გეთიაშვილი რეზო
გაზიარება

ი. ნ.–ს ექსკლიუზივი

დაისვენებდი – ვენეცია, მკვდარი ივლისი,
გათრობდა წვიმა, წვიმის დედა, ნერვებს აიშლი.
გათრობდა ბრიზი, სიჩუმეა, ნიშნად იმისა,
რომ საიდუმლო საიდუმლოდ გახსნა ჩაიში.

ახლა გაქრება (სულ ცოტა ხნით მაინც) ერესი
და ფოთლებივით ჩამოცვენილ მკლავებს წაითრევს,
შენი ამბები უაღრესად მაინტერესებს
და წელიწადში ერთი–ორი მკვდარი საათი

და შემოდგომას გამოაღებ, როგორც მაცივარს,
ნელ–ნელა ვნებაც გაბაცდება, როგორც „ზაგარი“,
როგორც სხეულში ჩანიშნული მზის კრემაცია
და ღამეები, რამდენიმე, ფერფლისმაგვარი.

დაისვენებდი, ვენეცია, მკვდარი ივლისი,
გათრობდა ტალღა, სველი თმები ძლივსღა გაიშრე,
იჯდები ასე, მოწყენილი, გარდა იმისა,
რომ საიდუმლოს საიდუმლოდ გახსნი ჩაიში.

??????