ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

თუ არ გინახავს ალაზანი, ნუ წახვალ ზღვაზე... (ანუ კახური სეპარატიზმი) ექსკლიუზივი

თუ ერთხელ მაინც არ გინახავს ალაზნის ველი, 
რა აზრი აქვს წახვიდე ზღვაზე... 
თუ ერთხელ მაინც არ გიგრძვნია ხმაურიანი ალაზნის სუნთქვა, 
რა აზრი აქვს აღელვებული ტალღების ხილვას... 
თუ ერთხელ მაინც არ გაგისინჯავს, 
მღვრიე ალაზნის ხავსიანი წყლის გემო, 
რა გემო აქვს მლაშე წყალს... 
თუ ერთხელ მაინც არ გინახავს, 
ზაფხულის კავკასიონის თოვლიანი მწვერვალის ფერი ალაზნის მწვანე წყალში, 
რა აზრი აქვს ნახო, როგორ ჩადის ზღვაში მზე... 
თუ ერთხელ მაინც არ გინახავს 
კამკამა ალაზნის ფსკერზე შავ-თეთრი მურწა, 
რა აზრი აქვს ნახო, როგორ დაცურავს მედუზა... 
თუ ერთხელ მაინც არ გაგიგია შაშვის გალობა 
ხმაურიანი ალაზნის ფონზე, 
რა აზრი აქვს გესმოდეს თოლიების ჭყივილი ზღვის ზემოდან... 
თუ ერთხელ მაინც არ გაგისინჯავს, 
ალაზნის პირას მდგარი 
მტვრიანი ბუჩქიდან მოკრეფილი მაყვლის გემო, 
რა აზრი აქვს მიირთვა მოხარშული სიმინდი... 
თუ ერთხელ მაინც არ გინახავს, 
მწვანე ბალახზე გულაღმა გაწოლილს, 
როგორ იღრუბლება ალაზნის თავზე ლურჯი ცა თაგვისფრად, 
რა აზრი აქვს ზღვის სანაპიროზე ნებივრობას... 
თუ ერთხელ მაინც არ შეგრჭობია ფეხში, 
ალაზნის პირას, ხმელი ხის ტოტის პატარა ეკალი, 
რა აზრი აქვს ცხელ კენჭებზე ფეხშველა სირბილს... 
თუ ერთხელ მაინც არ მოგისმენია ალაზნის პირას მჯდარს, 
ალავერდის ზარების რეკვა, 
რა აზრი აქვს გესმოდეს მომაბეზრებელი მუსიკები 
სოკოებივით ამოსული ბუნგალოებიდან... 
თუ ერთხელ მაინც არ გინახავს ალაზნის ველი 
და მაინც მოგინდა ზღვაზე წასვლა, 
ეგ არაფერი...

??????