ახვლედიანი ვახტანგ
გაზიარება

ნათია, ქალო ნათელა ექსკლიუზივი

ნათია, ქალო ნათელა,
რად ხარ უგულო მაგხელა
ავად ვარ, მაშინ გამოჩნდი,
მაგეებისათვის სად მცხელა.
ნუ მჩაგრავ ღიმილს გაფიცებ,
ახლო ნუ დგები ჩემთანა,
თორემ დალეჯს და დაიფხრეწს
გული თვის პერანგს მკერდთანა.

ნათია, ქალო, ნათელა,
ნუ მხიარულობ მაგხელას.
წავიდა სული მთავარი,
გზა შემიმოკლდა სავალი,
ჩემს უმწეობას რა ვუთხრა,
სად ვპოვო მისი წამალი,
ერთ დროს ამაყი ვაჟკაცი,
ვაგდივარ პირსა სამარის.

ნათია ქალო ნათელა,
ნუ მშვენიერობ მაგხელას,
იცოდე, მოვმჯობინდები,
მაგ გულისპირის დახევამ,
მაშინ მიფრთხილდი ტანთეთრო,
შევძრავ პირს დედამიწისა,
გიპოვი, მაინც გიპოვი,
კაცი ვარ სიტყვა-ფიცისა,
მოვალ და ...
ხელზე გემთხვევი,
მერე მადლს ვიტყვი იმისაც,
ვინაც გშობა და გაგზარდა,
ყვავილი კლდისა კიდისა.

ნათია, ქალო ნათელა,
ბედნიერი ხარ რამხელა,
იხარე მაგ შენს ქმარ-შვილში,
ამ ჩემი ლექსის გამხელამ,
თუ მაინც მოვკვდე, მაგ თვალთა
მაფრქვიე სველნი იანი
და ერთიც ამოიკვნესე:
_ ბიჭო, რად იყავ გვიანი!

??????