ღამის სტუმრები
ერთ რამესაც ვარ დაკვირვებული: მსმელი რუსი (მეშინია, გლახად არ გამიგონ) კახპას ჰგავს, თუ მოასწრო გამოფხიზლება (ინტელიგენტზე და მაღალი რანგის ჩინოვნიკზე უფროა ლაპარაკი), ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება მეორედ მოსვლამდე. «კანაოშიც» რომ იყოს გამოძინებული, სასმელის საყვედური არ დაცდება. გაისწორებს ჰალსტუხს, შეისხურებს (თუ გადარჩა) ოდეკალონს და ისე გამოცხადდება საზოგადოებაში (ფაქტიურად) სამსახურში _ სიცოცხლეში არა დაელიოს რა თითქოს. პირიქითა ვართ ჩვენ:
ზის სამსახურში ნაბახუსევი ქართველი, ამთქნარებს, ოხრავს და თხრობს, სად დალია. ჯერ იქ მოვიკალი თავი, მერე იქ მოვთავდი, დავწყდით სმითო და სხვა...
რუსი როგორ იქცევა, გითხარით, ჩვენ როგორ ვიქცევით, ვიცით. ჩვენსავით და რუსებივით სხვები არც სვამენ და იმ სხვებზე (გამონაკლისებს არ მივიღებთ მხედველობაში) ვერაფერს მოგახსენებთ, თქვენ თუ გამოიდებთ თავს, სხვა იქნება. ერთიცაა: რუსებს რომ ვედრებით, შედარებისათვის ვეზმანებით მხოლოდ, თორემ ჩვენი სმის წესიც, სხვას რომ თავი დავანებოთ, სხვანაირია, აკადემიურ-რიტუალურია ერთგვარად, ცალკე შესწავლისა და გაანალიზების ღირსიც კია, მაგრამ ამაზე აქ ლაპარაკი აღარ გვექნება.
ბიჭიკო:
ზაფხულია. ღამე. სიცხე სულის შემხუთველი. ცხელი ქარი დაქშუის. ვიღაც მეძახის. მეყურება? ქარს თუ მოაქვს ეს ხმა.
_ ბიჭიკია!...
ვინ ოხერია ამ ნაშუაღამევს. დედაჩემი გახდა დაწოლამდე გლახათ. წნევა გავუზომეთ, ნემსი გავაკეთებინე, ჩავაძინეთ, რავარც იქნა. არცაა არავინ მეტი სახლში. ცოლ-შვილი ქობულეთში მყავს დატოვებული. გავრგე ფლასტებში ფეხი, გავედი, გავხედე, ორი კაცი დგას ჭიშკარში. არც გაღების ჭრიალი გამიგია, არც საკეტის რაჩხუნი. დგანან ჭიშკრის დედოს ჩრდილში, ქარიან-მთვარიანში. ერთი ნამეტანი დიდია (შორიდან ასე ჩანს), მეორე _ ნამეტანი პატარა. ძაღლი დააბიო, ერთმა დამიძახა. სოსოია უბედურნახევარი ვიცანი. სად მყავდა ძაღლი. რომ მყოლოდა, რავა დავაბამდი! მეორე ვინღაა. ბავშვი ახლავს ვითომ? მივედი, დავაკვირდი... ბახაია. კაცი კაცს სად არ გადაეყრება, მაგრამ მაინც გამიკვირდა იმათი ერთად დანახვა. ერთი ალთას იყო და მეორე ბალთას საძმაკაცოში. ისე, კარგად კი არიან, სოსოია ქანაობს, ბახაია იფხორება, ვისზეა გულმოსული, რას გაიგებ. უძილარი მჭირდა და ქეც გამიხარდა, ბოლო-ბოლო, ამათი დანახვა, მარა ცოლი არაა, დედა, ქე გითხარით, ავადაა, მინარჩენ-მონარჩენი არის მაცივარში, მარა რას კმარა! არაფერი არ გვინდაო, ბახაია მეუბნება, შენ ბჟოლაზე გაგვიშალე სუფრა, პურ-მარილი ჩვენზე იყოსო. გასაშლელი და გამოსატანი არაფერი მქონდა, თვარა მაგიდა და სკამები ქე იყო ხეზე გაწყობილი. ღამითაც კარგია იქ ჯდომა, შრიალ-შრიალი გაუდის ფოთლებს. ღვინო გამოიტანე, პურ-მარილი დოლში მაქვსო, ბახაია ხლიწინებს. ამას თავი ხომ არ ტკივა, ვფიქრობ. თურმე მართალს მეუბნება. ქორწილიდან მონავალან, მერე გავიგე. ერთი მაყრად ყოფილა დაპატიჟებული, მეორე _ დამკვრელად. გაქცევია სუფრა თამადას შუაღამისას. გენძეხაძე შეჩენია დამ¬კვრელებს: მე რომ მიყვარს, ის შეუბერეთ, არ გა¬ჩერდეთო. შეუბერე კაიაო, მეკლარნეტეს უთქვამს, ჩაიყავი ჯიბეში ხელი, მორიელი ხომ არ გიზის შიგო. შენი წონა ფული ჩამიკუჭნია შენთვის სხვა დროსო, გენძეხაძეს უპასუხნია თავისებურად. ბახაიას უთქვია, შენ ხომ არაფერი გეშლებაო. მათხოვე მაგ დოლი და თუ მეშლება, გეტყვიო. გამოურთმევია დოლი და ჩამოუფხრეწია თავზე. ძლივს გამოუძვრიათ ბახაია დოლიდან და ამტყდარა, მარა რა ამტყდარა. დაულეწიათ იქაურობა. სოსოიას წარბი ჰქონდა გასიებული. ბახაიას არ მიუტანია გულთან არაფერი. ხელჩართულ ჩხუბში გაუვსია დოლი საჭმელით. რო არის ლაწალუწი სუფრაზე, ბახაია ტენის თურმე დოლში ხაჭაპურებს, შემწვარ წიწილებს. ქე იდო დოლი მართლა ჭიშკარ¬გადაღმა. ძლივს ავწიე, გულჩახუტებული წამოვიღე. გავაწყვე მოკლედ სუფრა ბჟოლაზე. სოსოიამ დაიბარა, მოვალ ახლავეო და ქუჩაში გადაბნელფეხდა. მოყარაულე ჯარისკაცს მოლაპარაკებია ადრევე საწყობთან, სიგარეტი უჩუქნია, ძმები ვართ ერთმანეთისო... იმას მიაკითხა ისევ. სამხედრო ფარდულები დგას, თუ იცი, არხის პირას. სროლა იყო წინაკვირაში. იარაღის წასაღებად მოვიდნენო, ცეცხლი გაუხსნეს მილიციას. მილიცია იარაღის წამღებს მოყვა, დაჭრეს, ერთი სალდათი მოკლეს მანამდე. იყო ვაიუბედურება. მერე მიფარცხეს, რავარცხა იყო, ყველაფერი და იქ არ მიდის სოსოია! რავარი საქმეა! ვაწყობ დოლის პურმარილს და სოსოიას ჯავრი მაქვს, გადამკიდებს რაღაცას, ვიცი, და ისე აგიხდათ ყოველივე კაი... არ მომიყვანა, ბიჭო, ყარაული პოსტიდან! რაფრად წამოყვა, მე იმის, პირი ქვისკენ მიქნია. თუმცა სოსოიას ენა აქვს, ყვავს ჩამოაგდებს ხიდან. ჯარში ქეა ნამსახური და იმათი ენაც ესმის. უძახა თურმე, ბრატ, ზემლიაკ, ერთი ჭიქა დალიეო და არ მოიყვანა ყარაული გაძეძგილი ავტომატით! ვაი, შენ დედას! გამხდარი, მაღალი, ჭორფლიანი რუსია. არც ავს ამბობს, ეს ჩემის გადანგრეული, არც კარგს. მარანი უნდა ვაჩვენოთ შენი, უნდა გადავრიოთო, სოსოია მეუბნება. რას ერჩი, მე ვუთხარი, რაზე გინდა ამის გადარევა! გავბრიყვდი. შევუძეხი. რა ჩემ ფეხებად უნდოდა ჩემი მარანი. არადა, მარანია ჩემი სასტუმროც და მისაღებიც, გადავყევი იმას და სახლი გაურემონტებელი დამირჩა, იქაურობა გამოვაწყვე მარტო უმაღლესად. შევუშვი. შევყევი. ბოცები მაქვს სავსე ძველი და ახალი ღვინით. არაყი ცალკე გაკამკამებული. ამოუტრიალდა თვალები სტუმარს. წყალიაო, იკითხა. ვოტკაა-თქვა, ჩვენ ვუთხარით. ჩაუვარდა ისევე ენა. ქართველის მარანში მოხვედრილმა არყის შემხედვარე რუსმა იკითხა, რაფრად გძინავთ ამის მაყურებლებს ამ სახლშიო, ქე არაა ნათქვამი! ასე იტყოდა ისიც, მეგონა, არ ამოუღია იმ გაჭირვებულს ხმა. ჩვენც აღარ შეგვიწუხებია მაინცდამაინც, დავსვით ბჟოლაზე და დავუდევით წინ შემწვარ-მოხრაკული. არ ჭამა, დალია მარტო. ამისთანა მარანი აქვს ჩვენთან ყველასო, სოსოია უხსნის. მოეშვი, ბიჭო! _ მე ვეუბნები... მოუსავლიდანაა ჩამოსული და იცოდესო, დიდი ჭიქები შეუვსო პირისგასახსნელად. მოკლავს, მე ვეუბნები, რას აკეთებ-თქვა. არა უშავს, ერთბაშად დალევს და წავა, აბა სულ ხომ არ მიატოვებს იქაურობასო. დაუსხა, დალია, დალია, დაუსხა და წაიყვანა მალე. გამოართვა გაძეძგილი ავტომატი და გაყვა. ქე მობრუნდა მალევე. მიიყვანე? _ ვეკითხები. ეგერ დავსვი გადაღმა ქვაზე, ავტომატი ქე ჩავუდევი მუხლებში, წაიძინებს, გამოფხიზლდება და მოძებნის პოსტსო. რაღა ვქნა, მე ვთქვი, ახლა. შენი ოჯახი დაიქცა, სოსოია, მაინც ქე ხარ დაქცეული, მე ვუთხარი. რა იყოო. რაღა რა იყო, მე ვუთხარი, ვერ ჩააბარე ვინმეს, მე ვუთხარი. ჩავაბარე, აქტით კი არ მყავდა წამოყვანილიო. მოგვიშვებს ახლა ავტომატის ჯერს, მე ვუთხარი, ხო კაი ჭკუაზე ხარო, სოსოიამ მკითხა. ელექტრონის შუქში ვზივართ, ბეღურებივით ჩამოგვყრის ბჟოლიდან, მე ვუთხარი, არ უნდა ამას ლაქლაქი, უეჭველად ასე იქნებათქვა. გამწვანდა და გალურჯდა, ენიშნა ჩემი ნათქვამი. მატარებელს გადაუდგება, მარა მაგნაირ მშიშარასაც ვერ ნახავ, ხანდახან გამოვრთოთ შუქიო, იყვირა ძილ-ღვიძილში ბახაიამ. გამოსართველი სახლში მქონდა. ჩავალ, გამოვთიშავთქვა. ამდენს ვინღა გვაცლისო და ეცა სოსოია გახურებულ ნათურას, დაეთუთქა ხელისგულები და მაინც ჩამოხსნა. ჩავბნელდით და ვერ მოვისვენეთ. გადაკიანთებული ღამე იყო და ბჟოლა ჩანდა განათებულად მაინც. მოგვიშვებდა იქაც, ლაპარაკი არ უნდოდა. ვიკადრეთ და ჩავედით, ჩავზიდეთ პურმარილი მალულად, ლაფეროში დავჯექით, ხმადაბლა ვილაპარაკეთ, მერე შიშმაც გაგვიარა.
ქვაზე დამჯდარმა ჭორფლიანმა ჯარისკაცმა ის სუფრა დაიმხრო, რომელზედაც აპურმარილეს. ამოიღო თვალში სუფრა და ჩაბნელდა კიდეც სამიზნე. მწვანედ აშრიალებული ხეც გაფერმკრთალდა. უყურა ჯარისკაცმა ხეს, უყურა, ვეღარა გაარჩია რა და თავმა დაძალა.
_ Uფლს! _ ჩაილაპარაკა და ჩაეძინა.
ბრძენი იყოო, დაწერა არქანჯელო ლამბერტიმ, ყოველმხრივ გათახსირებული და ზნედაცემული სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანიო.
არქანჯელო ლამბერტი (XVII საუკუნე):
«...თურქეთიდან როცა ელჩები მოვლენ, დადიანი საზღვარზე თავის კაცებს დაახვედრებს, რომელთაც ნაბრძანები აქვთ, გვერდი აუხვიონ კარგს, პირდაპირ გზებს და გამოატარონ ციცაბო კლდეებზე, ტალახიან გზებზე, დაბურული ტყეებითა და ცუდი ადგილებით; მდინარეებში გასვლისას უნდა ამოერჩიათ ღრმა ფონი. ღამით უნდა დაებინავებინათ ღარიბი გლეხის სახლში, ლოგინად დაეგოთ მხოლოდ თივა და ეშოვნათ მწირი საჭმელი. ელჩები ფიქრობდნენ, მთავრის სახლში როცა მივალთ, მაშინ მაინც კარგად მოგვასვენებენო, მაგრამ მთავარი იქაც ახირებულად დახვდებოდა: დამჯდარი ხის ქვეშ, ძველს ხალიჩაზედ. ღარიბულად ჩაცმული მიიღებდა ელჩებს. გარეშემო მრავალი მხლებლები ჰყავდა, მაგრამ ყველანი ცუდად ჩაცმულნი. მოსასვენებლად მიუჩენდა ერთ დიდ ფიცრულ სახლს, თითქმის უკაროს და უსახურავოს, რომელშიაც კაცი ერთ კუთხესაც ვერ იპოვიდა, რომ წვიმის დროს თავი შეეფარებინა. საჭმელად ყოველ დღე მიუტანდნენ ბებერი თხის ხორცს. პურს, რომელიც ისედაც ცოტაა ამ ქვეყანაში, ისე გამოზოგვით მიართმევდნენ ხოლმე, რომ იგინი შიმშილსაც ვერ იკლავდნენ; რაც შეეხება ღვინოს, თუმცა ელჩებს დიდი სურვილი ჰქონდათ, თავიანთი კანონები დაევიწყნათ და დაელიათ ყურძნის წვენი, მაგრამ ისეთს საძაგელს ღვინოს მიართმევდნენ, რომ ძალაუნებურად უნდა მტკიცედ დაეცვათ თავიანთი კანონი და წყურვილი მარტო წყლით მოეკლათ.
აგრე შევიწროვებულნი და გაჭირვებულები იყვნენ დადიანის კარზე ელჩები. ისინი სწყევლიდნენ იმ წამს, როცა მოვედით ამ დაწყევლილს და ჯოჯოხეთზე უარეს ქვეყანაშიო. ყველა ღონეს ხმარობდა დადიანი, რომ კონსტანტინეპოლში ცუდი აზრი ჰქონოდათ ამ ქვეყნის შესახებ და ხონთქარს აზრადაც არ მოსვლოდა არც ხარკის მომატება და არც ამ ქვეყნის სრულად დაპყრობა.