ჯობავა გვანცა
გაზიარება

პატარა ნავი (ხელოვანს) 

ამბობ, რომ თამაშობ წვიმას, 
ამბობ, რომ ქვიშის ლექსებს წერ...
და მიაქვს ისინი ზღვას...
მე კი მივდივარ ზღვასთან,
ვაგროვებ კენჭებს – შენს ფერს,
და მინდა ზღვამ თვითონვე თქვას,
რომ მეტამორფულია შენი სიტყვები,
რომელსაც პარავს თავის ნაპირებს...
მეტამორფიზმი ხარ მისი ტალღების
მუსიკის. უჩუმრად დამხობას აპირებ 
ყველა ხმაურის, 
რაც კი დეკემბრის ზღვას აქამდე
ხმაური ეგონა. 
ყველა კლავიშის,
რომელზეც ეგონა უკრავდა. 
ყველა გზის,
რომელსაც დაადგა, 
როგორც მუსლიმი დარვიში.
მეტამორფიზმი ხარ დეკემბრის ზღვის,
და მიჰყვები მას პატარა ნავივით,
შენთვის და ჩუმად,
და იცი, რომ უფრო ნელა მიხვალ
მეორე ნაპირთან... 
და ფიქრობ, თუნდაც... 
ამბობ, რომ თამაშობ წვიმას...
მე გეტყვი...
გთამაშობს ზღვა 
და გთამაშობს დეკემბრის წვიმა...
მე ვიცი, გაცურავ პატარა ნავივით,
შენთვის და ჩუმად...

??????