ჩემი წილი სითბო ექსკლიუზივი
ფიქრმა მომიტაცა, მომერია... (ხმამაღლა ვდუმვარ)
იქაც მიყვარხარ, სიცივისთვის არ გამემეტე,
უსასრულობამდე ჩაგიფიქრე, შენთან ვარ - თუ ვარ,
ეს ყოფნა ზღაპრად მეჩვენება ათასმეერთე.
არ მეშინია უთავბოლოდ მიყვარდე, ცამდე
ვარ გამჭვირვალე - ვმთავრდები და ისევ ვიწყები,
მეღიმილება კადრი - თითქოს ღრუბლებს ვკეცავდე
და მასში ერთად ვეხვეოდეთ თავდავიწყებით.
ვხარობ, ზეცაში ავიშენე ახალი ბუდე,
გამოვიგონე ჩემი დრო და განზომილება,
დედამიწიდან თბილ ქვეყნებში გადავიბუდე,
იქ არასოდეს არ მცივა და არ მეტირება...
ფიქრი გამეფანტა, დაგიბრუნდი, ხანდახან ვდუმვარ,
მორცხვი ბავშვივით, ფეხაკრეფით გიმზერ და ვთბები,
მე მთელი სითბო დავუტოვე შენთვის სასთუმალს,
და ტანზე აისშემოკრული ფრთხილად ავდგები...