ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * ატმებთან და ნუშებთან და ექსკლიუზივი

 

ატმებთან და ნუშებთან და
წყაროსთან და ნაკადულთან -
გათენდა და გაბრწყინდა და
გამწვანდა და გაზაფხულდა.
მანანებს და მალხაზებს და
ფატმანებს და ფარნავაზებს -
ახარებს და აყვირებს და
ალაღებს და ალამაზებს.
თვალადებს და ტანადებს და
ამაყებს და ახოვანებს -
ამაღლებს და ამხნევებს და
ამღერებს და ახმოვანებს.
ქვეყნებსა და კონტინენტებს,
საზღვრებსა და სატახტოებს -
ამშვიდებს და აზავებს და 
არიგებს და აახლოვებს.
აფრიკა და ამერიკა,
ევროპა და ევრაზია -
ჩემია და შენია და 
ჩვენია და ყველასია.
1973

 

??????