ლებანიძე მურმან
გაზიარება

ბალადა 

უთორ-უაბჯროდ, უდროშოდ,
უყმოდ და უხმლოდ მამაცობს, _
თელავის ციხის ყუდროში
ერეკლე ჭადრაკს თამაშობს. . .
ივრის იქეთ და აქეთი
სამეფო თოვლში ჩაფლულა,
თოვლში თეთრდება კახეთი,
თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად. . .
მეფე ქიშს ეტყვის სოლომონს,
სოლომან _ მარჯვედ დახვდება,
სიცილით ჰკადრებს: `ბატონო,
ქიშისგან მეფე არ კვდება!~
ერეკლე ნათქვამს უხვდება,
ულვაშში ჟღალი უხდება:
`არ კვდება, მაგრამ, ვიცი მე,
ქიშისგან მეფეც სწუხდება,
ამდენი ვაი-ვიშისგან,
ლეკის და სპარსის ჯიშისგან,
შავღონდი, ჩემო მსაჯულო,
ყოველის მხრიდამ ქიშისგან!~
თოვს ამ ოცდახუთ დეკემბერს,
თონეში შოთებს აკრავენ,
ძირს თოვლი სისხლით შეღებეს _
სამზადის კართან ტახს კლავენ.
სოლომონ ჰყვება: `მეფეო,
რაც ლეკს კისერი სხეპეო,
რამ შაგაღონა, _ სახელი
შენი მთელ ევროპს ვყეფეო. . .
რაც ჯარი შეჰქმენ მორიგე,
ვეღარ გვაკადრეს აკლება,
ლეკი ხომ მივრეკ-მოვრეკეთ,
სპარსიც გვიბედავს ნაკლებად~. . .
ეს თქვა და ციხის ჭიშკართან
უცბად ჩოჩქოლი შეიქმნა,
`შესდექო!~ _ მეციხოვნეთა
გუნდი ერთ მუშტად შეიკრა,
ლეკი ხო ხსენებაზეა!
ეს ვინ მოვარდა, ვინ არი?
თელავის ციხის კარზეა
კაცი ცხენდაცხენ მყვირალი.
ბეჭში ნახმლევი შენიშნეს:
_ ვინ ხარ? _ შილდელი გლეხია,
საბუეს, შილდა-ენისელს
ლეკს გლეხი წაულეკია. . .
მეფე ჯაჭვს იცვამს საჩქაროდ,
სოლომონს _ ტყავქვეშ აცვია,
შენც თავს დაგირქმევს, ჩაჩქანო,
ვერ თქვან, რომ წიგნის კაცია. . .
ოციოდ მხედრით გზას მოჭრის,
ცხენს მეფე გრემში გამოცვლის,
დაბადებიდან სამოცის
მორიგე ლაშქარს წამოშლის:
_ შილდისკენ! ენისელისკენ! _
გააფთრებული გამოსცრის. . .
. . . .
ივრის იქეთ და აქეთი
სამეფო თოვლში ჩაფლულა,
თოვლში თეთრდება კახეთი,
თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად.
ჩვენ - თვლით ფარი და ჩაჩქანი!
მტერი - ყოვლის მხრით მრავალი!
ღმერთო, დალოცე ლაშქარი
ერაკლეს დროშით მავალი!
კურთხეულ იყავ, შიშველო
ხმალო, შენ უნდა მიშველო,
უბრალო, რიგით სპასავით,
მეფევ, ხმალდახმალ მიმსვლელო!
ბრძანად მოუბარნი ენანი,
თითზე კბენანი რაღა დროს?!.
წყეულიმც იყოს, _ შევძახებ, _
შენს სულს, შენს ხმალს და შენს სახელს
ვინც საყვედური აკადროს!

1997

??????