რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

ევროპის სოციალისტურ დელეგაციას მწერალთა სახელით 

მაღალნო სტუმარნო! 
ჩვენი შეხვედრა არ არის შემთხვევით მოვლენილი. 
ორი ათასი წელი ქართველნი ბუნებით დაუდეგარნი გელოდებოდათ თქვენ: არჩეულ შვილებს დასავლეთისას. 
ჩვენ ვცხოვრობდით მცირე აზიის გახურებულ შუაგულში და მზით მოთენთილნი ვგზნობდით ჩვენ მთვლემარე ღმერთებს გადურუჯულს ქვებში. 
ჩვენში იყო ანთებული ხილვა აღმოსავლეთური. 
მაგრამ ჩვენ ვერ გავუძელით აღმოსავლეთის დიდი შუადღის ავხორცობას და გამოვეშურეთ ჩრდილოეთისაკენ. ჩვენ გამოვიარეთ ცხელი ველები ქალდეასი და კავკასიონის მანელებელ კალთებს შევაფარეთ თავი. 
იყო იმთავითვე ჩვენს რასსიულ ტემპერამენტში რაღაც უცნაური, რომელიც ვერ ეგუებოდა აღმოსავლეთის მოდუნებას. ფიქრმორეულ თვლემასთან ერთად ჩვენს ხასიათში იწვოდა თესლი დასავლური ნების ამახვილებისა. 
ჩვენ ვიყავით პირველნი მომგონნი ფოლადისა და ჩვენი ხასიათის რკინეული ელემენტი ვერ ეთვისა საბოლოვოდ მოთენთას, თუგინდ ღმერთების ძილში გადასულს. 
და: მოშვებულნი აღმოსავლეთს ჩვენ მივილტვოდით მუდამ დასავლეთისკენ. 
ამ ლტოლვილებით არის დაღურული ყოველი ხვეული ჩვენი ისტორიის; ამ ლტოლვილობით არის ყვითურად დაღადული ყოველი მოქნევა ჩვენი შემოქმედების. 
ახლაც გაისმის ყიჟინი და როკვა გარდასული ნადიმის. სრული ხელმწიფება პიროვნების და სოციალურ სიცოცხლეში რჩეულობა. სხეულის სილამაზის კულტი: მარადი ქალურის სიყვარულით აშარავანდებული. თაყვანი უზომო მეგობრების: რაინდის ხმალზე ათამაშებული. ყველა ის მოტივები, რომლებიც შემდეგ იტალიურმა რენესანსმა მაგარ სურნელოვანი ყვავილებით გაახმაურა. 
მაგრამ ჩვენ მუდამ გვქონდა ტრაგედია გეოგრაფიის, _ არა საშიშარი მისტიური საშინელებით, არამედ საზარელი მაღალი პათოსის არქონებით, _ და ვერც მომწიფებაში ავსცილდით ჩვენ მას. 
მონგოულმა ურდოებმა აღმოსავლეთით მოვარდნილმა სასტიკი მახვილით გასწყვიტეს ლხინით გადაზნექილი წელი ნათელი ქორწილის, 
და ჩვენ შევჩერდით შუა გზაზე: 
აღმოსავლეთსაც მოვსცილდით და ვერც დასავლეთს ვეზიარეთ.
მრავალი საუკუნე ვიტანჯეთ ჩვენ შუა გზაზე ყოფით. 
მაგრამ ჩვენ მეომარნი ვართ იმ თავითვე და გვიყვარს ომში ხმალის დატრიალება. ჩვენ მხედარნი ვართ დაბადებით და ესპანელებსავით გვიყვარს შეუძლებლის გადალახვა. ჩვენ მეოცნებენი ვართ გაუსწორებელნი და გვესმის ღიმილი პარიზის ქიმერებისა ნოტრდამის კათედრალს რომ დასევიან. 
და ჩვენ მუდამ გვაცხოველებს შორეული და უცნაური. 
ჩვენ მოვინდომეთ ორი ქვეყნის შეუღლება და რასაკვირველია ხალხთა შეერთებას უფრო მოვისურვებდით. ეს არის ალბათ მიზეზი იმისა, რომ ”ინტერნაციონალის” ხმა არსად ისე სიხარულით არ გადავარდნილა როგორაც ჩვენში. 
ჩვენ ჯერ მანქანებიც არ აგვიმოძრანებია, მაგრამ სოციალური სამართლიანობისთვის მაინც ვიბრძვით. ეს პარადოქსია ისტორიული, მაგრამ ჩვენი ისტორიაც უცნაურობითაა დაგრეხილი. 
ბუნებით მეომარნი ჩვენ გარდავიქეცით რევოლუციონერებათ. რუსეთის რევოლუცია ჩვენმა შვილებმა გადაიტანეს, _ და როცა სპარსეთს დასჭირდა ამბოხება, სათავეში მას ჩვენი გადავარდნილი გმირები მოექცენ. 
ლიტერატურაც ჩვენი მხოლოდ კეთილშობილებისა და რჩეულობის ხაზებით იყო ამეტყველებული. მისი დევიზი ”სულის ინტერნაციონალად” ისახებოდა და ცხადია მისთვის კლასსიური საზღვრების გადალახვაც იყო ადვილი. 
ჩვენში არის მრავალი ლიტერატურული ჯგუფი ერთიმეორის მეომარი. მაგრამ არ არსებობს არც ერთი მწერალი, რომელიც ალმაცერად უცქერდეს სოციალურს იდეალს. 
უმეტესი ჩვენგანნი სოციალიზმს უცქერის ისე, როგორც ოსკარ უაილდ, მედიდური და ბრწყინვალე გენია დიდი ბრიტანეთის, _ ან ისე, როგორც ანატოლ ფრანს, სკეპსისით დახვეწილი გენია ლატინთა რასსის, ხოლო ყველას გვესმის სპილენძის საყვირები ემილ ვერხარენის, სადაც იძვრიან მძიმე რიტმები, დიდრონ მასსათა მიერ აგორებულნი. 
დღეს შევხვდით ჩვენ ერთმანეთს და ამიერიდგან ამ შეხვედრით დაიწყება ახალი უღელტეხილი ქართული ისტორიის. 
ჩვენ ვიცით სადავეს მოშვება, მაგრამ გვეძნელება თავშეკავება: _ თქვენგან უნდა ვისწავლოთ იგი. 
ჩვენ ვიცით მზით დადაღული ხილვა, მაგრამ არ გვესმის მაგარი სილლოგიზმი: _ თქვენგან უნდა შევითვისოთ იგი. 
ჩვენ ვიცით ლხენა და უდარდელობა, მაგრამ შორს არს ჩვენგან რკინისა და ჯავშანის ორგია: _ თქვენგან უნდა მივიღოთ იგი. 
თქვენ მოგვცემთ ჩვენ უძლეველობით გაჭედილსა და გამარჯვებულს ნებას, _ ჩვენ მას გავაცხელებთ ცეცხლეული ტემპერამენტით. 
თქვენ შემოიტანთ ჩვენში ცივსა და მძიმე სისტემებს, _ ჩვენ მათ შევსვამთ მზეზე აპრიალებული აზარფეშებით. 
თაყვანი თქვენ, მაღალნო და ძვირფასნო სტუმარნო, ქართველ მწერალთაგან. თქვენი მოსვლა ამღერდება ჩვენს ზომაგადასულ შაირებში.

??????