რურუა პარმენ
გაზიარება

ჩემი ნობათი ექსკლიუზივი

როდესაც მოვკვდე, სამარადჟამოდ
წუთისოფლიდან გადავიბარგო,
ამას გთხოვ მხოლოდ _ ეს მცირე შრომა
შემინახო და არ დამიკარგო.
რა მაბადია, რომ გიანდერძო
მე სხვა სიმდიდრე ამ წიგნის მეტი,
ნუ დამიტოვებ მას უთვისტომოდ,
გებარებოდეს იმისი ბედი.
არ დამებინდოს ლექსი ნათელი,
სიტყვა უბრალო, წმინდა და თეთრი,
აბჯარზე დაკრულ ბასრი ხმალივით
დე, წკრიალებდეს რითმები მკვეთრი.
გზა არ აებნეს ლაბირინთებში,
სწორად მიჰქროდეს, როგორც ისარი,
მისთვისაც, ალბათ, აღმობრწყინდება
დანისლულ ცაზე დილის ცისკარი.
დუმილის ზღვაში ვერვინ ჩაძირავს
წრფელ აზრებს, გრძნობებს _
მსუბუქფრთიანებს,
თავისუფლება უყვარდათ მუდამ
და ეყვარებათ ადამიანებს...
ეცადე, ჩაწვდე ცხოვრების გზაზე
ამ სიმღერათა უცნობ სამყაროს,
რომ ჩემი ლექსის მიმცხრალი შუქი
შენმა ხელებმა შორს გადაღვაროს!

??????