ჭილაძე ოთარ
გაზიარება

გრანელი 

იშვიათია პოეტი, ისევე ეცხოვროს პოეზიით, როგორც ტერენტი გრანელი ცხოვრობდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პოეზიას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა მისთვის, არამარტო მეორე ადამიანთან ურთიერთობა, არამედ პურიც, წყალიც, ჰაერიც… ის პოეზიით სუნთქავდა და მისი ფილტვები, მთელი მისი არსება განუწყვეტლივ იჟღინთებოდა ნისლიანი, ღამეული სადგურების სუნით, სივრცეში გარინდული სამრეკლოების დუმილით, ყვითელი, გამხმარი ყვავილისა და ფოთლის მტვრით, შორეული წვიმებისა და გამოღებული სარკმლიდან მოულოდნელად გადმოღვრილი როიალის ხმებით… ის თუ ფიქრობდა, ლექსზე ფიქრობდა და სიცოცხლეზე, სიკვდილზე მეტად უნდოდა კარგი ლექსის დაწერა. მისთვის ყველაფერი ჯერ ლექსის სახეს იღებდა და მხოლოდ მერე ხდებოდა გასაგები, მისაღები ან უარსაყოფი… ის თავიდანვე განწირული იყო დასაღუპად, რადგან არ შეეძლო საკუთარ არსებაში პოეტი გამოეცალკევებინა ჩვეულებრივი ადამიანისგან, რომელსაც თბილი ოთახი, ცხელი კერძი, ქალის ხელი, ნათესავი და მეგობარი სჭირდება – წარმოდგენილი კი არა, ნამდვილი!


1969

??????