იოსელიანი ოტია
გაზიარება

მგელი და ხოხობი 

ის-ის იყო, რომ ტყიდან უმშვენიერესი ხოხობი გამოგოგმანდა და იქვე, ნარ-ეკლებში

ჩასაფრებული სამი დღის მშიერი მგელი ნახტომისთვის წამოიმართა. მართალია, საკბილო ცარიელ მუცელს ვერ ამოუვსებდა, მაგრამ სულ არარაობას მაინც სჯობდა. ამ დროს ხასხასა მინდორზე დილის მზის ოქროს სხივები დაიღვარა, ცვარ-ნამი მარგალიტებად აქცია და ხოხობი თვალისმომჭრელად ბრწყინვალებით შემოსა.

კისერ გაშეშებულ მგელს, მისდა გასაოცრად, ხელი მოეცარა: ნახტომი გააკეთა, მაგრამ

ნადავლსვერ მისწვდა. ხოხობმა ფრთები რომ გაშალა, მგელმა, ისევ და ისევ მისდა უნებურად, უკანაც კი დაიწია.

ფრინველი კი არ აფრინდა, კოცონად აბრიალდა, ცაზე მეორე მზესავით აენთო. მგელი იდგა მარგალიტ-ბრილიანტებით მოფენილ ველზე და მზესა და ხოხობს მიშტერებულს ვერაფერი გაეგო. არასოდეს რომ თავისთვის არ უპატიებია, ახლა ეღიმებოდა, არც ხელის მოცარვას ნანობდა და სამი დღის მშიერს მადაც დაჰკარგვია. ბოლოს, თავი გაუგებრად გადააქნია: ალბათ, მგელი რომ არ ვიყო, მივხვდებოდი, რა ხდება და რა დამემართა.

ხელის ჩაქნევა, იქაურობის გაცლა დააპირა, მაგრამ ამ ცისა და მიწის შემყურემ ფეხი ვერ მოიცვალა.

არადა, ახლომახლო თვალსაწიერზე სხვა არავინ იყო, რომ ეკითხა რა სჭირდა, რას უღიმოდა, ან მინდორს, ცასა და მზეს, ან კიდევ უარესი, სამი დღის მშიერ, ხელმოცარულ მგელს არ უხაროდა... მიწას და ცას რა მადლი მოეფინა, რამ შეცვალა, მტაცებელი რამ აღაფრთოვანა!...

??????