მიმი,წამოდი...
დღეს ყველაფერი შემოდგომას მიეწერება:
შენი სისუსტე...ჩემი ხველა...სველი ქალაქი...
ორლარიანი არყით მთვრალი ძმები-მწერლები,
დავა ბოდლერზე...მეტი ღელვა და ლაპარაკი.
დღეს ყველაფერი დაბრალდება პირველ ნოემბერს-
გაჩერებაზე მოლოდინი:მწვანე ბილბორდი...
ღმერთის რწმენა თუ არწრმენა და მიტოვებაც,
და ისიც, წამით რომ გართულდი და გაიოლდი.
დღეს ყველაფერი დაიწყება უშენობიდან,
სახეში ხელებს შემომახლის ქარი-მარაო.
მეტი ტკივილი გამომხედავს შენობებიდან
და უფრო მეტად გავხდი სულს და დაუფარავი
ჩემი თვალები(უსათვალოდ მიყვარს ყურება)
დალაგდებიან სველ ქუჩაზე, როგორც ხელები.
და ბეღურები (დილით ჩემგან დანაპურები)
სარეცხის თოკზე დასხდებიან ყელმოღერებით.
დღეს ყველაფერი დაიწყება გუშინდელიდან,
მღვრიე ღრუბლებში მემალება მთვარე- შამანი.
წამოდი,მიმი,სანამ წვიმა წამოუშენდეს,
სანამ ხასიათს ამინდები მოგვიშხამავენ...