ქურდბაცაცა მუხლუხო
ვერვინ ტოვებს გარეთ:
ბოტასებს და სანდლებს,
შტიბლეტებს და შუზებს,
კალოშებს და ჩუსტებს,
ბოტფორდებს და ბოტებს,
მოკასინებს, ჩექმებს,
ესპადრელებს, ტუფლებს
კეტასებს და კეტებს...
ჩამოივლის მუხლუხო,
ღიღინით და ცეკვით,
ორის ნაცვლად, ხომ იცით,
ათასი აქვს ფეხი!
ჰოდა, სულ არ დაგიდევთ,
წამოიცვამს ყველას,
ფეხშიშველას ტოვებს:
ბაჭიას და მელას,
ჭრიჭინას და მახრას,
კალიას და ბატკანს,
ხოჭოჭინას ოჯახს,
კოდალას და ღალღას,
ეგ რა არის, მგელსაც
და ბაჯბაჯა დათვსაც!
მოიპარა ერთხელ
მაღალქუსლა ქოში,
ჩამოგორდა კიბეზე
თავზე აზის კოპი!
კოპს ვინ ჩივის,
მუხლუხომ მოიტეხა ხელიც,
ხელთან ერთად, მიხვდით, ხომ?
ა-თა-სი-ვე ფე-ხი!
...ახლა წევს და კრუსუნებს,
ბოდიშს უხდის ყველას,
პირობას დებს, ასე ცუდად
აღარ მოიქცევა.