შვიდი ნოემბერი, 2007
ნოემბერის ცივი ქარი ქროდა,
ჭილყვავები მიფრინავდნენ მტკვარზე,
დაჭრილი მზის ათინათი კრთოდა
დაწეწილი დროშის დამსკდარ ტარზე.
მოედანზე გუგუნებდა ხალხი _
საზვარაკე პოლიტიკურ მოდის,
იმედების დაჟანგული ჩარხი
ხრიალებდა : “უარესი მოდის.”
მინდოდა რომ დამეყვირა მქისედ,
სიავისგან გამომეხსნა ის დღე...
ქაშუეთის სარკმელიდან ისევ
ნაღვლიანად მიღიმოდა ქრისტე.
2007