მინიმები
გეფიცები, ჩვენს შვილს როცა აძინებ,
დედამიწა ბრუნვას წყვეტს და ირწევა.
===
მათ რომ იცოდნენ
ჩვენი სიყვარულის ისტორია,
მთელი სამყარო ჩვენს გარშემო ილიტანიებდა.
ეპილოგი ბრმის დღიურიდან:
ვკვდები,
ხვალ ჩემთვის პირველად ამოვა მზე...
====
შენს თვალებს რაც უფრო ხშირად ვუყურებ,
უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში,
რომ ვიღაცამ ცა ვადაგასული საღებავით შეღება...
===
ყოველი შეხვედრის ბოლოს შენ მემშვიდობებოდი,
მემშვიდობებოდი სიტყვებით:
"მიყვარხარ, დროებით",
მე კიდევ მხოლოდ დღეს მივხვდი,
რომ შენ მართლაც დროებით გიყვარდი...
===
ყველაზე იღბლიანი უიღბლო გამოვდექი,
შენ რომ გაგიცანი და
შენ რომ მეძავი ხარ.
=
წამოდი ბეატრის,
ავიდეთ იმ ცათამბჯენის სახურავზე,
სადაც თებერვლის სუსხიან ღამეს,
მე მოგატყუე,
და დაგარწმუნე იმაში,
რომ ბედნიერება სულაც არ ჰგავდა დღენახევრიან პეპელას...
=
მათხოვრის ფეხი-
ყველა ზომის ფეხსაცმელს ირგებს.
=
მზის ამოსვლა-
შენი გაღვიძების რეზონანსი.
===
ჩვენ ორნი -
უნაშთოდ ვიყოფთ ერთ საწოლს.