შემოქმედელი დავით
გაზიარება

სოფლის ესკიზები 

დასრულდა ეს დღეც ჩვეულებრივ, 
დღე უსახური,დავასაფლავეთ, 
დავახურეთ საღამო შავი, 
მისვენდა ჭორიც გრძელფეხება 
და უამური, 
ღრძო დედამთილის ენასავით 
მრუდე და ავი. 
წამოიხურავს ქარი კალთებს 
და მთელი ღამე 
კარის ღრიჭოში უპატრონო 
ძაღლივით დაძრწის, 
გამთენიისას წაგთვლემს, მაგრამ 
ბერივით ზეზე 
უნდა დაასწრო მზეს ადგომა 
ყივილზე მამლის, 
გადადის ღამე და სოფელიც 
იშორებს ბურანს, 
იღვიძებს დილა, ეს მკერდსავსე 
ლამაზი ქალი, 
დგახარ ყრუდ,ბებერ ვაზის ჭიგოს 
ჩამორდნობილი, 
შორს ჰორიზონტზე იზნიქება 
პროფილი ხვალის... 
*** 
შენ უცქერ ცაზე 
ვარსკვლავების მილეულ ცქრიალს, 
ავდარიაო,-წუხს დედა და 
სამზადისს იწყებს, 
ეს დღეც ჩათავდა 
უხმაუროდ, დუმილით რადგან 
მუდამ ხვალეზე ფიქრი არის 
ცხოვრება იქნებ. 
სოფლის შარაზე ახლა უნდა 
იარო ფრთხილად, 
არ წამოედო სადმე უშნოდ 
აჩხორილ ყორეს, 
და ეძინება ძაღლის გაბმულ 
ყეფაზე მშვიდად, 
პატარ-პატარა საზრუნავით 
გადაღლილ სოფელს.. 
*** 
იწვიმებს გაბმით, დაედება 
ტალახი შუკებს, 
და თუ გათოვდა, მთელი კვირა 
ბარდნის და ბარდნის, 
ზიხარ თავისთვის მოწყენილი, 
წვიმის ხმას უსმენ, 
თითქოს გაშეშდა საათიც და 
დრო აღარ გადის. 
მოიძევ ფიჩხებს და დაუგებ 
ხმელ ჯირკვებს ქვემოთ, 
ტკაცუნით შენკენ საალერსოდ 
იწევა ალი, 
გახედავ სოფელს, 
ნისლი ისე ახურავს, თითქოს 
გაუქმებული ბუხრებიდან 
ამოდის კვამლი... 
*** 
დილაა, შენთვის დაუსწრია 
ადგომა სოფელს, 
ჭალის მიკარგულ ღარტაფებში 
ნახირი ბღავის 
და წელში მძიმედ ჩაფერხილ და 
ჩალეწილ ღობეს, 
ხედავ, თუ როგორ დასტყობია 
სიბერე მამის. 
ცოტაზე ჟინჟღლავს, მაგიდაზე 
ღრენს ტრანზისტორი - 
მკვლელობა, ომი... შიშისფერი 
პლანეტას ადევს, 
ვეღარ იცხოვრებს ადამის ძე 
სინაზით, ნდობით, 
ტყუილად ვჩურთავთ სქელ ნიღბებში 
ცოდვიან სახეს. 
ხოლო სოფელი სიმშვიდის ხმას 
იუფლებს, როგორც 
ნელინელ გტოვებს გაქრობის თუ 
სიკვდილის შიში, 
გარბის მინდორში გალუმპული 
ნინველა გოგო, 
ხარ დაჯერებით, რომ ამ შემცდარ 
პლანეტას იხსნის... 
*** 
ფურცლავ მოწყენით წიგნს ცხოვრების, 
გალბობს წვიმები, 
წინ გზაა, სოფლის ტალახი და 
მერე გვიმრები. 
მამიდა უხმოდ, თალხ თავსაფრით 
ბუხართან მჯდარი, 
დამფრთხალ წიწილებს წიოკ-წიოკ 
დაიფრენს ქარი. 
დები სწავლობენ გრამატიკას 
ზმნებს და ზმნისპირებს, 
კაცმა არ იცის ეს ზამთარი 
წინ რას გიპირებს. 
დედა აქვეა ლაფაროში 
ბოჩოლას აბამს, 
კატა კუთხეში მიყუჟული 
თვალს ტკბილად ნაბამს, 
..აქ წყდება კადრი, 
მერე შენ წინ ქალაქი დიდი, 
გარწევს ნავივით უმოწყალოდ 
ცხოვრება ფლიდი. 
ფიქრი ჩრდილივით თანამდევი 
სოფელი...სახლი... 
აქ ხმა ტრამვაის, ქვაფენილი 
ყავა და დახლი. 
...ფურცლავ მოწყენით წიგნს ცხოვრების, 
გალბობს წვიმები, 
წინ გზაა, სოფლის ტალახი და 
მერე გვიმრები... 

*** 
ჭიშკართან ძაღლი გამუდმებით 
აჯავრებს ღამეს, 
ზიხარ ბუხართან,მუხლზე გიდევს 
წიგნი გრანელის. 
მძივივით ბრწყინავს ცრემლი 
შენი ბაიას თვალზე 
და ახდილია ფიქრის ახლა 
ყველა სარქველი. 
შენ უკვე იცი, დაგივიწყა 
დიდმა ქალაქმა, 
თოვს, ვეღარც ამჩნევ ყანის ბოლოს 
ღობე ჩამტყდარი... 
და ოღროჩოღრო ბილიკებს თუ 
პატარა ფერდობს, 
სულ ერთიანად გაასწორებს 
მალე ზამთარი.

??????