გაბაიძე გიორგი
გაზიარება

სიტყვა ექსკლიუზივი

...................................
გამოვარღვიე ბაგეები, თუ ცის ფარდაგი,
ჩემი სახელი მანძილია - ციდან მიწამდე,
მე დავუბრუნე ყოველივე თავის თადარიგს
და საკუთარი არსებობა მევე ვიწამე…

განხორციელდა ყოველივე როგორც აწ არი
ყველა ენაზე, ყოველივე ითქვა ენებით…
ბაწარი - იუდა, ჰეროდეა - ავხორცი ელდა...
(გნებავთ პირიქით წაიკითხეთ თუკი გენებოთ.)...

ბევრის დიდების მოზიარე გავმხდარვარ თუმცა,
იშვიათად კი სამადლობელს მოვისმენ რასმე,
გაუკვირდებათ თუ ჩემს თვალზეც ნახავენ კურცხალს,
კურცხალს რომელსაც საკუთარ თავს სალბუნად ვასმევ...

ყოფნა - ყოფნისთვის, გადაიქცა რადგან რუტინად,
ვერ ავიტანე უჩემობა მიწაზე მეც და
ადამიანით შევიმოსე იმავ წუთიდან,
ჯვარს კი არ ვეცვი, ხორცის ნაცვლად თვით ჯვარი მეცვა...

...................
ეს ლექსი ხარკი გეგონებათ, მე კი შესაწირს
ვუწოდებ, რადგან ნაფცქვენია სულის, - მცირედი,
სულის, რომელიც დაისჯება ნაცვლად მესაჭის,
რადგან იმედად დარჩენია მხოლოდ იმედი...

??????