არაბული გელა
გაზიარება

ზეცა ნაწვიმარზე ექსკლიუზივი

ზეცა ნაწვიმარზე უფრო ცისფერია,
მწუხრის ღრუბელმა კი ვარდი ითავისა,
ჟინით მოვარდნილმა თქეშის იმპერიამ
ლაღი შეგრძნებები გადამიხალისა,
თითქოს გულის ძგერაც ქარმა მოიტანა,
ვრცელთა, უდაბნოთა ცხელი ქურებიდან
და კვლავ მოტყუებით ჩემთვის მოიპარა,
შლეგი არაბული ბედაურებიდან.

ისევ მათი ქროლვის ხმები შევახიე
მიწის, ჰაერის და ზღვების გასაყარებს,
გზებმა, განსაცდელიც ბევრი შემამთხვიეს,
მაგრამ ვერაფრით ვერ ჩამომასაპყარეს...

და ამ ათრთოლებულ გრძნობის კორიანტელს
უკვე დედამიწის სტანჯავს სივიწროვე,
იქნებ სულ სხვა თოვლით გადავთოვლიანდეთ...
იქნებ სულ სხვა ცეცხლის ალით მივიწვოდეთ,
როცა უფერობის სავსე მდინარედან, გული მაგ თვალების
ზღვაში გადაცურდა, ნეკნი დაკარგული თვით
უწინარედან, მინდა მოვიპოვო თუნდაც აღსასრულთან...

რადგან ამ გრძნობების მთელი აპოგეა, არის უკვდავების
ძებნის ხელოვნება, რადგან სიყვარული თვითონ სამოთხეა
მხოლოდ მას ვერ ერჩის გაერთფეროვნება!..


??????