ჩაღმა ჩაყრილო ჩემო ვენახო! ექსკლიუზივი
გულს მომეკიდა რაღაც ზმანება,
ნეტავ მეორედ არამც მენახოს,
ისევ აგჩეხეს მომხდურთ დანებმა,
ჩაღმა ჩაყრილო ჩემო ვენახო.
ქვევრებს ყელები შემოამტვრიეს,
მწყურვალედ დამრჩა ჩემი ხელადა,
და გულში ბოღმა ვეღარ დავტიე,
რისხვად გავიჭერ მტრის წინ ხელადა.
ამოვიგმინე, ძმა რომ განგმირეს,
ალალ მკერდიდან სისხლი გვადინეს,
მეფეს შემარქვეს მოჯამაგირე
და ჩვენს ტაძრებზე გადინადირეს.
წამართვეს ჩემი წმინდა ანბანი,
`დედაენა~ და ფუნჯი წამართვეს,
სისხლიანია ჩემი ამბავი,
ჰკითხეთ მშობლიურ მთებს და წარაფებს.
ჩემი მიწიდან სადღაც გამგზავნეს
და გამიყენეს კვლავ მუჰაჯირად,
და ვრეკავ ზარებს, მრისხანე ზარებს,
განა ჩემსავით ვინმე დასჯილა?!
მაგონდება და როგორ მათრთოლებს,
რა იყო ნეტავ _ სიზმარ-ზმანება?!
განა ჩემი მზე ისევ დამტოვებს
და გული ჩემი გაიბზარება?!
ჩაღმა ჩაყრილო ჩემო ვენახო,
ისევ ვენახობ... და ვწურავ ღვინოს,
შენს ცრემლებს თვალში მე შევინახავ,
რომ ორგულებმა ვერ გაიღიმონ.
ჩემი სამკვიდროს დაძაბუნება
უკუნისამდე ნურამც მენახოს,
ჩემო ქვევრო და ჩემო ვენახო,
ჩაღმა ჩაყრილო ჩემო ვენახო!