ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

დედის გლოვა 

  რამდენი მაყარი მოგყოლია,

  ჩემო სიხარულო, ტკბილო,

  რა დიდი ქორწილი გაგიმართავს,

  რა მშვენიერი ხარ, შვილო.

 

  მზეთუნახავები შეგნატროდნენ,

  ჩემო დედისერთა ბიჭო,

  სიკვდილზე რაღად დაქორწინდი?!

  სიკვდილის სარეცელი გიჯობს?!

 

  შენ, ჩემო ავო პატარძალო,

  ნუ ხარ ეგეთი ქუში,

  კარგად მოუარე ჩემს საფიცარს,

  თბილად ჩაიკარი გულში.

 

  ოღონდ ჯერ გვაცალეთ ჩახუტება

  მე და ჩემს ძუძუებს დამწვარს,

  მოდით, გოგონებო, მოეფერეთ,

  მადლი თქვენს გამოშლილ ნაწნავს.

 

  რა თავს იხოცავთ მოტირალნი,

  გესმით? _ ქორწილია-მეთქი!..

  რატომ აჩოჩქოლდი, ხალხო, რაო?

  მხრებზე ვისი კუბო შედგით?

 

  არა!.. არვის გაჰყვე გარეთ, ბიჭო!..

  ვინღა დაგაბრუნებს სახლში?!

  მზეო, ჩაიმუხლე, რა გაჩქარებს?

  აქში, ღამის ჩიტო! აქში!

  მიხვალ მაინც?!... გზა დამილოცნია...

  ღმერთი იქ არ გელის განა? _

  შვილო, იქ შენი ქორწილია,

  ალბათ მიტომ წაგიყვანა.

 

                   1995-2009

??????