ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

ღამის წვიმა 

   ასე რატომ მიყვარს წვიმა?

   რად მეღვთიურება ასე?

   უთუოდ დიდი ხნის წინათ

   წყლის სული ვიყავი ცაზე.

 

   ვიყავი პლანეტის სისხლი,

   ვიყავი ღრუბელი, ცვარი,

   ახლა ჩემს ძარღვებში ისმის

   ის ძველი მუსიკა, წყნარი.

 

   რა არის: სულების გუნდი?

   ციური ძახილის ექო?

   ვინა ვარ? საით დავბრუნდი?

   სად მივალ? რა გზები მერგო?

 

   როცა იხურება თვალი,

   იხსნება სარქველი სულის,

   წვიმით ვარ გრძნეული, მთვრალი,

   ქურუმი, წყლის უფლისწული.

 

   თითქოს ძვლები არის მღვიმე

   და შიგ გალობენ და მღერენ,

   მირონმდინარეა ღამე,

   ვენებში მიდუდუნებს ღელე.

 

   ღამე გაათია ლექსმა,

   რითმით ეგალობა წვიმას,

   ღმერთო, როგორ მიყვარს ეს ხმა,

   დაბრმავებულივით მიყვარს.

 

   წუთით წამონთებულ შუქზე

   არის ფარვანების ცვენა,

   თითქოს პეპლად იქცა უცებ

   წვიმა და დაიწყო ფრენა.

 

 

   წვიმს. წვიმს. ვიგონებ და ვფიქრობ.

   წვიმს. წვიმს დრო და სივრცე ერთად,

   იყო და თან არა იყო,

   იყო ყოველივე ღმერთთან.

                          2009, აცანა

 

 

 

     M

                 

 

 

   მეთოვლია არ გეგონოთ თოლია,

   მეთოვლია ყვავილია მთისა,

   ყვავილია თოვლის მახარობელი,

   დედობილი, თოვლის ნაზი ძიძა.

 

   მზეს ყინულზე გაესეროს ცერი _

   ასეთია მეთოვლიას ფერი.

 

   საოცარი გუმანი აქვს ავდრისა,

   მზეს რომ ჯერაც კარგი თვალი უცემს,

   მეთოვლია მოფრინდება ალივით,

   დაენთება მდელოზე და უცებ

 

   გათოვებას _ დაზამთრებას გვაუწყებს

   ყველას, ყველგან, გარეთაც და შინაც...

   მეთოვლიავ, ნეტავ ზოგჯერ ყვაოდე

   წუთისოფლის გაავდრების წინაც.

                                 

                                 1986

 

??????