ჭეიშვილი რეზო
გაზიარება

გუია ა. 

ფიქრს ცეცხლი მოსდევს
და დროა შავი,
ვზივარ და შტოზე
ჩამოჯდა ყვავი.

***
მოსდევენ ქუჩებს
და დროა შავი.
ვზივარ და უცებ
გაფრინდა ყვავი.
ტერენტი გრანელი


ფანჯრიდან ბურში პეტრე-პავლეს სასაფლაოს ეკლესიის შპილი ჩანდა. მაზუთით დაძეძგილ შავ ცისტერნებს პეტრე-პავლეს სასაფლაოს გასწვრივ, ლაზარეთის გალავნის წინ მიაგრიალებდა ორი ელმავალი. შავად დალაქულ ცისტერნებსა და ცისტერნებშუა კრთოდნენ კვიპაროსები, გალავნები და ობელისკები.
_ აიწიეთ შარვალი! _ უთხრა სექსოლოგმა ალექსანდრე შერმადინმა გუია ა-ს და ხელები ჩაიბანა ყვითლად აპრიალებულ ხელსაბანში.
_ ჰო, კი, ბატონო!.. _ შეკრთა ფანჯარასთან გაჩერებული გუია, შარვალი აიწია, ღილი შეიკრა და ქამარი შემოიჭირა გამწლეულ მუცელზე.
მატარებელი აღარ ჩანდა, მიწაყრილი და რელსები კრთოდნენ მხოლოდ სიბრტყეში. განძელებზე თავწაღუნული კაცი მიდიოდა. სამრეკლოდ ქცეულ გუმბათს, გუმბათზე დაჭედებულ შპილს აციაგებდა ცივი მზე, რომელიც სადღაც ლაზარეთის უკან, შავნაბადაზე ბრჭყვიალებდა ბურში.
_ ეგრეა! _ თქვა ალექსანდრე შერმადინმა, თეთრი ხალათი გაიხადა და თავმოკაუჭებულ საკიდზე შეაგდო.
_ ...ჩვენს ურთიერთობაში მეტი გულახდილობაა საჭირო, მაგრამ დღეისათვის კმარა. უნაყოფობაში არაა აქ მარტო საქმე...

შეიძლება ბერწი თავად თქვენი მეუღლეა, შეიძლება... _ ახლა იგი იჯდა და ფანჯრიდან შემოსულ ტყვიისფერ სინათლეზე უპრიალებდა თავი, ხარის ძარღვივით მკვრივი და მოქნილი კისერი.
მიწაყრილთან, პეტრე-პავლეს სასაფლაოს კუთხეში, გამაზუთიანებული განძელების იქით, გაჩერდა კატაფალკა და მსუბუქი ავტომანქანებიც შეჯგროვდნენ. მანქანებიდან გადმოსული ხალხი გამონგრეულ ყორესთან და აგურის კედლის ნარჩენებთან გაჩერდა. კუბო გადმოიღეს კატაფალკიდან.
«როგორც ის არ წამოდგება!»
_ ...მეტი გულახდილობაა, გითხარით და კიდევ გიმეორებთ, საჭირო... აქ სხვა რამეშია საქმე, ცხადია, ეს ერთი სეანსი დამთავრებულად ჩავთვალოთ.
_ «აქ მე მეტად აღარ მოვალ!»
შავი წარბები დაუშვა გუიამ.
პროცესიას გაჰყვა.
შორს (ხმადაბლა მოსაუბრე ხალხის იქით) წაფერდებული კუბო ირხეოდა და კვიპაროსების გასწვრივ მიცურავდა ბურში. ის პროცესია იყო, რომელიც ლაზარეთის ფანჯრიდან დაინახა თუ სხვას წამოეწია, არ იცოდა. სამი რედაქცია, ორი გამომცემლობა, ერთი ექსტრასენსი, ერთი გასვენება ერთი ნისლიანი დღისათვის საკმარისი იყო...

თუმცა დრო კიდევ რჩებოდა.
შეაღმართებულ, უგანურ შარაზე მიდიოდა. შეთხელებულ, გაწვრილებულ პროცესიას მიჰყვებოდა. მოყინული თოვლი იდო კიდევ გზის ნაპირებზე, რკინის გალავნის ლაბირინთებში. ლურჯ პალტოში გამოკვეთილ გავას, მაღალ ფეხებს მოჰკრა თვალი გაბაწრულ ხალხში. საქაღალდე, ხელით რომ მოაპორწიალებდა, იღლიაში ამოიჩარა და აუჩქარა ფეხს.
«ის არის?»
გვერდი აუარა აბუზულ მოქალაქეებს, გაუსწორდა, გაასწრო ნახევარი ბეჭით ქალს, ბალნიან შავ სახეს დააკვირდა. ჩამორჩა, ამოიოხრა. არ იყო ის.

გასვენებაში იყო წამოსული, მაგრამ რომელში? რამდენი სასაფლაოა თბილისში, რამდენს გაასვენებდნენ ამა წლის თებერვლის ბოლო ხუთშაბათს.
«არადა, როგორა ჰგავს უკნიდან?»
ისევ ის გავა ამოიღო მიზანში და გაჰყვა.
სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა ქვემოთ!
«ახლა შემიძლია... დავიჯერო, მომიხდა!»
ერთ-ერთ რედაქტორს მოჰკრა თვალი. საყელოგადატკეცილი, გულმოხსნილი პალტო ეცვა. ელაპარაკებოდა თანამგზავრს და მარცხენა ხელს აქნევდა. გუიასაკენ იხედებოდა, ვერ ამჩნევდა გუიას, რომელიც უშედეგოდ აკანტურებდა შავად აბურძგნულ, შეციებულ თავს. მაღალფეხებიანი ქალი კი აღარ ჩანდა და ხალხიც უგანური შარიდან ბილიკებში გატოტვილიყო, ვიწრო გასასვლელებში, გალავნების ვიწროებში, გაფიჩხული, გადმობურდული ბუჩქების დარანებში გაღვრილიყო.
საფლავებში გაჩხერილ რედაქტორს უქნევდა ისევ თავს გუია ა. რედაქტორი ისევ ელაპარაკებოდა ცხენივით კაცს, იხედებოდა გუიასაკენ და ვერ ხედავდა გუიას.

ეკლესიის სქელი კედლიდან გამოჩრილი საკვამური მილიდან გამოსული შეშის ბოლი ნისლის ბოლოში ჩამოდიოდა და ითქვიფებოდა. შორს ვიღაც წუხდა, ვიღაც ქვას კოდავდა ბურში. ეკალბარდებში გამომწყვდეულ, ყვითელ წიწვგადაფენილ, უქარო და უმზეო სამარეებთან ნეტარება იდგა წამოწოლისა. ქვემოთ მიწის ნედლ ბორცვებზე ესვენა კუბო და თეთრთმიანი მიცვალებულის სანთლისფერი პროფილი ანათებდა.
«მოხუცი ქალი ყოფილა!»
მკერდზე და ბეჭებზე გადატკეცილ პალტოში ჩამჯდარი რედაქტორი საქმიანად მოძღვრავდა ცხენთავას, მარცხენა მკვდრისაგან ხელმარჯვნივ, ნაცრისფერი გალავნის მესერზე ჰქონდა ახლა ჩამოდებული.
_ შეიძლება?! _ გალავნის რიკულებში გაყო ხელი გუიამ. რედაქტორმა გველნაკბენივით გაწია მკლავი, ფერდაკარგული, გულაძგერებული მობრუნდა, გუიამ კი ისევ ის ქალი დაინახა. იქვე გაჩერებულიყო რამდენიმე ნაბიჯში, მისწოლოდა ვიღაცის სამარის მესერს, მკერდით მიჭყლეტოდა მესრის გამირს.
«ჩემსას ჰგავს, ამასთან მართლა შევძლებდი?!»
_ რა გინდათ?! _ ჰკითხა რედაქტორმა.
_ როგორაა ჩემი ლექსების საქმე?!
«პოეტი ყოფილა ეს დამპალი!» _ ღრმად შეხვრეპილი ჰაერი გამოუშვა, შეეცადა, თანაბრად ესუნთქა, აღელვება დაეფარა. შპრიც-წამლითY შეიარაღებული ქეში ეგონა, ფულს მთხოვსო, იფიქრა, ეს შავი ლანდი, შავ წარბ-ცხვირ-ტუჩ ჩამოშვებული, მხრებში წახრილი ჩხინკორა.
_ ლექსების ადგილია აქ?!
_ საერთოდ ვლაპარაკობ.
_ შენ ხომ იყავი, ჩემთან, იყავი!
_ ვიყავი, კი.
_ მერე, ხომ გითხარი?
_ მითხარით, კი.

იმანაც იგივე მითხრა, მაინც მაინტერესებდა, როგორ იქნებოდა...
_ რაღა გაინტერესებდა ამის შემდეგ... _ გაიღიმა ცალყბად, მიუხედა ცხენთავას, მოკლე ქურქი რომ ეცვა და გაოცებული რომ ჩამოსჩერებოდა ორთავეს უხმოდ.
_ მაშინ იქ მოვალ.
_ რაღაზე მოხვალ?
_ შემოვალ უბრალოდ.
_ მოდი, ოღონდ ნუ შემოხვალ...
_ არ მოვიდე?
_ მოდი, მაგრამ ნუ შემოხვალ-მეთქი!
_ აბა, ისე მეტყვით?
_ რაღას გეტყვი, გითხარი და იმანაც იგივე გითხრა, ახლა ის ხომ არ არის... _ გახედა ცხენთავას, გინახავს ამნაირიო, გაიკვირვა. ხალხი უკან ბრუნდებოდა და თავად აიძრა, გადავიდა შარაზე, ფეხები დაიწმინდა ბეტონზე, ამჯერზე თავისთვის გაიღიმა გვერდულად, გაალაჯა გაღმა სასაფლაოში, გალავნებში მხარი ეცვალა და ობელისკებში გაიჭედა, შემოუარა გრანიტის ცივ სტელებს, ტლაპოში ჩაყინულ ნაკვალევს გაჰყვა ბოლოს. მოიხედა ფრთხილად, არავინ უყურებდა, მაგრამ გარკვევით ჩანდა თავად სიშორეზე, უფოთლო ბუჩქები ვერ უფარავდა უქუდო თავს. უკუსვლით იარა ცოტაზე და შავი ქვით მოშანდაკებელ სამარეზე დაყუნცული ყვავი დაინახა.

თვალი გაუსწორა თუ არა, ყვავი ფრთების გაუტოკებლად შეხტა თავლოდზე, ცოკოლზე გადმოყუნცდა შემდეგ.

ფერადი სათვალე გაიკეთა რედაქტორმა. თოვლის ნარჩენი გაიისფერდა ბუჩქის ძირას, ყვავი კიდევ უფრო გაშავდა ბეჭებთან. იასამნის ტოტზე შეჯდა და აქანავდა სულ ახლო. მანამ უყურა რედაქტორმა ყვავს მტკივანი თვალებით, სანამ იასამნის ნედლი ტოტი არ გახევდა და ყვავმაც არ შეწყვიტა რწევა. ყველაფერი გაქვავდა ერთი წამით, ყოველნაირი ხმები აიკრიფა. ნისლის სუნთქვა ისმოდა. იასამნის ტოტი ინძრეოდა ოდნავღა, თვალგაშეშებული ყვავი ადამიანს უყურებდა ჯიუტად.
«რა უნდა ნეტავი?!»
შარვალი რომ გაიხსნა, ყვავი სხვა ბუჩქზე გადახტა.

ცალი ხელით (ცალი ძირს ჰქონდა დაშვებული და დაკავებული) დაემუქრა. ყვავი აფრინდა, ჩაუქროლა ცხვირწინ, ბუმბულის სითბო და ჩიჩახვის სიმხურვალე დაუტოვა ლოყასთან.
«კბენას მიპირებდა, ეს ჩემისა!»
მესამე გამომცემლობიდან გამოსულ გუია ა-ს ალექსანდრე შერმადინი ახსენდებოდა. მელოტ კაცს ხარის მთავარი ძარღვივით ელასტიური კისერი ჰქონდა.
«...სულ სიაბანდია, მეორედ აღარ მივალ, ის ერთი სეანსიც მეყოფა... მეტი გულახდილობაო, გულახდილობა რას ამიწევს, ქვეყანა ძირს მიგდებს, ცხოვრება ქვევით მქაჩავს... წიგნი არ გამოდის, რომანს არ კითხულობენ... ლექსები ამოუხაპიათ გეგმიდან, იქაც აღარ ვარ მყარად, აღარსად აღარ ვარ... აქაც არა ვარ...

იქაც არა ვარ, ვისთანა ვარ?!»
ოთხს აღარაფერი აკლდა, დაკრძალვიდან რომ დაბრუნდა ბავშვობაში დაწინაურებული რედაქტორი. ძვირფასი პალტო გაიხადა, დაკიდა, მდივანსა და მემანქანეს გადახედა, გაისწორა სველი თმა, ფერადი სათვალე მოიხსნა, გააღო კაბინეტის კარი და მტკივანი თვალებით დაინახა ყვავი. იგი იჯდა თავმაგიდასთან პირველ სკამზე, სადაც ყველაზე შინაური და თავხედი ავტორები სხდებოდნენ ხოლმე. სასაფლაოს ყვავს არ ჰგავდა, დიდი და ჭკუიერი ჩანდა გაცილებით. მოთეთრო მკერდგულა, შავ-ფრთაზურგიანს შავად აკუკუნახებული ნისკარტი და თვალები ქვევით ჰქონდა დახრილი მორიდებულად.
_ ელიზა! _ დაიძახა და კარი შეხურა ცივად. _ ვინ დატოვა, ელიზა, ფანჯარა ღიად?!
_ ამწუთას გავაღე, კაბინეტი გავანიავე, შიგ არავინ შესულა!
_ ნახე, თუ არ შესულა, ერთი მოდი და ნახე!
_ არავინ იყო ამწუთას, არავინ არ იყო... დარეკა, მართალია, მაგრამ არ არის-მეთქი, მე ვუთხარი, როდის მოვაო, არ მოვა-მეთქი...

არც გელოდით, სხვათა შორის, ყველანი წავიდნენ ამიტომ...
_ რატომ დატოვე, ელიზა, ფანჯარა ღიად?
_ ერთი წუთით, გავანიავე...
ამ ხმაურზე ყვავი გაფრინდა, გადაუარა მელიქ-აზარიანცის სახლს და სოჭის ხეზე დაჯდა ლილისფრად შეღებილ დიდების ტაძრის წინ. ბებერ სოჭს წვეროკანი ჰქონდა ალბათ ერთდროს გადატეხილი. გადანამტვრევი გადახოხნილი და დრო და ჟამისაგან გადაგლუვებული ჩანდა. სამად სამი ტოტი და ერთი ამოტრიალებული გირჩა ჰქონდა შერჩენილი. ტოტები მარაო პალმის ღეროებივით იყო ერთ სიბრტყეში გაფენილი.
პირველად იჯდა სამჰამაკიან ხეზე. ჩახუთულ ნისლში აყვარყვალებდა გაოცებულ თვალებს. აღმართ ქუჩას, ქუჩის ტელეფონებს, საგაზეთო ჯიხურს, სკოლის დაბალი კიბის ნაწილს ხედავდა.

ძირს ხალხი და მანქანები დადიოდნენ. მახვილი მზერით უყურებდა მანქანებს და ხალხს, მამადავითის კალთებს, სკოლას, ტროლეიბუსის ელექტროხაზებს; უკან ალექსანდრეს ბაღს, ქაშუეთის ეკლესიის აღერილ გუმბათს გრძნობდა.
ილიასა და აკაკის ძეგლის კვარცხლბეკზე წითელი მიხაკები იდო და სასკოლო ჩანთები ეყარა. დაბალი კლასების ბიჭები დარბოდნენ ძეგლის გარშემო, დასდევდნენ ერთმანეთს, თოვლის ნარჩენებს ეძებდნენ სკამმერხებქვეშ. ერთი კაცი სკვერის გალავანთან მიხვეტილ და მირჩენილ თოვლს იღებდა და უზარმაზარი ნიჩბით მანქანებს უყრიდა ბორბლებქვეშ. მანქანები გადაშხუოდნენ შემოყრილ თოვლზე, სქელ შხეფებად უშვებდნენ თოვლს გვერდებზე. მოდიოდნენ და მოდიოდნენ გაღმა-გამოღმა ტროტუარებზე სინაცრისფერეში ნაცრისფერი ადამიანები, გულგრილად უსწორდებოდნენ და შორდებოდნენ ერთმანეთს. ბევრს ვერა, მაგრამ ზოგიერთს ცნობდა მაღლიდან.

კოჭლობით შეჩერდა ხელჯოხიანი, თბილბერეტიანი კაცი, გენადი წურწუმიას პრემიის ლაურეატი ა. გ., გადაავლო თვალი იქაურობას, სქელი ულვაში ჩამოიფოცხა, მიაჩერდა ხეს და დიდების ტაძარს. მარტოხელა ყვავი არ შეუმჩნევია, როგორც შემდეგ გამოირკვა. ულვაშების ფოცხვას რომ მორჩა, შეწუხდა, თუმცა შეიძლება შეწუხებულიც მოდიოდა, დაღლილი წერდა და გუიასაც (ვინ ეკითხებოდა) ათვალწუნებული ჰყავდა. თავის გასაკეთებელს აკეთებდა მხოლოდ თურმე. რას ერჩოდნენ, აბა, ამ ა.გ.-ს? ტარიანი ცოცხი ჰქონდა კაცს მხარზე გადებული და ამას ამადლიდნენ? ის რომ არა, დაახვეტინებდნენ იმას, ვინც ახლა ა.გ.-ს კილავდა და დასცინოდა?!
«...მეც ხომ ყვავად გადაქცევის შემდეგ მივხვდი, რომ სხვისას ვშვებოდი! კიდევ რამდენ რამეს გავიგებ!»
ილეოდა თებერვალი. გაზაფხული დგებოდა.

ისევ ციოდა. ისევ ბური იყო. ვერეს ხევში ჩახლეწილიყო ყვავების მოდგმა.
უფოთლო, გაფიჩხულ ალვის წვეროკანებში დაქშუოდნენ.
«ყვა, ყვა, ყვა!» _ დასძახოდნენ გაციებულ დედამიწას. დაქშუოდნენ ფერფლა ფიფქებივით, აჩონჩხილი ხეების შიშველ ტოტებში გაჩხერილ უზარმაზარ ბუდეებს დატრიყრანტალებდნენ.
«ყვა, ყვა, ყვა!»
«დედის დახრჩობა!»
ბუმბულ-ბუმბულ მიცურავდნენ ნისლისკენ, გამოდიოდნენ ნისლიდან და ღერ ფრთასავით აფარფატებულნი ნაცრისფრად რკალავდნენ სივრცეს.
«ამათში მე ვერ გადავერევი, ვერ გავუტოლდები, თანაც ავები ჩანან და არ მიმიკარებენ, ჩამკორტნიან!»
სკოლის დაბალ კიბეზე გამოვიდა, ქვედა (ზედა არ ჩანდა) საფეხურზე გაჩერდა ტანზე შემოტმასნილი ლურჯი პალტოთი, გულზე ახუტებული რვეულებით. მაღალქუსლიან ჩექმებზე შემდგარი დიდების ტაძარს, ქაშუეთის ეკლესიას მიაჩერდა, ყვავს ვერ შეხედა აშკარად. ყვავი კი მაინც ყვავურად იხედებოდა ხიდან და სქელ თეძოებს, მკვრივ, ოდნავ ამობერილ მუცელს ლანდავდა გაულანდავში; მისჩერებოდა იმას, ვისაც კანონიერად, თუმცა უშედეგოდ ანაყოფიერებდა თერთმეტი წელი; უმზერდა და ზურგი უთბებოდა, შავ-ნაცრისფერი ბუმბული ეშლებოდა ხერხემლის გასწვრივ.
«...ვატყობ, აწი აღარ შემირიგდება... შემიძლია მისვლა, მაგრამ რაღა დროს...

არ მიშვებს. ჯერ ერთი, არც ვიცი, დედალი ვარ თუ მამალი!»
ტურისტები მოჯგრიალებდნენ ქვაფენილზე. ხელოვნების მუზეუმიდან გამოვიდნენ, ან მხატვრის სასახლიდან, სადაც კინწურაშვილის სურათები იყო გამოფენილი; გაუსწორდნენ ქაშუეთს, დააპირდაპირეს სასტუმროს, სადაც ისინი იყვნენ ჩამომხტარნი უეჭველია. დიდების ტაძართნ ერთმა უცხოელმა აიხედა და ბებერი სოჭის ტოტზე ატრიალებულ გირჩთან უზარმაზარი, გაფუყული ყვავი დაინახა, გადაირია და სლოკინი აუტყდა.

სხვებიც გაოცდნენ, ზევით დაიწყეს ცქერა.
«ყვავი არ უნახავთ, ამ შობელძაღლებს!» _ გაიფიქრა გუია ა-მ, თუმცა სახეზე არაფერი დასტყობია.
_ ამხელა ყვავი საიდან? _ დაინტერესდა უცხოელი.
_ გაიზარდა, ალბათ... _ უპასუხა შეფიქრიანებულმა ადგილობრივმა გიდმა.
_ ამხელა?
_ რამხელაა, თუ მაინცდამაინც?..
_ ესეც თქვენი კინწურაშვილი ხომ არ არის, რომ ვერ შევნიშნოთ, ნამეტანი დიდია...
_ დიდია კი და გვაქვს ჩვენ ანალოგიური შემთხვევებიც...
_ შეუძლებელია! _ მაინც არ დაიჯერა უცხოელმა.
_ რატომ არის შეუძლებელი, ძალიან შესაძლებელია... ჩვენ პრაქტიკულად არცა გვყავს უმუშევარი ყვავები...

ამნაირ ეგზემპლარებს კი განსაკუთრებით ვუვლით, კარგად ვკვებავთ, ვეფერებით ხოლმე...
«...ისე აშენდით, სანამ უნდა იაროთ ამ ტყუილებით!»
ერთმა ახალზელანდიელმა სტუმარმა, რომელიც ორნიტოლოგს ჰგავდა და ყვავებშიც შესანიშნავად ერკვეოდა აქედან გამომდინარე, საჯაროდ, ყველას გასაგონად განაცხადა: ეს არისო კუდმოღუნული ყვავის ერთი ნაირსახეობა _ ჩ. Lევაილლანტიი. ჟნკბხფტნცზ რჰეგყსვ რკ.დჯვ ბ ,ჯკმიჯქ^ _ განაგრძო რუსულად, _ დტკბხბყჯ.& Hფცგჰჯცნჰფყტყფ ყფ ჩფ[ფკბყტ^ ღეჰბკმცრბ[ ჯცნჰჯდფ[.
სახალინის ყვავი კი მარტო ამ სიტყვების გაგონებაზე დაფრთხა, გადაუფრინა ანტენებით გადაჭედილ სახურავებს, ბაღებს, სკვერებს, ხიდებს, აფთიაქებს. ალექსანდრე შერმადინი დაინახა ლაზარეთის ეზოში. მორგსუკან ვარჯიშობდა ფარულად. «ადიდასებში» გამოწყობილი ხარის ძარღვივით ელასტიური კისრის ყანყალით თავმოტვლეპილი დარბოდა მორგის ყრუ კედელთან.
საღამოვდებოდა. ცივი, გაყინული მზე ესვენებოდა შავნაბადას შებურულ კალთებში.

სველ კვამლში გახვეული პეტრე-პავლეს სასაფლაოს კონტურები ჩანდა. კუდწვეტიანი შავი ძაღლი გარბოდა შეღმართში, ეკლესიისკენ. სამრეკლოში ჩამოკიდებული სამი ზარი _ დიდი, შუალა, პატარა _ ციაგობდა ჩამავალი, გალიგვებული მზის ბოლო სხივებში. საყდრის სარკმლიდან გამოჩხერილ საკვამურში შეშის ბოლი გამოდიოდა და სამყაროს სინაცრისფერეში, სველ ნისლში იღვენთებოდა. ცარიელ სასაფლაოს ემხობოდა ნელ-ნელა დაბურული ცა. შეგვიანებული მეპანაშვიდენი გალავანგადაღმა უკრავდნენ დუდუკებს. სიშორიდან წამოსული დოლისა და გამკივანი კლარნეტის ხმა მატარებლის ვაგონების ბუფერების დაგუდულ ძაგაძუგს, განძელების ყრუ ჭრიალს უერთდებოდა და, სასაფლაო მაინც დუმდა, სიყრუე ბატონობდა ირგვლივ.
ღვიის, კუნელის, იასამნის ბუჩქებს შეფარებულ აკვანივით სამარეზე მშრალი, ოქროსფერი წიწვი იყო წაფენილი.

სიმშრალეში, სიმყუდროვეში ჭიატობდნენ საფლავის ქვაზე დადებული ქორფა ყოჩივარდები და მეფობდა მაინც სიჩუმე.
«ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი».
«ჩემი უნაზესი და სიჩუმე».
«...მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე ღამით. დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან...»
ახლა თავად ვწერ მე.
არსენალის უდაბური გორები მოჩანს ნისლში. აღარაა გერმანელთა სასაფლაო. აღარც წითელნაჭერშებმული კრავია საყდართან. ცივა და გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. დრო სპობს საფლავებს, დრო მოგონებებსაც ანადგურებს, დრო დროსაც მუსრავს.
«...ერთი ბარათი ძევს მაგიდაზე და ბარათში სძინავს ასო «ა»-ს».
დაჭირხლული შუშის მიღმა ელავენ გაფიჩხული, თეთრი ტოტები; ტყვიის სიჩუმეში ფრთებ-ფიფქებად დაფარფატებენ შავ-ნაცრისფერი ფრინველები.
«ყვა, ყვა, ყვა!»
ვხედავ სიცივეს, ნაცრისფერ ფიფქებს ვუყურებ, ვიგონებ, ვეძებ გაუხარელი ქალწულის ალლიდი ოტტოს დაკარგულ საფლავს..

??????