გაფრინდაშვილი ვალერიან
გაზიარება

სოფლისაკენ ექსკლიუზივი

მესმის ძახილი წინაპარ გლეხთა.
განვიცდი სევდას დაგვეანებულს.
რკინის ქალაქი ვისა არ გატეხდა
და ახლა ვეტრფი სოფელს ზმანებულს.
რად დაივიწყე სიმინდის ყანა,
დაგმე სიყალბე და ფუფუნება,
მოდი, უმღერე მიწას ოსანა!
წყეული იყოს დიდი ქალაქი,
ჩემგან ვით ციხე უარყოფილი.
მე მირჩევნია ქუჩა ჭალაკი,
და ცისარტყელა სჯობია კინოს,
ჩრდილს სახლებისას – ჭადარის ჩრდილი,
ავტომობილის მჭექავ სირინოზს
სჯობს უსათუოდ ურმული ტკბილი.
მომენატრება კერა და სხვენი.
აქედან ვუსმენ მოზარდ ბალახებს
და ვეტრფი, როგორც დაბმული ცხენი
ზამთარის შემდეგ შორ იალაღებს.
ტყე მელოდება, როგორც საყდარი,
საზიარებლად – სპეტაკი წყარო,
და ღრუბლებიან ცის ნატახტარი - 
მთა უმაღლესი და სანეტარო.
ხშირად ვოცნებობ დაკარგულ ქოხზე,
შარაგზას ვეტყვი ჩემს გულის ნადებს
და თუ გავცვალე კალამი თოხზე,
მშობელი მიწა არ მიღალატებს.

??????