ჭუმბურიძე კობა
გაზიარება

რუბიკონი – ჩემი მოგონებაა ჩემი დროის მაშინა 

შენ დაგეძებ თბილისო, ნეტავ საით წახველი,
ყელზე მადგას ბურთივით შენი ნატვრის ნაღველი,
შაიცვალა ხალხი და შაიცვალა ფასადი,
ეხლა ვიღან გაიგოს ძველი შნო და ლაზათი,
თუმცა ჯერაც შემოგრჩა ეშხი ძველი ზღაპრისა,
მთვარეც თავზე გადნება, ვით კუსოკი საპნისა,
მე მას ვტირი, არასდროს რაც აღარ დაბრუნდება,
ვტირი, მოგონებები სინამ არ გახუნდება.
შენი შუშაბანდები, შენი ქუჩაბანდები,
დარაბები, ფარდები, ქალაქური დარდები,
თულუხჩები, ჩუხჩები, ნოქრები, ნალბანდები,
ზოგი ჰალალები და ზოგიც სიაბანდები,
კირაკოზას ბულკები, ფილდიკოსის ჩულქები,
აქეთ ყარაჩოღლები, იქეთ - ქოფაიოღლები,
ჯიგრები და ახვრები, მღიმრები და ბოღმები.
ვართაპედას დუქანი, შიგ ბოზბაში მსუქანი,
ზედაც რუმკა არაყი, როგორც ტუჩის ვარაყი,
სირაჯების ქარხანა, სარაჯი და თარხანი,
ჰამაც გლახოს ზურნა და ჰამაც საქოს არღანი,
ან ის ტკვარი სადღაა, მოდუდუნე, ანკარი,
ძლივას მეედინება ჩანაფს-ჩანაქაქარი,
მადათოვი, პესკები, მელნიცები, ტივები,
თევზი, წნელზე ასხმული, მითამ ვერცხლის მძივები,
თავადური ყაბახი, მებადურის თაბახი,
ჭონი, ჩარჩი, მეკურტნე, მაზმანი და დაბაღი,
კუკლა გიმნაზისტკები, ცანცარ გიმნაზისტები,
ერკემლები, ციკნები, მალაკნები, ციგნები,
ბანტიანი დამები, ქოლგები და წიგნები,
ვაჟნი ვაჟბატონები, წყალი ვაჟინიანი,
ესკიმო-მარუჟენი, კვასი ყინულიანი,
თხილი, შაქარყინული, ქადა, ნუგა, მამალო,
იეთიმ, იეთიმ სადა ხარ, დაჭრილ გულის წამალო,
თბილის-ქალაქელობის მოფრიალე ალამო,
მეგობრობის ხიდო და სიყვარულის მალამო,
საუკუნეს გაუძლო შენი სიტყვის ძალამო,
თბილისისთვინ მღერვაში დახარჯულო კალამო,
შენ როგორ დაგივიწყოს შენმა ნარიყალამო,
სოლოლაკმა, ზემელმა, ისანმა და კალამო,
ტიკი, კოკა, ყარყარა, ჩარექი და ჩეთვერი,
რაღას უცდი, აიღე, დალიე და შეთვერი,
ხილაბანდი, ფურაჟკი, ფაფახები, შლაპები,
ჩიხტიკოპი, ბაღდადი, დარაიას კაბები,
ხაჩიკ ტალგაუკოვი, დათა ზუბიაშვილი,
ზახაროვი, ქსოვრელი, ერთად ხმებში გაშლილი,
ფალავნები, ყოჩები, გულზედ დასაწერელი,
იქეთ კულა გლდანელი, აქეთ - შაშო ვერელი.
ზოგი რო ბემურაზი, ზოგიც – გულის მურაზი,
შირაზული ვარდები ქაშანურის სურაში,
ნახალოვკის ქოხები და მეიდნის ნოხები,
გამაშები, ქოშები, კორსეტები, ჩოხები,
მეთუნუქის ფეჩები, ეპოლეტის ფოჩები,
ყველაფერი თუ ვიტყვი, ვაბშე ვეღარ მოვრჩები,
კონკები და ფარნები, ფორნები და მარნები,
კუპეცების სახლები, მიკიტნების დახლები,
ფაეტონში დამები, გვერდით დარდიმანდები,
რუსის ჩინოვნიკების რიჟა ბაკენბარდები,
აქაც ჩემი მუშტრები - კინტო, გლეხი, თავადი,
სად არ მედგა სკამი და სად არ მედგა კრავატი,
მოვიარე სუყველა დუქანი და ბარდელი,
არ გამამიტოვნია ამქარი და არტელი,
ჩემმა ფეხმა გაცვითა მეიდანი, შარდენი,
შენთვის, ჩემო ქალაქო, ოფლი ვღვარე რამდენი,
ცრემლი ვღვარე რამდენი, ლექსი ვწერე რამდენი,
შენ კი მაინც ადგები და,
მავზალეუმს ვინ ჩივის,
მუხათგვერდში ჩამტენი…

??????