მეტრეველი ბორის
გაზიარება

ოცნება ექსკლიუზივი

თენდება, მესმის ჭიკჭიკი ჩიტთა,
ვაზნარში ვდგავარ ისე, ვით მეზვრე.
მზე ამოდის თუ ეგრისის ტყიდან
შენ შემოდიხარ კოლხეთის ველზე?

თვალწინ ცოცხლდები ღვთაებასავით
და ელფერს მატებ მშობლიურ მხარეს,
ამშვენებ, როგორც ცისკრის ვარსკვლავი
კოლხეთის ველს და რიონის ჭალებს.

მზერად ვიქეცი. ტანკენარ ქალწულს
როგორ გიხდება კაბა მზისფერი
საით ისწრაფვი, ვის ახვევს თავბრუს
ეგ მოელვარე თვალთა ისრები?

ტანზე ცეცხლივით დარდი წამკიდე,
გამწყრალი გული გონებას ებრძვის,
მტრედო, ბუდიდან შორს არ გაფრინდე,
ჯანდაბას იქით ის ოქროს ვერძი!

სულში დაირხა შიშის ქარები,
გიცქერი, სიმწრის ოფლით ვსველდები,
ასე წარმტაცი და საყვარელი
უცხო მიწისთვის არ მემეტები.

წინ მიისწრავი, როგორც ირემი,
კარგავ მშობლიურ ცასა და ხმელეთს,
შენ სიყვარულის გრიგალს მიყვები,
როგორც ნაფოტი რიონის ჩქერებს.

ველზე დაგრძელდნენ ჩრდილები ხეთა
და უბაცდება ლამაზ დღეს ფერი.
შავი ზღვის იქით მზე ჩადის ნეტავ,
თუ შენ დატოვე კოლხეთის ველი?

??????