიირთმევ... ტყავს ჩაიცვამ, რქებს სამკურნალო წამლებში გალესავ...
ბიმურზ
ჩოხისათვის რჯულს ვერ გავტეხ! ირმისათვის არგიშდის ვერ მოვიმდურებ.
სოთრან
იწამე შენი ღმერთი, ბიმურზ!..
გურანდა
მუხლებზე მოგეხვევი... კალთას ცრემლით დაგილბობ...
ბიმურზ
მეცოდებით, ბავშვებო!
სოთრან
მიბრძანე სხვა რა გავაკეთო? შენი მონა ვარ!
ბიმურზ
შენ მას ვერ შემისრულებ. მე ოქრო მინდა.
სოთრან
ოქრო?
გურანდა
ოქრო?
ბიმურზ
რა გაქვთ სათქმელი?
სოთრან
ოქრო იმდენი გვაქვს... ჯორკიდებული!
ბიმურზ
ჰა, ჰა! თქვენ ოქრო! აბა, საიდან? ეეჰ, სვანეთში ოდესღაც იყო ოქრო. ჩვენთა წინაპართ სცოდნიათ მისი გამოდნობა, ენგურის ნაპირზე თურმე იყო... ამბობენ სადღაც გამოქვაბულში ახლაც იპოვება... ბედნიერი მიაგნებს!
სოთრან
სწორედ გამოქვაბულში...
ბიმურზ
რა?
სოთრან
ვიპოვნე ოქრო.
ბიმურზ
მართალს ამბობ?
გურანდა
თანაც გვაქვს ცოტაოდენი... ჰა. თუ არ გჯერა.
ბიმურზ
თვალებს არ უჯერი. სწორედ ოქროა. ძველი ბაჯაღლო.
გურანდა
ბევრი ნახა ესეთი სოთრანმა!.. ქილებშია თურმე ჩაწყობილი.
ბიმურზ
არავინ იცის ეს ამბავი?
სოთრან
ჩვენ ორის გარდა.
ბიმურზ
ოჰ, ყმაწვილებო! ანაგელოზები ხართ... ჩვენმა ღმერთებმა მომიგზავნეს თქვენი თავი! სწორედ ოქროა, მერმე რა ძველისძველი. ხედავთ რაშია ზედ დახატული და კისერში ისარი აქვს გაყრილი. მარჯვენა ფეხზე, აი აგერ პურის მარცვალია აღმოცენებული... ჰა, ჰა! გმადლობ შენ, კალის წმინდაო კვირიკე, რომ ესეთი სიბერე მომასწარი... სად ნახე ეს განძი, სოთრან?
სოთრან
დიდძალი მოსჩანს... განა მარტო ფულები: ოქროს სკამია, ოქროს ხბოს თავი...
ბიმურზ
გავკეთებულვართ... სად არის, სად?
სოთრან
ჭვიბერში, ნენსკრას, ჭვიბრულდის ხეობაში...
ბიმურზ
მართალი არის, ოდესღაც სვანეთის გლეხკაცობას ეკუთვნოდა ეგ არემარეც... სწორედ მანდ ნახა ერთ დროს ვინმე ნავლად ვიბლიანმა განძეულობა... ახლა თქვენ რა გინდათ?
გურანდა
შეუღლება გვინდა, ბიმურზ...
სოთრან
თქვენი კურთხევა.
ბიმურზ
ჩემგან რომ ძნელია ამის ჩადენა?
გურანდა
მაგ სიძნელეს ამის სიმძიმე შეანელებს.
ბიმურზ
შეხე ეშმაკსა... ჰოდა რა არის ახლა ვიხსენებ... ძველად სვანეთში ბიძაშვილები ირთავდნენ ერთმანეთსა... მათ ვინმე წარჩინებულთაგანი აქორწინებდა... კარები ჩაჰკეტეთ. ჩაკეტილია? დადექი აქ... დაიჭით ეს სანთლები. მე ვიწყებ ჯვარის წერას: გურანდა! გსურს თუ არა შეეუღლო არგიშდის ძის ძეს სოთრანსა?
გურანდა
რას მეკითხები? როგორ არ მსურს... მაშ მე ჭენჭეხში რისთვის გამოვიპარე?
ბიმურზ
შე სულელო! წესია ესეთი. ხუცესმა უთუოდ უნდა ჰკითხოს.
გურანდა
ჰოო!
ბიმურზ
სოთრან! გსურს თუ არა შეირთო არგიშდის ძის ასული გურანდა? თქვი - „მსურს“.
სოთრან
მსურს!
ბიმურზ
ახლა დასხედით - ერთიმეორეზე გადაგაბამთ... ახლა გვირგვინსაც დაგადგამთ. (მოიტანს ვაზის რგოლებს. თავზე დაადგამს). ლოცვა იერუსალიმისა, მათი ჯვარითა, მათი პირითა... გაკურთხოთ და შეგაუღლოთ უკუნითი უკუნისამდე მონა და მხევალი ღვთისა სოთრან და გურანდა. კვართი კვართალი, ვაჰანდელეს, ექს-მელექს, ფარა მოწაფეთა მისთა. იამენ. (კარებზე ბრახუნი). დაიცადეთ, მდევარია! ჩააქრეთ სანლები. ადით ზევით.
იე
არგიშდისას
არგიშდი
თუ გინახავთ თქვენ ბერიკაცი ესე დასჯილი, ვით მე ვარ ახლა? თავსლაფდასხმული, შერცხვენილი, ყელგამოჭრილი... გელახსანი მიდის თეთნულდზე. მას ხელს არ უშლის სამართალი, ხელისუფლება! მე რომ მივმართე ამ სამართალს, შეურაცხმყო, პირში დამცინა! ეს არ მაკმარა, სატუსაღოც მაგემებინა და არ მაცალა ჩემის ხელით შური მეძია... მიდის გელახსან და მას გზაში ვეღარ შეაფერხებს ჩემს სამაგიეროდ მიჩენილი შურისმგებელი. სოთრანმა საქვეყნოდ თავი მომჭრა, ცოცხლად დამარხა თავის თავიც და დიადი დავალებანიც... ოი, გურანდა! შენ გიგლოვო, შენ, რომელმაც ლაფი დაასხი ჩემს ჭაღარას? დაგმე ოჯახის სიმტკიცე და შეურყევლობა... უმანკოება და სიწმინდე ანგელოზისა?.. ვით ძუკნა ძაღლი შენ ყოფილხარ ამძუკნებული და არ დაზოგე, მრუშობისგან გაგიჟებულმა, სისხლი და ხორცი, ღვიძლი შენი... ფუი, დიაცო!
ციქვლიდ
იჰ, ციქვლიდ, ციქვლიდ!.. მოხველ დამცინო, გაიხარო ჩემის უბედურებით?
ციქვლიდ
არა ვიცი რა. მოველ გავიგო, სად არის სოთრან? რად უღალატა ან სიტყვას ან მოვალეობას?
არგიშდი
ვის უღალატა?
ციქვლიდ
თეთნულდზე ასვლას.
არგიშდი
შენც მაგას ჩივი? მაგრამ შენ სხვაგვარ... მე კი არ ვჩივი - ზარ განხდილი ვარ! ცა რისხვით ჩემზე გადმობრუნდა... ცოდვა მეკითხა!
ციქვლიდ
რა მოხდა რა?
რძალი
სოთრანმა გურანდა მოიტაცა და მიიმალა.
ციქვლიდ
მისი ბიძაშვილი?
არგიშდი
რას კითხულობ, ციქვლიდ... ან რად გიკვირს... შენი ბრალია! თქვენი ბრალია ნასწავლების! გარყვენით ხალხი, მას წაართვით ოჯახი, რწმენა! აღარც ზნეობა და სიწმინდე ნათესაობის! გვანგრევთ და გვაქცევთ... აი, ინგრევა ჩემი სახლიც, აქამდი რომ სიმტკიცით იდგა.
ციქვლიდ
არგიშდო! აქ ზნეობის შერყვნილებას ადგილი არ აქვს, არც ამ დროის მოტანილია. ეს მუდამ იყო, არის ხანა ახალგაზრდობის, როს დაწყვილება მოურევნელად მოუნდებათ.
არგიშდი
და-ძმას, შე კაცო?
ციქვლიდ
ჯერ ერთი და-ძმა არ არიან ერთიმეორის, ბიძაშვილები სხვა ქვეყნებში ახლაც უღლდებიან, ჩვენშიც ყოფილა... ნასწავლებს კი რას ერჩი შენა და ან ამ ხანას? განა ვინმე ქადაგობს ზნეობის შერყვნილებასა... პირიქით!
არგიშდი
სცრუობ, ციქვლიდ! ჰაერს მოაქვს ეს ახალი სენი, იგი ჰაერში დაფრინავს, სწამლავს მას და აი, ჩვენი მამრთელებელი მთის ჰაერიც მოწამლა, შებილწა ჩვენი ღვთაებანი, შერყვნა ჩვენი ადათი და ჩვეულებანი, დაამხო მამაპაპისეული სინდისი და ქველობა... ოი, ჩამქოლეთ!
ქორი
არგიშდი, ეგრე ნუ წუხდები!
ნუ დაუძლურდები!
ზომების მიღება გმართებს!
არგიშდი
დიახ... მართალია! მესმის ხმა ჩემი სინიდისისა! აღარ მარგებს სივალალე... კვლავაც უნდა ზომებს მივმართო... მოახსენე შენს მეგობარს, იმ უღირსი კაცის მეუღლეს და მის როკაპ დედას დიგორხანსა, რომ მე თუმცა სხვაფრივ შემარცხვინა, მაგრამ გულით ვხარობ, რომ სოთრანმა თავისი სიმარჯვე ვერ მოიხმარა. გელახსანს გადაეცი, რომ იმედი მაქვს თეთნულდისაკენ მიმავალ მეთაურს კარგი არ მოუვა და ვერ მიაღწევს საწადელს.
ციქვლიდ
ამის მოციქულად არ გამოვდგები... მხოლოდ კიდევ გირჩევ: ნუ ბორგავ ცუდუბრალოდ, ანგარიში გაუწიე დრო და ჟამსა...
არგიშდი
დიდი ხანია შენი რჩევა აღარ მჭირდება!
ციქვლიდ
კარგად გამყოფოს. (გადის).
არგიშდი
აბა, ახლა. ჩემო ოჯახო! კმარა წუწუნი! არ გავიგონო ამიერით არც ერთი დრტვინვა... საქმეს შეუდექით. ერთი თქვენგანი წავა ბიმურზასთან და გადასცემს, რომ ჩვენს წმინდანებს შეავედროს ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახი... ამიერით მაინც დაგვიფაროს მაცდურებისაგან. რაც გადარჩა, ის მაინც ვიხსნათ. დანარჩენი ახალგაზრდები დაუყოვნებლივ მოედებიან ოთხივკუთხივ მთელ სვანეთს და მოსძებნიან ოჯახის შემარცხვენელს უღირს შვილებს. მხოლოდ ცოცხლები კი მომგვარეთ ორთავენი, ღირსეულ სასჯელს აქ მიიღებენ... აბა, შეასრულეთ! შენ კი, ჩემო რძალო! მოიწვიე გულთმისანი ჩვენი ილყანი და შეალოცვინე, რომ გელახსანს გზა შეუკრას. ახლა დამტოვეთ, ჩემ ღმერთთან მინდა დავრჩე. თავი მეტად დამძიმებული მაქვს.
ივ
გელახსანისას
ამ სცენის დროს, მის პირველ ნახევრამდე დროგამოშვებით მოჩანს როგორ სრულდება არგიშდის ოჯახში რიტუალი შელოცვისა.
დღემბურგ
მაშ, ეს არის ამინდს რომ უჩვენებს? (ხელში ბარომეტრი უჭირავს).
გივერგილა
საოცარი რამ კი ყოფილა!
იშმაგ
ესე პატარაა, ესე მრგვალი და რეები სცოდნია!
დღემბურგ
ღმერთის მაგივრობასა სწევს.
ორბინე
ყანის მუშაობისათვისაც გამოდგება, არა, ლაჰილ?
ლაჰილ
რასაკვირველია, ყოველთვის წინდაწინ იცის ამინდი საით იხრება.
დღემბურგ
მაშ, ახლა გელახსანს კარგი ამინდი უდგას?
ლაჰილ
ნამდვილად. ხვალისათვის კარგი ამინდია... ჩვენის გამოანგარიშებით ხვალ მიაღწევს კიდეც თვით მწვერვალსა.
გივერგილა
ხვალ?
იშმაგ
ნუთუ ხვალ?
ლაჰილ
ასე უნდა ვიფიქროთ.
დღემბურგ
რა კარგია!
ლაჰილ
დიახ, სამი დღის შემდეგ გელახსანი სახლში იქნება და ჩვენ ყველანი ერთად ვიდღესასწაულებთ გამარჯვებას.
გივერგილა
ნუთუ სამი დღის შემდეგ?
ლაჰილ
რა არის, გივერგილ, რომ შენ ყველაფერზე ეჭვი შეგაქვს? შენ ისიც არა გწამს, რომ ავლენ მწვერვალზე!
ორბინე
მართალია... მაგას ისიც არ სწამდა, რომ ყანსავი მას გაჰყვებოდა.
იშმაგ
ბოლოს ხომ ირწმუნა.
ლაჰილ
ახლა ის არ სწამს, რომ სამი დღის შემდეგ დაბრუნდებიან.
დღემბურგ
მაგას წიგნში დაწერილისაც კი არა სჯერა.
ლაჰილ
როგორ თუ წიგნში?
დღემბურგ
მე მაგას ვარწმუნებ, რომ წინათ სვანეთის საჭიროებაზე ძალიან ცოტა რამ იხარჯებოდა, ახლა კი სვანეთს დიდი ყურადღება აქვს-მეთქი მიქცეული.
გივერგილა
აბა, ეგ სადა სწერია, სად?
იშმაგ
მეც წამიკითხავს.
ორბინე
ოო, იმაში?.. იქ ჩვენზე ბევრი რამ სწერია.
გივერგილა
მე ეგ არ მინახავს.
დღემბურგ
იმის სია თუ ჩვენზე რა იხარჯება, მე გადავწერე და წავუკითხე კიდეც ჩვენ სოფელს.
გივერგილა
აბა, მაჩვენე!
(შორიდან მოისმის შესაზარი ყვირილი).
ლაჰილ
რა მოხდა?
გივერგილა გარბის
რა საზარელი ხმა მოისმა? ქალებიც გაჰკივიან... ნეტა რა მოხდა?
იშმაგ
ჩვენში ეგეთი ჩვეულებაა.
ორბინე
როდესაც ვისმე სიკვდილს გაიგებენ.
დღემბურგ
მაშინ მიცვალებულის ჭირისუფლები გაჰკივიან...
ლაჰილ
ხმა თითქო ჩვენი სახლიდან მოდის.
იშმაგ
გივერგილ გეტყვის.
ლაჰილ
ნუთუ რაიმე მოხდა?
ორბინე
გივერგილა მორბის.
დღემბურგ
მასთან ორი კიდევ.
ლაჰილ
ნუთუ? შეუძლებელია.
გივერგილა აქვითინებული შემორბის და ლაჰილის წინ მუხლებზე დაეცემა.
ლაჰილ (გაქვავდა).
რა იყო, გივერგილა?
გივერგილა
ჩვენი გელახსანი...
იშმაგ და ორბინე ლაჰილს აქეთ-იქით ხელს მოჰკიდებენ.
ლაჰილ
(გაკვირვებული მათ ჩამოიშორებს).
არაფერი გამეგება... რა მოხდა?
აღმასკომის თავმჯდომარე და ყანსავ
თავმჯდომარე
ლაჰილ... ლაჰილ... ვაი ჩვენ... აღარ გვყავს გელახსან!
ძმები ლაჰილს ისევ ხელს ჰკიდებენ.
ლაჰილ
თავი დამანებეთ! არა! მე სახეს არ დავიკაწრავ და არც თმებს ჩამოვიშლი! როგორ იყო, რა იყო?
თავმჯდომარე
აგერ ყანსავი! მან მოიტანა ეს საზარელი ამბავი.
ლაჰილ
(თითქოს თვალებში სიხარულმა გაუბრწყინაო, მიუახლოვდება. ხელს მოჰკიდებს).
ოო, ყანსავ! შენა? სად დასტოვე გელახსანი? რა დაემართა?
ყანსავ
ჩვენ მივაღწიეთ თეთნულდის მესამე ფერდობს, ყველანი აღფრთოვანებულნი და ხალისიანად ვიყავით, მზიანი დღე იყო და კლდეც არც ისე ქარაფოვანი გვედგა წინ. მივდიოდით მტკიცედ და მხიარულად. გელახსანი წინ მიდიოდა, ერთი მეორეზე გადაბმულები არ ვიყავით, რადგან ამაზე ბევრად უფრო საშიშარი ადგილები უთოკოდ გავიარეთ...
დღემბურგ
ნუ აჭიანურებ... თქვი ჩქარა რა მოხდა?
ლაჰილ (ჯიუტად)
აცალე, დღემგურგ!
ყანსავ
უეცრად ერთი გამყოლი, რომელიც სწორედ გელახსანის შემდეგ მიდიოდა, საცოდავი ყასბულათი, წაბარბაცდა და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა.
(ლაჰილ ისე დაძაბულად ისმენს თითქო თვითეულ სიტყვას ჰყლაპავსო).
ჩვენ გასამხნევებელი დავცით ყიჟინა, მაგრამ ეტყობა, რომ ყასბულათმა წამოდგომა ვერ მოახერხა, რადგან მეორე ფეხიც დაუცურდა. ამ დროს გელახსანი ელვის სისწრაფით მობრუნდა და მის წინ წერაქვით საფეხური ამოუღრუტნა. ყასბულათმა ჩადგა შიგ ფეხი, მაგრამ თავი მაინც ვერ შეიმაგრა და გელახსანს ხელი გაუწოდა, გელახსანმაც ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა, მაგრამ ეტყობა ყასბულათმა ისე ძლიერად ჩასჭიდა ხელი, რომ გელახსანსაც ფეხი დაუცურდა და... ორთავენი უფსკრულში გადაიხაფრნენ.
დღემბურგ
ვაიმე!
თავმჯდომარე
საშინელი ამბავია.
ლაჰილ
შემდეგ იქ... უფსკრულში?
ყანსავ
იქ ძნელია გადარჩენა. ვერავინ ვერ გაბედა მათ საძებრად წასვლა.
ლაჰილ
სოთრანი კიდევ არ მოინახა?
თავმჯდომარე
საკვირველია, სად გადაიკარგა ეგ ყმაწვილი? მას მისი ბაბუა არგიშდიც ეძებს. მან ხომ ქალი გაიტაცა. მისი ბიძაშვილი.
ლაჰილ
ქალი? ის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
გივერგილა
ხედავთ, ლაჰილ შურს იძიებს.
იშმაგ
ლაჰილში ჩვენმა მთებმა გამოიღვიძა.
ლაჰილ
ეს რა არის? საით მიდიან? თან რა მიაქვთ?
დღემბურგ
დიგორხანია და სხვა ქალები.
იშმაგ
მიჰყავთ მამალი. მიაქვთ ჩანგი, მიაქვთ გუდა.
გივერგილა
ისინი მიცვალებულის სულს გამოიწვევენ.
ყანსავ
ესეთია წესი. მივლენ უფსკრულის პირას, სადაც დაიღუპნენ უბედურები და თუ გუდა გაიბერა, მიცვალებულთა სული ცხონებულია.
ლაჰილ
ააჰ, ველურები!
თავმჯდომარე
დროა წასვლისა, დღეს საღამოთი აღმასკომში გადახდილი იქნება სამოქალაქო პანაშვიდი. წავიდეთ, ყანსავ. (გავლენ).
ლაჰილ
ძმებო გიყვარვართ?
ძმები
ოო, ლაჰილ, ლაჰილ!
ლაჰილ
მაშ, წადით და გელახსანი თავის ამხანაგით უფსკრულიდან ამოიყვანეთ.
გივერგილა
წავიდეთ, ძმებო!
იშმაგ
სიხარულით.
ორბინე
ლაჰილისათვის?
დღემბურგ
ისე წავალ, როგორც ქორწილში...
ლაჰილ
თქვენი იმედი მაქვს.
(ძმები გავლენ. პაუზა).
მაშ გელახსან... მიტო, მიტო! ეს მართალია? შენ უკვე აღარა ხარ? ოჰ, რა ბნელა, რა ბნელა!
(ჩაიკეცება).
იზ
უფსკრულის პირას
ჩანგზე უკრავენ, გუდა ჰკიდია, მამალი წამოქოჩრილა. მამაკაცები ფეხმორთხმით სხედან, პაწია ქერახსებით არაყსა სვამენ და ჩუმად იცრემლებიან, დიგორხან მოთქვამს.
დიგორხან
შავი ზეწარი გადაეფარა სამუდამოდ, შვილო ჩემო, შენი მზე ჩაესვენა...
მამაკაცები
ვალალ, ვალალ!
დიგორხან
როგორ მოისურვე შენ, შვილო და, ბატონო ჩემო, უწესო საქმის ჩადენა? ნუთუ შენს ნათელ გონებას და წმინდა, უმზაკვრო გულს მოუნდა წმინდა თეთნულდის შეხება?
მამაკაცები
ვაი ჩვენ, ვაი!
დიგორხან
შენ დაგვტოვე ჩვენ მარტონი და მტრის ნიშნის მოსაგებად გაგვხადე. შერცხვა ჩვენი ოჯახი, სიამაყევ და სიხარულო ოჯახისავ, ჩემო გელახსან!
მამაკაცები
ვალალ, ვალალ!
დიგორხან
განა ასე ახალგაზრდა უნდა მიწადქცეულიყავ და ჩემს ბებერ ცრემლებს უნდა დაეტირე, შვილო ჩემო? ვაიმე! მერე სად? შენი მშვენიერი სხეული უნდა ისე გაიხრწნას, რომ საყვარელმა ხელმა ვერ მოგიალერსოს, ყვავ-ყორნების საგლეჯი უნდა გახდე, შვილო?
მამაკაცები
ვაი, გელახსან, ვაი!
დიგორხან
მე ვეღარ ვნახავ შენს ლამაზ თვალებს, ირგვლივ რომ ბედნიერებასა ჰფენდა. ისინი მე ვეღარ დამიტირებენ... ისინი ვეღარ იხილავენ სააქაოს, ამ ქვეყანას, შვილო! ვეღარ მოუალერსებენ მის საყვარელ ცოლს, უნაზეს ლაჰილს... რად, რად მიგვატოვე ყველა შენიანი, ჰოი, გელახსან!
მამაკაცები
ვაი ჩვენ, ვაი!
დიგორხან
უპატივცემულოდ წახველ ჩვენგან სამუდამოდ. სიცოცხლეში კი ვინ იცის რა სახელი და დიდება მოგელოდა! დაგვტოვე მარტო მტრის ანაბარა... ძუძუები მტკივა, შვილო შენს დამკარგავს. შევიწროვდა გული და ვერ გამომითქვამს მწუხარება ჩემი ულეველი... იტანჯე, გულო, გაწვალდი და გაჯახირდი... დეე, შენი სიმები დაწყდნენ სულ ერთიანად...
მამაკაცები
ვალალ, ვალალ!
იჱ
არგიშდისას
არგიშდი
ო, იხარებს ჩემი გული, იხარებს ჩემი ოჯახი... იღიმება კედლები ჩემი სახლისა და სიხარულის შუქი ადგია ჩემი კოშკის თეთრ ქონგურებს. ყოველგვარი მწუხარება დაჰფარა ამ სიხარულმა. დაეცა მტერი, დაიღუპა, გადაიხაფრა... განადგურდა მტერი ჩემი ოჯახისა, შეურაცხმყოფელი ჩვენი ჩვეულებისა, გამტაცებელი ჩემის ნაშიერისა, ჩემი შვილიშვილი ლაჰილისა. დაიღუპა კაცი, რომელს უნდოდა ფეხით გაეთელა ჩვენი წმინდა თეთნულდი. ის მიდიოდა სპეტაკ მწვერვალისკენ... ჰოი, ჩვენი უბიწო მთების ღვთაებაო, შენ შეისმინე შენი მონის არგიშდის ვედრება. შენ ყურადიღე კვნესა მისი სულისა და არ მიეც ნება, რომ ბოროტ კაცს შეებილწა ჩვენი რწმენა, ჩვენი წმიდათა-წმიდა, რაიც ჩვენა გვწამს უხსოვარ დროიდან ჩვენ წინაპართაგან... იხარე, გულო, ინეტარე სულო ჩემო! დღეს უდიდესი დღესასწაულია, დღეს ზეიმობს არგიშდი! მტერი მიწაზეა განრთხმული... მან ვერ მიაღწია მწვერვალს, უფსკრულში გადაიხაფრა! ასე დაიღუპება ყველა ის, ვინც კი თავის უღირს ხელს გაიწოდებს ჩვენი მთების უბიწოებისაკენ. მინდა ვიცინო, ვიხარხარო! ვამცნო უშბას, ვაუწყო ლაქუცას, შევძრა ჰისტოლა, ვაამო აილაშას, ჯინგითაურს, ლალვორსა და ტიხტენგენს, რომ უფსკრულს გადაიჩეხა ჭიაღუა მათკენ რომ მიხოხავდა! მინდა ვიმღერო, ვიმღერო ისე ძლიერად, რომ ჩვენმა მთებმა მითხრან მოძახილი... მინდა ამ ჰანგით გავაყრუო მთელი ქვეყანა, რომ ყველამ იცოდეს: ჩვენ არსაით არ ვიძვრით, არსად არ მივდივართ და ნურც ისინი მოდიან ჩვენკენ. ხალხო, დაუკარით საზეიმო, მოიტათ ჩანგი, წინწილა, სანთური და ბარბითი. იცეკვეთ, გაიხარეთ!
ქორი
არგიშდი! რა მოგდის?
არგიშდი
ჭკუიდან შევიშალე, გავგიჟდი, მხოლოდ ეს სიგიჟე სიხარულისაა!
ფარდა
მოქმედება მეხუთე
ით
გელახსანისას
გივერგილა
თურმე რა დიდი კაცი ყოფილა ჩვენი გელახსანი?
დღემბურგ
გაიგონეთ, რაც თქვა მთავრობის წარმომადგენელმა?
ორბინე
თბილისიდან რომ ჩამოვიდა?
იშმაგ
მე მაინც ის მინდა ვიცოდე, მართლა დაგვაჯილდოვებენ?
დღემბურგ
უუჰ, რა ანგარი ვინმე ხარ, იშმაგ!
ორბინე
ეს ჩვენი ლაჰილისათვის გავაკეთეთ.
გივერგილა
ლაჰილი რომ არა, მე ფეხსაც არ დავადგამდი.
იშმაგ
ეგ ცხადია, პირველად მე ვთვქვი: სიხარულით-მეთქი.
დღემბურგ
მაშ, სხვა რაღა გინდა?
იშმაგ
არა, მაინც! ჩვენ კინაღამ დავიღუპენით იმ უფსკრულში.
ორბინე
ოჰ, ოჰ, ოჰ! რა კლდეებია! ერთგან ძალიან გაგვიჭირდა მიცვალებულის ამოტანა.
დღემბურგ
ვინ იყო ფეხი რომ დაუცურდა?
გივერგილა
შენი ბრალია, თორემ მე ფეხი დამიცურდებოდა?
დღემბურგ
ჩემი კი არა, შენი, შენ ისე ძლიერად დამეტაკე, რომ რაღაც ფესვებისთვის ხელი არ წამევლო, მიცვალებულიც და მეც ორთავენი გადავიჩეხებოდით.
ლაჰილ
ლაჰილ
თქვენ აქა ხართ, ძმებო?
ორბინე
რას გვიბრძანებ?
ლაჰილ
თქვენი გმირული საქციელისათვის მთავრობამ დაგაჯილდოვათ.
გივერგილა
ოო, ლაჰილ, ლაჰილ!
ლაჰილ
წადით და მიიღეთ... მხოლოდ მე... მე... ვისა ვთხოვო... დანკარგს ვინ ამინაზღაურებს?
გივერგილა
შენ უნდა შური იძიო.
იშმაგ
შენ სვანის ქალი ხარ, ლაჰილ.
ორბინე
შენში მთებმა უნდა გაიღვიძოს!
ლაჰილ
შური ვიძიო? ვისზე? სად?
გივერგილა
მე ვიცი ვისზედაც.
ორბინე
იმაზე, ვინც შენი ქმარი დაღუპა.
იშმაგ
ვინც გელახსანი დაწყევლა.
გივერგილა
ვინც იგი გაზაკვა.
ორბინე
ვინც მუხლში ძალა გამოულია და ხელში ღონე.
ქორი
თეთნულდი კვლავ მიუვალია.
თეთნულდი კვლავ შეუხებელია.
თეთნულდს ჯერ კაცის ფეხი არ გაჰკარებია.
ლაჰილ
დიახ... მართალია, მე თეთნულდზე უნდა ვიძიო შური! მე უნდა ავიდე თეთნულდზე და... მაშინ მომირჩება გულის იარა.
გივერგილა
ახლა შენ გინდა თეთნულდზე ახვიდე?
იშმაგ
თეთნულდზე შური იძიო?
ლაჰილ
დიახ, მე უნდა დავადგა ფეხი მის თეთრს და სპეტაკ მწვერვალს... მხოლოდ მაშინ... სწორედ მაშინ გაცოცხლდება გელახსან...
დღემბურგ
მაშ, წახვალ?
ლაჰილ
უკანმოუხედავად! თქვენ არ წამოხვალთ ჩემთან მეგობრებო?
იშმაგ
თეთნულდზე, ლაჰილ?
გივერგილა
ლაჰილ, გჯეროდეს სიწმინდე თეთნულდისა.
ორბინე
იგი წმინდათა სავანეა.
იშმაგ
იქ კაცი ფეხს ვერ მოიდგამს.
ლაჰილ
უჰ, მშიშარები... ლაჩრები!
დღემბურგ
ნუ იტყვი მაგას, მოვდივარ.
ციქვლიდ, ყანსავ
ლაჰილ
აი ყანსავიც, როდის შეგვიძლიან დავიძრათ?
ყანსავ
თუნდა ხვალ, თუ ამინდი იქნა.
ორბინე
ძმებო, ნუთუ ჩვენ ჩამოვრჩებით?
გივერგილა
ლაჰილისათვის თუნდ ჯოჯოხეთში წავალ.
იშმაგ
და განა მე უარს ვიტყვი?
ციქვლიდ
სად მიდიხარ ლაჰილ?
ლაჰილ
მე, თეთნულდზე.
ციქვლიდ
ფეხი რომ დაგიცურდეს?
ლაჰილ
მწუხარება შემაკავებს.
ციქვლიდ
თვალთ რომ დაგიბნელდეს?
ლაჰილ
შურისძიება გამინათებს.
ციქვლიდ
უსაზღვროებამ რომ მიგიზიდოს?
ლაჰილ
სამაგიეროს წყურვილი მიჯნაზე შემაჩერებს.
ციქვლიდ
თანამგზავრი რომ დაგეკარგოს?
ლაჰილ
ჩემი სევდა მას არ გაუშვებს.
ციქვლიდ
შურისძიების წყურვილი, სევდა და მწუხარება გიშფოთებს სულსა.
ლაჰილ
ჰაი, ჰაი!
ძმები
ჩვენ შენთან მოვდივართ, ლაჰილ, ლაჰილ!
კ
არგიშდისას
ბედან
სოთრან ჯერ კიდევ ვერ მოუძებნიათ. გულით კი უნდათ, რომ დასაჯონ.
არგიშდი
ვინა სჯის იმას.
ბედან
ადგილობრივი ხელისუფლება.
არგიშდი
აჰა, ჩაერია ჩემს საქმეში?
ბედან
არა, მას სულ სხვა საქმეებს აბრალებენ.
არგიშდი
რას აბრალებენ?
ბედან
ერთი რომ გელახსანს უღალატა და თან არ გაჰყვა, ლაჰილი ამტკიცებს თურმე: სოთრან რომ ყოფილიყო, არც ეს უბედურება შეემთხვეოდაო.
არგიშდი
სხვა რაღა არის?
ბედან
გამოქვაბულში რაღაც ოქროები უპოვნია და არ განუცხადებია.
არგიშდი
ოქროები?
ბედან
ბიმურზა მოდის.
ბიმურზა
არგიშდი
ოჰ, ავო კაცო! პირშავო ჩემთან! როგორ მოდიხარ?
ბიმურზ
სინანულმა მომიყვანა შენ კარიბჭესთან.
არგიშდი
ვითომ რას იტყვი?
ბიმურზ
ჩემზე არასა გთხოვ, შეიწყალე ახალგაზრდები!
არგიშდი
ჩემს ხელთ არ არის შეწყალება, უზენაესი დასჯის ყველას, ვინც კი გადახდება მის მცნებას და მის კანონებს!
ბიმურზ
სოთრანს დასჯიან სულ სხვა გზით და სხვა კანონით.
არგიშდი
ჩემი გული არ არის ქვა, მაგრამ უნდა გაქვავდეს. ჩემი გონება არ არის მშრალი, მაგრამ იგი უნდა გამოშრეს... უნაზესი ძაფები ჩემს გულს მოწყდა უკვე და მას ვერ გაამთელებს ვერა რა ძალი სამკურნალო.
ბიმურზ
დიდსულოვნება ხომ თან გახლავს?
არგიშდი
ჩემი ქვეყანა და ჩემი ზნე არ მიბრძანებს, რომ ამჟამად მე ვიყო დიდსულოვანი... არც შემიძლია და არც მინდა!.. ის რაც ანგრევს ჩემს ოჯახს და კერას, რაც მიმღვრევს აზრს და მირყვნის საუკუნოებით გამოკვეთილს ზნე-ჩვეულებას, უნდა ამოშრეს, განიკვეთოს დაუზოგველად...
სოზარ
სოზარ
მომკალ, ბატონო, მაგრამ სხვა ვერავინ იკისრა მოხსენება და მე კი ვბედავ...
არგიშდი
რა არის ეგეთი?
სოზარ
ის, რაც ჩვენს ოჯახს არ განუცდია.
არგიშდი
კიდევ რამე უბედურება?
სოზარ
ქერის ორმოში თაგვი ჩასულა.
არგიშდი
ეგ არის მარტო?
სოზარ
ვაი, რომ არა...
არგიშდი
სთქვი!
სოზარ
ნავლად და თამბრი არაყს რომ ხდიდნენ, გადმოუღვრიათ...
არგიშდი
სხვა კიდევ რაა?
სოზარ
გაბარებული საქონელი, იფარს რომ გვყავდა...
არგიშდი
მითხარ თუ ჭირმა გასწყვიტა.
სოზარ
არა, ბატონო! მოზიარეები არ გვანებებენ.
არგიშდი
ისე დაეცა ჩემი სახელი, რომ მოზიარეებმაც კი ამიგდეს? სხვა არის რამე?
სოზარ
დიახ, ამაზე უარესი: ჩემი ძმის ოტის ცოლი გარდაიცვალა...
არგიშდი
ოჰ, შე ყიამყრალავ! კვლავ გამოცოცხლდი? ზღაპრისაგან თავი გამოჰყავ! ხორცი შეისხი ჩემი შვილის სახით და ამით გინდა შემაკაო? ვერ მომატყუებ: ყიამყრალა ხარ და არა ჩემი ღვიძლი შვილი... (მივარდება, აკავებენ).
სოზარ
მამავ ბატონო! ღირსი ვარ ყოვლის, შენი წყევლის, მაგრამ, რაცა ვთქვი, საუბედუროდ მართალია!
ბიმურზ
კარგი, გაუშვით. გასწი, სოზარ, ნუ ეჩვენები... არგიშდი, სიმშვიდე გმართებს.
არგიშდი
ჰე, ჰე! მე მშვიდად ვარ... აი სულ მშვიდად! ასე რომ ახლა შეგიძლია მესაუბრო უცხო საგნებზე.
ბიმურზ
უცხო საგნებზე საუბარი მე არც ძალმიძს და არც მოვსულვარ მაგისთვის. მხოლოდ შენ შეგიძლია, რომ დაიხსნა შვილიშვილები...
არგიშდი
შვილიშვილები? სად მყავს ისინი? გეკითხები, სად მყავს ისინი?
ბიმურზ
სოთრან, გურანდა...
არგიშდი
ხმა! ერთი კრინტი!.. მე მათ ვერ ვიცნობ... ჰო, ოდესღაც კი იყვნენ ბავშვები, უმანკონი, უბიწონი...
ბიმურზ
სოთრან გიყვარდა.
არგიშდი
ჰო, მე მგავდა.
ბიმურზ
გურანდა კი ბებიამისსა.
არგიშდი
მერმე რა იქნენ? აღარ მახსოვს რა მოუვიდათ? ჰოი, გურანდა! თვალისჩინი! ხომ ისევ ისე ლამაზია?
ბიმურზ
მშვენიერია... გაიფურჩქნა, გადაიშალა და გონებითაც ძლიერია, ბრგე, ახოვანი.
არგიშდი
ასე ვფიქრობდი, სწორედ ესე მეგულებოდა.
ბიმურზ
ვერ წარმოიდგენ, იმ ოქროების საქმეშიაც რა დიდი ჭკუა გამოიჩინა, როგორ ბრძნულად იგი მოქმედებს, ვერ შეარყია თვით სოთრანის დატუსაღებამ.
არგიშდი
რა სთქვი შენა? ოქროებიო?
ბიმურზ
ჰო, ოქროები. აი, არგიშდი... იმდენი არის ეს ოქროები, რომ მითი შენ სულ ადვილად შეავსებ ზარალს, რაც მოგსვლია, სოთრანს დაიხსნი და გურანდას მიანიჭებ ბედნიერებას.
არგიშდი
მე ქრთამს მაძლევ?
ბიმურზ
ჰე, ჰე! რა ოხუნჯი ხარ!
არგიშდი
ოხუნჯი შენა ხარ და გონჯი ოხუნჯიც!.. მაშ აი შენ რამ აგიბა თურმე თვალები... შენ, რომელიც მე მიმაჩნდი ჩვენი რჯულის ბურჯად, შენ, რომელსაც ჩვენი ზნე-ჩვეულება, ჩამოსხმული წინაპართაგან, ისე უნდა დაგეცვა, ვით თვით საბაოთ ღმერთსა... შენშიც მოვტყუვდი! ანგარიშისათვის შენ წიხლი დაჰკარ რჯულს, გაჰქელე ადათები, ყური აავლე სისხლის შერევას და ახლა მე მიბედავ, რომ ოქროები შემომაძლიო? ოოჰ, თავო ჩემო, რაზომ მოვსტყუვდი ამ ცხოვრებაში! ის რაც მწამდა, ყველა დაემხო: თვით რჯულის ბურჯიც თურმე ყოფილა ფუტურო რამ, გამოფიტული; შენიანებმა შენ გაგწირეს, ან ოჯახი თავზე გენგრევა. უსაყვარლესი ნაშიერი გადაგექცა თავის მომჭრელად... უბედურება დასადგურდა თვით შენს კერასთან... ჰოი, ღვთაებავ! ნუთუ შენა გსურს რომ გამომცადო როგორც იობი და ყოველი მხრით მომაყენო მე განსაცდელი.
ბედან
ბედან
არგიშდი! უფროსი რძალი გეკითხებათ, როდის ინებებთ დაიტიროთ საცოდავი ოტის ცოლიო? ამას გარდა შელოცვის წესის აღსრულებას ხომ არ ბრძანებთო?
არგიშდი
შელოცვა რისთვის?
ბედან
აკი თეთნულდზე.
არგიშდი
კვლავ თეთნულდი?
ბედან
დიახ, თეთნულდზე ამ დღეებში ასვლას აპირებს გელახსანის მეუღლე თურმე!
არგიშდი
ჰოი, მოზღვავდით, მოიჯარენით უბედურების თქვენ მოციქულნო! ნუ, ნუ მაკმარებთ საოჯახო მე განსაცდელთა, ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფის პირისპირ კვლავ მე დამაყენეთ...
კა
თეთნულდის მწვერვალი
ქორი
ლაჰილ უკვე ავიდა შენს მწვერვალზე, თეთნულდ!
ლაჰილ
შენს სპეტაკ მყინვარს უკვე შეეხო ფეხი ადამიანისა, ფერხნი ქალისა! სირცხვილი შენ! მე ქალმა ვიძიე შური, თეთნულდ! ამიერიდან აღარ ხარ უბიწო და ქალწული!
გამყოლნი
თეთნულდ, თეთნულდ!
ლაჰილ
მე აქ შემოვდგი ფეხი და ჩემი ქმარი, ჩემი აქ მოსვლით მკვდრეთით აღსდგა ჩემთვის... იგი ჩემთვის უკვე ცოცხალია. გელახსან ცოცხალია, თეთნულდ! და ახლა მე მსურს ყიჟინა დავცე, მთელს დედამიწის ზურგს, ვამცნო თუ მე, ქალმა, როგორ ვიძიე შური!
გამყოლნი
თეთნულდ! თეთნულდ!
ლაჰილ
შენს აქამდე ცივსა და მიუკარებელ უმწიკვლო თხემს უკვე ამშვენებს რევოლუციის ამაყი დროშა. შენი ზვიადი და ამპარტავანი თავიც ჩაიზნიქა მის სიდიადის ზეშედგომით... ეს დროშა უკვე ლაღად ფრიალებს შენს აქამდე მიუწვდომელს მწვერვალზე.
გამყოლნი
თეთნულდ! თეთნულდ!
ლაჰილ
სიხარულისაგან მინდა შენი ველური თხემის მოედანი დავკოცნო კიდევ უფრო გაველურებულ ჩემი ჟინიანის ფეხებით. მინდა ამ მოლიპულ ყინულზე შენის შეუხებელის ქედისა, ჩემის ფეხებით მოვხაზო საშინელი შურისძიების სიტყვები: თეთნულდ დავიმორჩილე მე, გელახსანის მეუღლემ, ლაჰილ გირანდუყმა... დაგიმორჩილე შენ, თეთნულდ, და ეს არის ჩემი შურისძიება!
კბ
აღმასკომთან მოედანზე
(ბუკს აყვირებენ, ხალხი ნელი-ნელ იკრიბება)
თავმჯდომარე
ამგვარად, ამხანაგებო, დღეს ემცნო მთელ დედამიწის ზურგს საამური ამბავი თეთნულდზე ადამიანის ასვლისა და მხიარულებისაგან ზანზარებს დედამიწა! დღეს ეუწყა მთელი ქვეყნის დაჩაგრულთ, რომ დროშა სიმართლისა, დროშა მრისხანე რევოლუციისა აღიმართა უმწიკვლო, ყინულოვან ქედზედაც... თქვენთან ერთად იხარებს საუკეთესო ნაწილი კაცობრიობისა და აი, ამის ნიშნად დღეს მოგივიდათ თქვენ იფქლი უამრავი, შესამოსელი უხვი, მარილი აურაცხელი.
ხალხი
- გაუმარჯოს ხალხის გმირებს!
- გაუმარჯოს თეთნულდზე ასულთ!
- თეთნულდის დამთურგვნელებს!
- გამარჯვება მათ!
- გამარჯვება კი არა, სირცხვილი!..
- ვაი, ჩვენ!
- ვაი, თეთნულდს!
- ხედავ აგერ არგიშდი მოჰყავთ!
- არგიშდო, არგიშდო!
- ჩუმად, ყური დაუგდეთ!
- თავმჯდომარე ლაპარაკობს, თავმჯდომარე!
მოედანზე ხალხი ორად გაიყოფა, უმრავლესობა უსმენს თავმჯდომარეს, მეორეს მხრით კი ქორის წევრებთ შემოჰყავთ არგიშდი და მის წინ შეჯგუფდება რამდენიმე
არგიშდი
(ქორის წევრებს უკავია)
აღარა ღირს სიცოცხლე! ეშმაკები და ჭინკები დაეპატრონენ ჩვენს თავს, ჩვენს მთებს და ამ მთების ამაყ სულსა. ვაი, თეთნულდ!
ქორი
თეთნულდ, თეთნულდ!
არგიშდი
თეთნულდ, შენც მიუვალო და შეუხებელო. შენ ტახტო ჩვენი შეუვალობისა, ვაი, შენდა, რამე თუ სირცხვილეულ იქმენ. ქალმა ფეხი დაგადგა... შენი სპეტაკი ჭაღარა შებღალა ცთუნებისათვის გაჩენილმა... ვაი, შენდა!
ქორი
თეთნულდ, თეთნულდ!
არგიშდი
შეიბღალა სიწმინდე პირვანდელი, სახე წარუყვნელი და სისპეტაკით შეჯავშნული სხეული შენი. უწმინდურმა ბარძაყებმა გადაგალაჯეს და აგართვეს ნამუსი საუკუნოვანი.
ქორი
ვაი, თეთნულდ, ვაი!
არგიშდი
დაგვმარხე ჩვენცა და შეგვბილწე ჩვენც შენი სიწმინდის მორწმუნენი... რაღანი ვართ ახლა, ოდეს განვიძარცვენით ჩვენი რწმენისაგან და თეთნულდი აღარ წმინდანობს ჩვენთვის...
ქორი
თეთნულდ, თეთნულდ!
არგიშდი
ფუჭია ამიერით ჩვენი ცხოვრება! სიმტკიცე ჩვენი დამსხვრეულ არს, სიწმინდე ჩვენი შეგინებულ; აზრი ჩვენი დარღვეული, ზნენი და ჩვეულებანი ჩვენი დამხობილი... აღარა ღირს სიცოცხლე, არა აქვს მას ნიშატი არსობისა...
ქორი
ვაი, შენდა, მთაო შემწიკვლულო!
ვაი, ჩვენ განადგურებულთა!
თავმჯდომარე
(განაგრძობს თავის ჯგუფში)
მომავალში მოგივათ სინათლე! აქ შემოვა გზები რკინისა და ფოლადისა. აქ აგუგუნდება მანქანები, რომლებიც მოგიტანენ თქვენ გამოსადეგ ცოდნას, რაიც შეგიმსუბუქებთ თქვენ სასტიკ ბუნებასთან ბრძოლას, რაიც მოგანიჭებთ ადამიანობას და გაგათანასწორებთ კაცობრიობის მოწინავე რიგებთან.
ხალხი
- გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს ხელისუფლებას!
არგიშდი
ჩემი ოჯახი?.. სადღა არის ჩემი ოჯახი? იგი დაირღვა? იმათ შეუერთდა?
თავმჯდომარე
და ვინც ამას დღეს ვერ შეისმენს, იგი დარჩება მარტო ეული, როგორც ეგერ მინდვრად დარჩენილი ფუღურო მუხა, ის იმდენად მიხრწნილია, რომ მისი გამომწვარი და შერუჯული გულ-მკერდი მწყემსებსაც ვეღარ შეიფარებს, რადგან მთის გრიგალი და შლეგი ქარი შიგ ლურსმნებივით შეერჭობა მის გაცხავებულ ქერქს, თქეში წვიმა ღვარებად ჩამდინარდება...
არგიშდი
ვაი, ჩემდა! (თავს იკლავს, ხალხი შედრკება).
ხალხი
- რა იყო?
- რა მოხდა?
- ვინ ბედავს თოფის სროლას?
- რა დროს ეგეებია?
ქორი
გარდაიცვალა არგიშდი, უფროსი ძველი ოჯახისა!
თავმჯდომარე
ეგ არაფერია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაითრგუნა ძველი ცრუმორწმუნეობა, რომ უმეცრება წავიდა ჩვენგან.
კგ
თეთნულდის მწვერვალი
ლაჰილ
(შუაშია, გამყოლნი ფერხულს უვლიან)
მე დაგიმორჩილე შენ, თეთნულდ, გელახსანის მეუღლემ, ლაჰილ გირანდუყმა.
ქვევით განათდება ერთი წერტილი, საცა ციქვლიდი ბლოკნოტში იწერს
ციქვლიდ
ეს მოხდა 1930 წ. საბჭოთა ხელისუფლების დროს!
ფარდა
1931 წ.
∗ ქორი პიესაში გამოყვანილია ანტიკური თეატრების „ქორის“ მსგავსად.
ძმები
შვილები
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი