სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

მთიბველი 

მამი,
ჩათიბე ჩემი ბალახი,
მთელი წლის ნაზარდი და
ნალივლივარი,
მამი,
მთიბველის წესია –
უნდა მოვიდეს და მიწა ამოასუნთქოს.
საქმე ბევრი გაქვს –
რამხელა სათიბია,
მთელი წელი ვქსოვე და ვშიბე,
ვარღვევდი და ხელახლა ვაგებდი,
თვალდათვალ გზები გამომყავდა,
გზებზე ბავშვები შევაყენე,
ფრთხილად ვუბიძგე თოთო წვივებში და
გზებზე გავყარე ნაპერწკლებივით,
იქნებ რომელიმე საზღვარსაც კი გადასცდენოდა...
მამი,
მთელი წელი ვზარდე ბალახი,
როგორც, თმა რომ მოუშვა და
არც შეიღებო,
ერთად იდინოს ჭაღარამ და თაფლისფერმა,
ერთი – მიუწვდომლისას ამბობდეს და მეორე –
ვნებისას,
ერთმა თავი გათქვას და მეორემ – გული..
მიწა სულ მთებად დამეჭმუჭნა
ამდენ ჯღაბნაში,
ქსოვა – შიბვაში,
ხან ხელს მოვხვევდი, რომ
ამეღო და ღრუბლებს იქით გადამესროლა,
მერე გავშლიდი, გამოვხსნიდი,
ჩავხედავდი მშიერ ნაწერში
და ბალახის გამძლეობა გამაკვირვებდა!..
ჩათიბე, მამი,
ერთი ღერიც არ დაინანო
(მაგ ერთმა ღერმა იცის –
ახალში რომ გამოერევა და
ყველაფერს გარშემო
თავის ფერად წამოატკიებს!)...
წლისთავს ვიმკი,
ბალახის ქვეშ წვანან
ჩემი მკვდრები,
რაც მიწის ზემოთ ამოიზარდა –
ეს აჩრდილია.
აჩრდილები ჩათიბე, მამი,
მთიბველის წესია –
წელიწადი ხორკლივით უნდა
გადაატაროს
და, თიბვისას
ცელზე ცრემლი თუ წამოგედო –
არ გააპო,
უბეში გამოაცხვე და –
მარცვალია.

??????