ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * მჭირს უცნაური ალერგია ექსკლიუზივი

მჭირს უცნაური ალერგია:
ამინდს ვერ ვიტან ნელექიანს;
კბილებით მიჭირავს სული და ნერვი და
ორპირს და ფარისეველს ვერ ვიტან.
მეგობრის მოღალატეს ვერ ვიტან,
მოღალატის მეგობარს ვერ ვიტან.
მეშვიდეთა და მერვეთა
პირველობასაც ვერ ვიტან.
მილიონერ მეზობელს,
მილიონერ ბიძაშვილს,
ჰონორარებს სალაროში,
ოქროებს მიწაში,
ოცკარატიან ბრილიანტს,
სამსართულიან აგარაკს,
აუტანელ სიცხეს,
გაუტანელ ამხანაგს,
გაქცევას სუფრის ველიდან
და ბავშვის ტირილს ვერ ვიტან.
ლამაზ მსახიობს ვერ ვიტან,
ვერ ვიტან იუბილართა ელიტას
და აღტაცებას მაშინდელს,
როცა გუგუნებს რევიუ...
ალერგოლოგი მამშვიდებს,
თანდათან მოერევიო, - 
და თუ ვერ მოერევიო,
თანდათან შეეჩვევიო.
1982

??????