* * * "ხან საქმით მაქცევს" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი) ექსკლიუზივი
ხან საქმით მაქცევს, ხან უსაქმოდ ტრფობის ცარგვალი,
სხეულის ირგვლივ სულს ვაბრუნებ მე, ვით ფარგალი.
მე, ვით მარიხი, რისხვით ვუმზერ ციურ მნათობებს
და ამ რისხვისგან ვეხეტები მე ძილგამკრთალი.
ჰოი სატრფოო, შენ თუ "მე" ხარ, მე "მე" ვით ვიყო?!
ხვაშიადს რად მთხოვ?! ძალგიძს ჩემი სულის თვალთვალი.
ლომი ვიყავ და მსურდა მხოლოდ მიჯნურთა სისხლი,
კაცად ვიშვი და იმ სისხლით ვარ კვლავაც დამთვრალი.
მე _ სალმობიერს _ შესანდობარს ნურავინ მეტყვის!
რა არს შენდობა?! შებრალებით მიმზერს რა თვალი?
ჰე, შ ა მ ს ე თ ა ბ რ ი ზ, ანგელოზო მიმტევებელო,
შენს სიბრმავეზე რაიც თქმულა, არ არს მართალი.