* * * შემიტყუა სიმართლემ
შემიტყუა სიმართლემ: ერთადერთი მეგონა,
გვიან გადამარწმუნეს, რაღა უნდა მეღონა?!
ავდექი და გავტეხე საკუთარი ციხე და
თავი მოვიტყუე და გამოვედი ჩიხიდან.
ამ სიმართლით გავზომე მაშრიყი და მაღრიბი,
მაღალს - აღიარებულს - ვამჯობინე მაღლები.
ვადღეგრძელე დღეები - ხან ნელა და ხან ჩქარა,
კახურს - დაყოვნებული - ვამჯობინე ხვანჭკარა.
მომეკიდა ლექსივით და, როდესაც შევთვერი,
ჰარმონიის გაკვეთილს მიტარებდნენ ყრუები,
მაგრამ დაყოვნებული მოქმედების შედევრი
ვეღარც მომატყუებს და აღარც მოვეტყუები.
2001