ხარანაული ბესიკ
გაზიარება

ჩემო დედი 

ჩემო დედი
დაბერდი და
ლექსებს ირჩევ
სევდიანს,
შენი ძვლები
წამ და უწუმ
სატირალზე სხდებიან,
შენნი ფიქრნი
სად არ წავლენ,
სად არ გადასწვდებიან,
ცოცხალთა და მკვდართა შორის
ბილიკს გაიტკეპნიან...
მერე უცებ
მთელს ქვეყანას
ბრაზით ზურგს შეაქცევენ,
წავლენ,
გაინაპირებენ,
კარავს ცალკე დასცემენ...
უცებ
აღარავინ უნდათ,
პურს მწარეში იწობენ,
დასხდებიან მარტოდმარტო
ქვებსაც შემოიწყობენ.
დედი,
იის ძირში ცხოვრობ
სახლი გიდგას სვეტებით,
სახლს კარიც აქვს,
მაგრამ ვაი,
მე ვერ შემოვეტევი...
დედი, რაა,
ამ ბოლო დროს
სულ საფლავზე გხედავენ,
ბებოჩემი, პაპაჩემი,
შენს თავს შემომედავენ!...
და თუ მართლა წაგიყვანეს,
თუ გაუწყრათ გამჩენი,
კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,
როგორც ხეზე დარჩენილს...
ჩამოვყვები კიბეს, დედი,
სისხლიანი ფეხებით,
დედი, როგორ გავიხარებთ,
როგორ გადავეხვევით!

??????