ტოგონიძე გუგული
გაზიარება

ცისფერი ტბა 

- რა იყო, ძალიან გტკივა მხარი? ქვა ისროლეს თუ არა, შენკენ მოვიხედე, ვაითუ ცუდი რამ შეემთხვა-მეთქი.
- მე კიდევ შენკენ. სისხლის წვეთებით გვირილებს კაბა დავუსველე. ძირს რომ დავვარდი, გვერდი გავკარი ცისთვალას. ხომ არაფერი ვატკინე? გამიგე, ღუნღულავ?!
მოლაღურმა ბალახებში გაიგოგმანა და სწრაფად უკან დაბრუნდა.
- ძმაო ფარფატა, მორცხვი ცისთვალა ვნახე, გვირილებიც კარგად არიან. შეგეშველები, ბუდეში ავფრინდეთ. ვიჩქაროთ, თორემ იწვიმებს. ხედავ? ქრისტესისხლას დაბლა დაუხრია ყვავილები. სამყურასაც დაუკეცია მწვანე ფოთლები და თავი ჩაუღუნავს.
- ჰო, ავიდეთ. ოღონდ ნელა, ჭრილობა არ მატკინო.
ღუნღულა მხრებში შეუდგა მეგობარს. აიწია ღუნღულა, აიწია ფარფატაც. ბუდე ხის წვეროზე იყო, მოლაღურები შიგ ჩაფრინდნენ, საცეცხლურუვით ჩამოკიდებული ბუდე დაირწა.
- გტკივა, ფარფატავ?
- ცოტათი. ქვა რომ ისროლეს შენკენ მოვიხედე...
- მე კიდევ შენკენ.
- გვირილებს კაბა დავუთხუპნე, ცისთვალას, მგონი, რაღაც ვატკინე... - ღუნღულა, შენ ამქვეყნად ყველაზე მეტად ყბაბილები გიყვარს, ხომ? გახსოვს, რომ მეუბნებოდი: სადღაც ერთ ველზე ცისფერი ტბაა, მის ნაპირას ცისფერი ყვავილები ჰყვავისო...
- ჰო, გეუბნებოდი...
- ამბობდი, იქ ყველაფერი ცისფერისო: ხეებიც,ბუჩქებიც, ფრინველებიც...
ბუდე ჰაერივით ირწეოდა.
- მიმღერე, ღუნღულა: მიყვრას სიმღერა. ავდარში სხვა ფრინველები დუმან, ჩვენ კი ვგალობთ, ნეტავი რატომ?
- გვირილებმა მოწყენა იციან ავდარში, როცა ვუსტვენ, იღიმებიან, მიხარია მათი ღიმილი და ვგალობ, რომ კიდევ გაიღიმონ...
გაწვიმდა.
- ღუნღულა, არ გინდა, ჩვენც იმ ტბასთან ვცხოვრობდეთ?
- მინდა, ფარფატა, მინდა.
- იქ ქვას აღარ მესვრიან... შენ რომ ამბობდი, ცისფერ ტბაზე ყველანი კარგ გუნებაზე არიან და იღიმებიანო, ეს ყველაფერი მართალია?
- ჰო, ფარფატა... მხარი აღარ გტკივა?
ადრე ღუნღულას მართლა სჯეროდა, რომ არსებობდა ცისფერი ტბა და ცისფერი ყვავილები, ახლა ვეღარ ეტყოდა ფარფატას, არაფერიც არ არისო. იცოდა, მეობარს გულს მოუკლავდა და ათქმევინებდა: ”ეჰ რანაირი ყოფილხარ ღუნღულავ?! რა იქნებოდა მერწმუნა, რომ არის ცისფერი ტბა, ცისფერი ყვავილები, კეთილი ბიჭუნები , კეთილი ადამიანები”...

- ქვა რომ მესროლეს, შენკენ მოვიხედე.
- მე კიდევ შენკენ.

ისევ წვიმდა, საცეცხლურივით დაკიდებული ბუდე ისევ ირწეოდა და მოლაღურებს აქანავებდა.

??????