ასე იცის კაბალერომ
მთარგმნელი ნათაძე მაია
ცისკო კიდს ექვსი კაცი ჰყავდა მოკლული მეტნაკლებად პატიოსან შეტაკებაში, ბრძოლის რაინდული წესების დაუცველად საიქიოს გასტუმრებული ჰყავდა დაახლოებით ორი ამდენი (უმთავრესად მექსიკელები) და დასახიჩრებული კიდევ უამრავი სხვა, რომელთა დათვლას თავმდაბლობა უშლიდა. ამიტომ ქალს უყვარდა იგი.
კიდი 25 წლისა იყო, ოცისას ჰგავდა. მისი ამქვეყნიდან გამგზავრების ვადად კი წინდახედული სადაზღვეო საზოგადოება დაახლოებით 26 წლის ასაკს დასახავდა. კიდის ადგილსამყოფელი იყო ყველგან ფრიოსა და რიოგრანდეს შორის.
მკვლელობას ჩადიოდა ამ საქმის სიყვარულით, ფიცხი ხასიათის გამო, თავის გადასარჩენად ან, უბრალოდ, გართობის მიზნით. ამისათვის სულ პაწაწინა საბაბიც კმაროდა. დაჭერას ამდენ ხანს იმით გადაურჩა, რომ სასხლეტის დაშვება ხუთი მეექვსედი წამით ადრე შეეძლო, ვიდრე რომელიმე შერიფს ან ცხენოსან ჯარისკაცს ამ მიდამოებში, და კიდევ იმით, რომ ჰყავდა ლურჯა ცხენი, რომელმაც იცოდა ნახირის ყველა ბილიკი მესკიტის ტევრებში სან-ანტონიოდან მოყოლებული, მატამორასამდე.
ტონია პერეზი - ქალიშვილი, რომელსაც უყვარდა ცისკო კიდი, იყო ნახევრად კარმენი, ნახევრად მადონა და, გარდა ამისა... - დიახ ქალში, რომელიც ნახევრად მადონაა, ნახევრად კარმენი, ყოველთვის მოიძებნება კიდევ რაღაცა სხვა. - გარდა ამისა... ტონია იყო კოლიბრი.
ის ცხოვრობდა ერთი მექსიკური დაბის მახლობლად, ჩალით დახურულ პატარა ჯაკალში ,,მარტოხელა მგლის ფონთან” მდინარე ფრიოზე. მასთან ერთად ბინადრობდა ტონიას მამა თუ პაპა, თითქმის ათას წელს მიღწეული ბერიკაცი, აცტეკების პირდაპირი ჩამომავალი, რომელიც ასიოდე თხას მწყემსავდა და მეცკალის სმისგან მუდამ გაბრუებული იყო. უკანა მხრიდან ჯაკალს ზედ ადგებოდა ვეება კაქტუსების დაბურული ტყე, რომელიც ზოგან ოცი ფუტის სიმაღლეს აღწევდა. სწორედ ამ ეკლიანი კაქტუსების ლაბირინთებით მოჰყავდა ხოლმე ლურჯა ცხენს თავისი მხედარი სატრფოს სანახავად. და ერთხელ, ჩალით დახურული წვეტიანი სახურავის კოჭზე ხვლიკივით მიკრულმა კიდმა ნახა თავისი მადონას გამომეტყველების, კარმენის სილამაზისა და კოლიბრის სულის მქონე ტონია, რომელიც ესპანურისა და ინგლისურის ტკბილი ნარევით ემუსაიფებოდა შერიფის კაცს და გადაჭრით უარყოფდა კიდთან ნაცნობობას.
ერთ მშვენიერ დღეს შტატის გენერალ-ადიუტანტმა, რომელიც ეხ ოფფიციო ცხენოსანი პატრულის უფროსად ითვლება, მისწერა ლარეტოსთან დაბანაკებულ კაპიტან დუბალს რამდენიმე სარკასტული სტრიქონი იმ უშფოთველი ცხოვრების შესახებ, რომელსაც ეწევიან მკვლელები და თავზე ხელაღებული პირები ხსენებული კაპიტანისათვის მინდობილ ტერიტორიაზე.
კაპიტანს მზისგან გარუჯული აგურის ფერი გაუხდა.
მან სათანადო დამატებებით გადაუგზავნა ეს წერილი ლეიტენატ სენდრიჯს რომელიც თავისი ხუთეულით წესრიგს იცავდა მდინარე ნუესესთან.
ლეიტენანტ სენდრიჯის ხენდროსფერ პირისახეს ვარდის ფურცელი წარმტაცმა ფერმა გადაჰკრა. მან წერილი ჯიბეში ჩაიდო და ქერა ულვაშის წვერი მოიკვნიტა.
მეორე დილას ლეიტენატმა ცხენი შეკაზმა და მარტო გაემგზავრა ოცი მილით დაშორებულ მექსიკელთა დაბისაკენ ,,მგლის ფონთან” ფრიოზე.
ექვსი ფუტისა და ორი გოჯის სიმაღლის, ვიკინგივით ქერა, დიაკვანივით მშვიდი, ტყვიამფრქვევივით სახიფათო სენდრიჯი დადიოდა ჯაკალიდან ჯაკალში და მოთმინებით აგროვებდა ცნობებს კიდის შესახებ.
კანონზე გაცილებით უფრო მეტად ეშინოდათ მექსიკელებს იმ მარტოხელა მხედრის ცივი და უტყუარი შურისძიებისა, რომელსაც ლეიტენანტი ეძებდა; კიდის საყვარელი გასართობი მექსიკელების ხოცვა იყო - მხოლოდ იმისთვის, რომ ენახა ,,როგორ ფშეკენ ფეხებს”. და თუკი მომაკვდავებისგანაც ტერფსიქორას ილეთების შესრულებას მოითხოვდა, ადვილი წარმოსადგენია, რა ულმობელი სასჯელი ელოდა იმას, ვინც მის წყრომას იმსახურებდა! ამიტომ სენდრიჯის შეკითხვაზე მექსიკელები მხოლოდ აღაპყრობდნენ ხოლმე ხელებს, ტანს შეარხევდნენ და ფიცულობდნენ, ცისკო კიდს არ ვიცნობთო.
მაგრამ, იყო ვინმე კაცი, სახელად ფინკი, რომელსაც დუქანი ჰქონდა ,,მგლის ფონთან”. ეს კაცი მრავალ ეროვნებას ეკუთვნოდა, მრავალ ენაზე ლაპარაკობდა, ნაირ-ნაირი ინტერესები გააჩნდა და ყოველ საგანსა თუ მოვლენაზე ნაირ-ნაირი აზრი მოეპოვებოდა.
- სულ ფუჭია მექსიკელებთან ლაპარაკი, - უთხრა მან სენდრიჯს, - თქმას ვერ ბედავენ. ეს ყმაწვილი, კიდს რომ ეძახიან (ნამდვილად გუდოლი გქვია, არა?), ერთი ორჯერ ჩემს დუქანშიც არის ნამყოფი. მე მგონი იქ ნახავთ, სადაც...
მაინც, აჯობებს ენას კბილი დავაჭირო. სასხლეტის დასაშვებად ახლა წინანდელზე ორი სეკუნდით მეტი დრო მინდა. ასეთ განსხვავებას კი ანგარიში უნდა გაეწიოს, მაგრამ კიდს ერთი ნახევრად მექსიკელი შეყვარებული ჰყავს და მის სანახავად დადის. ფონთან პატარა ჯაკალში ცხოვრობს. იქნებ იმან... თუმცა არა, ალბათ არ იზამს. ყოველ შემთხვევაში, ჯაკალი მაინც კარგი ადგილია ჩასასაფრებლად.
სენდრიჯმა ცხენი პერეზის ჯაკალისაკენ გააჭენა.
მზე გადაწვერილიყო და კაქტუსების ტყის ვეება ჩრდილი უკვე ჩალის სახურავს ეფინა. თხები დილამდე ბუჩქნარით შემორაგულ ბაკში შეერეკათ. რამდენიმე ციკანი დადიოდა შეღობილში და ჩაპორალის ფოთლებს წიწკნიდა. ბებერი მექსიკელი ბალახზე დაფენილ საბანზე მეცკალისაგან გახევებული და, ვინ იცის, იქნებ ის ნეტარი ღამეები ესიზმრებოდა, როცა ის და პიზარო სვამდნენ ახალ ქალაქში თავიანთი წარმატების სადღეგრძელოს_ისეთი ხნიერი ჩანდა მისი ნაოჭებით დაღარული სახე, რომ პიზაროსთან მის მეგობრობაში ეჭვი არ შეგეპარებოდათ. ჯაკალის კარებში კი ტონია იდგა. ლეიტენანტი სენდრიჯი უნაგირზე გაშეშდა და ისე დააშტერდა მას, როგორც გაოცებისაგან პირდაღებული პინგვინი მეზღვაურს.
ცისკო კიდი, ისევე როგორც ყველა გამოჩენილი მკვლელი, რომელსაც ბედი სწყალობს, ამ ქვეყნის ამაოებათა მიმყოლი კაცი იყო. მისი სულის მყუდროებას უეჭველად დაარღვევდა იმის გაგება, რომ ორ ადამიანს, რომელთა შეგნებაში მას ესოდენ დიდი ადგილი ეჭირა, ერთნანეთის დანახვისთანავე გადაავიწყდა მისი არსებობა (დროებით მაინც).
თავის დღეში არ ენეხა ტონიას ასეთი კაცი. ის თითქოს მზის შუქისაგან, სისხლისფერი ქსოვილისა და კაშკაშა დარისაგან იყო შექმნილი. როცა გაიღიმებდა, მზე თითქოს ხელმეორედ ამოდიოდა და კაქტუსებს სინათლე ეფინებოდა. მამაკაცები, ვისაც აქამდე იცნობდა ტონია, შავები და ჯუჯები იყვნენ. კიდიც კი, მისი ღირსებების მიუხედავად, ტონიას ხელა იყო, სწორი შავი თმა ჰქონდა და ცივი, მარმარილოსაგან გამოთლილი სახე, რომელიც მცხუნვარე შუადღეს გაჰყინავდა.
რაც შეეხება ტონიას...
მისი სილამაზე ყოველგვარ აღწერას ღარიბთა თავშესაფარში გაისტუმრებდა. შუაზე გაყოფილ შავ, ელვარე თმას სილურჯე დაჰკრავდა, ლათინური მელანქოლიის სავსე დიდრონი თვალები მადონას იერს აძლევდა.
მიხრა-მოხრაში გამოსჭვიოდა ფარული ცეცხლი და მნახველის მოხიბლის სურვილი, რაც მემკვიდრეობით მიეღო ბასკონიის ბოშებისაგან. კოლიბრი კი მის გულში ბუდობდა. შეიძლება ის სულაც არ შეგენიშნათ, რომ ტონიას ხასხასა წითელ და ლურჯ კაბას ამ ჭირვეულ ფრინველთან სიმბოლური მსგავსება არ ჰქონდა.
ახლად მოვლენილმა მზის ღმერთმა წყალი ითხოვა. ტონიამ მიუტანა წითელი დოქი, რომელიც წნული ჩარდახის ჩრდილში ეკიდა. სენდრიჯმა საჭიროდ სცნო ჩამომხდარიყო ცხენიდან, რომ გაეადვილებინა ტონიასთან ეს მძიმე საქმე.
მე არა ვარ ჯაშუში და მაბეზღარა, არც იმით მომაქვს თავი, თითქოს ადამიანის ფარული ზრახვების გამოცნობა შემეძლოს. მაგრამ ვსარგებლობ მთხრობელის უფლებით და ვამტკიცებ: ჯერ თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ სენდრიჯი უკვე ასწავლიდა ტონიას ექვსფა ქამანდის ქვნას, ტონიამ კი უამბო, რა ძალიან, ძალიან ობლად იგრძნობდა თავს, რომ არ ჰქონოდა მოხეტიალე პატრის ნაჩუქარი პატარა ინგლისური წიგნი და არ ჰყოლოდა კოჭლი ციკანი, რომელსაც ბოთლით ასმევდა რძეს, რაც ეჭვს ბადებს, რომ კიდის პოზიციებს საფუძვლიანი შეკეთება სჭირდებოდა, გენერალ-ადიუტატის სარკაზმი კი უნაყოფო ნიადაგზე დაეცა.
თავის ბანაკში ლეიტენანტმა გამოაცხადა და ისევ და ისევ გაიმეორა, რომ კიდს ან პრერიებისსავ მიწას ახრევინებდა, ან არადა მოსამართლის წინაშე წააყენებდა. ამ გადაწყვეტილებას საქმიანი პირი უჩანდა; კვირაში ორჯერ სენდრიჯი მიდიოდა ,,მგლის ფონთან” მდინარე ფრიონზე და დაატარებდა ტონიას მოქნილ, ლიმონისფერ თითებს ექვსკეცად წნული თანდათანობით მზარდი ქამანდის ლაბირინთებში.
ექვსფა ქამანდის ქვნა ძნელი სასწავლია, სამაგიეროდ - ადვილი სასწავლებელი.
ლეიტენანტმა იცოდა, რომ ყოველი ასეთი სტუმრობის დროს შესაძლო იყო კიდს გადაჰყროდა. ამიტომ მუდამ მზად ჰქონდა იარაღი და ხშირ-ხშირად იყურებოდა ჯაკალის კარზე მომდგარი ტყისკენ. იმედი ჰქონდა, რომ ერთი გასროლით ძერასაც მოინადირებდა და კოლიბრისაც.
სანამ მზისფერთმიანი ორნიტოლოგი მეცნიერული გამოკვლევებით იყო გართული, არც კიდი აკლდებოდა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას; მან პირქუშად ჩაიარა მესაქონლეთა პატარა სოფელში კვინტანის ღელესთან, ტყვიებით დაცხრილა დუქანი, მოკლა შერიფი (ტყვია ოსტატურად შიგ თუნუქის ნიშნის შუაგულში გაუყარა) და მოღუშული და დაუკმაყოფილებელი გაეცალა იქაურობას. არც ერთ ჭეშმარიტ ხელოვანს არ აღაფრთოვანებს ბერიკაცის მოკვლა, რომელიც მხოლოდ ერთი ძველებური 38 ყალიბიანი ბულდოგითაა შეიარაღებული.
გზაში კიდი უეცარმა სევდამ შეიპყრო, რომელიც მუდამ ეუფლება კაცს, როცა ბოროტმოქმედება კარგავს მისთვის მწვავე მიმზიდველობას. მას მოენატრა ქალი, რომელიც უყვარდა, რომელიც ერთხელ კიდევ დაარწმუნებდა, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც მისი ერთგული დარჩა. მოუნდა, რომ მისი სისხლის მსმელობისათვის ვაშკაცობა ეწოდებინათ, სისასტიკისათვის _ ერთგულება; მოუნდა, ტონიას მოეტანა მისთვის წყალი ჩარდახისჩრდილში ჩამოკიდებული წითელი დოქით და ეამბნა, როგორ იზრდება და ღონიერდება კოჭლი ციკანი. კიდმა მიაბრუნა თავისი რაში კაქტუსების ტევრისაკენ, რომელიც ათი მილის მანძილზე გასდევს არიო ჰონდოს, ,,მგლის ფონამდე” მდინარე ფრიოზე.
ღურჯამ სიხარულით დაიჭიხვინა, რადგან განვითარებული ჰქონდა ორიენტაციის გრძნობა, ისევე როგორც კონკის ცხენს, რომელიც ყოველდღიურად ერთსა და იმავე წრეს უვლის ქალაქის ქუჩებში. მან იცოდა, რომ მალე, ორმოც ფუტიან თოკზე გამობმული, მოძოვდა ქვიან ბალახს ჯაკალის ეზოში, სანამ ულისე ცირცეას ჩალით დახურულ ქოხში განისვენებდა.
ამაზონის სათავეების მკვლევარიც კი არ იგრძნობს თავს ისე ობლად და დაკარგულად, როგორც ტეხასის ტევრში მოხვედრილი მგზავრი. შემზარავად ერთფეროვანი და იმავე დროს გასაოცრად ნაირ-ნაირი კაქტუსები გზას უღობავენ მხედარს დახლართული ღეროებით და მისკენ გაწვდილი ეკლიანი მსუქანი ხელებით. ეს ეშმაკის მცენარე, რომელსაც არც ნიადაგი სჭირდება, არც წვიმა, მსუყე მონაცრისფრო სიმწვანით თითქოს დასცინის და ახელებს დასიცხულ მგზავრს. ხან უეცრად ვიწრო ბილიკს გამოაჩენს; ეს ბილიკი იზიდავს მხედარს თურმე იმისათვის, რომ უფრო ღრმად შეიტყუოს წყვდიადით მოცულ ეკლიან ჯურღმულში, საიდანაც ვეღარაფრით ვეღარ გამოაგნებს გზას, რადგან კომპასის ოთხივე მხარე უკვე საფუძვლიანად ექნება არეული თავში.
ამ ტყეში დაბნევა თითქმის იგივეა, რაც ჯვარზე გაკრული ქურდის სიკვდილი. რომელსაც ტანში ლურსმნები ერჭობა, თავზე კი ავი სულების აჩრდილები დასტრიალებენ.
მაგრამ ასე არ ჰქონდათ საქმე კიდს და მის ბედაურს.
ერთგული ცხენი ტრიალებდა, წრეებს უვლიდა, მიიკვლევდა ფანტასტიკურ მიხვეულ-მოხვეულ გზას, რომლის მსგავსით ჯერ არავის უვლია, და ყოველი ნაბიჯით ამცირებდა მანძილს ,,მარტოხელა მგლის ფონამდე” მდინარე ფრიოზე.
კიდი მიდიოდა და მიიმღეროდა. მან იცოდა მხოლოდ ერთი სიმღერა, აღიარებდა მხოლოდ ერთ კანონს, რომელსაც მისდევდა, იცნობდა მხოლოდ ერთ ქალს, რომელიც უყვარდა. ბრონქიტიანი კოიოტის ხმა ჰქონდა, მაგრამ მაინც ყოველთვის მღეროდა, როცა სიმღერა მოუნდებოდა. ეს იყო ბანაკებისა და უკაცური გზების სიმღერა და მისი სიტყვები დაახლოებით ასე იწყებოდა:
- შენ, ეი, ნუ ეკურკურები ჩემს გოგოს, ლულუს,
თორემ ჩემებურად გაგისწორდები!.. და ასე შემდეგ.
ცხენი შეჩვეული იყო ამ სიმღერას და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.
მაგრამ ყველაზე უარესი მომღერალიც კი ოდესმე უნდა გაჩუმდეს და ხელი აიღოს თავისი საწყალობელი წვლილის შეტანაზე მსოფლიო ხმაურში. ასე მოიქცა კიდეც, ტონიას ჯაკალიდან ორიოდე მილის მანძილზე მან უხალისოდ შეწყვიტა სიმღერა - არა იმიტომ, რომ ეს გალობა ნაკლებ სასიამოვნო გახდა მისი საკუთარი ყურებისათვის, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ სახმო სიმები დაეღალა.
ლურჯა ბედაური ცეკვავდა და ტრიალებდა კაქტუსების ლაბირინთებში, თითქოს ცირკის არენაზე იმყოფებოდა, სანამ მისმა მხედარმა ზოგიერთი ნიშნის მიხედვით არ შეატყო, რომ ,,მარტოხელა მგლის ფონი” ახლოს იყო. მალე ტყე შეთხელდა, გამოჩნდა ჩალის სახურავი და ნაცნობი თუთის ხე ღელის ნაპირას, მისგან რამდენიმე იარდის დაშორებით.
კიდმა გააჩერა თავისი რაში და ყურადღებით გაიხედა ეკლიან ტოტებში.
ცხენიდან ჩამოხტა, აღვირი გადაუგდო და წახრილმა, ინდიელივით უჩამიჩუმოდ განაგრძო გზა. ცხენმა კარგად იცოდა თავისი საქმე _ გატრუნული იდგა და ადგილიდან არ იძროდა. კიდი უხმოდ მიცოცდა ტევრის კიდემდე, კაქტუსებში ჩასაფრდა და მიდამო დაზვერა.
საფარიდან ათიოდე იარდის დაშორებით ჯაკალის ჩრდილში მისი ტონია იჯდა და უშფოთელად წნავდა ტყავის ქამანდს. ამისათვის ტონია, რაღა თქმა უნდა, არ იყო დასაგმობი - ცნობილია შემთხვევები, როცა ქალები უფრო საძრახ საქმიანობასაც მისდევენ, მაგრამ თუ კი ყველაფერს ვამბობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტონიას თავი ამ დროს მშვიდად ესვენა მაღალი, წითელ-ყვითელი კაცის ფართო მკერძზე, ამ კაცის მკლავი ნაზად შემოჰხვეოდა ტონიას წელს და დაატარებდა მის მოქნილ პატარა თითებს, რომელთაც ბევრი გაკვეთილი სჭიროდათ, რომ რთული ექვსფა წვნის ხელოვნებას დაუფლებოდნენ.
სენდრიჯმა სწრაფად გაიხედა ტყისკენ, როცა მოესმა ჭრიალის მსგავსი ხმა (არცთუ მთლად უცნობი მისთვის). ასეთ ხმას გამოსცემს იარაღის ბუდე, თუ ვინმე უეცრად ხელს წაავლებს ექვსვაზნიანი რევოლვერის ტარს. მაგრამ ხმა აღარ განმეორებულა, ტონიას თითები კი განსაკუთრებულ ყურადღებას თხოულობდნენ.
მერე სიკვდილის ჩრდილქვეშ, მათ დაიწყეს ლაპარაკი თავიანთ სიყვარულზე, და ივლისის ამ წყნარ საღამოს ყოველი სიტყვა აღწევდა ცისკო კიდის ყურამდე.
- მაშ გახსოვდეს, - თქვა ტონიამ, - აღარ მოხვიდე, სანამ მე არ დაგიძახებ.
ის მალე დაბრუნდა. სამი დღის უკან ერთ ვაკეროს გვადალუპაზე შეხვედრია. როცა ასე ახლოა, ყოველთვის მომაკითხავს ხოლმე. აქ რომ გნახოს, უთუოდ მოგკლავს. თუ ჩემი ხათრი გაქვს, აღარ მოხვიდე, სანამ მე არ შემოგითვლი.
- კარგი, - თქვა ლეიტენანტმა. - მერე?...
- მერე შენი ხალხი უნდა მოიყვანო და მოკლა კიდი.
თუ არა ის მოგკლავს.
-ცისკო იმის კაცი არ არის, ვინმეს დანებდეს, -თქვა სენდრიჯმა. - ეს ცხადია. ან მოვკლავ ან მომკლავს. ოფიცრისათვის, რომელიც მისტერ ცისკო კიდს ებრძვის, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
- ის უნდა მოკვდეს, - თქვა გოგომ, - თორემ მე და შენ მოსვენება აღარ გვექნება. მას ბევრი მოუკლავს, მაშ თვითონაც მოკვდეს, მოიყვანე შენი ხალხი და ეცადეთ, ხელიდან არ გაგისხლტეთ.
- წინათ ბევრს ფიქრობდი მასზე, - თქვა სენდრიჯმა.
ტონიმ ხელი გაუშვა ქამანდს, შემობრუნდა და ლიმონისფერი მკლავი ლეიტენატს კისერზე მოხვია.
- მაშინ, - ჩაიჩურჩულა მან მელოდიური ესპანურით, - მაშინ შენ არ გიცნობდი, მთასავით დიდო, წითელო კაცო. შენ ასეთი ღონიერი ხარ და მაინც ასეთი კარგი და კეთილი.
ვინც შენ გაგიცნობს, განა შეუძლია მერე ის აირჩიოს? მოკალი... მაშინ დღე და ღამე აღარ ვიკანკალებ, რომ კიდი შენ ან მე გაგვისწორდება.
- როგორ გავიგო, როდის მოვა? - იკითხა სენდრიჯმა.
- როცა მოდის, ორ დღეს რჩება ხოლმე, - თქვა ტონიამ, - ხანდახან სამსაც. პატარა გრეგორიოს, მრეცხავი ლუიზას შვილს, მარდი პონი ჰყავს. მე მოგწერ როგორ აჯობებს მისი დაჭერა. წერილს გრეგორიოს გამოვატან. ბევრი ხალხი წამოიყვანე. ფრთხილად იყავი, ჩემო ძვირფასო წითელო კაცო, თორემ, ხომ იცი, ჩხრიალა გველს მეტი დრო უნდა კბენისათვის, ვიდრე ელჩივატოს (ასე ეძახიან მას აქ) დამბაჩის გასასროლად.
- რაღა თქმა უნდა, კიდმა იცის როგორ იხმაროს დამბაჩა, - დაეთანხმა სენდრიჯი, - მაგრამ, როცა მის დასაჭერად მოვალ, მარტო მოვალ.
ან მარტო ჩავიგდებ ხელში, ან სულ ვერ ჩავიგდებ. კაპიტანმა ერთი-ორი ისეთი რაღაც მომწერა, რომ ამ საქმეს მე თვითონ უნდა მოვუარო, სხვის დაუხმარებლად. შენ ოღონდ შემატყობინე კიდის მოსვლა და მერე მე ვიცი.
-გრეგორიო მოგიტანს ამბავს, - თქვა ტონიმ. ვიცოდი, რომ შენ უფრო გულადი ხარ იმ ჯუჯა კაცის მკვლელზე, რომელიც არასოდეს არ იღიმება. ნეტა როგორ მეგონა წინათ, რომ მიყვარდა?
ლეიტენანტის ბანაკში დაბრუნების დრო მოსულიყო. მან კიდევ ერთხელ მოხვია ხელი ტონიას ნაზ ტანს და მსუბუქად აიტაცა ჰაერში. ზაფხულის მთვლემარე საღამოს ჯერ კიდევ მძიმედ აწვა შეხუთული ჰაერის უძრავი სიმშვიდე.
ჯაკალის თიხის შელესილი საკვამურიდან ტყვიისფერი კვამლის სვეტი ამოდიოდა. ცეცხლზე თუჯის ქვაბში ცერცვი ბუყბუყებდა. არც ხმა, არც მოძრაობა არ აკრთობდა ხშირი კაქტუსების მდუმარებას.
როცა სენდრიჯი და მისი დიდი წაბლა ცხენი ჭენებით მიეფარნენ ფრიოს ციცაბო ნაპირს, კიდი ისევ მიცოცდა თავის ბედაურთან, მოახტა მას და იმავე დახლართული გზით, რომლითაც მოვიდა, დაბრუნდა ტყეში.
მაგრამ შორს არ წასულა. ტევრის მდუმარე სიღრმეში შეჩერდა და მოიცადა, ასნამ ნახევარი საათი არ გავიდა. მერე ტონიას მოესმა მისი არამუსიკალური სიმღერის ხმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა, და შესახვედრად ტყისკენ გაექანა.
კიდი იშვიათად იღიმებოდა, მაგრამ ახლა შორიდანვე გაიღიმა და ქუდი დაუქნია ტონიას. მერე ცხენიდან ჩამოხტა და თავისი გოგონა მკლავებში შეუფრთხიალდა. კიდმა სიხარულით შეხედა მას.
ხშირი შავი თმა ჭილოფივით ეკრა კიდს თავზე. შეხვედრისას უეცარი გრძნობის ჩრდილმა გადაურბინა მის მუქ, უნაოჭო სახეს, რომელიც ჩვეულებრივ თიხის ნიღაბივით უძრავი იყო.
- როგორ არის ჩემი გოგონა? -იკითხა კიდმა და ტონია გულზე მიიკრა.
- ავად გახდა ამდენი ცდით, სიყვარულო! - მიუგო ტონიამ. - თვალები გამიწყალდა მაგ ეშმაკის ნანემსე ბალიშის ცქერით, რომლიდანაც შენ გამოჩნდები ხოლმე. ეხლა ჩემთან ხარ, ჩემო ძვირფასო და საყვედურს აღარ გეტყვი. საძაგელი! ასე იშვიათად მოდის თავის სატრფოს სანახავად! შედი სახლში, დაისვენე, მე კი ცხენს წყალს დავალევინებ და გრძელი თოკით პალოზე გამოვაბამ. დოქში ცივი წყალია შენთვის.
კიდმა გატაცებით აკოცა ტონიას.
_რას ამბობ, სასამართლოს ხელში ჩავარდნაც რომ მელოდეს, ქალს ჩემს ცხენს როგორ დავაბმევინებ! ისე კი, სახლში თუ შეირბენ, ჩემო ბეკეკავ, და ყავას მომიმზადებ, სანამ მე ჩემს ბედაურს მივხედავ, დიდად მადლობელი ვიქნები.
გარდა იმისა, რომ უბადლო მსლოლელი იყო, კიდს კიდევ ერთი თვისება ჰქონდა, რომლითაც თავი მოჰქონდა: ის იყო მუყ კაბალლერო (როგორც ამბობენ მექსიკელები), როცა საქმე ქალებს შეეხებოდა.
მათთვის კიდს მუდამ მზად ჰქონდა ტკბილი სიტყვები და უზადო თავაზიანობა. თავის დღეში ქალს მკვახე სიტყვას არ შეჰკადრებდა, შეეძლო ეხოცა უწყალოდ მათი ქმრები და ძმები, მაგრამ, რაც უნდა განრისხებული ყოფილიყო, ქალს თითსაც ვერ შეახებდა. ამიტომაც კაცობრიობის ამ საინტერესო მანევრის ბევრი წარმომადგენელი, მისი თავაზიანობით მოჯადოებული, ეჭვს გამოთქვამდა ხოლმე იმ შემაძრწუნებელი ხმების სიმართლეზე, რომლებიც მისტერ კიდის შესახებ დადიოდა.
- რასაც გაიგონებთ, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროთ, - ამბობდნენ ისინი, როცა აღშფოთებული მამაკაცები მათ კიდის სისხლიან დანაშაულთა საბუთებს წარუდგენდნენ; - ალბათ, მიიყვანეს ამ ზომამდე. ყოველ შემთხვევაში, კიდმა იცის როგორ მოეპყრას მანდილოსანს.
თუ მივიღებთ მხედველობაში კიდის ამ რაინდულ იდიოსინკრაზიას და ამით გამოწვეულ სიამაყეს, მაშინ ადვილად წარმოვიდგენთ, რა სიძნელეებს წააწყდებოდა კიდი იმ ამოცანის შესრულებისას (ერთ-ერთი მოქმედი პირის მიმართ მაინც), რომლის წინაშეც კაქტუსებიდან დანახულმა ამბავმა დააყენა. მაგრამ არც ისეთი კაცი იყო კიდი, რომ ასეთი პატარა უსიამოვნებანი უყურადღებოდ დაეტოვებინა.
კარგად რომ შებინდდა, ჯაკალში სანათურის შუქზე ვახშამს შემოუსხდნენ, რომელიც ცერცვის, თხის მწვადის, ატმის კონსერვისა და ყავისაგან შედგებოდა. შემდეგ წინაპარმა, რომელსაც თავისი ფარა ადრევე ბაკში შეერეკა, ჩიბუხი გააბოლა და ნაცრისფერ საბანში გახვეულ მუმიად იქცა.
ტონიამ თეფშები დარეცხა, კიდმა კი უხეში ტილოთი გაამშრალა. ტონიას თვალები უბრწყინავდა, ის განუწყვეტლივ ეტიკტიკებოდა კიდს, უამბობდა მის არყოფნაში თავის პაწაწინა სამყაროში მომხდარი მარტივი ამბების შესახებ. ყველაფერი ესე იყო, როგორც ჩვეულებრივ, კიდის შინ დაბრუნების დროს.
მერე, გარეთ, ტონია ბალახისაგან დაწნულ ჰამაკში ჩაწვა და გიტარაზე სევდიანი სატრფიალო სიმღერები დაამღერა.
კიდმა ჯიბიდან პაპიროსის ქაღალდი ამოიღო.
- ისევ ძველებურად გიყვარვარ, ჩემო გოგო? - იკითხა მან.
- სწორედ ისევე, ჩემო პატარავ, - თქვა ტონიამ და შავი თვალები შეანათა.
- ფინკთან უნდა გადავიდე, თუთუნი ვიყიდო. - კიდი ფეხზე წამოდგა. - გამომლევია, ოც წუთში მოვბრუნდები.
- იჩქარე, - სთხოვა ტონიამ, - მითხარი, ამ ჩამოსვლაზე რამდენ ხანს დარჩები ჩემთან? ხვალ წახვალ და მარტო დამტოვებ, თუ დიდხანს იქნები შენს ტონიასთან?
- ო, ამჯერად შეიძლება ორი-სამი დღე დავრჩე, - თქვა კიდმა მთქნარებით. - ერთი თვე ვიარე, ახლა დასვენება მინდა.
ნახევარი საათის შემდეგ, კიდი რომ დაბრუნდა, ტონია ისევ ჰამაკში იწვა.
- სასაცილოა, - თქვა კიდმა, - უცნაური გრძნობა მაქვს; ასე მგონია ყოველი ბუჩქის უკან ვიღაცა წევს და მიზანში მიღებს. არასოდეს ვყოფილვარ ასე უგუნებოდ.
ვინ იცის, იქნებ წინათგრძნობაა. ლამის გათენებამდე გავეცალო აქაურობას. მთელი გვადალუპა ფეხზე დადგა იმ ბებერი ჰოლანდიელის გადამკიდე, საიქიოს რომ გავამგზავრე.
- ხომ არ გეშინია? ვერავინ ვერ შემიშინებს ჩემს მამაც პატარა კაცს!
- არა, როცა საქმე იარაღზე მიდგება, კურდღლად ვერავინ ჩამთვლის, მაგრამ არ მინდა რომელიმე პოლიციელმა შენს ჯაკალში გამომიჭიროს. შეიძლება დაზიანდეს ვინმე ისეთი, ვინც სულაც არ უნდა დაშავდეს.
- დარჩი შენს ტონიასთან. აქ ვერავინ მოგაგნებს.
კიდმა დაკვირვებით დახედა ღელის პირებზე დაფენილ ჩრდილებს და მექსიკელთა დაბის მკრთალ სინათლეებს.
- ვნახოთ, - გადაწყვიტა მან.
შუაღამისას პატრულის ბანაკში შეიჭრა მხედარი ხმამაღალი ,,ჰელოს” ძახილით, რომ თავისი მისიის მშვიდობიანი ხასათი ეჩვენებინა. სენდრიჯი და კიდევ რამდენიმე კაცი კარვიდან გამოცვივდნენ. მხედარმა გააცნო თავი დომინგო სელესად, ,,მგლის ფონიდან”, და სენდრიჯს წერილი გადასცა.
- ბებერმა ლუზამ, მრეცხავმა, - თქვა მან, - მთხოვა ამ წერილის წამოღება, რადგან მის შვილს, გრეგორის, აცივებდა და წამოსვლა არ შეეძლო.
სენდრიჯმა სანათური აანთო და წერილი წაიკითხა.
მისი შინაარსი ასეთი იყო:
,,ძვირფასო! ის მოვიდა. წასვლა ვერ მოასწარი, რომ ტყიდან გამოჩნდა, ჯერ მითხრა სამ დღეს დავრჩებიო, ან კიდევ მეტ ხანს. მერე, ისეთი გახდა, როგორც მგელი ან მელა; სულ მოუსვენრად აქეთ-იქით იცქირებოდა და რაღაცას უსმენდა. შემდეგ თქვა, რომ გათენებამდე უნდა წავიდეს, სანამ ჯერ კიდევ ბნელა და სიწყნარეა, მერე თითქოს ჩემს ერთგულებაში ეჭვი შეეპარა. ისე უცნაურად მიყურებდა, მეშინია... დავიფიცე, რომ ისევ მისი ერთგული ტონია ვარ. ბოლოს ერთგულების დამტკიცება მომთხოვა.
მას ჰგონია ტყეში ახლაც ჩასაფრებულია ხალხი მის მოსაკლავად. გაპარვა რომ ადვილად მოახერხოს, ჩემს ტანსაცმელში გამოეწყობა. იმ ლურჯ და წითელ კაბას ჩაიცვამს, მე რომ მაცვია ხოლმე, თავზე ჩემს ყავისფერ მანტილიას მოიხვევს და ისე წავა. მე კი მისი შარვალი და პერანგი უნდა ჩავიცვა, მისი ქუდი დავიხურო და მისი ცხენით ჭენებით მივიდე ფონამდე. ყველაფერი მის წასვლამდე უნდა გაკეთდეს, რომ ნახოს ერთგული თუ ვარ და ვინმე ხომ არ არის ჩასაფრებული მის მოსაკლავად. საშინელი ამბავია. ეს გათენებამდე ერთი საათით ადრე მოხდება.
მოდო, ჩემო საყვარელო, და მოკალი ის კაცი, რომ მე შენი ტონია გავხდე. ნუ ეცდები ცოცხლად ჩაიგდო ხელში. უცებ მოკალი. ახლა ყველაფერი იცი და უსათუოდ უნდა შეასრულო ეს საქმე. ადრე მოდი. დაიმალე პატარა ფანჩატურში, ჯაკალთან, სადაც ურიკა და უნაგირები აწყვია. იქ საკმაოდ ბნელა.
მას ჩემი წითელი და ლურჯი კაბა ეცმევა და თავზე ყავისფერი მანტილია ექნება მოხვეული. გკოცნი ათასჯერ. მოდი აუცილებლად. ისროლე სწრაფად და შეუცდომლად.
შენი ტონია”.
სენდრიჯმა მოკლედ გააცნო თავის ხალხს საქმის ოფიციალური ნაწილი. მისი მარტო გაშვება არ უნდოდათ.
- ადვილად მოვერევი, - თქვა ლეიტენანტმა, -გოგომ საიმედოდ გააბა მახეში, ფრჩხილსაც ვერ მატკენს,
სანდრიჯმა შეკაზმა თავისი ბედაური და ,,მგლის ფონისაკენ” გაემართა. ცხენი ბარდებში, ღელესთან დააბა, ამოიღო ბუდიდან ვინჩესტერი და ფრთხილად მიუახლოვდა პერეზის ჯაკალს. მაღლა ცაში ნაკუწ-ნაკუწ თეთრ ღრუბლებში ნახევარმთვარე მიცურავდა.
ფანჩატური საუცხოო საფარი იყო და ლეიტენანტი უხიფათოდ დაბინავდა შიგ.
ჯაკალის წინ, ჩარდახის ჩრდილში ის ხედავდა დაბმულ ცხენს, რომელიც მოუთმენლად სცემდა ტორებს გატკეპნილ მიწას.
სენდრიჯს თითქმის ერთი საათი მოუხდა ცდა, სანამ ჯაკალიდან ორი ლანდი გამოვიდა. ერთი მათგანი (კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი) სწრაფად მოახტა ცხენს, ფანჩატურს ჩაუქროლა და ფონის მიმართულებით გააჭენა. მეორე, ქალეს კაბიანი, თავზე მანტილია მოხვეული, გამოვიდა მთვარის მკრთალ შუქზე და თვალი გააყოლა მხედარს. სენდრიჯმა, გადაწყვიტა ესარგებლა შემთხვევით და ესროლა. სანამ ტონია დაბრუნდებოდა - ტონიას ალბათ ემძიმებოდა ამ სცენის ნახვა.
- ხელები მაღლა! - ხმამაღლა გასცა ბრძანება სენდრიჯმა და ვინჩესტერმომარჯვებული ფარდულის ჩრდილიდან გამოვიდა.
ლანდი სწრაფად შემობრუნდა, მაგრამ დანებების არავითარი სურვილი არ დასტყობია.
მაშინ ლეიტენანტმა ისროლა, - ერთხელ, მეორედ, მესამედ... მერე კიდევ და კიდევ...
რადგან კაცი ვერასოდეს ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ცისკო კიდი ნამდვლად მოკვდა, თუმცა ათი ნაბიჯის მანძილზე, თუნდაც მთვარის ამ მკრთალ შუქზე ტყვია მიზანს ვერ ასცდებოდა.
საბანში გახვეული წინაპარი სროლის ხმამ გააღვიძა. შემდეგ სასიკვდილო დარდით თუ ბოღმით შეპყრობილი კაცის გულამომჯდარი ღრიალი გაიგონა და ბუზღუნით წამოდგა.
მოჩვენების მსგავსი მაღალი წითელი კაცი შეიჭრა ჯაკალში, ლერწამივით ათრთოლებული ხელით ლურსმანზე დაკიდებული სანათურს მიწვდა, მეორეთი მაგიდაზე წერილი გაშალა.
- ვინ დაწერა ეს წერილი, პერეზ?! -დაიკვნესა მან.
- ღმერთო, სენიორ სენდრიჯი ყოფილა. - ჩაიბურტყუნა ბერიკაცმა. წერილი ელჩივატომ დაწერა (ასე ეძახიან მას), ტონიას კაცმა. ამბობენ, ცუდი კაციაო. მე არ ვიცი. სანამ ტონიას ეძინა, მან დაწერა წერილი და ჩემი ბებერი ხელით გაუგზავნა დომინგო სალესს თქვენთან წამოსაღებად.
განა ცუდი რამეა წერილში? მე დავბერდი. არაფერი ვიცი. რა სულელური ქვეყანაა! სახლში კი არაფერია დასალევი, სულ არაფერი, არც ერთი წვეთი.
სენდრიჯმა ისღა მოახერხა, რომ გარეთ გამოვიდა და პირქვე დაემხო მტვერში თავისი კოლიბრის გვერდით, რომელსაც ახლა არც ერთი ფრთა აღარ უტოკავდა. ის არ იყო ბუნებით კაბალერო და არ შეეძლო შურისძიების მთელი მშვენიერების დაფასება.
ერთი მილის დაშორებით კი მხედარმა, რომელმაც წეღან ფანჩატურს ჩაუქროლა, წამოიწყო უხეში, არამელოდიური სიმღერა, რომლის სიტყვები ასე იწყებოდა -
,,შენ ეი, ნუ ეკურკურები, ჩემს გოგოს, ლულუს, თორემ ჩემებურად გაგისწორდები!”
10 ვაკერო - მწყემსი.
11 ელჩივატო - თარგმანია კიდისა, რაც ინგლისურად ციკანსვე ნიშნავს.
12 მუყ ცაბალლერო - დიდი რაინდი..