ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

არა! არა! არა! ექსკლიუზივი

(პალიმფსესტი)
კმარა! გულმა შეგიწყნარა: ჩქარა მოვალ, ჩქარა!
მომეჯარა ფარატინა ბარათების ფარა,
არაგვივით ამაჩქარა, ისევ შემაყვარა -
ანკარა და თავანკარამ შარაგზა და შარა.
ჩქარა მოვალ! არაგვს მოვდევ ბედის ანაბარა,
ჟრუანტელმა დამიარა, არაბს დამადარა,
გამახარა, გამატარა, გამაუჩინარა,
ფარაონის მარაოზე ჩქარა დამაწყნარა.
ვერც მუქარა მომეკარა, როგორც ვიგინდარა,
ვერც მუდარა მომეპარა, - მომდევს წარამარა.
პატარა და კაფანდარა - ბრუნავს ფიქრის ჯარა
და ნაღარა ისე რეკავს, როგორც მაღვიძარა.
ჩქარა მოვალ! თუ გათენდა, თუ გამმოიდარა,
ფანჯარასთან გიდარაჯებ ყარაულის დარად.
არაკს გეტყვი: არმზადა როგორ ეზიარა, -
დაგავიწყებ ცხელ იარაღს და ვარვარა ვარამს.
კმარა! წყნარად დასაღვრელი ცრემლი დაიღვარა
და ჭაღარაც მომეპარა: 
ჩქ-არა!
ჩქ-არა!
ჩქ-არა!
1974

??????