ჯობავა გვანცა
გაზიარება

უსახელო პოეტს 

ამ დილით ბიჭი გადმოხტა სახურავიდან.
ალბათ ახლა უკვე დასტირის დედა
სხეულს სულის გამმეტებელს.
ცხრამეტი გაზაფხული რომ დაჰყოლია ბედად.

პოეტი ყოფილაო... წვიმასავით გადაესხა
მთელ ქალაქს ახალი ამბავი.
ქალაქმა ქოლგები მოიმარჯვა და აიცილა,
ჩამოცურდა ქოლგებიდან და მიწას შეახმა.
დილით მენაგვემ ცოცხით შეაგროვა და 
გადაყარა, როგორც ნაგავი.

ცხოვრობდა პოეტი და დარჩა სიცარიელე.
იყო სიცარიელე და დაივიწყეს.
ან იქამდე ახსოვდა კი ვინმეს?!..

და მეც ერთი უნიჭო, უსახელო არტისტი,
ყოველდღე გამოვდივარ სცენაზე და
სიცარიელეს ვთამაშობ.
ისე, რომ არც კი ვიცი,
სჭირდება კი "არაფერს" შემსრულებელი?!..
ჰოდა, მიმიშვით უსახელო არტისტი,
უსახელო პოეტის ნაცრემლარი დავაშრო...
წასული პოეტის "არაფერი" ვითამაშო...

გუშინ ბიჭი გადმოხტაო სახურავიდან,
ცა ახლა მის სულზე ქარებთან კამათობს,
ხალხი კი უბრალოდ იტყვის, რომ, საბრალო,
ცხოვრებით დათვრა და უდროოდ წავიდა.

??????