იოსელიანი ოტია
გაზიარება

ვეფხვი და წრუწუნა 

იყო ერთი წრუწუნა და სორო იქვე, ბრდღვინავი ვეფხვის ბუნაგთან ჰქონდა. როცა მძვინვარე ნადირის ღრიალს გაიგონებდა, სოროდან გამოძვრებოდა და შიშისაგან გულგახეთქილ, კისრისტეხით გაქცეულ ცხოველებს სიბრალულითგასძახოდა:

_ რა გჭირთ, რა გაშინებთ, სად გარბიხართ! უკან, უკან მოიხედეთ და დააკვირდით. კატა რატომ გგონიათ, ერთი კეთილი, ჩვეულებრივი ვეფხვია. გაიგონეთ, გაიგეთ, კათას ჰგავს და მეტი არაფერი. რა ხანია მაგის ბუნაგის წინ ვცხოვრობ და თათი არ დაუკარებია, ის არაა თქვენ რომ გგონიათ, დაიჯერეთ, რომ არაა კატა! _გულდაწყვეტილი თავს სინანულით იქნევდა:

_ეს გაუგებრები, ტყუილად იხეთქავენ გულს და კისერს იტეხავენ. რა ვუყო, რა ვუშველო, რით გავაგებინო, როცა ვყვირი და ვეძახი _ სად გარბიხარ, თქვე უბედურებო, რამ დაგაფრთხოთ და დაგზაფრათ, რამ დაგაბრმავათ, თვალი გაახილეთ... თქვენ კატისა სთქვით, თორემ ვეფხვს რა სჭირს საშიში და თავზარდამცემი?! სიცოცხლეს რად იმწარებთ! გონს მოეგეთ, თქვე უგუნურებო თქვენა...

ვერავის რომ ვერაფერს აგებინებდა, ხელჩაქნეული სოროში ბრუნდებოდა და ბუზღუნებდა: გული არ მითმენს, თორემ მაგათზე ყველაფერი ახია, რომ კატას და ვეფხვს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და ანსხვავებენ.

??????