საიდუმლო
ორი ძაღლია, ერთი-წაბლისფერი, მეორე- ჭრელი. წაბლისფერი მსხვილია, გარუსული, ყურებდაჭრილი, კუდალა. ჭრელი- ბანჯგვლიანი, ცოტა ტანმომცრო, ძალიან ფიცხი. ორივენი მეურნეობის საღორეს ჰყარაულობდნენ.
საღორის დიდი ეზო რკინის ბოძებითა და მავთულის ბადით არის შემოღობილი, ავივლი ჩემს საქმეზე, გამომიცვივდებიან ის ძაღლები, ჩამოვივლი-გამომიცვივდებიან. მიყეფენ, ზედ ასკდებიან მავთულის ბადეს, კბილებით ღრღნიან, მგონია ცოტა და გაღრღნიან, მეცემიან, ამიტომ, ყოველი შემთხვევისათვის, ხელკეტი მიჭირავს. თუ კეტი ოდნავ ავუქნიე, მაშინ მთლად ცოფდებიან.
მავთულების ღრღნით, ღაფღაფით, ერთმანეთზე ხტომით მომაცილებენ ღობის კუთხემდე, იქაც იყეფებიან და გამწარებულნი იწევენ ჩემკენ. კარგად რომ გავცდები, მაშინ ძლივს გაჩუმდებიან, კმაყოფილები წავლენ საღორისაკენ, დაწვებიან ჩრდილში და არიან იქ.
ერთხელაც ასე, სამუშაოდ ვბრუნდები, გორა უნდა ამოვიარო და საღორისაკენ ჩავეშვა. ამოვიარე გორა, გამოვედი ძეძვებიდან და ბიჭოს- ჭრელი ძაღლი! საღორის ჭრელი ძაღლი! თითქმის შევეფეთეთ ერთმანეთს. მეც ცოტა უკან გავხტი და ისიც. მეც ვუყურებ, ისიც მიყურებს.
მეც ვიცანი, იმანაც მიცნო. მე ხელკეტი ავწიე, იმას სისაწყლე ჩაუდგა თვალებში, მერე თავი ჩაღუნა, პირი რაღაცნაირად გაამწლატუნა,- აბა, რად გინდა. Dდაიწყო კუდის ქნევა, ლაქუცი. მე ისევ ერთ ადგილას ვიდექი, ამომხედა, -წადი რა, კაცო, მე ხომ ხმას არ გცემო. წამოვედი, ისევ არ ამოუღია ხმა. მივიხედე.-ეგრე რა, აქ საშუღლო რა გვაქვსო... მიუბრუნდა და გახალისებული გაიქცა ზევით, ალბათ თავის საქმეზე.
ვიფიქრე, დავძმაკაცდით. მაგრამ მეორე დღეს, საღორესთან მიახლოვებულს წაბლა ძაღლი რომ გამომენთო, ჭრელა უარესად გადაირია. გავჩერდი ჯოხი დავიბჯინე და მივაჩერდი, მინდა, ერთი თვალებში ჩავხედო, დავანამუსო,ეგ არის ჩვენი დაძმობილება-მეთქი. მაგრამ არა ქნა, არ ჩამახედა თვალებში. ღაფღაფებდა და აწყდებოდა მავთულებს.-არა გრცხვენია? ჰაი, რატომ არა გრცხვენია-მეთქი?-დავუწყე წყნარი ლაპარაკი. ამაზე კი ცოტა ჩაყუჩდა, იყეფებოდა როგორღაც ზერელედ, მაგრამ მიიხედა უკან, დაინახა საღორის კარებთან მდგარი მეღორე და გააფთრებით მოაწყდა ბადეს. მე სიცილი ამიტყდა და ისე, სიცილ-სიცილით წამოვედი.
დღესაც ძველებურად მიყეფენ წაბლაც და ჭრელაც, მაგრამ მე უკვე ისე ჩავუვლი ხოლმე, ხმას არ ვიღებ, თანაც ღიმილიც არ მომცილდება სახიდან. მე და ჭრელამ ისეთი რაღაცეები ვიცით, ის სხვებმა არ უნდა იცოდნენ.