აბუსელიძე როინ
გაზიარება

პირველი პირიდან გადახტომა 

მორიგი დილა ჩვეულებრივ იწყება მსგავსად,
უკვე მრავალჯერ დაღეჭილი მჟავე დილების,
როდესაც ქალაქს პირი ისევ ძილით აქვს სავსე
და არაფერი არ ითქმება დანამდვილებით,
იმის შესახებ, რომ სხვაგვარად ჩაივლის დღე და
სარკეში შევძლებ გავუსწორო ორეულს თვალი,
რომელიც ყოველ ალიონზე გარედან მხედავს,
ძირითადად კი ისეც ხდება, რომ მზერის გავლით
შემოდის სარკე ხერხემალში, როგორც ხველება,
არ მინდა, ჩემი თავის ნაცვლად,- ვპოვო ზიანი,
თუმც მსურს სურნელი დავიგუბო შენი ხელების -
ფილტვში, თოვლივით მსუბუქი და პოეზიანი,
მაგრამ ეს დილა სამოსივით იმედებს მაღლეტს,
ანუ იწყება გამოვლილი დღეების მსგავსად,
შემდეგ ისე ვარ საღამომდე დავტოვო სახლი
კი არა, მიჭირს საკუთარი თავიდან გასვლა.
გარეთ კი ღმერთის დარბაზია, აკუსტიკაა
ზეცა, რომელსაც წაშლილი აქვს სრული თარიღი,
ტროტუარები ღიღინებენ ხალხის მუსიკას
და მანქანები ქუჩებს ასდით ოხშივარივით.
სინათლეც ისე მაღალია, თვალში ბინდდება,
გინდა იყვირო “დედამიწას რა დავუშავე”
თან მიაფურთხო ნათქვამ სიტყვებს დასამშვიდებლად -
ეგ არაფერებს, მერე რაებს, არაუშავებს.
გადაივიწყო დადინჯება როგორც ასაკი,
აივსო ჯიბე სიყვარულით, ვნებით, იღბალით
სანამ წვეტიან ქვაზე ფეხის წამოკვრასავით -
ფიქრებს მორიგი „გამარჯობა“ გადაგიყლაპავს,
ვიღაც ნაცნობის... და შენც ასე ფიქრმორეული,
მიესალმები, ჩამოართმევ ვალმოხდით მაჯას,
შებინდებისას შეხვალ სახლში და შენს ორეულს
შეეჩეხები - სარკესთან რომ ლექსივით დაგრჩა!...

??????