ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

დაკრძალვა 

   სთვლის შემცივნებულ მთების გულ-მკერდზე

   ფიჭვები მწვანედ ამოხორკლილა,

   როგორც გვერდელა მეთევზის ბადეს,

   გამოგედება მინდვრად ორკბილა.

 

   წიწვის და საკმლის სევდიან სურნელს

   ვსუნთქავ, მივყვები ნელ პროცესიას,

   გასუდრულია სასაფლაო და

   გასუსულია აქ პოეზია.

 

   ჭირისუფალი კვიპაროსები

   დგანან, გარდაცვლილს მიასვენებენ,

   ისე მედება ფეხზე ბალახი,

   თითქოს მიწიდან თავს მახსენებენ.

 

   იქვე საფლავი, საძმო, მწუხარე,

   დამარცხებული ჯარისკაცების

   ( პრეზიდენტო და გენერალებო,

   ქამრის ბალთებით კი ხართ საცემი).

 

   ჯარისკაცები, ჯარისკაცები,

   წვიმით ნაცემი, ქარით ნაცემი,

   სისხლის გამცემი, ჯანის გამცემი,

   ტყვიით და ცეცხლით დანანაცრები,

   ალალი იყოს მათზე სანთლები,

   ზედაშეებით ბარძიმ-ყანწები.

 

   როგორც ციკლოპი, მიმზერს სიბნელე

   მიტოვებული ქვაბულებიდან...

   დავით მეფეო, გიჭირავს თვალი

   ნეტავ სულეთის ქონგურებიდან?!

 

 

 

   ვარდება გული ველზე ქვასავით,

   შრიალი მესმის, სისინი მესმის,

   მოჟონავს ფესვი, მოცოცავს ფესვი,

   მოიკლაკნება გველგესლასავით.

 

   მერე ვბრუნდებით სასაფლაოდან,

   იქ ვტოვებთ ცხედრებს გაჟივებულებს,

   ელით სადილი ჭია-ღუებს და

   გველის აღაპი მიშიებულებს.

 

                              2009

 

 

       

??????