ბლოკი ალექსანდრ
გაზიარება

სიკვდილზე თქმული (მთარგმნელი: ანდრო ბუაჩიძე) 

სულ უფრო ხშირად ამ ქალაქში დავეხეტები,
სულ უფრო  ხშირად ვხედავ სიკვდილს და მეღიმება
მე გონივრული გაღიმებით. რა მოხდა მერე
თუკი ასე მსურს. თუ დამყვება ჩვეული ფიქრი,
რომ თავის დროზე მეც მეწვევა ალბათ სიკვდილი.
ამასწინათ იპოდრომის შემოგარენში
მივაბიჯებდი. კამკამა და ოქროცურვილი
დღე მთვლემარებდა გზისპირ მიყრილ ქვების გროვაზე.
და გზატკეცილის მომიჯნავე ყრუ მესერს მიღმა
ლორთქო სიმწვანე ხასხასებდა. იქ მოალერსე
მზის მკრთალ სხივებში თავჩახრილი თვლემდა თავთავი
და გაზაფხულზე გაბნეული ბაბუაწვერა,
ხოლო შორს თვალისგაწვდენაზე მოლაზღანდარე
მოდასაყოლილ უქნარათა ბრბო უსახური
ბრტყელ სახურავქვეშ ტრიბუნაზე შეყუჟულიყო.
ვხედავდი ბრბოში მოფრიალე პაწია ალმებს
და  ჯამაათსაც, ღობეებზე ყინჩად შემომსხდარს.
მივაბიჯებდი. ჩამესმოდა სწრაფი ჯირითი
მსუბუქ მიწაზე. უსწრაფესი ფლოქვების ჩქამი.
მერე მომესმა უეცარი წამოძახილი _
ჩამოვარდაო, გაჰყვიროდნენ მოთვალთვალენი,
და მეც მაშინვე შევდგი ფეხი პაწია კუნძზე
და ეს სურათი ერთბაშადვე შემომეფეთა:
თავაწყვეტილი ჟოკეების მძაფრი ჭენება,
და მათ ზურგსუკან მოჯირითე ეული ცხენი,
და ჰაერშივე ატყორცნილი მისი უზანგი;
არყის ხეების მოშრიალე გვირისტის მიღმა,
აქვე ჩემს თვალწინ, ჩემს მახლობლად ეგდო ჟოკეი,
ეცვა ყვითელი უნიფორმა, ბალახში იწვა,
როგორც დაეცა, გაუნძრევლად ეგდო პირაღმა,
შეღრმავებული ცარგვალისკენ პირმოქცეული,
გეგონებოდა ასე იწვა დასაბამიდან -
ხელები ფართოდ, უზრუნველად გადაეშალა,
ცალი მუხლი კი შერჩენოდა ოდნავ მოხრილი,
თითქოს ამგვარად უკეთესად მოწყობილიყო.
მოსეირენი გამორბოდნენ მისკენ საშველად
და უკვე ეტლიც მოიწევდა ნელი ტაატით,
მოირბინეს და აიტაცეს ხელში უმალვე.
და ყვითლად დაჩნდა მისი ფეხი მოკონწიალე,
თავი კი სადღაც, მათ მხრებს უკან გადაუვარდა
ჩამოდგა ეტლი და გაწყობილ იქ ბალიშებზე
ჟოკეი ფრთხილად და სათუთად გადააწვინეს.
და ის სიყვითლე იქიდანაც გამოსჭვიოდა.
მერე მავანი ანაზდად და მოუხერხებლად
შეხტა იმ ეტლის საფეხურზე და იქ გაჩერდა.
ხელით ეჭირა გაშოტილის თავი და ფეხი.
და თავმომწონე მეეტლემაც არ დააყოვნა,
შემოაბრუნა მყისვე ეტლი და გზა განაგრძო,
მზეზე ბრწყინავდა ეტლის კოფო, ღერძი და ფრთები.
კარგია ასე თავისუფლად შეყრა სიკვდილთან.
მთელი ცხოვრება ჯირითობდა იმ ერთი მიზნით.
იმ ერთი სწრაფვით და ჯიუტი იმ ერთი აზრით,
რომ სხვებზე ადრე მიეღწია ფინიშის ბოძთან.
და ამ ჯირითში ბედაური წაუბორძიკდა,
ფეხებით ვეღარ შეიმაგრა მან უნაგირი,
უზანგიც გვერდზე გადაქანდა, ძველი უზანგი,
და მოჯირითე მძლავრმა ბიძგმა გადაისროლა,
კეფით დაასკდა მშობლიურ და მოწყალე მიწას,
მიწას, ადრეულ გაზაფხულის მადლით გაპოხილს,
და სწორედ მაშინ, იმ ხანმოკლე უკანასკნელ წამს
ელვისებურად გაუელვა ყველა იმ ფიქრმა,
რომელსაც ქვეყნად ვერაფერი შეანაცვლებდა,
გაუელვა და მიიცვალა, მიიცვალნენ მისი თვალებიც.
გვამი კი ცარგვალს მეოცნებე მზერით უმზერდა,
უმზერდა ასე თავისუფლად და ასე კარგად.
სანაპიროზე მახსოვს ერთხელ ვეხეტებოდი,
მუშები უხმოდ ირჯებოდნენ სატვირთო ნავთან,
აგურს, ქვანახშირს, შეშას ურმით ეზიდებოდნენ.
თეთრ ქაფს იკრებდა და მუქლურჯად კრთოდა მდინარე.
საკინძეშეხსნილ, გაღეღილი პერანგებიდან
მუშებს უჩანდათ მკერდი მზისგან გადარუჯული.
ლაღი, რუსული, ცისფერ თვალთა გამონაშუქი
მკაცრად ელავდა ჩამუქებულ მათ სახეებზე.
იქვე ბავშვები ყვითელ სილას ზელდნენ ფეხებით
და მიათრევდნენ თან ნაფოტებს, ძელებს, აგურებს,
მიათრევდნენ და სამალავში იმალებოდნენ.
ბავშვებს ტერფები მოუჩანდათ სილით მოთხვრილი
დედებს კი მკერდი საცოდავად ჩამოძენძოდათ
მჭიდროდ მიტმასნილ და ჭუჭყიან, ვიწრო კაბის ქვეშ,
ასილაქებდნენ ბავშვებს და თან ნადავლს ართმევდნენ,
ართმევდნენ ნაფოტს, აგურსა და ნათალ ძელურებს.
და ამ მძიმე ტვირთს თვინიერად ეზიდებოდნენ,
ხოლო ბავშვები მოფუთფუთე ჯგროდ შესეულნი,
კვლავ იპარავდნენ - ზოგი აგურს, ზოგი კი შეშას...
უცბად მომესმა დგაფუნი და წამოყვირება, _
ჩამოვარდაო, დაიძახეს ნავის კიჩოდან,
მუშას ურიკა დაეგდო და ხელგაშვერილი
მიანიშნებდა მდინარისკენ დაძრულ ჯამაათს,
და ეს ჭრელი ბრბო პერანგებში გამოწყობილი
ეშურებოდა გამალებით იქითკენ, სადაც
ნარიყ ქვებთან და ბალახებში ზედ მდინარესთან
ეგდო ბადე და მავანი კი ბარჟას ათრევდა.
და იქვე, იქვე იმ ნაპირთან წყალში ასვეტილ
ხიმინჯებს შორის ტივტივებდა ადამიანი,
ეცვა პერანგი, შარვალი კი შემოსცვეთოდა
და ირწეოდა სულ ოდნავად წყლის ზედაპირზე.
მუშები მჭიდროდ და ღონივრად ჩაებღაუჭნენ,
ამოათრიეს გაშხვართული, წოწოლა ტანი,
რომელსაც წყალი დასდიოდა ნიაღვარივით,
ამოათრიეს და გაშოტეს სანაპიროზე.
პოლიციელი დიდრონ ქვებზე ხმალს აკვესებდა,
მერე გაშოტილს დაებჯინა, მიაყურადა,
სველ მკერდზე დიდხანს მიბჯენილი აყურადებდა,
ასე ბეჯითად გულისცემას უსმენდა ალბათ.
სხვები კი, სხვები, ბრბოს ბორიალს გამოხიზნული
ქარაფშუტულად რატრატებდნენ გაუთავებლად,
რას არ ამბობდნენ და ვის აღარ ჩაჰკირკიტებდნენ _
ვაითუ, წყალმა დასცადაო, გაიძახოდნენ,
მერე ისიც თქვეს, იქნებ მეტი მოუვიდაო,
მერე კი ყველა უხმაუროდ შემომეცალა,
და მეც ჩემი გზით უდრტვინველად წამოვეხეტე,
წამოსულს ამყვა მთვრალი მუშის ნასაუბრევი _
ღვინო არისო ყველას ხელის მომთავებელი,
ღვინო ღუპავსო დღეცისმარე ადამიანებს.
წავალ და კიდევ სხვა მხარისკენ წავეხეტები,
ვიდრე მზე ბრწყინავს და ჰაერში ვიდრე ხვატია,
და ვიდრე ზანტად რიალებენ თავში ფიქრები.
გულო, გამიძეხ შენ მეგზურად და წინამძღოლად,
ოღონდაც სიკვდილს მოღიმარემ ადევნე თვალი,
ვიცი, რომ დაგღლის ჩემეული დალხენილობა,
ასეთ სიყვარულს და სიძულვილს ვერვინ გაუძლებს,
მე რომ ვიტვირთე და ჩემს წიაღ რომ დავატარებ.
მინდა რომ ყველას ჩაგცქეროდეთ ჯიქურ თვალებში,
ვსვამდე ღვინოს და ქალებს ამბორს არ ვამადლიდე,
და სურვილების მხურვალებით ავავსო მწუხრი
როდესაც ხვატი არ მანებებს დღისით ოცნებას,
და თან ვმღეროდე ცხოველმყოფელ, ძლიერ სიმღერებს,
და ქარის ქროლვას მარადიულს ვაყურადებდე.

??????