* * * მამლებმა დილა აკურთხეს
მამლებმა დილა აკურთხეს.
ცოცხები მორჩნენ საქმეს.
ალვები ანიავებდნენ
ათას ქუჩას და სარკმელს.
დაწყვილებულმა ბოძებმა
ტყუპი ჩრდილები შობეს.
„ჟიგული“ მიაქროლებდა
შოფრის ცოლსა და შოფერს.
მიაცილებდნენ
ბავშვები
სკოლებისაკენ დედებს.
მიაჩქარებდა საათი
პატარებსა და დიდებს.
გადასასვლელზე
გოგონა
მიაქანებდა მამას.
მიაბრძანებდა
ბულდოგი
ასაკში შესულ დამას.
ზვიადი ავტობუსები
მისდევდნენ დამფრთხალ ჩრდილებს.
აჯანყებული რადიო
ვერ აწყნარებდა ჩილეს.
იფანტებოდა
მეტროში
წყვდიადი უმძიმესი,
მიხეილ მესხი ჩარბოდა,
როგორც მიხეილ მესხი.
საფეხურებზე ეძინათ
გადამწიფებულ ფიქრებს,
ცნობილი იქსი
ვერ სცნობდა
აღიარებულ იგრეკს.
იდგა საკუთარ გამზირზე,
მწვანე სკვერთან თუ ბაღთან,
ვაჟა და
ემსგავსებოდა
თავის ვაჟიშვილ ვახტანგს.
მოსწონდა
ვახტანგ გორგასალს
ამაშუკელის ძეგლი.
მტკვარს თბილისიდან გაჰქონდა
თბილისის ანარეკლი.
გალაკტიონი ყვებოდა
გალატკიონის ამბავს,
პატარა ბიჭი უსმენდა,
სახელად ერქვა: საბა.
სხვებიც მოვიდნენ,
მხარდამხარ
დაუდგნენ მამაკაცებს -
ერეკლე ოძელაშვილი
და ცოტნე სააკაძე.
1975