ცა აფხაზური
მწყუროდეს მუდამ,
როგორც მწყურია
მთების, ქედების ბროლი ნაჟური:
ქცეული სიზმრად -
დიოსკურია,
ქცეული სიზმრად -
ცა აფხაზური.
მწყუროდეს მუდამ, როგორც მესხეთი,
მწყუროდეს მუდამ, როგორც ისპირი
ჩემი ზღვისპირის ბასრი მერცხლები,
ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი.
ზღვაზე ცახცახით
მზე დაწურული
და მისი ჩასვლა და აღსასრული. . .
მეც ამ ცახცახით, მეც ამ წყურვილით
დამეთმოს ერთხელ ცა აფხაზური.