აბუსელიძე როინ
გაზიარება

მამაჩემი 

ღამეა სხვათა შორის 
განცდათა შეჯერება, 
რთულია უსაშველოდ 
პოეტის განაჩენი, 
ძალიან არაფერი, 
უბრალოდ მეწერება 
და ახლა მამასავით 
მაკლია მამაჩემი. 

ქარი ზის ფორთოხლებზე, 
ფანჯრისკენ მივტრიალდი, 
იმედი თუ იმედობს 
იქნება დანარჩენიც, 
დავდივარ ქუჩებში და 
ვრწმუნდები იშვიათი, 
ძალიან უმნიშვნელო 
ქუჩაა მამაჩემი. 

გავლენით არავითარ, 
ვაგრძელებ ჩვეულებრივ, 
ქრონიკას რეალობის 
ტოტები ავაჭერი, 
ვიღაცას არ სჯერა და 
მე მართლა გეუბნებით 
აი ეს ეპოქაა 
(მარტივად) მამაჩემი. 

ცხადია როგორც წესი 
ლექსებიც ბერდებიან, 
შენ უკვე დამარცხდი და 
კუთხეში აიტუზე, 
მამებიც შიგადაშიგ 
ცოცხალი ხეებია 
და ქმნიან გარდაცვლილი 
მამების ჰაბიტუსებს. 

ბავშვობას უმარილო 
კადრებად ვალაგებ და 
მშორდება იშვიათად 
რაღაცა ირონია, 
სხვას თავი დავანებოთ 
არც მეტი, არც ნაკლები, 
საბრალო მამაჩემი, 
აი ეს სტრიქონია. 

ღამეა გეფიცები 
განცდათა შეჯერება, 
რთულია უსაშველოდ 
პოეტის განაჩენი 
და ასე უმეტესად 
ძალიან მეწერება 
და ასე იშვიათად 
მეც მქვია მამაჩემი...

??????