დედა
დედა, იტირე შენი,
შენი პატარა შვილი,
იმდენად პატარა,რომ
გონია,დიდი არი.
დავდექი დღეს დილიდან
არაყით გალეშილი
დასუსხულ სარკესთან და
კაი ხანს ვიტრიალე.
მე სადღაც მივიჩქარი,
მივდივარ-მეტეორი.
მეგონა,ერთი იყო,
სულერთი ცა და ბედი.
თურმე შენ,
რა ვიცოდი,
თანდათან ბერდებოდი,
რამდენად ბერდებოდი,
იმდენად გადარდებდი.
ჩვენ ერთად გავიზარდეთ
პატარა პროვინციულ
თოვლიან ქალაქში და
ძალიან სასაცილოდ
ერთ ხაზზე თავსდებოდა
სკოლა და პოლიცია,
ბაღი და ახლაც მახსოვს ის სუნი,
სასადილო,
რომელშიც შევდიოდით და
ფერად ლიმონათებს
დაზეპირებული
ღიმილით მოგვიტანდნენ,
მერე ჩვენ დავტოვეთ და
თვალებით მიმოვფანტეთ
იმ უბნის ნაცნობი თუ
უცნობი მობინადრე.
ცა ბოღმით ისერება,
დრო გადის ისე ნელა.
გადის და არაფერი:
ნისლების ოკეანე.
ჩვილი რომ გესიზმრება,
იცოდე,ისევ მე ვარ,
ჰო, ისევ ბავშვი ვარ და
ბავშვივით მომიარე.
დე,გარეთ ზამთარია,
ისეთი ზამთარი, რო-
მომდგარა გაზაფხული,
ნანატრი კამელია,
მე და მამაჩემი ვმღერით:
"რამ-და -რი-რო"...
არ შეიძლებოდა,
დღეს არ დამელია...