ორბელიანი ალექსანდრე
გაზიარება

ჩვენი ძველი სახელეულობანი 

რა დროც უნდა იყოს და როგორიც, - მაგალითად ვსთქვათ: თუნდა ანგელოზების დროც, - უთუოდ იმათში ნაკლულევანებაც იქნება რამე. ამაზედ ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მომეტებული საჭირო არ არის, ამისათვის , რომ ეს უთუოდ ყველამ იცის ,რომ მართალია. მე ეს მაგალითი იმაზედ მამყავს, რომ მე როგორ ვიტყვი, რომ უწინდელს ჩვენს ძველს დროში სულ უმანკოება ყოფილიყო, სულ სიწმინდე, და სხვანი. არა, იმათშიაც იყო ავ-კარგობა, მაგრამ რა გვარი? - კარგი, ძალიან კარგი ეს იყო, რომ სულ სიმართლეს მისდევდნენ და წმ. სახარების რიგსა. ეს დიახ კარგი და მოსაწონია კაცობრიობისათვის, მაგრამ ესეც კი არის, რომ ის სიმართლე იყო იმათ მავნებელი; ამიტომ რომ კარგისა და ავისა მოძრაობა არ იყო რა იმათში: სიმართლეს მისდევდნენ და იმათი გული სიწრფელით სავსე იყო, ასე ეგონათ, ჩვენსავით ყველგან და ყველანი წრფელნი არიანო, და ამიტომ გულით და სულით მინდობილნი იყვნენ ყველაზედ, მაგრამ თავიანთ გარეშემო კი გონებას ვეღარ ავლებდნენ მეტი სიმართლისა და სიწრფელისა გამო, რომ რამდენი ქვებუდანები დაძვრებოდნენ იმათში; ისინი როგორ შლიდნენ იმათ ყოველს კარგსა და ნაცვლად კარგისა საძაგლობას როგორ ასწავლიდნენ იმათ, - ამისა ვერა გაეგოთ რა. და კიდეც ეწეოდნენ საწადელსა ის ქვებუდანები იმ ხალხში, სადაც გულშეწირული ღვთისმოსაობის მეტი სხვა არა იყო რა ,სარწმუნოების განუსაზღვრელი სიყვარული, წრფელი უმანკოების სიმართლე, მშობელის მამულის თავდადებითი ერთგულება, თავიანთ სახლეულობაში მშვიდობის მყოფელობა, სიყვარული თავის სახლის პატრონობისა და, დასასრულ, წმინდა სახარების წესი. ჩვენი უწინდელი ზნეობა აი ამაზედ იყო შედგენილი. ყოველი ეს დიახ კარგი, მაგრამ ევროპული სწავლა-განათლება იმათ რომ არა ჰქონდათ და იმათი წესის უცოდინარები იყვნენ, ეს მაშინდელის დროს მიხედვით დიდად ესაჭიროებად იმათ. ამის გამო ისინი შეცდომილებაში იყვნენ. აბა იმათ ევროპიული განვითარებული გონება ჰქონოდათ, მაშინ ოსმალო და სპარსეთი ნახავდა თავის ყოფას ქართველებითგან, რომელთაგან შპიონებით სავსე იყო საქართველო... იმ ოსმალომ და სპარსმა ცოტა ოდენი ევროპული რაღაებიც იცოდნენ, ამიტომ, რომ იმათში ხშირად იყვნენ ევროპიელები, მაშინ როდესაც ეს ჩვენი ქვეყანა კი სრულიად დაგდებული იყო იმათგან; თუ ოდესმე ევროპიელი აქ შემოვიდოდა ვინმე, ისიც მოგზაური, ანუ აქაურობის ასაწერად; ამ აზრით მოვიდოდნენ და ამ აზრით წავიდოდნენ. და რაც აქაურს კათოლიკის პატრებს შეეხება, ამათზედ ეს უნდა ვსთქვათ, რომ ისინი იმას ცდილობდნენ, რომ ქართველები გაეფრანგებინათ და სხვას ევროპიულს კი კარგს არას უქადაგებდნენ იმათ. აი მაშინდელი ქართველები ამ მდგომარეობაში იყვნენ - კაციც და დედაკაციც. ესენი სულ უფრო უკანასკნელს ჩვენს ძველს დროებას შეეხება საქართველოსას. ამ ორს პირთა კარგად მოვსწრებივარ - კაცებსაც და დედაკაცებსაც. მაშინდელ კაცებისაბევრი გვითქვამს, მაშ ახლა მაშინდელი სახლეულობისაც ვსთქვათ რამე. იმდენ ქვებუდანებსა შორის, იმათი სახლეულობანი მაინც კიდევ როგორი იყვნენ, ამის გამო, გარდა ქართველების ვაჟკაცობისა, მგონია, ესეც ურიგო არ იქნება, რომ მაშინდელი ჩვენი სახლეულობანი დავინახოთ, იმათი ყოფაქცევა და ცხოვრებანი.

მე ვყოფილვარ განუყრელად ჩვენს მართებულს გვამებთან, კაცთ და დედაკაცებთა შორის და იმათ სახლეულობაში, მიჩხრეკია ისინი, ყოველი იმათი ქცევა, ცხოვრება და კარგად მახსოვს, როგორიც ისინი იყვნენ. ეხლა მაგალითად ავიღებ ერთს რომელსამე სახლობას, მაგრამ ვეცდები, გამორკვევით და შემოკლებით ითქვას ყოველი ეს მართალი. 

ერთმა რომელსამე სახლეულობის ცოლ-ქმარმა გარიჟრაჟზედ გაიღვიძეს, მაშინვე იმათ ღმერთი ახსენეს: „ღმერთო დიდო! შენის მოწყალებით ნუ დაგვაგდებ ჩვენ“,-ამ სიტყვასთა ქმარი ქვეშ-საგებიდგან გადმოვიდა ტახტზედ და ფეხებზედ მსუბუქად ჩაიცო, მერე აღოსავლეთისაკენ პირი მიმართა და თავის საიდუმლო ლოცვას მოჰყვა გულმხურვალედ ღვთის წინაშე, ხანდისხან პირჯვარის დაწერით და იშვიათად მეტანიის მოყრით. ეს რომ ქვეშ-საგებიდან გადმოვიდა, იქ ქვეშ-საგებში იმისი ცოლი წამოჯდა, ბეჭებზე მსუბუქად წამოისხა, პირი აღმოსავლეთისაკენ მიიბრუნა და ისიც თავის საიდუმლო ლოცვას მოჰყვა, ხანდისხან სათხოვარის ხელების განპყრობით ღვთისადმი და თან პირ-ჯვარის დაწერითა; და ამ ორთავემ დიახ კარგად იცოდნენ ზეპირად ლოცვები...

ამაებს, რასაც ვამბობ, მხოლოდ ერთ ოჯახში კი არ იყო ეს თვისებანი, - მთელს საქართველოს ოჯახებში. ამ ცოლქმარების ლოცვაში ქმარმა უფრო ადრე გაათავა ლოცვა, შემდეგ საჯინიბოსაკენ წავიდა თავის საჯდომი ცხენებისათვის მოსავლელად; იქ მეჯინიბეთ ცხენები კარგად დააურვებინა თავის თვალწინ; ქერის მისაცემად მეჯინიბეებმა ცხენები წყალზედ წაიყვანეს; და მას უკან ცოლთან შამოვიდა, რომელსაცა ლოცვა გაეთავებინა, პირიც დაებანა, თავიც დაეხურა, ტანთაც ჩაეცვა, ქვეშაგებიც სულ აელაგებინა და, ქეჩაზედ მოკეცილი, თავის ქმარს ელოდა შემოსულიყო.

როდესაც იმის ქმარი შემოვიდა, ცოლმა თავიიისი შვიდი წლის ვაჟი გააღვიძა (გვერდით ცალკე ქვეშაგებშიუწვა), და უთხრა: 

–ადე ,შვილო ,ილოცე, ჩაი დალიე და მერე შენს ოსტატთან წადი სასწავლებლად.

ფხიზელი, მორჩილი შვილი ჩქარა წამოდგა; გამდელმა ჯერ პირი დააბანინა, მას უკან ტანისამოსი ჩააცვა და შემდეგ ალოცეს.

მინამ ყმაწვილს ალოცებდნენ, იმისმა მამამ პირი დაიბანა, ტანისამოსის ჩაცმა მოასწრო, ამასთან მოსამსახურემ ფოდნოსზედ დალაგებული ჩაი ჩამოარიგა; დედამ ყმაწვილს პატარა მოთეთრო პურის ყუა წინ დაუდვა და ჭიქით ჩაი წინ დაუდგა ესენი თან ჩაისა ჰსვამდნენ, თანთან ცოლ–ქმარნი ერთმანეთში მშვიდობის მყოფობით ლაპარაკობდნენ და თან თავის პატარა შვიდი წლის შვილსა ხუმრობით ეხუმრებოდნენ და თან დარიგებას აძლევდნენ – ხუმრობაშივე. ის ყმაწვილიც ყურადღებით უგდებდა ყურს იმათ დარიგებას და გონივრულ პასუხს მიუგებდა თავის დედ–მამას.

ჩაი რომ გაათავეს, ყმაწვილის ლალას მოუწოდეს, და ყმაწვილის მამამ უთხრა:

–ეს შენი გაზრდილი ჩემს დეიდაშვილს, ამის ოსტატს ბერს იოსტ... თან მიიყვანე. ჩემ მაგიერ უთხარ, ამას რომ პირველი კანონი დავითნი გაუთავებია, დიდად ვმადლობთ იმასაც და იმის შაგირდსაც – ამას. ესეც მოახსენე ჩემ მაგიერ, დღეს სადილად ჩვენთან მობრძანდნენ ამ თავის შაგირდით.

ამასთან იმ ყმაწვილს რამდენიმე დარიგება მისცეს, ლოყაზედ კოცნით გაისტუმრეს და ყმაწვილიც სიამოვნებით წავიდა (ის ბერი იოსტ... ანჩისხატის ეკკლესიაში იყო მიჩენილი). ის რომ გაისტუმრეს, იმათის სოფლის მოურავი შემოვიდა და ორთავეს მძიმედ დაუკრა თავი. ბატონმა ჰკითხა:

–მოურავო, როდის მოხველ?

–წუხელის უდროოდ სოფლიდგან გიახელ. თქვენთან დრო არ იყო, გხლებოდით, ჩემს სახლში ჩემს ხიზანთან გახლდით, - მოახსენა.

–შენი ხიზანი ნაკლებობაში ხომ არ დაგხვდა?

–თქვენ ცოცხალი მობრძანდებოდეთ... თქვენის მოწყალებით ჩვენ ჩვენს დღეში ნაკლაბობაში არ ვიქნებით.

–სოფელში ჩვენი ცხენები, ბარგის ჯორები და მსახურის ცხენები როგორ არიან, ან ხომ არა აკლია რა?

–არა აკლიათ რა და კარგათაც არიან.

–ცხვარი, საქონელი და ან ცხენის ჯოგი როგორ არის?

–დიახ კარგად გახლავან. კარგი მწყემსები, კარგი მეჯოგეები გყვანან და ძალიან კარგად უვლიან.

ეს რომ მოურავმა მოახსენა, მერე იმან ჰკითხა:

–შენი ჭირიმე, ქერი და ბზე ხომ საკმაო იქნება ცხენისათვის აქა?

–იმედი მაქვს, არ დააკლდესთ, - უპასუხა ბატონმა.

–ვინიცობაა თუ დააკლდათ, კიდევ ჩქარა ჩამოვატანინებ. ახლა ეს მიბრძანეთ: ყველი, ერბო, პური და ღვინო ხომ არ დაგაკლდებათ?

–წლის სამყოფზედაც ბევრია, - ცოლმა უთხრა.

–მადლობა ღმერთს! ღვთის მოწყალება არ აკლია ამ სახლს.

–ჭეშმარიტად, მოურავო, ღვთის მოწყალება არ გვაკლია, მაგრამ ეს ამდენი დავიდარაბა რომ შემოვიდა მებატონეებში მამულებზედ და ჩვენმა მამა-პაპის ყმებმაც რომ გაიწიეს, ჩვენ ყმები არა ვართო... ამ დავიდარაბაებმა ვალში ჩაგვაგდეს, და ბოლო დროს იქნება ბევრიც დაიღუპნენ საქართველოს ოჯახები...მეც ვიცი, ეხლა შენ ფულს ჩამომიტანდი სოფლითგან... მართალია თუ არა?! 

–მართალია, შენი ჭირიმე, მოგართვით. 

–რაერთია? 

–ოცდაათი თუმანი გაახელ.

–ახლა ეგ ფული სხვებს უნდა წაუღო, მპირდებიან, საქმეს გაგიკეთებთო და შენი მამულის მოდავეს გაგიმტყუნებთო. ეს ოთხი წელიწადია, სულ ამ ამბავში ვარ. წელიწადში ჩემგან მიაქვსთ იმათ ას თუმანზე მეტი; თანაც ამას მეუბნებიან: „ გაგირიგებთ“, მაგრამ გარიგება კი არსადა სჩანს. არ ვიცი, რა ვქნა, მოურავო! 

–ბატონო, რაღა რა უნდა ჰქნათ, მოურიგდით თქვენს მოდავეს: ბევრი მამულები გაქვსთ უიმისოთაც, თქვენ რად გინდათ დავა და მწუხარება. ისევ არა სჯობია, რომ თქვენს მამულებში გააკეთოთ კარგი დიდრონი ვენახები, დიდი ხვნა-თესვა გააჩინოთ, კარგი წისქვილები დააბრუნოთ, ბევრი საქონელი შეჰყაროთ, ბევრი ცხვარი და ცხენის ჯოგები; მაინც ესენი თქვენს ოჯახს არ აკლია, მაგრამ უფრო და უფრო რომ დაუმატოთ, თქვენი ოჯახი ძლიერ გამდიდრდება, ასე რომ თითით საჩვენებელი სიმდიდრის ოჯახი გექნებათ! აიღეთ ხელი, ღმერთი გადღეგრძელებსთ, მაგ დავიდარაბებისაგან. 

–რავქნა, მოურავო, ვეღარ ამიღია ხელი, ქვეყნისა მცხვენიან. 

–რათა, შენი ჭირიმე, ვინც რა უნდა სთქვას, ოღონდ თქვენ კი მშვიდობით იყავით. 

–მართალს ამბობ, მოურავო, მაგრამ ჩემი ერთი მახლობელი ამ საქმეში ძალიან ხელს მიმართავს და დიდათა ცდილობს ჩემთვის. 

–რომელი თქვენი მახლობელი!

–აგერ აის...

მოურავი დაფიქრდა და ამასთან ამოიოხრა. 

–მოურავო, რათ დაჰფიქრდი, და ან რათ ამოიოხრე?

–ეჰ, შენი ჭირიმე, ეხლა დაუნდობელი დრო არის. 

–ოღონდაც კი მართალია, მაგრამ ეგ სხვებზედ უნდა ითქვას, და არა იმ ჩემს მახლობელზედ: ის სწორედ მართალი კაცია, მე ის არაფერში არ მამატყუებს.

მოურავმა თავი დაბლა დაიღუნა, და ბატონმა მიატანა: 

–მოურავო, თავი დაბლა რათ ჩაიღუნე?

–არაფერზედ, შენი ჭირიმე. 

–რა, მითხარ, თუ გიყვარვარ.

–ის სხვებიც აგრე იტყვიან თქვენზედ: იმას თავის მახლობელი ატყუებს, და ჩვენი მახლობელი კი ჩვენ არაო. 

ამ სიტყვებზედ ბატონმა და იმისმა ცოლმა მოურავი სასაცილოდ აიგდეს. მოურავიც, ხელის თითებ სარტყელში ჩაწყობილი, განკრძალული დადგა და მდუმარედ ყურება დაუწყო ბატონს. ამ დროს უფროსი გამდელი შემოვიდა და ქალბატონს მოახსენა:

–მზარეული ბაზრიდან გიახლათ და სადილისთვის ნუზილი მოიტანა. 

–ეხლავე მოვალ – უთხრა ქალბატონმა. ამაზედ ბატონმა უთხრა ქალბატონს:

–მაშ მე ეხლა დარბაისლებში წავალ, იქ საქვეყნო საქმეს ვიტყვი რასმეს. – ადგა და წავიდა. 

იმან კარები რომ გაიარა, ქალბატონიც კარზე გამოვიდა და ორი გამდელი უკან გამოჰყვა. ჯერ სამზარეულოში შევიდა, იქ ქვაბები გაჩხრიკა,– წმინდა იყო; ხორცი, ბრინჯიც კარგი მოეტანა. შემდეგ მზარეულს უბრძანა:

–დღეს ჩემი ქრმის დეიდაშვილი,ბერი იოსტ...მოვა ჩვენთან სადილად, გემრიელი სადილი გააკეთე: კარგი ცხვრის გუფთის ბოზბაში, კარგ ცივად ძროხის ხორცი, კარგი ხოხბის ფლავი და კარგი ჩახოხბილი ქათმები.

ამასთან მისცა რამდენიმე დარიგება, დაათვარიელა სამზარეულო, და რომ ნახა ყველა რიგზედ და წმინდად იყო, გამოვიდა და საკუჭნაოში შევიდა.

იქ მეკუჭნავეს ყოველიფერი ჰკითხა... თავის გაკეთებული სხვადასხვა მწნილებით სავსე ქილები, ერბოს ქილები, მარილი, ტომრებით ფქვილი, ტიკებით ღვინო, ცარიელი საღვინეები და გოზაურები და სხვა, რაც საკუჭნაოს ეკუთვნოდა- სულ ყოველივე რიგზედ და თავის ალაგას იყო. მეკუჭნავემ ყველა კითხვაზედ პასუხი მოახსენა, მაგრამ მაინც ქალბატონმა ყველა თვითონ დაიარა და გამდელებს აჩხრეკინებდა. თვითონ მხოლოდ დახედავდა. ყველა კარგად და რიგზედ რომ ნახა, მეკუჭნავეს უთხრა:

–მოსამსახურეებმა ამ დილით ისაუზმეთ, თუ არა?

–თქვენის მოწყალებით ვისაუზმეთ: პურით, ყველით და ორ-ორი აზარფეშაც ღვინო გეახელით, - უპასუხა მეკუჭნავემ.

–მოსამსახურეებმა იმიტომ უნდა ისაუზმონ ხოლმე, რომ რადგან ჩვენი ბატონების სადილი კარგა ხანი გასწევს, მოსამსახურეებს მეტად არ მოჰშივდესთ და სამსახური არ დაიზარონ.

ქალბატონმა ეს რომ სთქვა, საკუჭნაოდგან გამოვიდა და გამდელების ოთახები დაინახა. იქ მოახლეები დაათვალიერა,- ისინი ისხდნენ და საკერავს აკერებდნენ: ქარგას, ქისას, კერვას და ამგვარებს. ვისაც კარგად გაეკეთებინა - მოუწონა, ვისაც კარგად არა - დაარიგა. ქალბატონი ყოველ დილით ასე დაივლიდა ხოლმე. მასუკან ქალბატონი თავის ოთახში შემოვიდა, საუცხოვო საფენზე დაჯდა, დორზედ მიესვენა, აიღო საკერავი და მინამ არ გაათავა, არ მოეშო; მასუკან პატარა საერო წიგნს დაუწყო კითხვა ყურადღებით - შუადღემდის. ამ დროს ქალბატონის ქმარი შემოვიდა და სამი დარბაისელი თავის ცოლის ნათესავები თან შემოჰყვნენ. ბატონმა უთხრა თავის ცოლს:

–ვიცი, არ გეწყინება; ეს შენი ნათესავები სადილად დღეს ჩვენთან ბრძანდებიან. 

იმის ცოლი ფეხზედ წამოდგა.

–ოღონდაც რომ არ მეწყინება... მობრძანდით, შენი ჭირიმე, აი იქ, ჩემს მახლობლად დაბრძანდით.

დასხდებიან და ერთმანეთს მოიკითხავენ. პატარა ხანს უკან იოსტ... ბერი შემოვა თავის პატარა შეგირდით. ყველანი ფეხზედ წამოდგებიან, მივლენ და ჯერ სახლის პატრონის ცოლი ხელზედ ეთხვევა და მასუკან სხვები თვითეულად. მღვდელს იოსტ... ყველამ უთავაზეს ადგილი, და სახლის პატრონის გვრდით დაჯდა, მაგრამ ცოტა მოშორებით, და ამათ პირდაპირ სხვები დასხდნენ კედელთან. შეგირდს მამამ დაუძახა, რამდენიმე ალერსის სიტყვის შემდეგ გემრიელად აკოცა, მერე სხვებმა ჩაირიგეს და ბოლოს დედამ მეორეს მხარეს გვერდით მოისო, რამდენჯერმე გულის სიყვარულით აკოცა; ამასთან ყველამ უთხრა ყმაწვილს: “ ყმაწვილო, თურმე კარგად სწავლობ, ისწავლე, შენმა გაზრდამ, ქვეყანაზედ სწავლისთანა არა იქნება რა“. 

მინამ სადილს მოიტანდნენ, მოჰყვნენ საუბრობას, სადაც ერთი ბეწვა უზრდელი სიტყვა არ გაურევიათ, არც მაღალი ძახილით ლაპარაკი, თვინიერ დამშვიდებულის ზრდილობიანის საუბრობისა. ამ ლაპარაკში დრო რომ გავიდა, მერე სადილიც გაშალეს ზრდილობიან მოსამსახურეთა.

ამ სადილმა საათამდის გასწია, სულ სხვადასხვა სასიამოვნო ლაპარაკითა და ერმანეთის სადღეგრძელოების დალევითა; სადაც ბევრი ლაპარაკი იყო საქართველოსი და ქართველებისა... და ის პატარა შეგირდი იმდენი ხანი თავის დედას გვერდით უჯდა და დიდის ყურადღებით იმათ ლაპარაკს ჰკრეფდა.

ის სადილი და ის შემოდგომის პატარა დღე გულახდილი კმაყოფილების ლაპარაკით გაატარეს. დაგარწმუნებთ, ამათში ერთი ბეწვა ზაკვა არ იპოებოდა, არც იმათ გულში და არც იმათ ლაპარაკში, ხომ რასაკვირველია,– და ეს იმათი კარგი ხასიათები, ჭეშმარიტად სასწავლებელია. ეს იყო იმათი ნაკლულოვანება, რომ ევროპიული განათლებისა და პოლიტიკისა იმათ არა იცოდნენ რა, და ეს წარსულ საუკუნეებში რომ არა ყოფილიყო მავნებელი, ეხლანდელ საუკუნეებში მაინც დიდი მავნებელი იყო ჩვენ წინ წარსული თაობისათვის.

იმ ჩვენი ძველი სახლეულობის ყოფა-ცხოვრებანი ხომ ასე მოკლედ განვიხილეთ, ახლა მხოლოდ ჩვენი ძველი დედაკაცებისა ვსთქვათ რამე. მაგრამ იმათი კი უფრო მცირედა ვსთქვათ, გამოკრებით, რომ ახლანდელს დროს (ახლანდელს მედროებს კი არა) არ მოსწყინდეს ეს ამგვარი ძველი ლაპარაკი და თავი არ ასტკივდეს.

მე ძველი დედაკაცების ხელში ვარ დაბადებული, იმათ ხელში გახრდილი და მინამ ორმოცდაოთხის წლისა შევსრულდებოდი, სულ იმათთან ვიყავი, თუ ოდესმე გარემოება არ განმაშორებდა. მაშ, მგონია, ამდონი დრო ჩემთვის საკმაოა, რომ მე ისინი ძალიან კარგად მეცნა, მით უმეტესად, რომ იმათ ყოფა-ცხოვრებას ვიკვლევდი და ვსწავლობდი, ამიტომ რომ დიდად მომწონდა.

იმ ჩვენს ძველ დედაკაცებს ჯერ ყმაწვილობაში სამღვრთო წერილს ასწავლიდნენ, კერვა-ხელსაქმეს და მასუკან საერო წიგნებს, ანუ ხელწერილებს, აკითხებდნენ; ამასთან კარგს ზნეობას, კარგს თვისებას ასწავლიდნენ; შემდეგ ქცევას, მიმოხვრას, თავის უმანკოების სიწრფელის სიმართლითა; თან ცდილობდნენ ყოველი წმინდა და პატიოსანი ხასიათი ჩაეწვეთათ, თავის მოთმინებით,იმათ ბუნებაში, და ბოლოს,როდესაც დრო მოვიდოდა, გაათხოვებდნენ - და ეს ხასიათები ქალს განძად და საუნჯედ გაჰყვებოდა თავის ქმრისა და იმის სახლის გასაბედნიერებლად; ამასთან იმგვარს სახლის პატრონობას ასწავლიდნენ, როგორც ზევით გავიგონეთ ამ ქმარიანის ქალისა.

მე დიახ ხშირად ვიყავი ჩვენი ძველი დედაკაცების შეყრილობაში , იმ ღვთიურს გვამებში; მე თამამად ვიტყვი ,რომ ჩემი იმათან ყოფნით ყოვლის კეთილის მადლით განათლებული იყო ხოლმე. რა არა ჰქონდათ იმათ კარგი თვისებანი? დარბაისლური, მართებული ლაპარაკი, თუ ზრდილობიანი გახუმრებით მხიარულება? მე ჩემს დღეში არ მახსოვს, რომ იმათ ერთი ბეწვა წინააღმდეგობა და მაღალი სიტყვა ეთქვათ ერთმანეთისთვის რამა. ყოველთვის მშვიდობიანად და გონივრულად ლაპარაკობდნენ და მშვიდობიანად თავის აზრებს უმტკიცებდნენ ერთმანეთს, და ამასთან ყოველი იმათი ლაპარაკი კარგ საგნებზედ იყო: მიწის მოსავალზედ, თუ ვენახებზედ, სახლის მეურნეობაზედ თუ საქვეყნოზედ და სხვანი. ასე რომ, იმათში თავის დღეში ჭორი არ ითქმოდა, თორემ ტყუილი და სიცრუვე როგორ შეიძლებოდა, როგორც ეხლა ჩვენში გაადვილებულია,-ნამეტნავად უმანკოთა და მართლების მოთხრა ბევრი არის ეხლა... ის მართებული გვამები ქაღალდსაც ითამაშებდნენ, ნარდსაც და ჭადრაკსაც, მაგრამ ყველას თავის დროზედ. კიდეც იგალობებდნენ და სოფლურ სიმღერასაც იმღერებდნენ, ასე რომ ზოგს თვალებში ცრემლები მოუვიდოდათ იმათ მშვენიერს გალობაზედ და სიმღერაზედ.

ესეც ჩვენი ძველი ამბავი და მისი თვისებანი. ყოველი იმ დროს ამბავი ვინც კი იცის, უთუოდ უნდა ქაღალდზედ გამოსთქვას, რომ წაიკითხონ და შეიტყონ, თუ როგორ უცხოვრიათ ჩვენ წინაპართ: რა ზნეობით, რა თვისებით, რა ხასიათით, და ანუ რა მდგომარეობაში ყოფილა უწინ საქართველო თავის ქართველებითურთ; რომ ის დრო ჩვენმა მომავლებმა გაიცნან, ესენი იმათ დარჩესთ და ბოლოს დროს იმათმა მეისტორიებმა განიხილონ ის დრო თავის აზრებისათვის. დიდი ხანია, ჩვენ ეს განზრახვა გვაქვს და კიდეც ვცდილობთ ეს განზრახვა როგორმე შევასრულოთ ჩვენის მომავლებისათვის, რომ ეს ფარატინები იმათ დარჩესთ.

??????