თებიძე რეზო
გაზიარება

რკვიემის ნაცვლად  ექსკლიუზივი

მეტკინ-მეტირება,
მეგინებ-მეწყევლება,
რაც მაგრად გეტკინება
თურმე ის გეწერება
დღეს, როგორც გუშინ,
ხმაურის ღვარცოფია,
საქვეყნო ყურში
თითები დასცობიათ.
ვერ ითმენს ბაგე-პირი
როგორ არ მიაწყევლი,
ვარ მაგრად დაკეპილი
დუმილის ღრიანცელით.
ცხრა მთის იქითელი
ჩვენს ბედზე ბექნაობს,
სარგებელს იქით ელის,
რა უნდა უქნაო.
ნამუსის ქუდის,
მანდილის უქნარამ,
მარაბდას გულდიდს,
ხომ ხედავ, უქნა რა?
აქ ყოფნა მოუწამლა,
სამსალა ასვა ლეთის,
ამრავლა წიწამური,
აჯეჯლა ბაზალეთი.
დალაი ერთულებათ,
რაღა დაგამშვიდებს!-
დაესწარ ერთგულების
უცრემლო პანაშვიდებს.
სიძულვილს ცოცხალს
უდგამენ ძეგლებს,
მნათე ზის მორცხვად,
ზარებს არ რეკენ.
როკაპი როკავს,
უბედურს ბედავს,
ჭაბუკი როკაპს,
დაუხვდა დედლად.
სიყვარულს როცა
სამარე გაუთხარეს,
სხვა მხარეს ცოცხა,
მე მაგას რა ვუთხარი!
ცერად უცქერს მცხეთას
ჰკითხო-ქრისტიანი,
ვერაფერს ხედავს
თვალებბისტიანი
საშიშრად არ თვლის,
ჭკვას ჭუჭყი მიმოჰკვრია,
ქედებზე ქართლის
ქორნი მიმოქრიან.
საშიშ არს ვითარ!
რაღა ჰქნას ცამან?
არავინ ჭირთა
დაეძებს წამალს.
ვერავინ რაინდობს,
რომ ტაიჭ-ლაფშამ
ლეკერტი ადინოს,
ტორებით დაფშვნას
იგი, ვინც და რაც
მთა-ბარს გვედავება,
გვიკორტნის ანბანს,
იღვრება ნეტარებად.
ულმობელ ფაშასავით
დრო მოდგა ოხერი,
ძველ აფიშასავით
მიგვხევენ- მოგვხევენ.
ახველებს მოხევე
გულ-ფილტვს სისხლიანს:
-მიგვხევენ-მოგვხევენ,
ქარაფში გვისვრიან.
ვერა, უფლის ცაც ვერ
გვიპოვნის ვერსად,
როცა წარხოცავენ
ტკივილებს ჩვენსას.
ეჰ, ვეღარ ძლიერობ
შენ, იბერ-ივერო,
ამერ-იმერელო,
ნუთუ გძლიეს, ერო?!
უხარის გულშავს,
ვეღარ გელადდები,
ღმერთს არა, დუშმანს
მუხლებში უვარდები.
სული გეხუთება,
სიკვდილი გეხუტება,
რამეთუ თავი შენი
შენ აღარ გეყუდნება.
ლიბო დაშლილა,
აშლილა ბუჯერი,
ჟამი დგას ოხერი,
გველჯრელი, გულჭრელი.
მეწყრად მოვარდნილა,
ჩვენს ლეწვა-ხრესად,
ვინ გვეტყვის მადლობას
მივერთვათ ხემსად?!
როცა წარხოცავენ
ჯიშ-ჯილაგს ჩვენსას,
მერე უფლის ცაც ვერ
გვიპოვნის ვერსად!
ფხიზლად, თამარებო,
ფხიზლად, ვახტანგებო,
ქართუს მთაბარები
მტერს არ დაანებოთ!

??????