კუ
მართალია, კუ კი ვარ, ფეხებს ძლივს დავათრევ, დავღოღავ, მაგრამ ჩემი საქმე ვიცი. ჩემი სახელი მაქვს, ჩემი კარი და ციხესიმაგრე, გამოზომილი, პერანგივით მორგებული, არც მეტი, არც ნაკლები. ერთი ვარ და ერთოთახიანი მაქვს. ორთახიანი რომ მქონდეს, რომელში ვიცხოვრო, ორად ხომ არ გავიყოფი და გავორდები. გაორებული ვიგინდარა ხომ დაღუპულია.
არიან მხეცები, დარბიან, დაძვრებიან, იპარავენ, იგლიჯებიან, ძარცვავენ და უშველებელ ბუნაგებში ეზიდებიან, რომ როგორმე ამოავსონ. მე, გზაში დაგდებულიც რომ ვიპოვო, ხელს არ ვახლებ, სად შევინახო! სხვისი არაფერი მინდა. ჩემსას კი, არავის გავატან. ტურა-მელა კი არა, მგელი რომ მგელია, ვერაფერს დამაკლებს. ირბინონ, იძუნძულონ, იავკაცონ, რაკი მეტი ჭკუა არა აქვთ. მე ნელ-ნელა ვივლი და ბოლოს ვნახოთ, ვინ რასთან და ვისთან მივა. არ ვიცი ბაბუისაგან თუ ბაბუის ბაბუისაგან მაქვს გაგონილი: თუ გეჩქარება, ნელა იარეო!
კი, ამას ჩემი წინაპარი... ვინც კეთილსინდისიერად იცხოვრა, ის იტყოდა.